პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გეოგრაფიული რეკორდები (მეორე ნაწილი)

დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ. კმ. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს შორის კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკა). მისი ფართობი 82,4 ათასი კვ. კმ-ია.

ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა ნამიბიაში (აფრიკა) მდებარეობს. ეს კარსტული წარმოშობის ტბაა, რომელსაც აბორიგენების ენაზე მეტად ორიგინალური სახელი აქვს: “დრაჰენ ხაუქლოკი” ანუ “დრაკონის ნესტოები” (Dragon’s Breath Cave). იგი 59 მ სირღმეზე მდებარეობს და მისი ფართობი 19 000 კვ. მ-ია. ტბის არაბუნებრივად გამჭვირვალე წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა არპორტ-ცო. იგი ჩინეთში, ტიბეტის ზეგანზე, ზღვის დონიდან 5465 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მაღალმთიან ტბებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი ტიტიკაკაა (სამხრეთი ამერიკა, ანდები, პერუსა და ბოლივიის საზღვარი). მისი ფართობი 8300 კვ. კმ-ია. ტბა ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მაგრამ არასოდეს იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში ჩაედინება 27 მდინარე და გამოედინება 20-მდე მცირე ნაკადული.

პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა ბაიკალი. მისი სიღრმე 1629 მ-ია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 455,5 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია.
მტკნარწყლიან ტბებს შორის ყველაზე გრძელია ტანგანიკა. იგი აღმოსავლეთ აფრიკაშია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებს მოიცავს. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 670 კმ-ზეა გადაჭიმული. ეს ტბა სიღრმით – 1435 მ – მხოლოდ ბაიკალს ჩამოუვარდება და მასავით ტექტონიკური წარმოშობისაა. რუკაზე ტბები კონფიგურაციითა და ზომებით ტყუპ ძმასავით ჰგვანან ერთმანეთს.

ბაიკალის მსგავსად, ტანგანიკაც მხოლოდ ერთ მდინარეს უდებს სათავეს. განსხვავება მხოლოდ ტემპერატურულ რეჟიმშია: ბაიკალი ზამთარში 5 თვით იყინება და მისი წყალი +12 გრადუსზე მეტად არ თბება, ხოლო ტანგანიკაში წყალის ტემპერატურა +23 გრადუსზე დაბლა არასოდეს ჩამოდის. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხლისთვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ტბის ფაუნის დაახლოებით 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულია თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა აღმოაჩინეს.
დედამიწაზე ყველაზე გრძელი მდინარეა ნილოსი კაგერასთან ერთად (აფრიკა). მისი სიგრძე 6671 კმ-ია. მდინარე თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით წარმოიქმნება. აუზის ფართობი 2870 ათასი კვ. კმ-ია. ნილოსი ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება და შესართავთან საკმაოდ დიდ დელტას წარმოქმნის.

წყალუხვობით მდინარე ამაზონი (სამხრეთი ამერიკა) პირველობს. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით 7 მლნ კვ. კმ-ია, რაც თითქმის ავსტრალიის ფართობის ტოლია – მდინარე ამითაც პირველია დედამიწაზე. მისი სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან კი 7025 კმ. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ბელგია. ამაზონის აუზის დიდი ნაწილი ბრაზილიაში მდებარეობს, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი – ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

ამაზონს 500-მდე შენაკადი აქვს. მას ატლანტის ოკეანეში ყოველ წამში 120 ათასი კუბ. მეტრი წყალი ჩააქვს.
მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში 20-სართულიანი შენობის სიმაღლის ხეები ხარობს. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი (მათ შორის – მსოფლიოში ყველაზე მეტი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ცხოვრობს.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ დღესდღეობით აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River) მონტანას შტატში (აშშ, 61მ). თუმცა ორეგონის შტატში ჩამდინარე დიც (D River) მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ ითვლება – მისი სიგრძე სულ 36 მეტრია. დედამიწაზე ყველაზე მოკლე მდინარეებია ასევე: არილი (84 მ, იტალია), რეპრუა (საქართველო, 18 მ), ძიშხა (საქართველო, 7 მ).

მდინარე რეპრუა მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში. ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით. წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს, რომელიც გამოედინება გაგრის ქედის კალთებიდან პლაჟის ზონაში. აღსანიშნავია, რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.
დედამიწაზე ყველაზე დიდ დელტას მდინარე განგი წარმოქმნის. დელტის ფართობი თითქმის 80 ათასი კვ. კმ-ია და ამ ტერიტორიაზე თავისუფლად დაეტევა სამი ისეთი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა ბელგია ან ნიდერლანდი.

დედამიწაზე ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ანხელი (სამხრეთ ამერიკა, ვენესუელა, ბოლივარის შტატი), რომელიც მდინარე ორინოკოს შენაკად კარონზე მდებარეობს. ანხელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა. ჩანჩქერი აუიანტეპუის მთიდან გადმოედინება. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი მდინარე კერეპის წყლით იკვებება, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ყველა ეს მდინარე ორინოკოს აუზს მიეკუთვნება.

ანხელი 1936 წელს ამერიკელმა მფრინავმა ჯეიმზ ეინჯელმა (ინგლ. Angel) აღმოაჩინა, ამიტომ ჩანჩქერი მის სახელს ატარებს.
სიმაღლის მიხედვით მეორე ადგილზეა ჩანჩქერი ტუგელა (სამხრეთ აფრიკა), რომელიც ამავე სახელწოდების მდინარეზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 933 მ-ია.
ჩანჩქერებს შორის ყველაზე მძლავრი და განიერია იგუასუ (სამხრეთ ამერიკა). ჩანჩქერთა ეს კომპლექსი ამავე სახელწოდების მდინარეზე, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, პარანას შესართავიდან 26 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. იგუასუ ინდიელების ენაზე “დიდ წყალს” ნიშნავს. 2,7 კმ სიგანის ჩანჩქერი 72 მ-ის სიმაღლიდან ვარდება.

ჩანჩქერთა კომპლექსი ბრაზილიისა და არგენტინის იგუასუს ეროვნულ პარკებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.
ჩანჩქერები ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეშიც გვხვდება. მათ წყალქვეშა ჩანჩქერებს უწოდებენ. ერთ-ერთი მათგანი ბასის სრუტეში (ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის გამყოფი სრუტე) მდებარეობს. დადგენილია, რომ სრუტის ფსკერზე 400 მ სიმაღლისა და 150 კმ სიგანის კლდის ქიმია, საიდანაც ყოველ წამს დაახლოებით 30 ათასი კუბ. კმ წყალი ეცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი