პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

“მათ ვეებერთელა მზე ამოიყვანეს ჩემში”

ტასო მოდებაძე განათლებით პოლიტოლოგია, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებიდან ორი წლის შემდეგ მიხვდა, რომ პროფესიის არჩევის დროს შეცდომა დაუშვა და ეს პროფესია მისთვის ზედმეტად ხისტი იყო. უნივერსიტეტის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყო განათლების და მეცნიერები სამინისტროს პროგრამის  “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” შესახებ და გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო.

 

პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” ითვალისწინებს სახელმწიფო ენის გაძლიერებაზე მიმართულ ღონისძიებებს. პროგრამის ფარგლებში  მოხალისე მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას. ტასომ პროგრამა წარმატებით გაიარა და ასე მოხვდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქოსალარში.

 

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლობაზე არავინ ოცნებობს. ეს არ არის პოპულარული პროფესია და ამ არაპოპულარობასაც თავისი მიზეზები აქვს. არც ტასოს უოცნებია ამაზე, მეტიც – ფიქრობდა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა გამოსულიყო, გარდა მასწავლებლისა. ამიტომ, როგორც კი კონკურსი გაიარა, შიშებიც გაჩნდა. შიშებს სახელი აქვს -როგორ შევძლებ ამ ყველაფერს და შევძლებ კი? შემდეგ, კი ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს პასუხი გაეცა – შიშები გაქრა და ისიც დამშვიდდა.

 

მოსამზადებელ ტრენინგებზე ახალგაზრდა მასწავლებელს ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვის და კლასის მართვის ნიუანსები გააცნეს… წასვლის წინა დღეებში უფრო მეტად იგრძნო პასუხისმგებლობის სიმძიმე. ფიქრობდა ახალ გარემოზე, სკოლასა და ბავშვებზე, და იმაზეც ფიქრობდა, ტვირთად ხომ არ დააწვებოდა იმ ოჯახს, სადაც ცხრა თვე უნდა ეცხოვრა. თუმცა ეს ცხრა თვე შემდეგ თვრამეტ თვედ გადაიქცა და ასე აღმოჩნდა ახალ სახლში, სადაც თავი ძალიან კარგად იგრძნო.

 

“საოცარი მზის ჩასვლები იცოდა იქ. ბავშვებმა ზედმეტადაც კი შემიყვარეს. გულწრფელად მიკვირდა, რატომ ვუყვარდი ბავშვებს, როდესაც ადამიანების სიყვარულით ასე არასდროს ვყოფილვარ განებივრებული. მათ ვეებერთელა მზე ამოიყვანეს ჩემში. ამის შემდეგ სულ სხვა ადამიანად ვიგრძენი თავი. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მეორე წელსაც დავრჩი პროექტში – ასე ემოციურად იხსენებს იქაურ ცხოვრებას ტასო.

 

როდესაც ასეთ ადამიანებზე ისტორიებს ვისმენ და მათ ცხოვრებაზე ვფიქრობ, შორიდან ყველაფერი რომანტიკულ საბურველში ეხვევა და ყოფითი ცხოვრების პრობლემები ვირტუალურობის მიღმა რჩება. ამიტომ ტასოს ვთხოვე მოეყოლა იმ სოფელზე, სადაც თავისი მასწავლებლობის პირველი წლები გაატარა – რა იყო კარგი და რა უჭირდა ყველაზე მეტად, რა მოლოდინები ჰქონდა და რა გამართლდა ან რა ვერ გამართლდა.

 

სოფელი ქოსალარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება და 2002 წლის აღწერის მონაცემებით 1056 ადამიანი ცხოვრობს. მოხალისე მასწავლებლის სოფელში გაგზავნის მთავარი მიზანი, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლება და პოპულარიზაციაა ეთნიკურ უმცირესობებში. ტასო, როდესაც პირველი გაკვეთილის ამბავს იხსენებს, ამბობს, რომ მიუხედავად თავდაპირველი შიშებისა, პირველი გაკვეთილი იყო ლაღი და მხიარული და თავიდან მოეჩვენა, რომ ეს იყო ძალიან ადვილი საქმე იყო, რაც სულაც არ აღმოჩნდა მართალი.

 

ძნელი იყო სკოლამდე მისასვლელი გზაც. იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ იყო, ტასოს კვირაში რამდენიმე დღე ფეხით უწევდა სკოლამდე მისვლა, ზოგჯერ ტაქსით მიდიოდა, რაც საკმაოდ ძვირი იყო და ამიტომ ცდილობდა, ფეხით ევლო, რადგან თავის გატანისთვისაც დარჩენოდა ხელფასიდან თანხა.

 

“ორი წლის მერე ბავშვებს ვუთხარი, რომ მათი მასწავლებელი ვეღარ, მეგობარი კი –  ყოველთვის ვიქნებოდი. ისინი დღემდე მთხოვენ დაბრუნებას, მაგრამ მე მხოლოდ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მიწევს მათთან შეხვედრა”, – იხსენებს ტასო.

 

უტრანსპორტობასთან ერთად, მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერიც იყო. ამიტომ აქტიურად დაიწყეს მეცადინეობა კლასში. სკოლაში კითხვის და მუსიკის წრე გააკეთეს და კედლის გაზეთიც გამოუშვეს.

 

“ასე დავიწყეთ ქართველი მწერლების ბიოგრაფიების დამუშავება. მოვაწყვეთ მათი კუთხე. ვკითხულობდით მათ ლექსებსა და მოთხრობებს, ცოტას ვთარგმნიდით კიდეც. ამაში ჩემი მწირი აზერბაიჯანულის ცოდნასთან ერთად რომელიმე მოსწავლე მეხმარებოდა, რომელმაც შედარებით უკეთესად იცოდა ქართული ენა. ვაწყობდით კონკურსებს და ღონისძიებებს. სტიმულისთვის პატარ-პატარა საჩუქრები პრიზების სახით ყოველთვის გვქონდა”.

 

ტასოს და სევდას ლოცვა

 

ოჯახში, სადაც მეორე წელს ვცხოვრობდი, ჩემი მოსწავლე, მე-6  კლასელი გოგონა, რომელსაც სევდა ერქვა, ლოცვის დროს ოთახში შემოდიოდა და მიყურებდა: ”ეს რა არის ტასო?” – მეკითხებოდა და მეც ვპასუხობდი, რომ ეს იყო ჩემი საუბარი ღმერთთან, რომელსაც ლოცვას ვუწოდებდით. “ჩვენთან “ნამასი” ჰქვია ტასო”, მითხრა და შემდეგ კი მთხოვა ასეთი რამე მასაც გაეკეთებინა. ამის შემდეგ გაშლიდა პატარა ხალიჩას, თავზე საბურავს წაიკრავდა და ორივე ერთად ვლოცულობდით.

 

ასეთ სოფელში კი ბევრ სევდასნაირ გოგოს შეხვდებით. ზოგჯერ მათი ცხოვრებაც სახელის შესაბამისად – სევდიანია. სევდიანია მათი მომავალიც, რომელსაც თავად ვერ გეგმავენ. ხშირად, სკოლასაც ნაადრევად ანებებენ თავს, რადგან მათ ოჯახს ასე სურს, ან მოტაცების ეშინიათ, ან პირიქით – ნაადრევად უნდა დაქორწინდნენ.

 

ტასო ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდი პრობლემა იყო სოფელში და სწორედ ამ სოფელში ყოფნამ გახადა იგი საზოგადოებრივად უფრო აქტიური. ეს კიდევ სხვა ამბავია.

 

კიდევ ერთი სკოლა

 

ამბობენ რომ, მასწავლებლების უმეტესობას მძიმე და ხანგრძლივი დეპრესია ტანჯავს, რადგან ეს პროფესია მათგან დაძაბულ გრაფიკს და მძიმე შრომას მოითხოვს. ამიტომ პროფესიული გადაწვის ალბათობაც არსებობს და ხანდახან აუცილებელიც კია შესვენება. ტასომ ორი წლის თავზე დასვენება გადაწყვიტა, თუმცა გრძნობდა, რომ სკოლასთან განშორებას მაინც ვერ შეძლებდა და პროექტის ხელმძღვანელებს სთხოვა, მის რაიონში – ლაგოდეხში, რომელიმე არაქართულ სკოლაში გაენაწილებინათ. ამჯერად  რუსულ სკოლაში გაუშვეს.

 

“ჩემს რაიონში ყოფნამ მომცა უფრო მეტი შესაძლებლობა, განმეხორციელებინა სხვადასხვა სასკოლო თუ სკოლის გარეთა აქტივობები. ვისწავლე პროექტების წერა, პროექტების წერას თან მოჰყვა დაფინანსებები. სპორტის სამინისტროს დახმარებით განვახორცილეთ პროექტი – “სამოქალაქო აქტივობა – მრავალფეროვანი საქართველო”, რომლის ფარგლებშიც ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს ინტეგრაციის, ტოლერანტობის, სამოქალაქო განათლების, პროექტების წერის, გუნდური მუშაობის და მოხალისეობის შესახებ ტრენინგებს ვუტარებდით“. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ, ეს იყო “მალალასთან ერთად” – რომელიც, მიზნად ისახავდა 14-დან 24-წლამდე გოგონათა აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას”,- გვიყვება ტასო.

 

სამოქალაქო აქტივიზმი

 

სოფელი კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ტასო ახლა იქ მოღვაწეობს და თემის განვითარებისა და ახალგაზრდების გააქტიურებისთვის შრომობს, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს გეგმავს. იგი თავისი სოფლის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორიც გახდა და უფრო აქტიურად შეუდგა სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების გამორკვევას. უახლოეს პერიოდში მისი ორგანიზებით სოფელში სოფლის ბიბლიოთეკის სამკითხველო ოთახი გაიხსნება. ტასო წიგნების მოძიებას აპირებს. ახალი წიგნები ძალიან ცოტა აქვთ, თუმცა ამბობს, რომ ნელ-ნელა ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საინტერესო ლიტერატურით ეხმარებიან. ასამდე წიგნი სამკითხველო ოთახს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემაც გადასცა.

 

“სოფელში სკვერი არ გვაქვს. სკვერად  ერთი თავისუფალი ადგილის გამოყენებას ვაპირებთ. გავამწვანებთ, ყვავილებს დავრგავთ, ქუჩის ბიბლიოთეკასაც ვაკეთებთ – ხის მოზრდილ ყუთს, თაროებით, კარებითა და სახურავით. სოფლის ცენტრში ავტობუსის გაჩერების ადგილია, მოუვლელი და შესაღები კედლებით. ვაპირებთ, შევღებოთ და მოვხატოთ. გაზის ბალონებისგან სანაგვე ურნების გაკეთება გვინდა. ვცდილობთ, ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. ამას გარდა, სკოლაში გვინდა ჩამოვაყალიბოთ ეკოკლუბი. ამას წინათ, გვქონდა შეხვედრა და ლექცია გარემოს დაცვის საკითხებზე . ბევრი გეგმა გვაქვს. ერთ-ერთი ლაგოდეხში არტჰაუსის გაკეთებაა. პროექტი დავწერეთ და ახლა პასუხს ველოდებით”.

 

უახლოესი გეგმები

 

ამ ეტაპზე, ლაგოდეხისერთ-ერთ აზერბაიჯანულ სკოლაში ასწავლის. წელს პირველად მოუწია მრავალრიცხოვან კლასთან ურთიერთობა. ეს დაწყებითი კლასია. ამჯერად, დამხმარე მასწავლებლის ფუნქცია აქვს. გაკვეთილზე საგნის ძირითად მასწავლებელთან ერთად შედის და ფუნქციები გადანაწილებული აქვთ. მომავალ წელს პროგრამის გაგრძელებას აღარ აპირებს. დრო, რომელიც გამოუთავისუფლდება, უნდა უფრო მეტი სამოქალაქო აქტივობებისთვის გამოიყენოს. სამომავლოდ კი სკოლაში ამ საგნის – სამოქალაქო განათლების – მასწავლებლად დაბრუნებას გეგმავს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი