ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოტყუება ადვილია

1 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ხუმრობისა და მასხრობის დღე. სხვაგვარად ამ დღესასწაულს “სულელთა დღესაც” ეძახიან.

მსგავსი დღესასწაული სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრადიციულად აღინიშნებოდა. ამგვარი ზეიმებიდან უძველესი, ე. წ. სატურნალიებია, რომელიც ძველ რომში დეკემბრის თვეში იმართებოდა. სატურნალიების მთავარი ღირშესანიშნაობა ის იყო, რომ ერთი დღის განმავლობაში მონები და მათი პატრონები ადგილებს ცვლიდნენ. ანუ მონებს უფლება ეძლეოდათ, ნებისმიერი რამ დაევალებინათ თავიანთი პატრონებისათვის და ეს უკანასკნელნი ვალდებულნი იყვნენ, ყველა ბრძანება შეესრულებინათ.

მსგავსი დღესასწაული იმართებოდა ძველ ბრიტანეთშიც. ეს გახლდათ ძველ კელტთა ერთ-ერთი ღვთაების – ხუმრობისა და გართობის ღმერთის ლუდის სახელობის დღესასწაული.

თავად 1 აპრილის ხუმრობის დღედ დაწესება ევროპაში გრიგორიანული კალენდრის შემოღებას უკავშირდება. 1582 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც იულიანური კალენდრიდან გრიგორიანულზე გადავიდა. იულიანური კალენდრით ახალი წლის აღნიშვნა 1 აპრილს ხდებოდა, გრიგორიანული კალენდრით კი ახალი წელი 1 იანვარს უნდა აღენიშნათ.

მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ დაემორჩილნენ ამ ცვლილებას და ახალი წლის მოსვლას ისევ 1 აპრილს აღნიშნავდნენ. ასეთი ადამიანები საყოველთაო დაცინვისა და მასხრობის ობიექტები გახდნენ. მას შემდეგ ევროპაში 1 აპრილს ადამიანთა გაქილიკება და მსუბუქი ხუმრობები ტრადიციად დამკვიდრდა და ჩვენს დრომდე მოაღწია.

დროთა განმავლობაში იზრდებოდა საპირველაპრილო გაშაყირების მასშტაბებიც. გაზეთების გაჩენამ და საერთოდ, მედიის განვითარებამ საპირველაპრილო ხუმრობები მთელ მსოფლიოს მოსდო. აქვე გთავაზობთ მედიის მიერ საპირველაპრილო გამოშვებებში მკითხველთა, მსმენელთა თუ მაყურებელთა გამასხარავების ქრესტომათიულ მაგალითებს.

კაპიტოლიუმის დამხობა

1933 წლის 1 აპრილს გაზეთმა “კაპიტალ ნიუსმა” პირველ გვერდზე გამოაქვეყნა: “დღეს გამთენიისას კაპიტოლიუმის მშვენიერი შენობა, რომლის აშენებაც 8 მილიონი დოლარი დაჯდა, ნანგრევებად იქცა. შენობის მთავარი თაღი იდუმალებით მოცული აფეთქებების შედეგად გვერდზე გადაიხარა და შენობას ჩამოემხო”. იქვე მოთავსებული იყო დანგრეული კაპიტოლიუმის მოზრდილი ფოტოც.

გაზეთი იუწყებოდა, რომ პირველი აფეთქება დილის 8-ის ნახევარზე გაისმა და ქუჩაში კანტი-კუნტად მოსიარულე გამვლელები გრანიტის წვრილი ნამტვრევების ნამდვილ სეტყვაში მოხვდნენ. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

“ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, აფეთქების მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ სენატში რამდენიმე კვირის გაცხარებული დებატების შემდეგ შენობაში დიდი რაოდენობით გაზი დაგროვდა, რომელიც რაღაც მიზეზთა გამო აალდა და აფეთქდა”, – წერდა გაზეთი.

სტატიას თან ერთვოდა წვრილი შრიფტით აკრეფილი რუბრიკის სათაური “საპირველაპრილო ხუმრობა”, მაგრამ ამერიკელთა დიდმა ნაწილმა მაინც დაიჯერა ეს ყველაფერი და 1 აპრილს ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში ნამდვილი პანიკა ატყდა.

როგორ დაისხა ხემ მაკარონი

საპირველაპრილო ხუმრობებში ტელევიზია 50-იანი წლების ბოლოს ჩაერთო და პირველივე ჯერზე გამაოგნებელი ცნობები მიაწოდა მაყურებელს. 1957 წლის 1 აპრილს ბრიტანეთის ტელეკომპანია ბი-ბი-სის საინფორმაციო გადაცემა “პანორამაში” გავიდა სიუჟეტი, რომ “სამხრეთ შვეიცარიაში ფერმერებმა მაკარონის არნახული მოსავალი მიიღეს” და რომ “შვეიცარიული მაკარონი წლეულს ალბათ მსოფლიო ბაზარზე გვარიანად შეავიწროებს იტალიურ სპაგეტის”.

ამასთან ერთად, ტელევიზიით ნაჩვენები იყო ერთი შვეიცარიული სოფელი, სადაც ფერმერები “მაკარონის ხეებიდან” ახალ მოსავალს “კრეფდნენ” და კალათებში ყრიდნენ. შემდეგ თავად ფერმერები ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებდნენ: ჩვენთან მაკარონის ასეთი არნახული მოსავალი იმიტომ მოვიდა, რომ ზამთარი მეტად თბილი იყოო.

“სპაგეტის მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე, მოგეხსენებათ, იტალია გახლავთ. დარწმუნებული ვარ, მრავალ თქვენგანს ექნება ნანახი პოს დაბლობზე გაშენებული სპაგეტის პლანტაციების წარმტაცი ხედი. მაგრამ იტალიური სპაგეტის ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება. წლეულს შვეიცარიაში მოწეული მოსავალი კი ხარისხით გაცილებით სჯობს იტალიურს”, – მთელი სერიოზულობით ჰყვებოდა გადაცემის წამყვანი.

სიუჟეტი მთავრდებოდა სიტყვებით: “არაფერია საკუთარ ეზოში საკუთარი ხელით მოყვანილ მაკარონზე გემრიელი”.

მაყურებელთა ძალიან დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ მაკარონი ხეებზე იზრდება. ბი-ბი-სი კინაღამ წალეკა სატელეფონო ზარებმა – ბრიტანელებს აინტერესებდათ, როგორ შეიძლებოდა საშინაო პირობებში სპაგეტის მოყვანა. ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ კი შვეიცარიაში იქაური მაკარონის ნერგების შესაძენად თავისი წარმომადგენლებიც კი გაგზავნა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 50-იანი წლების ბრიტანეთში სპაგეტი და მაკარონი მაინცდამაინც ფართოდ გავრცელებული არ იყო და ეგზოტიკურ კერძად ითვლებოდა.

გაუქმებული დღეები

1979 წლის 1 აპრილს ლონდონური რადიოსადგური “კაპიტოლ რეიდიო” იუწყებოდა, რომ 1945 წლის შემდეგ ბრიტანეთში ყოველწლიურად ზაფხულის დროზე გადასვლისა და უკან დაბრუნების გამო დროის აღრიცხვით ბრიტანეთმა დანარჩენ მსოფლიოს ზუსტად 48 საათით გაუსწრო. ამის გამო მთავრობამ გადაწყვიტა, “დაელოდოს” 2 დღე-ღამით “ჩამორჩენილ” მსოფლიოს, რის გამოც წელს კალენდრიდან ორი დღე – 5 და 12 აპრილი ამოღებული იქნებაო. ანუ 4 აპრილის მომდევნო დღე ბრიტანეთში ოფიციალურად 6 აპრილი იქნებოდა, 11 აპრილისა კი – პირდაპირ 13 აპრილი.

სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, ამ საპირველაპრილო ხუმრობამ ქვეყანაში ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. რადიოსადგურში ტელეფონი არ ჩერდებოდა. ზოგს აინტერესებდა, მიიღებდა თუ არა უმუშევრობის დახმარებას ამ ორი გაუქმებული დღისათვის, ზოგს – რატომ მაინცდამაინც ეს დღეები იქნა შერჩეული. ზოგი პირდაპირ ითხოვდა, თუ გაუქმებაზეა საქმე, 13 აპრილი გავაუქმოთ, მაინც თარსი რიცხვიაო. ერთი ქალბატონი კი პირდაპირ მოთქვამდა ტელეფონში: 5 აპრილს დაბადების დღე მაქვს და ახლა რა მეშველებაო.

ლენინი დისნეილენდში

1995 წლის 1 აპრილს გაზეთმა “აირიშ ტაიმსმა” გამოაქვეყნა ცნობა, რომ ევროდისნეილენდის ხელმძღვანელობა რუსეთის მთავრობასთან შეთანხმებით უახლოეს მომავალში საფრანგეთში გრანდიოზულ გასართობ პარკში კომუნიზმის ბელადის, ვლადიმერ ლენინის მუმიის გადასვენებას აპირებს. აქვე ნათქვამი იყო, რომ ლენინის ახალი მავზოლეუმი ევროდისნეილენდის მთავარ ატრაქციონად გადაიქცეოდა. ამავე დროს, რუს ნაციონალისტებს განზრახული ჰქონდათ, მოსკოვში წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის ნეშტი დაესვენებინათ.

ყველაფერი ეს, რასაკვირველია, საპირველაპრილო ხუმრობა იყო, მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ – რუსეთის მთავრობამ სრული სერიოზულობით მიიღო ეს წინადადება. მთავრობის წარმომადგენელმა ამ ცნობის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა გაყიდოს ლენინის ნეშტი და რომ მთავარია, მხარეები თანხაზე შეთანხმდნენ.

როგორ ჩამოართვეს გიორგი კანდელაკს ოქროს მედალი

ხუმრობა ქართველებისათვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის და მკითხველთან მსუბუქად გახუმრების ტრადიცია ქართულ მედიაშიც კარგა ხანია დამკვიდრდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საპირველაპრილო ხუმრობის ავტორი გაზეთი “რეზონანსი” გახლავთ.

1999 წლის 1 აპრილს ამ გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა ცნობა, რომ ქართველ მოკრივე გიორგი კანდელაკს ჰელსინკის მოყვარულთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოერთვა. მიზეზი კი ის იყო, რომ დოპინგკონტროლზე შემოწმებისას კანდელაკის სისხლში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აკრძალული პრეპარატის კვალს მიაგნეს.

სტატიას თან ერთვოდა მოყვარულთა მსოფლიო კრივის ფედერაციიდან მიღებული ფაქსიც.

ამ ცნობამ საქართველოს სპორტული წრეები მეტად ააფორიაქა. რედაქციაში არ წყდებოდა სატელეფონო ზარები. მკითხველს აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა განაჩენის გასაჩივრება და კანდელაკისათვის კუთვნილი ოქროს მედლის უკან დაბრუნება.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა თავად ეწვია რედაქციას სიმართლის დასადგენად და რომ გაიგეს, ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობა იყო, შვებით ამოისუნთქეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი