ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რატომ ვერ აითვისა ვან გოგმა მასწავლებლის პროფესია

ყველა დროის გამორჩეული პიროვნება, იმპრესიონიზმის იდეის განმავითარებელი ვინსენტ ვან გოგი, რომელმაც ფსიქიკური დაავადების შედეგად 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ისტორიაში ნოვატორი ფერმწერის სახელით შევიდა. თავისი გზის დასაწყისში მან სრულიად კონსერვატიული პროფესიები შეარჩია – შეისწავლა თეოლოგია და გახდა მოძღვარი, მანამდე კი სკოლაში იმუშავა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ტალანტი სულ სხვა სფეროში გამოვლინდა – ის ვერც კარგი მოძღვარი დადგა და ვერც მასწავლებელი. მეტიც, სიცოცხლეში მან მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა – „წითელი ვენახები არლში“.

22 წლის ვინსენტ ვან გოგი წარმატებული ახალგაზრდა იყო. 16 წლიდან სამხატვრო-სავაჭრო ფირმაში კომისიონერად მუშაობდა ჯერ ლონდონში, ჰააგაში, ბრიუსელში, პარიზში, მერე კი, ერთ-ერთი ვერსიით, სიყვარული ეწვია, რომელიც მამამისს არ მოსწონებია და ვინსენტსაც სავაჭრო სფეროს მიმართ ინტერესი დაუკარგავს. 23 წლის ახალგაზრდა განათლების გარეშე დარჩენილა და სამსახურიდანაც დაუთხოვიათ.

როგორც ჩანს, აუწყობელი პირადი ურთიერთობებით გამოწვეულმა კრიზისმა ვან გოგზე ძლიერ იმოქმედა. თავის ძმას, თეოს, ის სულ უფრო ხშირად წერს სევდიან წერილებს, სადაც თვითუარყოფას ცდილობს, „სხვათა გამო“ ცხოვრებას ქადაგებს და ბიბლიას ახსენებს. „იმისათვის, რომ კაცობრიობისთვის იცოცხლო და იშრომო, საკუთარი თავისთვის უნდა მოკვდე“, – წერს 1875 წლის მაისში. იმ პერიოდში მას უკვე ხიბლავს ქალაქის მოძღვრის ისტორია, რომელიც „ღარიბ უბანში ცხოვრობდა და ხანგრძლივი დაავადების შემდეგ, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოძღვარს ერთი გალოთებული ქალი უვლიდა. ის მისი გავლენის ქვეშ მოექცა, საკუთარ თავს ძლია და სულიერი სიმშვიდე ჰპოვა“, – უყვება თავის ძმას ვან გოგი.

ამ წერილის დაწერიდან ორიოდე თვეში ვან გოგს ლონდონიდან 80 კილომეტრში მდებარე პატარა საპორტო ქალაქ რამსგიტში მასწავლებლობას სთავაზობენ.

ახლა ვან გოგი ფრანგული ენისა და არითმეტიკის მასწავლებლად მუშაობს. ჯამაგირის ნაცვლად ბინითა და კვებით უზრუნველყოფენ. ვან გოგისთვის გაკვეთილებისა და კარნახის შემოწმება მარტივი საქმეა. „იმის მიღწევა, რომ ვაჟებმა ისწავლონ, გაცილებით ძნელი ყოფილა“, – წერს ვან გოგი ძმას.

ღარიბთა ინტერნატში, სადაც ვან გოგი მასწავლებლობდა, 10-დან 14 წლამდე 24 ვაჟი სწავლობდა. მასწავლებელთა კოლექტივში ვინსენტზე გაცილებით უმცროსი ასაკის პედაგოგებიც იყვნენ. მაგალითად, მისი დამხმარე 17 წლის იყო და იქვე, მეზობლად ცხოვრობდა.

ვან გოგი მგრძნობიარე ნატურა გახლდათ, სხვისი უბედურება გულთან ახლოს მიჰქონდა. ძმასთან მიმოწერაში ის ასე აღწერს თავისი მოწაფეების ამბებს: „ოჰ, ნეტავი ერთხელ მაინც შეგახედა, ფანჯრებიდან როგორ იყურებიან! არის ამაში რაღაც საშინლად სევდიანი. სასმელ-საჭმელი – მხოლოდ ეს და სხვა არაფერი ახარებთ, მხოლოდ ეს ეხმარება მათ დღეების გადაგორებაში. მინდა დაინახო, როგორ მიუყვებიან ვიწრო დერეფანს, შემდეგ ბნელი კიბით სასადილოში ადიან. თუმცა ის მზიანი და მყუდროა. მეორე საინტერესო ადგილი გამომპალიატაკიანი ოთახია, სადაც ბიჭები პირს იბანენ. იქ შვიდი ტაშტი დგას. ტაშტებს მინებჩატეხილი ფანჯრებიდან შემოპარული მკრთალი შუქი ეცემა. მეტად სევდიანი სანახავია. მიუხედავად ამისა, აქ დაუზარელად გავატარებ ზამთარს, რათა ადგილობრივთა ცხოვრება უფრო ახლოს გავიცნო“.

მასწავლებლობის პერიოდში ვან გოგს უნდოდა მოძღვარი გამხდარიყო, ექადაგა და სიტყვით მაინც დახმარებოდა ღარიბებს: „ამ დღეებში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ქვეყნად მხოლოდ ორი ხელობა არსებობს – სკოლის მასწავლებლობა და მოძღვრობა, დანარჩენი კი, მათ უკავშირდება“. სკოლის დირექტორი სტოუქსი, მოჩვენებასავით გალეული, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ვან გოგის ჩანაცვლებას ყოველთვის შეძლებდა და ვინსენტიც ეთანხმებოდა ამაში.

მაგრამ ყველაზე არასასიამოვნო პროცესი, რომელიც ვან გოგს მასწავლებლობის დროს უნდა გაეკეთებინა, ლონდონში ჩასვლა და მოსწავლეთა მშობლებისგან სწავლის გადასახადის გამოთხოვა იყო. ეს ადამიანები ისედაც ღარიბები იყვნენ: მეძველმანეები, მეწაღეები, წვრილმოვაჭრენი, რომლებსაც თავიანთი შვილები ყველაზე იაფასიან სკოლაში ჰყავდათ მიბარებული. ვინსენტმა ვეღარ შეძლო კარდაკარ სიარული. ტოტალური სიღარიბის ნახვისას გული უწუხდა და ბოლოს სამსახურიდანაც დაითხოვეს.

ვან გოგი ოთხი თვე მასწავლებლობდა. სკოლაში აპრილში მივიდა და ვიდრე დაითხოვდნენ, სკოლის მეთოდისტი მოძღვრის, მისტერ ჯონსის დამხმარე გახდა. ამ წამოწყებაში ოჯახმაც დაუჭირა მხარი და გამოცდების ჩასაბარებლად სწავლის საფასურიც გადაუხადა.

აბიტურიენტი ვან გოგი მოწესრიგებული და გულმოდგინე იყო, მაგრამ ზოგ საგანს არ ითვისებდა, ლათინური და ბერძნული ენების სწავლაში აზრს ვერ ხედავდა. ლაკენის მისიონერთა სკოლაში (ბრიუსელთან) სამი თვე ძლივს დაჰყო. მისი თანატოლები იხსენებენ, რომ ვინსენტი ურჩობდა. ირვინგ სთოუნის თხზულებაშიც ნათქვამია, რომ ვან გოგს ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პედაგოგ ბოკმასთან. ბოკმა მას ყოველდღიურად ავალებდა ქადაგების მომზადებას. ისიც ამზადებდა, მაგრამ თუკი ვან გოგის თანაკლასელები ზეპირად ქადაგებდნენ, ის ფურცლიდან კითხულობდა, მისთვის ყოველი სიტყვა ღირებული იყო. ეს ძალიან აბრაზებდა ბოკმას. ბრაზობდა, რომელი მოძღვარი კითხულობს ქადაგებას ფურცლიდანო. ფეთქებადი ხასიათის ვან გოგიც არ რჩებოდა ვალში, რისთვისაც გამოუცხადეს, რომ ის მოუმზადებელია და სკოლაში კიდევ ექვსი თვე უნდა გაატაროს. ვან გოგმა იუარა. მას აღარ შეეძლო მშობლების კმაყოფაზე ყოფნა.

მერე გარისკა და ბორინაჟში მოძღვრის სტატუსით ჩავიდა. ეს იყო მაღაროელთა ქალაქი ბელგიის სამხრეთით. ვან გოგი იმედოვნებდა, რომ კარგი მოძღვარი დადგებოდა და მისი წარუმატებელი ცხოვრებაც დავიწყებას მიეცემოდა.

ვინსენტი გაუბედურებულ დასახლებაში მოხვდა, სადაც ადამიანები მაღაროებში იღუპებოდნენ და ამას მიჩვეულნი იყვნენ. არც საკუთარი თავი ენაღვლებოდათ, არც საჭმელ-სასმელი, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ახალი პრაქტიკანტი მოძღვარი მოეწონათ. ის თავს არ არიდებდა მაღაროში ჩასვლას, სტუმრობდა ოჯახებს, სადაც გადამდები დაავადებები მძვინვარებდა, ქალებთან ერთად ჩიჩქნიდა მიწას და ეძებდა ნახშირს, რათა მათი სახლები გაეთბო, კათედრიდან გამურული სახით ქადაგებდა, რითაც ყველას აჩვენებდა, რომ მაღაროელივით ჩვეულებრივი მოკვდავი იყო. ამ სამუშაოს შესრულებისას არ დასჭირვებია ლათინური და ბერძნული…

აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად გამოსდიოდა სხვათა ნუგეში: ყველაფერს არიგებდა, რაც გააჩნდა; იატაკზე ეძინა, რადგან ლოგინი გააჩუქა; ლენტებად დახია საკუთარი პერანგი, რომ ბავშვისათვის ჭრილობები გადაეხვია. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა: ევანგელისტურმა საზოგადოებამ 50 ფრანკიც კი დაუნიშნა. ნახევარი წლის შემდეგ კი ვან გოგმა ევანგელისტურ სკოლაში განათლების გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ სწავლის გადასახადის გამო ჩანაფიქრზე უარის თქმა მოუწია.

ამასობაში, იმის ნაცვლად, რომ კარგი პრაქტიკისთვის საეკლესიო პირთა მხარდაჭერა ეგრძნო, ვან გოგი სასტიკად გაილანძღა. საქმე ისაა, რომ მან მაღაროელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვა, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოეწონა. პასტორმა ბონტმა  რომ გაიგო, სად და რას ქადაგებდა თავადაც სიღარიბის ზღვრამდე მისული ვან გოგი, ქადაგების უფლება ჩამოართვა. ვინსენტი კვლავ განათლების მიღმა დარჩა. გარდა ამისა, ის ვეღარც იქადაგებდა, რადგან სხვების უმწეობამ დატანჯა. ერთ-ერთ მაღაროში მომხდარმა ავარიამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვინსენტი მიხვდა, რომ ამ ამბავს ვეღარაფერს უშველიდა. მისი მანუგეშებელი სიტყვები ამქვეყნად ვერავის დააბრუნებდა…

ვან გოგს დეპრესია დაეწყო. ის 27 წლის იყო, პროფესიის უქონელი, ავადმყოფი, ნახევრადმშიერი, მისი არცერთი იმედი არ გამართლდა. ის ლამის მოკვდა ბორინაჟში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მინდორში, ქვაზე დაჯდა და მიწათმოქმედთა ხატვა დაიწყო, გონს მოეგო, გააცნობიერა, რა მისია ჰქონდა დაკისრებული. მან იწამა ფერებით გრძნობების გადმოცემის ჭეშმარიტება. ის მაშინაც ხატავდა, როცა ჰყვებოდა. მთელი დროის განმავლობაში ვან გოგი წერდა არა მხოლოდ თავის საქმეებზე, არამედ ტილოებზეც, პეიზაჟებზეც. ის საკმაოდ გვიან დაკავდა ფერწერით და იმას ხატავდა, რისი სიტყვებით გადმოცემასაც ცდოლობდა.

სკოლის მოსწავლეებზე წერის დროს, ვან გოგი საპორტო ქალაქსაც აღწერს, საუბრობს ბიბლიაზე, იხსენებს წვიმიან ლონდონს. ვინსენტში ყოველთვის ცოცხლობდა მხატვარი და, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიურ ასპარეზზე წარუმატებლობა ხვდა წილად, უკვდავების გზა მაინც იპოვა და  სამხრეთის მზით გაკაშკაშებულ ნამუშევრებში ჰარმონიისა და ბედნიერებისკენ მოჩქარე მეოცნებედ დარჩა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი