შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვის მოტივაციის გაძლიერების ხერხები

„არაფერი გაინტერესებს“, „რაიმით მაინც დაკავდი“, „შეწყვიტე უაზროდ ყოფნა“ – ასეთ შენიშვნებს ჩვენი შვილები ხშირად იღებენ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ ბავშვს ინტერესი და მოტივაცია გაუჩნდეს, ნაკლებად იკაპრიზოს, იუხეშოს, დაკავდეს  საქმით? მოტივაცია მას ნებისმიერ ასაკში სჭირდება, განსაკუთრებით კი პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდში, როდესაც აქვს ბევრი დრო და შესაძლებლობა იმისა, რომ ცხოვრებისათვის სათანადოდ მოემზადოს.

მნიშვნელოვანია ბავშვს სჯეროდეს საკუთარი წარმატების. როგორც მასწავლებელი, ისე მშობელი ყოველთვის უნდა ასაზრდოებდეს ბავშვის რწმენას საკუთარ ძალებში და უნარებში. რაც უფრო დაბალია ბავშვის თვითშეფასება, მით უფრო ძლიერი და სისტემური უნდა იყოს უფროსების მხარდაჭერა. ცნობილია, რომ 7 წლის ასაკის მერე ბავშვს საკუთარი თავის მოტივირება ან სხვების დახმარება სჭირდება. როდესაც ბავშვსა და მშობელს/მასწავლებელს შორის კონტაქტი ირღვევა, დახმარებას უფროსი თაობაც საჭიროებს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფსიქოლოგს, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, იელის ბავშვთა აღზრდის ცენტრისა და ბავშვებთან მუშაობის კლინიკის დირექტორს, ალან კაზდინს ბევრი საჭირბოროტო საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულება აქვს. გთავაზობთ რამდენიმე მისეულ ხერხს, რომლის გამოყენებაც ბავშვის მოტივაციის გაზრდას ემსახურება;

პირველი ხერხი მიზნის დასახვაა. თქვენ უნდა შეადგინოთ მკაფიო ჩამონათვალი იმ საქმიანობებისა, რომლითაც ბავშვის დაინტერესება შეიძლება. შესანიშნავი ვარიანტია ე.წ. „საცდელი მეცადინეობა“. ასეთი სახის „მეცადინეობის“ დროს ბავშვს ექმნება ზოგადი წარმოდგენა ცეკვაზე, სპორტზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მებაღეობაზე. ამ გზით თქვენ იოლად მიხვდებით რა და რამდენად აინტერესებს. იქნებ, თქვენს შვილს ცხოველები უყვარს, ანდა საბრძოლო ფილმები მოსწონს? რატომ? საიდან მოდის ეს ინტერესი და რამდენად მყარია სამომავლოდ? სწორედ ამ ინტერესის შედეგად, სავსებით რეალურია თქვენი შვილი ცხოველთა თავშესაფრის მოხალისედ იქცეს, ანდა ცხენზე ჯირითი ისწავლოს. საბრძოლო ფილმების მოყვარული ბავშვი კი, კუნგ-ფუს შესწავლას ჩაუღრმავდეს, ანდა საბრძოლო ჟანრის ფილმების რეჟისორი გახდეს.

მეორე ხერხია მოთხოვნების დადგენა. კარგი იქნება თუკი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე  შაჩვევთ, რომ მან თქვენი, არც ისეთი რთული მოთხოვნები შეასრულოს ხოლმე, მაგალითად, აკეთოს სახლის საქმე. რასაკვირველია, ბავშვი ვერც იდეალურად დაალაგებს და ვერც მაღაზიაში შეძლებს საუკეთესო პროდუქტის არჩევას, მაგრამ ეს ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი ურთიერთობისთვის. ბავშვსაც ეცოდინება, რას ელით მისგან. მოტივაცია ისევე ვითარდება, როგორც ჩვევა. როდესაც ბავშვისაგან მუდმივად ელით რაიმე ტიპის ვალდებულებების შესრულებას (მათი მასშტაბი ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს), ეს პასუხისმგებლობას და აქტიურ ცხოვრებას აჩვევს. ბავშვისათვის საქმის შესრულება ან მასში ჩართულობა ნორმა ხდება. სამომავლოდ მისთვის პასიურობა და უინტერესობა მიუღებელი იქნება.

მესამე ხერხი პირადი მაგალითის მიცემას უკავშირდება. მშობლები ხშირად თითის ქნევით, „ზემოდან ქვემოთ“ ესაუბრებიან ბავშვს და ნაკლებად იშველიებენ პირად მაგალითებს. თუმცა ყველაზე ეფექტიანი და გავლენის მქონე სწორედ მშობლების პირადი მაგალითია.

შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ საკუთარი ცხოვრების მოდელი თქვენი ბავშვის ხასიათის, ინტერესებისა და მოტივაციის ჩამოყალიბების დროს. თუ თქვენ სახლის გარეთ გიყვართ რაიმის კეთება, ბავშვიც გაიყოლიეთ. თუ სოციალურად აქტიური პიროვნება ხართ, მოგწონთ სპორტი, მოხალისეობა, ანდა მუზეუმებში სტუმრობა, მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვთან ერთად იმოძრავეთ. მთავარია, რომ მან დაინახოს ფაქტი/ქმედება, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. თუ ცურვაზე დადიხართ და შვილს აუზზე წაიყვანთ, ეს მისთვის მოტივაციაც იქნება და თქვენს ურთიერთობაზეც პოზიტიურად აისახება. რასაკვირველია, კარგი იქნება, თუკი ბავშვთან ერთად ივლით საყიდლებზე ან სახლს დაალაგებთ ერთად,  მაგრამ ახლა კონკრეტულ ქმედებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ბავშვში ინტერესს აღძრავს, ახალ უნარებს განუვითარებს, მისცემს ახალ ცოდნას. თქვენი ინტერესი უბიძგებს თავისი ინტერესის გაჩენისაკენ. თქვენი უშუალო ჩართულობა რაიმე საქმიანობაში ბავშვზე შეუფასებელ გავლენას ახდენს.

მეოთხე ხერხი უნარების განვითარებასთანაა კავშირში. ბევრი უნარის განვითარება პირადი მაგალითის მიცემის გარეშეც შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ბავშვს ახალი ცოდნის მიღებაში, საქმიანობის ახალი სფეროების გაცნობაში. მაგალითად, მუსიკის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ინსტრუმენტის ათვისებას. კონცერტებში, სკოლის ორკესტრში მონაწილეობის დროს ბავშვი „იხსნება“, ახალ ნაცნობებს იძენს და ეს უკვე მოტივაციაა.

მოტივაცია ხანგრძლივი, რთული პროცესია. მთავრია, მშობლებმა მოთმინება არ დაკარგონ და მაქსიმალურად მოერიდო ნეგატიური განწყობით ბავშვთან ურთიერთობას. მათ სიმშვიდე უნდა მოიკრიბონ და ახალი ძალებით განაგრძონ ბავშვის მოტივირება.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ ბავშვი პასიურია და საერთოდ არ იჩენს არაფრის მიმართ ინტერესს? როგორ ველაპარაკოთ? აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს. გამოირიცხება ბავშვზე ზეწოლა. მოტივაციის გაზრდისათვის შესაძლებელია ფარული კარნახის გამოყენება.

ხშირად ჩვენც კი ვერ ვაცნობიერებთ იმ წვრილმანებსა და დეტალებს, რომლებიც  გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარებიან. ჩვენი გონება დაკავებულია ინფორმაციის გადამუშავებით, ყველაზე ხშირად ეს შეუცნობლად მიმდინარეობს. „კვლევების დროს დავაკვირდით თუ როგორ რეაგირებდა სკანირებული ტვინი გარკვეულ გამაღიზიანებლებზე, მაგრამ როდესაც კვლევის ობიექტს ვეკითხებოდით რა მოხდა, „არაფერიო“ – ასე გვპასუხობდა, – ამბობს ალან კაზდინი.- ასევე, დავადგინეთ, რომ თუკი კვლევის ობიექტს ძალიან სწრაფად ვკარნახობდით რამეს და ის ამას ვერ ამჩნევდა, ცნობიერება ამას გადაწყვეტილების მისაღებად მაინც იყენებდა. ვთქვათ, საწმენდი საშუალებების მსუბუქი სუნი ადამიანს თავისი სამუშაო მაგიდა დალაგებისკენ უბიძგებდა, მაგრამ თუ საწმენდი საშუალების სუნზე ვეკითხებოდით რამეს, გვპასუხობდა, რომ მაგიდის მისალაგებლად სულ სხვა მიზეზები ჰქონდა“.

წიგნები, ჟურნალები, დასაკრავად მომზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები… ეს საგნები (სამოტივაციო) ბავშვის მხედველობის არეში უნდა იყოს. ამის გაკეთება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. უბრალოდ, იქ უნდა იდოს, სადაც ბავშვი იოლად შეამჩნევს. ამ ხერხმა შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს. თუმცა აქაც ზომიერი აქტიურობა გვმართებს. აბა, წარმოიდგინეთ, თქვენმა ქალიშვილმა რაღაც ჟურნალს მოკრა თვალი, მაგრამ ამ დროს ოთახში თქვენც შეხვედით და დაიწყეთ: „ნახე ეს ფოტოები? მაგარია, არა? მე უკვე დავჯავშნე ბილეთები და უქმეები იქ გავატარებთ!“ თქვენი „გულმოდგინება“ ნეგატიურ რეაქციას უფრო გამოიწვევს, ვიდრე დადებითს. ამიტომ ადროვეთ ბავშვს თვითონ დაინტერესდეს ჟურნალით, ფოტოებით, ტექსტით. თქვენთვის მთავარია „ანკესზე“ წამოაგოთ მისი ინტერესი.

ურთიერთობის წახალისება – წაახალისეთ თქვენი შვილი, როდესაც სტუმრად თავის მეგობრებს მოგიყვანთ. თქვენი სახლის კარი ღია უნდა იყოს მათთვის, ისინიც უნდა ხედავდნენ, რომ ეს ადგილი ბავშვის ოჯახურ ცხოვრებაში ცენტრალურ ადგილს წარმოადგენს, მისი ციხე-სიმაგრეა. ეს დიდ გავლენას იქონიებს ბავშვზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მით უფრო, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვებს ჩვევიათ თავისი მეგობრებისა და მშობლების განცალკევება, მაგრამ თუ თქვენი შვილის ახალ სამყაროს მიიღებთ, შანსი გექნებათ თავი დაიზღვიოთ ამ უსიამოვნებისაგან. გარდა ამისა, ახლოდან შეძლებთ შვილზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, მის დაცვას სხვა მოზარდების ნეგატიური  გავლენისაგან. ის თქვენ მიგენდობათ და თავს არ იგრძნობს პატარა ბავშვად.

თუ სახლის გარეთ გადაწყვიტეთ რაიმით დაკავდეთ, ნება დართეთ ბავშვს, რომ თქვენთან ერთად მისი მეგობარიც წამოვიდეს. დაე, ორივემ ნახოს როგორ სიამოვნებას განიჭებთ თქვენი ჰობი ან გატაცება. ასეთი ქმედება ნელ-ნელა თავის ნაყოფს გამოიღებს და ბავშვი დამოუკიდებლად გადაწყვეტს რა უნდა, სად წავიდეს, თავად მიანიჭებს უპირატესობას იმას, რაც აინტერესებს, გააკეთებს არჩევანს. ბავშვის მეგობრებთან დამეგობრება დიდხანს შეგინარჩუნებთ კავშირს თქვენს შვილთან. მას არ მოუწევს ოდესმე არჩევანის გაკეთება თქვენსა და მეგობარ თანატოლებს შორის.

დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვი სწორად ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და ამის შედეგად მისი მოტივაცია დაბალია. ადეკვატური თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები. მშობლების მართებული შეფასება და მართებული ფორმით გაზიარებული მოსაზრებები მის უნარებზე და შესაძლებლობებზე, ზუსტად აისახება თვითშეფასების ნორმალურ ფორმირებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი