სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

გეოგრაფიული კარნახი           

თანამედროვე პირობებში სასწავლო პროცესი არ შეიძლება  განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის პროცესი და, შესაბამისად, მასწავლებლის როლიც  მეტად მნიშვნელოვანია, რადგან  ინფორმაციის  მიმწოდებელთან ერთად იგი  მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზატორიცაა. სწავლების აქტიური ფორმები ხელს უწყობენ  მოსწავლეთა გააქტიურებას და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას. ამიტომაც  მასწავლებელი აუცილებელია ორიენტირებული იყოს სასწავლო ტექნოლოგიების, ხერხების, მიმართულებების ფართო სპექტრზე.

სწავლების აქტიურ ფორმას მიეკუთვნება  გეოგრაფიული კარნახიც. გეოგრაფიის სასკოლო კურსში არის თემები, რომლებიც  საჭიროებს გაკვეთილზე  სახალისო ელემენტების გამოყენებას,  შედარებით რთული მასალის გამარტივებას, ემოციური დატვირთვის   შემსუბუქებას, ახალი ტერმინებისა და ცნებების შესწავლაში დახმარებას. ამ დროს  გეოგრაფიული კარნახი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. გეოგრაფიული კარნახი  შესაძლებელია რამდენიმე ფორმით ჩატარდეს.

ციფრული კარნახი

შესასწავლი თემის  შესახებ მოცემული გვაქვს რამდენიმე მართებული და არამართებული მსჯელობა. კარნახი ტარდება ზეპირი ფორმით, მოსწავლეები თავიანთ  პასუხებს მასწავლებელს სპეციალური სასიგნალო ბარათების  საშუალებით აწვდიან: ”+”  ნიშნავს, რომ მსჯელობა  მართებულია, ”-” –  არამართებულია. ამ კარნახის ჩატარება ასევე  შესაძლებელია წერითი ფორმითაც. ამ შემთხვევაში მოსწავლეები რვეულებში ცალკე  გრაფებში წერენ  მართებული ან  არამართებული მსჯელობების ნომრებს. მაგ:

  1. აფრიკას ოთხი ოკეანე ესაზღვრება;
  2. ყველაზე პატარა კონტინენტი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს;
  3. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს ყველა მერიდიანი კვეთს;
  4. დედამიწის ყველაზე  ღრმა ტბა აზიაში მდებარეობს;
  5. დედამიწის უგრძესი მდინარე აღმოსავლეთ ნახევარსფეროშია.

პასუხების ცხრილის ნიმუში:

     +     –
3,4, 5 1, 2

ასეთი ტიპის დავალებები საშუალებას გვაძლევს  მოკლე დროში – სულ რამდენიმე წუთში  დავადგინოთ  ამა თუ იმ მასალის ან თემის ათვისებასთან დაკავშირებული  პრობლემები. მასწავლებლის დახმარებით  საკმაოდ სწრაფად ხდება შეცდომების  გასწორება და პრობლემების ლიკვიდაცია. ციფრული კარნახი  ხელს უწყობს  კლასიფიკაციის, ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარებას. ასეთი ტიპის სავარჯიშო  შესაძლებელია გამოვიყენოთ გაკვეთილის დასაწყისში საშინაო დავალების შესამოწმებლადაც და რეფლექსიის პროცესშიც.

 რიცხვითი კარნახი

რიცხვითი კარნახი კომბინირებული დავალებების მაგალითია, რომელიც  შესასწავლი მასალის ფაქტოლოგიას ან კონცეპტუალურ  აპარატს ასახავს. მოსწავლეები უსმენენ მასწავლებლის მიერ მიწოდებული გეოგრაფიული შინაარსის პირობას, მაგრამ  რვეულებში მხოლოდ  შესაბამის არითმეტიკულ მოქმედებას  და პასუხს წერენ. ეს ხერხი  განმავითარებელი კარნახის ყველაზე რთული ფორმაა და სხარტ აზროვნებას მოითხოვს. მისი გამოყენება ყველაზე ოპტიმალურია  ნასწავლი მასალის განზოგადების ეტაპზე.  მაგალითი:

  1. მსოფლიოს ყველა ოკეანეთა რიცხვის მიუმატე კონტინენტების რიცხვი.

პასუხი: 5+7 =12;

  1. კონტინეტების რიცხვი, რომელთაც ეკვატორი კვეთს, გაყავი იმ კონტინენტების რიცხვზე, რომლებიც მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობენ. პასუხი:  2:2=1;
  2. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ყინულის საფარით დაფარული სივრცის აღმნიშვნელი სიტყვის ასოთა რაოდენობას გამოაკელი ოკეანეთა რიცხვი, რომელთა სახელი ” ა ” ასოდან არ იწყება. პასუხი:  7-4=3.

რიცხვითი კარნახი მოსწავლეებს წარმოსახვითი აზროვნებისა და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება.

კარნახი  ”კი-არა”

კარნახის საინტერესო ფორმაა  თამაში ”კი-არა”.  მასწავლებელი  ჩაიფიქრებს რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს რუკაზე.  მოსწავლეებმა მას უნდა დაუსვან კითხვები, რომლებზეც  მასწავლებელი მხოლოდ კი ან არას პასუხობს.

 მაგალითი:

  • ეს ობიექტი ოკეანეში მდებარეობს?  ———- არა
  • იგი კონტინენტზეა?  —————————  კი
  • ეს კონტინენტი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია? ———-არა
  • ამ კონტინენტს ეკვატორი კვეთს?  ————–არა
  • ამ კონტინენტს ყველა მერიდიანი კვეთს? ———— არა
  • ეს ობიექტი ჰიდროსფეროს ნაწილია? ——–კი
  • იგი   ოკეანეს უკავშირდება?  ———-კი
  • ამ კონტინენტზე თავისი  სიგრძით გამოირჩევა? —კი
  • ეს ობიექტი მდინარე მურეია? —–კი

რუკაზე  მუშაობა

მე-10 კლასში მსოფლიოს რეგიონების შესწავლისას  მოსწავლეებს შესაძლებელია შევთავაზოთ შემდეგი დავალება. დაფაზე ჩამოწერილია დანომრილი ქვეყნების დასახელებები. მოსწავლეები კითხულობენ მათ და იმახსოვრებენ.  შემდეგ  დაფაზე ნაწერი  უნდა დაიმალოს და მასწავლებელი სვამს კითხვებს, რომელთა  მიხედვითაც  მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ   ქვეყნის სახელი და პასუხები აღნიშნონ  კონტურულ რუკაზე შესაბამისი ციფრით ან ქვეყნის სახელით.  ქვეყნების რიცხვი კითხვებთან  შედარებით  მეტია.

მაგალითი:

ქვეყნები: 1) ავსტრია; 2) შვეიცარია: 3) ბელგია; 4) ესპანეთი; 5)  ისლანდია; 6) საბერძნეთი; 7) შვედეთი; 8) გერმანია; 9)  იტალია; 10) ჩეხეთი.

 კითხვები:

ა) ამ მთიან ქვეყნას არა აქვს გასასვლელი ზღვაზე. მისი სპეციალიზაციის მთავარი დარგია ოპტიკური  ხელსაწყოები და საათები. ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს საბანკო სექტორი.  პასუხი:  2

ბ) ქვეყანა დიდი რვიანის წევრია. მისი დედაქალაქი  ლეგენდის თანახმად შვიდ ბორცვზეა განლაგებული და  ღია ცის ქვეშა მუზეუმია.  ქვეყანა  ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით ორ ნაწილად –  კარგად განვითარებული ჩრდილოეთ და ნაკლებად განვითარებულ სამხრეთად იყოფა. პასუხი:  9

გ) იგი შიდაკონტინენტური ქვეყანაა. სახელმწიფო ენა – გერმანულია.  ამ სახელმწიფოს დედაქალაქი  მსხვილ  სატრანსპორტო  მდინარეზე მდებარეობს. ცნობილმა კომპოზიტორმა ი. შტრაუსმა ამ ქალაქს თავისი  ვალსები მიუძღვნა.  პასუხი: 1

დ) ამ ნახევარკუნძულოვან ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა.  სპეციალიზაციის დარგებია მსუბუქი და კვების მრეწველობა; მაღალ დონეზეა განვითარებული  ტურიზმი.  ამ ქვეყნის დედაქალაქში  მსოფლიოში ცნობილი მუზეუმი –  პრადო მდებარეობს. პასუხი:4

ე) იგი ფედერალური  მოწყობის  სამეფოა.  მის ენერგეტიკაში უდიდეს როლს  ატომური ელექტროსადგურები ასრულებენ.  ქვეყანის სპეციალიზაციის  დარგია მანქანათმშენებლობა, ფერადი  მეტალურგია (სპილენძის წარმოება) და  ალმასების  მოწახნაგება. პასუხი: 3

ვ)  ეს კუნძულოვანი ქვეყანა ნატოს წევრია, მაგრამ არ შედის ევროკავშირის შემადგენლობაში.  იგი  სპეციალიზებულია ენერგეტიკული პროდუქციის გამოშვებაზე.  მას ”ყინულისა და ცეცხლის” ქვეყანასაც უწოდებენ.  ენერგეტიკის საფუძველი – ენერგიის ალტერნატიული სახეებია. პასუხი: 5

ზ) ეს ნახევარკუნძულოვანი სახელმწიფო კონსტიტუციური მონარქიაა. სპეციალიზაციის დარგებია მანქანათმშენებლობა (ავტომობილმშენებლობა), ხე-ტყისა და ცელულოზა ქაღალდის მრეწველობა.  ასევე არის მაღალხარისხოვანი რკინის მადნის ექსპორტიორი. პასუხი: 7

თ) ქვეყანა ლიდერია რეგიონში.  მისი სპეციალიზაციის დარგია ავტომობილების, ჩარხების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის  წარმოება.  მაღალ დონეზეა განვითარებული ქიმიური მრეწველობაც. ქვეყნის სიმბოლოა ბრანდენბურგის ჭიშკარი, რომელიც მის დედაქალაქში მდებარეობს. პასუხი: 8

ასეთი დავალება მოითხოვს დამატებით ცოდნას სხვა სასწავლო დისციპლინებიდან,  სტიმულირებას უწევს შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას,  ავითარებს მხედველობით მეხსიერებას, ყურადღებას,  სივრცით აზროვნებას და ხელს უწყობს  რუკის შესწავლას.

შემოქმედება და  სწავლება  სტერეოტიპების რღვევით იწყება.  გაკვეთილები სწავლების  აქტიური  მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს, ამაღლებს ცოდნის ავტორიტეტს და თითოეული მოსწავლის  ინდივიდუალურ  პასუხისმგებლობას საკუთარი სასწავლო საქმიანობის შედეგზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი