პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გეოგრაფიული რეკორდები – IV ნაწილი – ატმოსფერო

ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 58 გრადუსი – აღრიცხულია ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლისთან მდებარე სოფელ ელ-აზიზიაში (აფრიკა).

აი, სიცივის პოლუსი კი ანტარქტიდაში, სადგურ “ვოსტოკშია”. 1983 წლის 21 ივლისს აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურა – -89,2 გრადუსი – აღირიცხა.

ოიმიაკონის ღრმული ყველაზე ცივი ადგილია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. იგი მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა -50 გრადუსია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი -70 გრადუსს აღწევს.

ჰაერის ტემპერატურის ყველაზე დიდი ამპლიტუდა, 106.7 გრადუსი, რეგისტრირებულია იაკუტიის ქალაქ ვერხოიანსკში (რუსეთი). აქ ზამთარში -70 გრადუსამდე ყინვა იყო, ხოლო ივლისში ჰაერის ტემპერატურამ +36,7 გრადუსს მიაღწია.

შედარებით დაბალი ტემპერატურული ამპლიტუდით გამოირჩევა მარიანის კუნძულები წყნარ ოკეანეში. აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1934 წლის 30 იანვარს აღირიცხა – +19 გრადუსი, ყველაზე მაღალი კი იმავე წლის 9 სექტემბერს – +31,4 გრადუსი. ამპლიტუდამ სულ 11,8 გრადუსი შეადგინა.

ანტარქტიდაში ხშირია ძლიერი ქარები. აქ წელიწადში 300 დღე ქარიანია. განსაკუთრებით გამოირჩევა თანამეგობრობის ზღვა, რომლის ნაპირებთან ქარის სიჩქარე 320 კმ/სთ-ს აღწევს. თუმცა რეკორდი აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში “დამყარდა” – 1934 წლის 12 აპრილს ქარის სიჩქარემ იქ 371 კმ/სთ-ს მიაღწია.
ყველაზე უქარო ადგილი უცნობია. საინტერესოა, არის კი ასეთი ადგილი ჩვენს პლანეტაზე?
ნიადაგის მარადიული მზრალობის რეკორდი ციმბირშია (რუსეთი). მდინარე ვილუის ჩრდილოეთ ნაპირებთან მისი სისქე 1370 მ-ზე მეტია.

ყველაზე ნალექიანი ადგილი დედამიწაზე ჰიმალაის სამხრეთ მთისწინეთი, ინდოეთის სოფელი ჩერაპუნჯაა (შტატი მეგჰალაია). აქ ყოველწლიურად საშუალოდ 12000 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის, ხოლო 1947 წელს მისმა ოდენობამ 24326 მმ შეადგინა. ჩერაპუნჯას დედამიწის ყველაზე სველ ადგილს უწოდებენ.


რეკორდის აღმნიშვნელი წარწერა სოფელ ჩერაპუნჯაში

ჩერაპუნჯას ტოლს არ უდებს კოლუმბიის სოფელი ტუპენენდო, სადაც წელიწადში საშუალოდ 11770 მმ ნალექი მოდის. საკმაოდ ნალექიანი ადგილია ჰავაის კუნძულებიც, სადაც წელიწადში თითქმის 350 დღე წვიმიანია.

კუნძულ რეიუნიონზე (ინდოეთის ოკეანე, კუნძულ მადაგასკარის აღმოსავლეთით, მავრიკიდან დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით; ადმინისტრაციულად რეუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა) აღრიცხულია მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი – 2 მ სიმაღლის ნალექი დღე-ღამეში.

ყველაზე ცუდი ამინდით გამოირჩევა ვულკანური კუნძული იანმაიენი ატლანტის ოკეანეში (ნორვეგიასა და გრენლანდიას შორის, ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით). აქ ერთმანეთს ერევა თბილი ჩრდილოატლანტიკური და ცივი პოლარული დინებები, რის გამოც გამუდმებით წარმოიქმნება ციკლონები, შტორმები და ნისლი. კუნძულზე წელიწადში მხოლოდ სამიოდე დღეა ასე თუ ისე ასატანი ამინდი.


კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობა არ არის. აქ შორეული ნავიგაციის სადგურის მომსახურე პერსონალის 18 წევრი ცხოვრობს.

ბერინგის ზღვაში მდებარე კომანდორის კუნძულებს ქარებისა და ნისლის კუნძულებს უწოდებენ. აქ წელიწადში მხოლოდ 4 დღეა მოწმენდილი.
ყველაზე მსხვილი სეტყვა ყაზახეთში (შუა აზია) მოვიდა – ერთი მარცვლის წონა 1900 გრამი იყო.
ამინდის ფორმირებაში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ციკლონები და ანტიციკლონები. ჩვენს პლანეტაზე წელიწადში, დაახლოებით, 15000 ციკლონი და 7000 ანტიციკლონი წარმოიქმნება.
ყველაზე უღრუბლო ცა დედამიწაზე უდაბნო საჰარის აღმოსავლეთ ნაწილშია (აფრიკა). აქ მზე წელიწადში 354 დღე ანათებს. მეცნიერთა გამოთვლით, შესაძლებელი რომ იყოს იმ სითბოს თუნდაც 1%-ის გამოყენება, რომელიც საჰარის უდაბნოზე მოდის, კაცობრიობა 10-ჯერ მეტ ენერგიას მიიღებდა, ვიდრე სჭირდება. ამ რეგიონებში ჰაერი ისეთი მშრალია, რომ ახალი პური ერთ დღეში ორცხობილად იქცევა, ხოლო დილას გამოშვებული გაზეთი საღამოს იმტვრევა და ქუცმაცდება. წიგნი თუ სადმე ჩრდილში არ შევინახეთ, მალე იგი ფურცელ-ფურცელ დაიშლება.
დედამიწაზე სიმშრალის პოლუსი სამხრეთ ამერიკის უდაბნო ატაკამაშია (ჩილე). აქ წვიმა თითქმის არ მოდის, ამიტომ ნალექის რაოდენობა ხშირად მილიმეტრის მეათედებით იზომება. უკანასკნელი მონაცემებით, აქ გვალვა უკვე 400 წელიწადია გრძელდება. ეს აბსოლუტური რეკორდი სოფელ დესფერტო-დე ატაკამაშია აღრიცხული.


ატაკამის უდაბნო

დედამიწაზე არის ადგილები, სადაც წვიმაში ვერ დასველდები. პარადოქსია, მაგრამ ასეა. დიდი სიცხისა და ჰაერის მაღალი სიმშრალის გამო წვიმის წვეთები ჰაერშივე ორთქლდება და დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს. მათ მხოლოდ თავს ზემოთ ვგრძნობთ. ეს მოვლენა თითქმის ყველა ცხელ უდაბნოში შეინიშნება.
ბუნების ჩვეულებრივი მოვლენაა ჭექა-ქუხილი. ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 44 ათასი ჭექა-ქუხილი აღინიშნება და ყოველ წამში 100-ზე მეტჯერ ელავს. დედამიწის ყველაზე ჭექაქუხილიანი ადგილია ქ. ბაგორი კუნძულ იავაზე. იგი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის სამხრეთით, მთა სალანგის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს. აქ წელიწადში 322 დღე ჭექა-ქუხილია.

ჭექა-ქუხილი და ელვა ასევე ხშირია ვენესუელის სოფელ აუიან ტეპუიში, ბულგარეთში მდინარე დამიანეკას სათავეებთან, ფინეთში სოფელ ორავიკოსკში და სხვ.

დედამიწაზე არის ადგილებიც, სადაც ჭექა-ქუხილი მეტად იშვიათია. მაგალითად, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქ. სანტა-მარიაში ის ორ წელიწადში ერთხელ ხდება, ეგვიპტეში კი ჭექა-ქუხილი ეპოქალური მოვლენაა – იგი აქ 200 წელიწადში ერთხელ იცის.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი ალვინია. იგი აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს. აქ სულ 10 კაცი ცხოვრობს.

ყველაზე ჭუჭყიანი ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოში მდებარე კლივლენდია. აქ ყოველწლიურად 50 ტონა ჭვარტლი ილექება.
V ნაწილი – სახელმწიფოები და ქალაქები
მსოფლიოში ყველაზე “მაღალი” სახელმწიფოა ნეპალი. იგი სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთიანი სისტემის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის მწვერვალია.
მსოფლიოში ყველაზე “დაბალი” სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანეში მდებარე მალდივის კუნძულების რესპუბლიკა. მისი უმაღლესი წერტილი 2 მეტრ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა ჩინეთი. 2011 წლის მონაცემებით, იქ 1 347 350 000 კაცი ცხოვრობს.
ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა რუსეთი. მისი ფართობი 17,1 მლნ კვ. კმ-ია, რაც დედამიწის ხმელეთის 11%-ს შეადგენს.
ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო ვატიკანია. იგი იტალიის დედაქალაქ რომის ფარგლებში მდებარეობს. აქ 850 მცხოვრებია. ვატიკანის ფართობი 0,04 კვ. კმ-ია.
VI ნაწილი – საქართველოს გეოგრაფიული რეკორდები
საქართველოში ყველაზე ტენიანი ადგილი ბათუმის შემოგარენში მდებარე მთა მტირალას დასავლეთ ფერდობია, სადაც ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 4000 მმ-ს აღწევს.

ყველაზე მშრალი ადგილი კი ელდარის ვაკეა. იგი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ წლიურად 350 მმ ნალექი მოდის.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია ლათაში (კოდორის ხეობა) და ჭარნალში (აჭარა) – +43 გრადუსი.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -42 გრადუსი, კი აღირიცხა მეტეოსადგურზე “ყაზბეგი მაღალმთიანი”, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. კარწახში (ჯავახეთი) ტემპერატურა -41 გრადუსამდე დაეცა, ხოლო რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში, 40- გრადუსიანი ყინვ აღირიცხა.

საქართველოს უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს – მისი სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.
ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მეტრი.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა – 5068 მეტრი.

საქართველოს ფარგლებში ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი (407 კმ), ხოლო წყალუხვი –რიონი.
ფართობით ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ფართობია 37.5 კვ. კმ-ია.

ყველა ღრმაა რიწის ტბა, რომლის სიღრმეც 101 მეტრს აღწევს.

ყველაზე დიდი ეროვნული პარკია თუშეთის ეროვნული პარკი (76004 ჰა), ყველაზე დიდი ნაკრძალი კი ფსხუ-გუმისთის ნაკრძალია (40734 ჰა).

საქართველოში ყველაზე დაბალი ადგილი პალიასტომის ტბის მიდამოებია – -2 მეტრი ზღვის დონიდან.
ფართობით ყველაზე დიდია მყინვარი ლეხზირი, რომელიც სვანეთში მდებარეობს. მისი სიგრძე 12 კმ-ია, ხოლო ფართობი – 36 კვ. კმ.

საქართველოში ყველაზე ქარიანი ადგილია ლიხის ქედის მიდამოები, სადაც ქარის საშუალო წლიური სიჩქარეა 33 კმ/სთ-ია.

ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა სოფელი უშგული (2200 მ). ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა მთელ ევროპაშიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი