პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სიყვარულის მეტაფორები: სასმელ-საკვები

„მომწყურდი ახლა, ის მომწყურდი,

ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…“

გალაკტიონი

„მარადიულობა! მარადიულობა! – სწორედ ეს არის წყურვილი, წყურვილი მარადმყოფობისა, ის, რასაც სიყვარულს უწოდებენ, ადამიანებს შორის სიყვარულს, რამეთუ ორ ადამიანს როცა ერთმანეთი უყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთს უნდა უკვდავჰყოს თავისი თავი მეორეში. ის, რაც არ არის მარადიული, არც რეალურია…“

მიგელ დე უნამუნი, „უკვდავების წყურვილი“

 

სიყვარულის კიდევ ერთი უნივერსალური ფიზიოლოგიური მეტაფორა: შიმშილი და წყურვილი. სიყვარული გვწყურია და სული იკვებება სიყვარულით… მართალია, ეს განსაკუთრებული სასმელ-საკვებია და, უმეტესად, წყურვილს ვერ იკლავ, მაგრამ გამუდმებულად მიელტვი ამ გრძნობას, როგორც მშიერ-მწყურვალი და იკარგები და ირევი მასში სრულ გაქრობამდე.

სიყვარული – საკვებია და ამიტომ მას აქვს გემო, ეს გემო ხან ტკბილია და ხან -მწარე, ხანაც – ტკბილ-მწარე, მაგრამ როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა:

„ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს

სიცოცხლე არ შეუწონოს?“

დიახ, უმეტესად სიყვარული – სიტკბოა, ამიტომაც ფრაზეოლოგიაში არსებობს გამონათქვამი: „სიყვარულის სიტკბო“.  საკვებთან და სიტკბოსთანაა დაკავშირებული აგრეთვე ფრაზეოლოგიური მეტაფორები: თაფლობის თვე… კანფეტივით ქალი, შოკოლადივით კანი…. სიყვარულის გემო, შენი ტუჩების გემო, მარწყვივით ბაგეები, თვალებით თრობა და სხვა. ამ ტიპის ფრაზეოლოგიზმები უნივერსალურია და ყველა კულტურაშია გავრცელებული.

სიყვარული – სასმელია, ამიტომ მისით, როგორც სასმელით, თვრებიან,  ფრაზეოლოგიზმი – „სიყვარულმა დამათრო“ – სწორედ აქედან გამომდინარეობს.

სიყვარულის გემოს გასინჯვა კი ეტიმოლოგიურად შესაძლოა ედემის ბაღში ადამისა და ევას მიერ აკრძალული ხილის გასინჯვიდან მოდის. მოკლედ, სიყვარულის გემოს ვერ გაიგებ, თუ არ დააგემოვნე… ანუ: მიირთმევ სიყვარულს… როგორი გემო აქვს მას, ეს სრულიად ინდივიდუალურია, მაგრამ ფაქტი ერთია: ამ საიდუმლოს რომ ჩასწვდე, უნდა გასინჯო…

მოკლედ, რა ხილია სიყვარული? როგორც ჩანს, ამ ხილის გემო ყოველთვის იცოდნენ:

„ახლა კი მინდა, მოგითხროთ ვისისა და რამინის სიყვარულის ამბავი. ეს ვისი და რამინი დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ ირანში. მეტყვით, რაღა დროის ადამისჟამობის სიყვარულზე ლაპარაკია, მაშინ იცოდნენ კი, სიყვარული რა ხილი იყოო! სცოდნიათ, ბატონო, და ეს ხილი გემოზედაც უსინჯავთ ხოლმე, როგორც კი ამის შემთხვევა მისცემიათ. (ვისისა და რამინიის სიყვარულის ამბავი,  ფახრ ედ-დინ გორგანელი).

თუ უფრო შორს წავალთ ფრაზეოლოგიზმებში, ძლიერი სიყვარულის გამოსახატავად კანიბალურ მეტაფორებსაც მივადგებით. საყვარელ ადამიანს ხშირად მიმართავენ:  მინდა შეგჭამო, ჩაგყლაპო, ჩაგახრამუნო… ამით თითქოს გამოიხატება სიყვარულის ობიექტის სრულად ფლობის სურვილი და წყურვილი (რომლის მსუბუქ ფორმებიცაა:  ჩქმეტა, კბენა… ).

ერთგვარ კანიბალურ რიტუალს წარმოადგენს პატრიკ ზიუსკინდის რომანი „სუნამო“, რომელშიც მშვენიერი, უმანკო არსებები იწირებიან იმისათვის, რომ მათ სურნელს  ფლობდეს მთავარი პერსონაჟი გრენუი, რათა საკუთარი სიმყრალე დაივიწყოს…  ის „ჭამს“ ქალებს, რათა იკვებოს მათი სურნელით.

„არქაულ კულტურებში  მამაკაცი ,,მჭამელია“, ქალი კი – ,,საჭმელი“, თუმც ლევი-სტროსის აზრით, მითოლოგიურ პლანში ხშირად ხდება ამ თანმიმდევრობის ინვერტირება, შებრუნება, რისი ნიმუშია ,,vagina dentata”… ,,მჭამელობის“ ინვერტირებისას კოსმოგონიურ-მითოსურ პლანში ქალის ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაშიც მამაკაცი ინარჩუნებს თავის საწყის მდგომარეობას. იგი ისევ ,,ქალისმჭამელად“ რჩება, მაგრამ ამავე პროცესში თავადაც ,,შეჭმულია” ,,კაცისმჭამელი“ ქალი-ურჩხულის მიერ. ,,მჭამელობის“ ორმაგი კოდირება – მდედრი და მამრი ორი ურჩხულის ,,კოსმოგონიურ-სექსუალური წრე“ ცოტა უფრო მოგვიანებით ჩნდება მითოლოგიურ წარმოდგენებსა თუ ალქიმიურ იკონოგრაფიაში ,,ერთმანეთისმჭამელი“ წრეშეკრული ურჩხულების სახით” (ხათუნა თავდგირიძე, მითოსური სიმულაიები და მშვენიერი ურჩხული).

სემანტიკური კავშირი სიყვარული – საკვები   ეფუძნება მითოლოგიურ აზროვნებას და კულტურის განვითარების ყველა საფეხურზე პოულობს თავის გამოხატულებას. ჭამა და სექსუალური აქტი იმდენად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ზოგ ენაში ეს ორი ცნება ერთი სიტყვით აღინიშნება. ეს ღრმა ეტიმოლოგიური და არქაული კავშირი განაპირობებს თანამედროვე სარეკლამო ენაში კვების პროდუქტების დაკავშირებას სექსუალობასთან.

ძალიან პოპულარული გახდა Thames Valley Police-ს მიერ შექმნილი სოციალური რეკლამა – ჩაი და სექსი – რომელშიც იუმორისტულად, მხიარულად გადმოცემულია ინფორმაცია სექსის შეთავაზებაზე (ჩაის შეთავაზების მეტაფორით). რეკლამის მიზანია – სექსზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მთავარი მესიჯი: სექსი თანხმობის გარეშე – გაუპატიურებაა.

და მაინც, რა არის სიყვარულში შიმშილი და წყურვილი? ან „ურთიერთშეჭმის“ სტრატეგიის საბოლოო მიზანი?

ეს ციტატი საუკეთესო პასუხია:

„ყოფნა! ყოფნა მარადიულად!

ყოფნა უსასრულოდ!

წყურვილი ყოფნისა!

შიმშილი ღმერთისა!

წყურვილი მარადიული და უკვდავი სიყვარულისა!

ყოფნა დაუსაბამოდ! ყოფნა ღმერთად!“ (მიგელ დე უნამუნო)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი