პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ გვჭირდება პოლემიკა?

„ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას – კიბე, ზღვას – ხიდი და ადამიანს – სამართალი!“ – ამბობს გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ პერსონაჟი. ჩვენ კი, და ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებით გამოაჩინა, განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი გვაკლია. მის გათვალისწინებაზე არაფერს ვამბობ: შეიძლება ისე მოხდეს, რომ დიდიან-პატარიანად ავილესოთ იმის წინააღმდეგ, ვინც ჩვენთვის არასასურველ რამეს გვეუბნება. და ამასობაში მოწინააღმდეგის დათრგუნვისა და დამარცხების ისეთი ხერხებიც გაგვიშინაურდა, როგორიც საძინებლის ჭუჭრუტანიდან თვალთვალია.

განსხვავებული აზრის მოსმენას/მოთმენას შესწავლა უნდა, პატარაობიდანვე – ანბანს რომ სწავლობ, ასოების მოხაზულობას და შეუცდომლად დაწერას, თითქმის ისე. ეს რომ მხოლოდ ოჯახში ისწავლებოდეს, ალბათ უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, მაგრამ ცხადია მარტო შინაურული გარემო არ აყალიბებს ადამიანს. ჩვენ დედ-მამის შვილები კი ვართ, მაგრამ გარეთ ნანახი, შენახვედრი და დამახსოვრებული უფრო გვძერწავს და ამტანსაც გვხდის.

მახსოვს, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, ერთ-ერთი თავის ბოლოში, დანართის სახით VI საუკუნის ეგრისელი დიდებულების – აიეტისა და ფარტაზის სიტყვები იყო დაბეჭდილი. მეფე გუბაზის მკვლელობის შემდეგ, 555 წელს ეგრისში საგანგებო კრება მოეწყო, სადაც პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. დიდებულთა ერთი ნაწილი, აიეტის მეთაურობით, მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას; ფარტაზის მომხრეები ეწინააღმდეგებოდნენ ირანთან კავშირს, სამაგიეროდ ბიზანტიის იმპერატორისგან მოითხოვდნენ გუბაზის მკვლელთა სასტიკ დასჯას და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის დამტკიცებას.

მეშვიდე კლასში ვიყავი და წაკითხულმა იმდენად მძაფრად იმოქმედა ჩემზე, რომ ერთიხანობა ყოველკვირეული პოლიტიკური სეირის, თოქ შოუების ყურებას თავი მივანებე. აგათია სქოლასტიკოსის მიერ შემონახული ეგრისის სახალხო კრების პოლემისტების შემდეგ, ეს უარგუმენტო, ადამიანების ურთიერთშეურაცხყოფაზე აგებული, ყალბი პათოსითა და ემოციებით დატვირთული ფარსი საერთოდ ამოვარდნილი ჩანდა პოლემიკის ჩარჩოდან.

ფარსი და სიძულვილით გამოკვებილი ციტატები არც მერე დაგვკლებია, და ახლა რომ ვუყურებ, რაღაც ძალიან სერიოზულად გაგვიჭირდა, ისე, რომ ცოტა ხანში სუფრაზე ამაყად მოხსენიებული წინაპრების მხოლოდ სახელები დაგვრჩება საკვეხნად.

აბა, მათი ნათქვამი სიტყვისა ჩვენ არ გვეყურება და არც მათი გაკეთებული საქმეებისგან დავიტოვეთ რამე. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმათ ჩვენზე დროული და შედეგიანი კრიტიკა იცოდნენ, – გაწყდეს საცა ვიწროაო, – გადაწყვეტდნენ რაც გადასაწყვეტი იყო. ეს იმიტომ, რომ უსაბუთო და პიროვნების შეურაცხმყოფელი პასკვილები ცუდ, უკეთურ საქმედ იყო მიჩნეული და საზოგადოების თანაგრძნობა არ ეღირსებოდა.

„მამებისა და შვილების ბრძოლის“ სახელით შერაცხული პაექრობა 1860-70-იან წლებში ენისა და სტილის საკითხებზე მსჯელობით დაიწყო და მოგვიანებით კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან „შვილების“ თაობის სახელოვანმა წარმომადგენლებმა „მამების“ ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაც კი არ დაინდეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ პოლემიკამ ბევრი სასიკეთო შედეგი (მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ) გამოიღო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ საბოლოოდ დაადასტურა ერთმანეთისადმი პატივისცემა.

ადამიანური პატივისცემის საუკეთესო ნიმუშია ბერი ალექსი შუშანიასა და ექიმ ივანე გომართელის მიმოწერა (XX ს.-ის პირველი ათწლეული). მრწამსისა და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებულ პოლუსებზე მდგომი პიროვნებები, მაშინაც კი, როცა ცდილობენ მოპაექრე მისი შეხედულების მცდარობაში დაარწმუნონ, ინარჩუნებენ საოცარ ტაქტსა და წონასწორობას.

ნიკოლო მიწიშვილის გახმაურებული „ფიქრები საქართველოზე“ (1926 წ.) გახდა მიზეზი და საბაბი არაერთი უმნიშვნელოვანესი წერილის გამოსაქვეყნებლად, სადაც ავტორები – ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო სახელები – ქვეყნის ბედს, ისტორიულ გამოცდილებასა და ქართულ ხასიათს, წარსულის მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას სიღრმისეულად განსჯიდნენ.

ხშირად მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში უფრო უხვად შეეტანათ პოლემიკის საუკეთესო ნიმუშები, სადაც საკამათო საგნის იმდროინდელი კონტექსტიც აიხსნებოდა და კულტურული/სალიტერატურო მნიშვნელობაც.

დღეს ამის საჭიროება უკვე აშკარად იგრძნობა. დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლები და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა დახშულ სივრცეს ქმნის. აქედან ერთადერთი გამოსავალი განათლებაა, იმ გამოცდილების შეთვისება სკოლის ასაკიდან, რომელიც ერთდროულად ორ რამეს გვასწავლის: 1) გაუაზრებელი, ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებას, და 2) ადამიანის დანდობას და პატივისცემას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი