შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გეოგრაფიული რეკორდები (მესამე ნაწილი)

ლითოსფერო

ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი კონტინენტია აზია. მისი ფართობი დაახლოებით 44,6 მლნ კვ. კმ-ია, ხოლო ყველაზე პატარა – ავსტრალია (8,5 მლნ კვ. კმ). ამავე დროს, იგი ყველაზე მშრალი და მეჩხერად დასახლებული კონტინენტია.

დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტი ანტარქტიდაა. მისი საშუალო სიმაღლე 2024 მ-ია ზღვის დონიდან.

დედამიწის უდიდესი დაბლობია სამხრეთ ამერიკაში მდებარე ამაზონის დაბლობი – მისი ფართობი 4,5 მლნ კვ. კმ-ია.

ყველაზე მაღალი ზეგანი კი ტიბეტისაა. მისი საშუალო სიმაღლე 4875 მ-ია. ტიბეტის ზეგანის ფართობი 2 მლნ კვ. კმ-ია და ძირითადად მთიან უდაბნოს წარმოადგენს.

კორდილიერები ყველაზე გრძელი მთათა სისტემაა. იგი 18 ათას კმ-ზეა გადაჭიმული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე.

ყველაზე მაღალი მთებია ჰიმალაი. მათი სიგრძე 2400 კმ-ია, სიგანე კი – 350 კმ. ამ მთიანი სისტემის სიდიადის წარმოსადგენად დავუშვათ, რომ ჰიმალაის მთები დავაქუცმაცეთ და დედამიწის მთელ ხმელეთზე მოვფინეთ – ხმელეთის ზედაპირი 1820 მეტრით ამაღლდება. სწორედ ჰიმალაის მთებში მდებარეობს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი. მისი სიმაღლე 8848 მ-ია ზღვის დონიდან. 1953 წლის 23 მაისს იგი ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარმა და ნეპალელმა შერპმა თენსინგ ნორგეიმ დაიპყრეს. ჯომოლუნგმა ქართველ ალპინისტებსაც აქვთ დალაშქრული. ევერესტის დამპყრობი პირველი ქალი ალპინისტი იყო 34 წლის ინგლისელი ალისონ ჰარგრივსი (1955 წ.).

ხმელეთის ზედაპირზე ყველაზე დაბალი ადგილია მკვდარი ზღვა (მარილის ტბა). ის არაბეთის ნახევარკუნძულზე, ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე მდებარეობს. მისი ფართობი 810 კვ. კმ-ია, სიგრძე – 67 კმ, სიგანე კი 18 კმ. იგი ზღვის დონიდან 423 მ-ით დაბლაა (2012 წლის მონაცემებით). მარილის შემცველობა მასში 33.7%-ია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბაში ცოცხალი ორგანიზმები ვერ ცოცხლობენ. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.
ყველაზე მაღალი ვულკანური წარმოშობის მთაა მაუნა-კეა (თეთრი მთა) ჰავაის კუნძულებზე. იგი ჩამქრალი ვულკანია. მისი საერთო სიმაღლე 10203 მეტრია, აქედან 4205 მ ოკეანის წყალქვეშაა.
ყველაზე მაღალ, ჩამქრალ და “მძინარე” ვულკანად სამხრეთ ამერიკის ანდებში მდებარე აკონ-კაგუა მიიჩნევა. მისი სიმაღლე 6960 მეტრია. მას ხშირად ამერიკის და მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს “სახურავსაც” უწოდებენ.
პლანეტის მოქმედ და აქტიურ ვულკანებს შორის პირველობის რამდენიმე პრეტენდენტია. ერთ-ერთი მათგანია ვულკანი ისალკო სალვადორში (ცენტრალური ამერიკა, 1885 მ). იგი თითქმის 200 წელია მოქმედებს და ყოველ 10 წუთში ამოიფრქვევა. ეს ვულკანი თავისებური შუქურაა მეზღვაურთათვის. ასევე შუქურას როლს ასრულებს ვულკანი სტრომბოლი იტალიის სანაპიროსთან.
დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი მოქმედი ვულკანია მაუნა-ლოა ჰავაის კუნძულებზე (4168 მ).
ვულკან ფუძიამას (იაპონია, კ. ჰონსიუ) “მთვლემარეს” უწოდებენ. კიდევ უფრო “მძინარაა” ვულკანი ლაკი კუნძულ ისლანდიის სამხრეთით – IX საუკუნიდან დღემდე მან მხოლოდ 2-ჯერ გაიღვიძა.
ვულკანების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენად ინდონეზიის კუნძულები ითვლება. აქ 500-მდე ვულკანია, რომელთაგან 150 მოქმედია. 28 მათგანი კუნძულ იავაზეა.
წყნარი ოკეანის ფსკერზე 1000-მდე ვულკანია. მათგან ყველაზე მაღალი 8555 მ სიმაღლისაა და ახალ ზელანდიასა და სამოას კუნძულებს შორის მდებარეობს.
ჩვენს პლანეტაზე ყოველწლიურად 300 ათასამდე მიწისძვრა რეგისტრირდება, რომელთაგან 100 საკმაოდ ძლიერია. ამ მხრივ პირველობას ერთმანეთს იაპონია და ჩილე ეცილებიან. გეოგრაფები ამ ქვეყნებს “დედამიწის ჰამაკებსაც” უწოდებენ. აქ წელიწადში საშუალოდ 1000-მდე, ე.ი. დღეში 3 მიწისძვრა ხდება. 1930 წელს იაპონიაში სულ რაღაც 16 დღეში 5744-ჯერ იძრა მიწა. თვით იაპონელებს კი “მიწისძვრის ბუდედ” იძუს ნახევარკუნძული მიაჩნიათ – ამ რაიონში 1986 წელს 3200-მდე მიწისქვეშა ბიძგი აღირიცხა.
1948 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი და 110 ათასი კაცი დაიღუპა, ხოლო 1988 წლის დეკემბერში სომხეთში, ქალაქ სპიტაკში მომხდარ მიწისძვრას 25000 ადამიანი შეეწირა.
ბიძგების რაოდენობის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი რაიონია ბაიკალის ტბის მიდამოები. სეისმოგრაფები აქ წელიწადში 2000-მდე ბიძგს აღრიცხავს.
ყველაზე მეტი მიწისძვრა მსოფლიო ოკეანის ფსკერზე ხდება. მაგალითად, 1982 წელს წყნარ ოკეანეში, კუნძულ სამოას მიმდებარე წყლებში 17 დღე-ღამის განმავლობაში 1000-მდე ბიძგი დაფიქსირდა.
ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია, სადაც არც ერთი მიწისძვრა არ არის რეგისტრირებული.
ფედჩენკო ყველაზე დიდი მთის მყინვარია მსოფლიოში. მდებარეობს ტაჯიკეთში, ჩრდილო-დასავლეთ პამირზე. მისი სიგრძე 77 კმ-ს აღწევს.
დედამიწის უდიდესი მღვიმე, ფლინტ-მამონტი, აშშ-ში, კენტუკის შტატში, აპალაჩის მთების კირქვიან პლატოზე მდებარეობს. იგი 1809 წელს აღმოაჩინეს და დღემდე სულ 560 კმ-ია გამოკვლეული. ფლინტ-მამონტის მღვიმე კარსტული წარმოშობის ხუთსართულიანი ლაბირინთია. ამ მიწისქვეშეთში 225-ზე მეტი დარბაზი, 47 მაღალი თაღოვანი გამოქვაბული, 23 ვერტიკალური ჭა, 3 მიწისქვეშა მდინარე, 8 ჩანჩქერი და 3 ტბაა. მეცნიერთა ვარაუდით, შემდგომი გამოკვლევა კიდევ მრავალ სიურპრიზს გვპირდება.
მღვიმეებს შორის სიგრძით მეორე ადგილზეა 165 კმ სიგრძის მღვიმე ოპტიმისტური (უკრაინა, ტერნოპოლის ოლქი), ხოლო მესამე ადგილი 135 კმ სიგრძის მღვიმე ჰიოლოსს (შვეიცარია) უკავია.
ყველაზე ღრმა მღვიმეა კრუბერი (საქართველო, კავკასია). მისი სიღრმე 1710 მ-ია. მას ოდნავ ჩამორჩება ჟან-ბერნარის მღვიმე (1602 მ) საფრანგეთის ალპებში.
საინტერესოა, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური მღვიმე-მაღაროები სიღრმით ბევრად აღემატება ბუნებრივს. მათ შორის გამოირჩევა ვიტვატერსრანდი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), რომლის სიღრმე 4500 მ-ია. აქ ოქროს მოიპოვებენ. მიუხედავად ვენტილაციისა, მაღაროში ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს.
დედამიწის ყველაზე ღრმა ჭაბურღილი რუსეთში, კოლის ნახევარკუნძულზე ქ. ზაპოლიანესთან მდებარეობს. მისი სიღრმე 12260 მ-ია. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწის შინაგანი აგებულების შესასწავლად. მიიჩნეოდა, რომ, ჩვეულებრივ, მიწის ქვეშ ტემპერატურა ყოველ 33 მ-ზე 1 გრადუსით იმატებს, აქ კი ასეთი მოვლენა ყოველი 70 მ-ის შემდეგ ხდება. 12 000 მ სიღრმეზე გაქვავებული მიკროორგანიზმების 20-მდე სახეობა აღმოაჩინეს, რაც მოწმობს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ვარაუდობენ, კერძოდ, 1,6-1,9 მლრდ წლის წინ, კამბრიულის წინა ეპოქაში. ყველაზე ღრმა ჭაბურღილის კვლევა დღესაც გრძელდება.
დედამიწის უდიდესი უდაბნო საჰარაა (აფრიკა). მისი ფართობი 7 მლნ კვ. კმ-ია, მას კონტინენტის დაახლოებით მეოთხედი უკავია და ფართობით თითქმის ავსტრალიას უტოლდება. საჰარა აფრიკის ჩრდილოეთში მდებარეობს. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წითელ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე და ჩადის ტბამდე. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი.

საჰარის უდაბნოს თანამგზავრული ფოტო

საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა. ბუნებრივი პირობები აქ მეტად მკაცრი და გაუსაძლისია. მიუხედავად ამისა, უდაბნოში გვხვდება დიდი ქვიანი სივრცეები, მაღალი ზეგნები, თანამედროვე ავტომაგისტრალები და ნავთობისა და გაზის ჭაბურღილები, არტეზიული ჭები და… თვით ჭაობებიც კი. და მაინც, ყველაზე მეტი აქ ქვიშაა. იგი სირთულეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მოგზაურებსა და ტურისტებს. ხშირად ქვიშის უზარმაზარი მასები ძლიერ ქარს საკმაოდ შორს გადააქვს. გამოთვლებით, ყოველწლიურად 140 მლნ ტონა ქვიშის მტვერი ილექება ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ხოლო 50 მლნ ტონა თვით ამერიკის კონტინენტამდეც კი აღწევს. საბედნიეროდ, ქვიშას საჰარის ტერიტორიის მხოლოდ 20% უკავია. უზარმაზარი “ქვიშიანი ზღვები”, ე.წ. რეგი, ძირითადად, დასავლეთ საჰარაში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ნაწილი გამადას – ქვიან უდაბნოებს უჭირავს.

საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნა.

საჰარაში გვხვდება დაბლობები, ვაკეები და საკმაოდ მაღალი მთებიც. მათ შორის ყველაზე მაღალია ემიკუსი (3415 მ) ტიბესტის ზეგანზე (ჩადი). ზამთარში მისი მწვერვალები თოვლით არის დაფარული.

საჰარა აფრიკის ყველაზე ცხელი ადგილია. ტემპერატურული რეჟიმი არასტაბილურია, ამპლიტუდა – მაღალი. ზაფხულის უღრუბლო დღეებში, რომელთა რიცხვი წელიწადში 300-მდეა, თერმომეტრი ხშირად +50 გრადუსს აჩვენებს, ხოლო ქვიშა, ქვები და ლითონის ნივთები +70 გრადუსამდე ცხელდება და დამწვრობას იწვევს. ღამით ტემპერატურა +10 გრადუსია, ზოგჯერ კი 0 გრადუსამდეც ეცემა.

გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება.

ყველაზე მაღალი ქვიშის დიუნები რეგისტრირებულია ნამიბიაში (აფრიკა). მათი სიმაღლე 253 მ-ია. აფრიკაშია ყველაზე დიდი ბარხანებიც – 400 მ სიმაღლისა და 5 კმ სიგრძის ქვიშის მთებს ალჟირის საჰარაში შეხვდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი