შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ინკლუზიური განათლების ინსტრუმენტები – როგორ მოვაწყოთ რესურსოთახი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან  შედეგის მისაღწევად  მუშაობა სპეცმასწავლებლის მხრიდან დიდ გარჯასა და ძალისხმევას ითხოვს. თუმცა გარდა პედაგოგის შრომისა, სასკოლო ასაკის სხვადასხვა დარღვევის ბავშვების განვითარებისთვის აუცილებელია სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა გარეშე პედაგოგები გადაულახავ დაბრკოლებას წააწყდებიან. დასავლელი ექსპერტები სპეცპედაგოგებს თავიანთი ოთახის შემდეგი რესურსებით აღჭურვას ურჩევენ. ესენია:

 

  1. რბილულები (ფიჯეტები), მოქანავე სკამები, თერაპიული ბურთები და რგოლები

 

res1res2

ფიჯეტები, რომელებსაც შეიძლება რბილულები ვუწოდოთ, თვითრეგულაციის საუკეთესო სათამაშო ხელსაწყოებია, რომლებიც ბავშვებს ეხმარება ყურადღების ფოკუსის, კონცენტრაციის, სიმშვიდისა და აქტიური მოსმენის განვითარებაში. ისინი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ქსოვილისაა და დასახელდებაც ბევრნაირი აქვს. სტრესბურთულები , ხვიარები, სქვიგლეტები , – რომლებიც შეხებითა და მოძრაობებით   ხელს უწყობს სენსომოტორული უნარების ამოქმედებას, რაც გადამწყვეტია ზოგირთი ჰიპერაქტიული სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის(ADHD), ასევე ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლებისას. კვლევებით დადგენილია, რომ ჩამოთვლილი ნივთებით ვმართავთ, ვაკონტროლებთ მათ მოძრაობას და ვაუმჯობესებთ დასწავლის პროცესს. უფრო მეტიც, სწავლისას მოძრაობა მნიშვნელოვანია, რადგან მსწავლელს მოეთხოვება ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების გამოყენება, ეს კი საუკეთესოდ მიიღწევა თამაშის გზით და, შედეგად, სახლსა თუ სკოლაში გააზრებული დასწავლის პროცესს ვიღებთ.  მელისა ფერი გულწრფელად გვირჩევს წავიკითხოთ წიგნი: Learning with Tangle Brain Tools  ‘სწავლა ხვიარა ინსტრუმენტებით’, რადგანაც წიგნში აღწერილი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება, კვლევების თანახმად, ADHD ბავშვებში შედეგების 27%-იანი ზრდის  მაჩვენებელია (Stalvey & Brasell, 2006). თუკი გასაბერ ბუშტებს, მოქსოვილ ან შეკერილ სხვადასხვა ფორმის პატრა ტომრებს  მანანის ბურღულით, ფქვილით, შვრიით, ბრინჯით ავავსებთ, ეს სახლის პირობებში დამზადებული რბილულები იქნება. ისე კი მათი შეკვეთა სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი.

res4

  1. კითხვის ფერადი, გამჭვირვალე ზოლები

 

res5res6

ხშირად ბავშვები, რომელთაც უჭირთ ფოკუსირება ან აქვთ ყურადღების დეფიციტი, კითხვისას ტოვებენ სიტყვათა პწკარედებს  ან სტრიქონებს. ამგვარი ქცევით ზარალდება კითხვა, როგორც პროცესი, არაზუსტი შინაარსი კი აძნელებს აღქმას. ფერადი ზოლების გამოყენებას ისინი ხშირად  თავადვე ითხოვენ და უყვართ კითხვის ეს სტრატეგია, რადგან ინარჩუნებენ ფოკუსს და იგებენ მეტ დროს. ზოგიერთ მათგანს საკლასო ოთახსა თუ სახლშიც სურს ფერადი ზოლების წაღება,  ჰოლოვინზე კი „ჯადოქარი თითების კონტეინერში“ ერთი თქმით აბრუნებენ მათ უკან,  – აცხადებს მელისა ფერი.

 

  1. საპარსი კრემი, ქვიშა, ბრინჯი

res7

 

სიტყვებზე ვარჯიშისას სხვადასხვა სენსორული საგნების გამოყენება შეიძლება. მელისა ფერის აღნიშნული აქტივობა, სურნელოვან საპარს კრემში ასოების ჩაწყობისა და მათით სიტყვების შედგენისა, შეიძლება მარიამ მონტესორის მშვენიერი იდეის გაგრძელებად ჩაითვალოს.  ალბათ, გვახსოვს ზუმფარის ქაღალდით გამოჭრილი ასოებით ანბანის შესწავლის მისეული მეთოდი, რომელიც იმ აზრიდან გამომდინარე, რომ აღზრდის ამოცანა მოსწავლის მთელი ძალების ამოქმედებაა, უყურადღებოდ არ ტოვებს შეგრძნებათა, აღქმის და მოტორული პროცესების ერთობლიობას (https://mastsavlebeli.ge/?p=7860). სურნელოვანი ქაფი ტაქტილურ, მხედველობით, სმენით, შეგრძნებებთან ერთად ყნოსვის შეგრძნებასაც განავითარებს, ყნოსვით მეხსიერებას კი ახასიათებს სიმძაფრე, რომელიც ძალიან დიდხანს მიჰყვება ადამიანს.

რიცხვების წარმოსაქმნელად გამოიყენება ფერადი ქვიშაც, რომელიც თასშია მოთავსებული. ბავშვები ეძებენ მასში ჩამალულ ციფრებს და პოვნის შემდეგ სხვადასხვა მათემატიკურ ოპერაციას ასრულებენ. ეს საკმაოდ სახალისო გზაა იმისთვის, რომ მოვახდინოთ მათი შეგრძნებების ინტეგრირება, დავეხმაროთ   ნატიფი მოტორიკის განვითარებაში და, იმავდროულად, ვაზიაროთ აკადემიურ უნარებს.

 

  1. წამზომები

res9

წამზომები (timers) რესურსოთახში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. მიჩნეულია, რომ ეს მათი ცვლილებებისთვის მომზადების საუკეთესო გზაა, რადგან დარღვევების მქონე ბავშვებისთვის ხშირად დრო პირობითი ცნებაა. თუ კი ისინი თავად ხედავენ, რამდენ ხანში შეუძლიათ მიცემული დავალების შესრულება, უფრო მშვიდად ეგუებიან ცვლილებას, რომელიც კონტრასტული დავალებების შესრულებას ახლავს თან. წამზომების გამოყენება კითხვითი უნარის გაუმჯობესებისთვის ჩვენშიც ნაცადი პრაქტიკაა.  1 წუთში წაკითხული სიტყვათა რაოდენობის გაგება  და უკეთესი შედეგების მიზნად დასახვა ბავშვებში ბევრ სასიკეთო უნარს ავითარებს. სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებაში წამზომების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ბავსვებში პრაქტიკული ჩვევების განსავითარებლად.

 

  1. თვალსაჩინოება

 

თვალსაჩინოება ეხმარება მოსწავლეებს, ვიზუალური ხატების მეშვეობით უკეთ გაიგონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა. ზოგიერთი მათგანისათვის კი სურათ-ხატებით სწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წარმატების უტყუარი წინაპირობაცაა. თვალსაჩინოებას აქტიურად ვიყენებთ ჩვეულებრივ საკლასო ოთახებშიც ზეპირი თუ წერითი აქტივობებისას. იგი ხელს უწყობს კლასში მოწაფეთა ჩართულობას და ინკლუზიური განათლების დამხმარე ინსტრუმენტად მოიაზრება.

 

  1. ფერადი ხელსაწყოები

 

res8

 

ფერადი ხელსაწყოები, ე.წ. მანიპულატორები, უმნიშვნელოვანესია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და არა მხოლოდ მათი სწავლებისას, რადგან ისინი ეხმარება ბავშვებს, აბსტრაქტული იდეა კონკრეტულ ცნებებამდე დაიყვანონ და მათემატიკური პრობლემის  სწორი გადაწყვეტა მოახერხონ. მანიპულატორები ცვლიან ბავშვის აზროვნების გზებს მარტივი პროცედურებიდან შემეცნებით გააზრებამდე.

res10

  1. გამოკრული წესები – მოლოდინები

იმისათვის, რომ იცოდნენ, თუ რას მოელიან მათგან, წესებისა და მოლოდინების საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა ყველა და, განსაკუთრებით კი, სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს იზიდავთ წესები და სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ  მუდამ პირნათლად ასრულებენ მათ. უმჯობესია წესები ცენტრალურ ადგილას გამოვაფინოთ, რომ სწრაფად მივმართოთ ბავშვების ყურადღება მათკენ.

 

  1. წახალისების ფორმები

თანამედროვე განათლების სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ აუცილებელია სკოლებში მოსწავლეთა კარგი ქცევებისა და მიღწევების ხაზგასმა და დაფასება. ჩვენ ვიცით ქცევასთან დაკავშირებული პრევენციული მიდგომები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა. გამოვიყენოთ წებოვანი ბარათები/სტიკერები თითოეული მოსწავლისათვის. თუკი ისინი მოიპოვებენ 10 სტიკერს, შეუძლიათ საპრიზო ყუთიდან ჯილდოს ამორჩევა. თუკი სტიკერებს შეინახავენ და შემდეგ ჯერზე 20-მდე მოაგროვებენ, ჯილდოს უფრო დიდი, მაცდური ყუთიდან ამოირჩევენ.  ზოგიერთი სპეცმასწავლებელი ბავშვებს აგროვებინებს ცოდნის ჯეტონებს, რომლებსაც კვირის ბოლოს შესაფერის ნივთზე გადაცვლიან-ხოლმე საკლასო მაღაზიაში. ბევრი ფულით ბევრს იყიდიან. მასწავლებლებს კი ამგვარი მაღაზიის შევსება შინიდან მოტანილი მეორადი სათამაშოებით შეუძლიათ. პრიზების მოძიება ლარიან მაღაზიაშიც სავსებით შესაძლებელია, ამგვარი სტიმულები კი ცუდი ქცევის არიდების საუკეთესო საშუალებაა.

res11

  1. მაღალი ინტერესის წიგნები დაბალი ასაკისათვის და კითხვის მადა

ამგვარი წიგნებს (High Interest – Low Level Reading Books), როგორც წესი, High(მაღლი)სა და low(დაბლი)ს აბრევეატურით Hi-Lo წიგნებს უწოდებენ (დაახლოებით, ქართულში მა-და  რომ დაგვერქვა) და გამომცემლები მონდომებული მკითხველის წიგნებად მოიაზრებენ. საინტერესოდ დასურათებულ 1-ელკლასელი ბავშვის ასაკის წიგნებს მე-4 კლასელებიც დიდი ინტერესით კითხულობენ, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ უფროსკლასელს „ბავშვურად ეჩვენება წიგნი და მასწავლებლის შეთავაზებით ხელში სხვა დასურათებული, თუმცა სარჩევიანი წიგნი შერჩება-ხოლმე. ეს არის სწორედ Hi-Lo წიგნების უპირატესობა, – აცხადებს მელისა ფერი. სხვათა შორის, ქართული სახელწოდება საკმაოდ მადისაღმძვრელად ჟღერს.  წესით,  ჩვენი ბავშვებიც უნდა დავაინტერესოთ.

 

  1. ტექნოლოგია

ტექნოლოგია ყველა ბავშვს უყვარს. თუკი მათში საინტერსო, შემეცნებით და ასაკისათვის შესაფერის მასალას ჩავტვირთავთ, ბავშვები განვითარებისა და ცოდნის დონეს ინტერესით აიმაღლებენ. მათ ზოგ შემთხვევაში შეიძლება პირადი ანდროიდი ან ლეპტოპებიც გავუზიაროთ. ეს უცხოელი პედაგოგების რჩევაცაა და პირადი გამოცდილებაც. ინკლუზიურ კლასში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბიჭის უნარი ორ უცხო ენაზე თავისუფლად  საუბრისა, ყველას გასაკვირად, სწორედ პირადი კომპიუტერის გაზიარების შედეგად აღმოვაჩინე.

 

ეს ჩამონათვალი ამომწურავი, რაღა თქმა უნდა, არაა, რესურსოთახში შეიძლება გვქონდეს და გამოვიყენოთ საღებავები, თიხა, თაბაშირი, ფერადი ფანქრები, მარკერები, დაფა, ქარგვისა თუ კერვის შესასწავლი მოწყობილობა, საქანელა, ბალიშები, სენსორული კიბე, ხალიჩები, სათამაშოები და სხვ… მაგრამ საქართველოს პირობებში უმთავრესი ინსტრუმენტი მაინც ენთუზიაზმი, დიდი მოთმინება და სიყვარულია, რომელიც ბავშვებთან მუშაობისას ყველაზე მეტად დაგვეხმარება.

 

 

სასარგებლო რესურსები:

  1. https://www.friendshipcircle.org/blog/2012/11/20/10-items-every-special-educator-should-have-in-their-classroom/
  2. https://www.google.ge/search?q=melissa+ferry+special+rooms&rlz=1C1AVNG_enGE625GE649&espv=2&biw=1366&bih=633&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjX8J729c_LAhXPbZoKHdPBBqcQ_AUIBigB&dpr=1#tbm=isch&q=items+for+special+rooms+for+children+with+special+needs&imgrc=wc-9VRGadgMaAM%3A

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი