მასწავლებელი და მოსწავლის არაადექვატური ქცევა

მასწავლებლის პროფესიის არჩევისას ადამიანი იმთავითვე რისკზე მიდის – ამ პროფესიაში მას შესაძლოა ბავშვები, მათი მშობლები, ზოგჯერ კოლეგებიც კი უხეშად მოექცნენ.  უნივერსიტეტის წითელი დიპლომი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი მზად არის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის მართვისათვის. მომავალ პედაგოგს თეორიას და პედაგოგიკის ისტორიას წლების განმავლობაში აზიარებენ, მაგრამ მხოლოდ პრაქტიკა აჩვენებს თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს პრობლემებს.

უმეტესწილად, მასწავლებელი მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, ცდებისა და შეცდომების ხარჯზე, სკოლაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ხვდება ვისთან და როგორ უნდა მოიქცეს, როგორ მართოს კლასი და შეინარჩუნოს დისტიპლინა. ეს გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება და საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალბედა მასწავლებელი, პირველივე წარუმატებელი პრაქტიკის შემდეგ, უარს აცხადებს პროფესიაზე, ხოლო ვინც სკოლაში რჩება და ახერხებს ორმოცმოსწავლიან კლასში ძალდატანების და შეურაცხყოფის გარეშე სრულფასოვანი გაკვეთილის ჩატარებას, ნამდვილად იმსახურებს წახალისებას.

საბჭოთადროინდელი სისტემით გამობრძმედილი სკოლის პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ადრე მოსწავლეებზე გარკვეულ გავლენას ახდენდა მასწავლებლის ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოებრივი აზრი ქმნიდა. პედაგოგის პროფესია პატივისცემას იმსახურებდა. აღზრდის მექანიზმებს არეგულირებდა საბჭოთა სისტემა – ურჩი მოსწავლეების და მათი მშობლების დაშინება/დანამუსება არცთუ იშვიათად პარტიული ორგანიზაციების გავლით ხდებოდა. ამ მხრივ მასწავლებელი, ასე თუ ისე, თავს დაცულად გრძნობდა. ახლა კი, თუ მასწავლებელმა დაბალი ქულა დაუწერა მოსწავლეს, მისცა შენიშვნა და ურთიერთობა გაირთულა, ანდა კლასში რაიმე კონფლიქტი ვერ მოაგვარა, ეს მის ნაკლად მიიჩნევა. დაბალი ქულაც მასწავლებლის მინუსია და მოუგვარებელი კონფლიქტური სიტუაციაც.

თანამედროვე ბავშვების მიერ სამყაროს აღქმა ბევრად შეიცვალა. ინფორმაციული ეპოქის შვილობილთა წარმოდგენაშიც კი ყვავილის დამტვერვა შესაძლოა ვაი-ფაის საშუალებით ხდებოდეს, მაგრამ ამაში „დამნაშავის“ ძიება მასწავლებლის ამოცანა ეს არ უნდა იყოს.  მასწავლებელი არ უნდა ცდილობდეს ბავშვის „მორგებას“ თავისი ახალგაზრდობის დროინდელ განათლების სისტემაზე. მან თავად უნდა აუწყოს ფეხი დროს და გააცნობიეროს, რომ თუკი ადრე მოსწავლეები ჩუმად „მიირთმევდნენ“ იმას, რითიც გაკვეთლზე „უმასპინძლდებოდა“, ახლა უფლება აქვთ ღიად განაცხადონ: „მე ეს ცოდნა არ მაკმაყოფილებს“, „ეს ნაკლებად მაინტერესებს“, „ამიტომ მეზარება გაკვეთილზე მუშაობა“…

ალბათ ბევრი მასწავლებელი ხვალვე დათმობდა სამუშაო ადგილს, რომ არა რიგი მიზეზებისა, რომელთა გამო სკოლის კედლებს არ ტოვებს. მართალია, პროფესიაზე შეყვარებული ადამიანები ყოველთვის უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ ისინი დღესაც არსებობენ და მათ მოფრთხილება უნდა, მით უფრო ახლა, განათლების სისტემის რეფორმების პერიოდში. საბედნიეროდ, ახლა იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც მოსწავლის უფლებებს ყურადღება ექცევა, თუმცა მასწავლებელი ამ მხრივ ნაკლებადაა დაცული და ყოველთვის ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების ადვოკატირებას. თუ მოსწავლე ცუდად, არადექვატურად იქცევა, ამის ვერსად ასაჩივრებს, რის გამოც პრობლემის მიჩქმალვა და არა მისი მოგვარება ხდება. უმეტეს შემთხვევაში, მშობლებთან გასაუბრების შემდეგ, მასწავლებელი ხვდება, რომ ისინი ბავშვს უჭერენ მხარს და ეს ბუნებრივიცაა, რომ მის გამართლებას ცდილობენ. როგორც წესი, სკოლის ადმინისტრაციაც იშვიათად ერევა მასწავლებლის საქმეში, მისი პოზიციაა, რომ მასწავლებელმა თავად უნდა მოაგვაროს  პრობლემა კონკრეტულ მოსწავლესთან. გამოცდილი კოლეგები კი მასწავლებელს დაახლოებით ასე ამშვიდებენ: „ნუ მიიტანთ გულთან ახლოს… ნერვებს მოუფრთხილდით… იუმორით მოეკიდეთ… თავის ადგილზე მიუთითეთ ბავშვს (სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ძირითადად, აქ ბავშვის დასჯა იგულისხმება)“. საბოლოოდ, თავის გაკვეთილზე უხეშ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა მასწავლებელს უწევს, ის ხომ უფროსია, პასუხისმგებელია მოსწავლეებზე, მას ბევშვების განათლებისა და აღზრდის  ვალდებულება ეკისრება. მოსწავლეები კი ბავშვები არიან, ბავშვს შეიძლება შეეშალოს, მას ნაკლებად მოეკითხება… რასაკვირველია, ეს მოსაზრება დისკუსიებს იმსახურებს და კონკრეტულ სიტუაციების განხილვაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

როგორ მოიქცეს მასწავლებელი მოსწავლის არაადექვატური ქცევის დროს?

როგორ რეაგირებენ მასწავლებლები?

  • არ ერევიან.
  • ემუქრებიან (დაბალი ქულის დაწერით, მშობლების გამოძახებით და ა.შ.).
  • ცდილობენ დააფიქრონ მოსწავლე პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე

არსებობს შემდეგი მოსაზრება:ხშირად მოსწავლეი მასწავლებლებს თავის „თამაშებში ითრევს“, სპეციალურად აბრაზებს, რათა მან სიტუაცია ვეღარ გააკონტროლოს.  გაბრაზებული ადამიანი იოლი სამართავია – ეს ბავშვმაც იცის. ამგვარი გზით კლასში „ძალაუფლება“ მოსწავლის ხელში გადადის.

სამი ძირითადი კანონი, რომელთა მიხედვით მოსწავლეები აგებენ თავიანთ ქცევას.

კანონი 1

გარკვეული ქმედება გარკვეულ გარემოში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც რეგულარულად მეორდება. მაგალითად, რომელიმე მოსწავლე არასდროს იწევს ხელს ისტორიის გაკვეთილზე და არაფერს ამბობს, სანამ მას არ გამოიძახებენ. სხვა მოსწავლე მათემატიკის მასწავლებელს უხეშად ელაპარაკება, მაგრამ სხვა საგნების პედაგოგებთან ზრდილობიანია.

ამ შემთხვევაში აუცილებელია მასწავლებელმა შეცვალოს თავის ქცევა კონკრეტულ მოსწავლესთან მიმართებაში. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელი მას ურთიერთობის სხვა ფორმატს სთავაზობს და ამით არჩევანის საშუალებას აძლევს. მასწავლებელი იმაზეც უნდა დაფიქრდეს, როგორ გააკეთოს ისე, რომ მოსწავლეს საკუთარი ქცევის შეცვლა თვითონ მოუნდეს.

 

კანონი 2

ნებისმიერი ქცევის მიზანია აგრძნობინო საზოგადოებას, რომ შენც მისი ნაწილი ხარ. ამ შემთხვევაში, მოსწავლე ცდილობს აგრძნობინოს გარშემომყოფთ, რომ ის სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობს და კოლექტივში თავისი ადგილი უკავია. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აგრძნობინოს, რომ ის აინტერესებს, რომ ის ტყუილად არ სწავლობს, რომ თუნდაც საშუალო ნიშნების მიუხედავად, შეძლებს პროგრამის დაძლევას.

მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა მასწავლებლებთან და კლასელებთან. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბავშვები გრძნობენ მოთხოვნილებას რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კლასისა და სკოლის ცხოვრებაში. ისინი ამის გაკეთებას ნებისმიერი ხერხით ცდილობენ, მათ შორის, დისციპლინის დარღვევით.

კანონი 3

ბავშვები და მოზარდები ხვდებიან, რომ არასწორად იქცევიან, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამით ყურადღების მიქცევა სურთ, მარცხისათვის გვერდის ავლა, ზოგჯერ, სამაგიეროს გადახდა ან ძალაუფლების დემონსტრირება. ცუდი ქცევა ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუ ცუდად მოიქცევა, მასწავლებელი დანამდვილებით მიაქცევს ყურადღებას. ის არღვევს წესრიგს და ამ ქცევით აჩვენებს, რომ ვერავინ ვერაფერს უზამს. ზოგიერთი განაწყენებული მოსწავლე მასწავლებელზე/კლასელზე/კლასზე შურს იძიებს  რეალური ან გამოგონილი წყენის გამო, მაგრამ მასწავლებელმა მოსწავლესთან მაინც უნდა დაამყაროს კომუნიკაცია.

მასწავლებელი ბავშვის ქცევის მიზეზებში კარგად უნდა გაერკვიოს. მხხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მოსწავლესთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა.

რეკომენდაციები:

1.აქცენტი გააკეთეთ მოსწავლის ქცევაზე და არ მის პიროვნულ თვისებებზე. ქცევის განხილვა სხვა მოსწავლეებთან ერთად შეგიძლიათ. ისაუბრეთ ზედმეტად მკაცრი შეფასებებისა და მსგავსი ტერმინების „საშინლად იქცევი“-ს გარეშე. ასეთი შეფასება გამოიწვევს მოსწავლის უკურეაქციას, მასწავლებელი კი საკუთარ თავს უფრო უარყოფითად განაწყობს. ემოციურ ტალღაზე გადასვლა მასწავლებლის ინტერესებში არ შედის.

სასურველია, მასწავლებელმა არ გაუხსენოს მოსწავლეს „ძველი ცოდვები“, აქცენტი მის ბოლო საქციელზე უნდა გაკეთდეს. მასწავლებლის ტონი მშვიდი, თავდაჯერებული უნდა იყოს. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელი არ ემტერება, შესაბამისად, მოსწავლეს  არ ჭირდება თავდაცვა.

  1. მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს უაყოფითი ემოციები. როდესაც მოსწავლე მასწავლებლის გაბრაზებას ცდილობს, ის მასში იწვევს რისხვას, უსუსურობის შეგრძნებას, აღშფოთებას. ეს ნორმალურია. ასეთ დროს თავშეკავება რთულია. მოსწავლე, რომელსაც „ხელისუფლების“ მოპოვება უნდა, სწორედ მასწავლებლის ემოციურობით სარგებლობს, მისი რეაქციის მოლოდინშია. მასწავლებელს ეს უნდა ახსოვდეს.

მასწავლებელი უნდა აკონტროლებდეს საკუთარ ემოციებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში  შეძლებს რთული ქცევის მოსწავლესთან ურთიერთმოქმედებაში შესვლას. იმისათვის, რომ მასწავლებელი ნეგატივით არ დაიმუხტოს, მან „განმუხტვის“ გზა უნდა ნახოს: მუსიკის მოსმენა, შხაპი, ვარჯიში და სხვ.

მოსწავლეებს უყვართ მასწავლებლების მოთმინების ხარისხის გადამოწმება.

  1. ნუ გაართულებთ სიტუაციას, გქონდეთ სწორი რეაქცია. დაძაბულობის განმუხტვა ძნელია. აი, მასწავლებლის ტიპური შეცდომები რთული სიტუაციების დროს:
  • ხმის აწევა,
  • ყვირილი,
  • შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი გამონათქვამები,
  • სარკაზმი,
  • დაძაბული პოზის, გადაჯვარიდინებული ხელების დემონსტრირება,
  • ფიზიკური ძალის გამოყენება,
  • საკუთარი სიმართლის დაჟინებით გატანა,
  • საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება,
  • მოსწავლის ხასიათის შეფასება,
  • ერთი მოსწავლის მეორესთან შედარება,
  • ჭკუის სწავლება „ქადაგების“ ფორმატში,
  • კონფლიქტში სხვა ადამიანების გარევა,
  • გამართლება, დაცვა,
  • ტიპური ფრაზები: „ჯერჯერობით აქ მასწავლებელი მე ვარ“ ან „თქვენ ყველანი ერთნაირები ხართ“,
  • ამოჩემება,
  • ბავშვის მიმიკის ან სხვა რამის გამოჯავრება,
  • მოთხოვნა და ზეწოლა..

  1. ცუდი ქცევის განხილვა

მოსწავლესთან „ცხელ გულზე“ საუბარი არ ღირს. მასწავლებელს ემოციები უნდა დაუცხრეს. არ არის საჭირო დამნაშავის ძიება. მოსწავლეებმა შესანიშნავად იციან როდის იქცევიან ცუდად. შესაძლოა, დროდადრო საერთო დისკუსიების მოწყობა კლასში და მასწავლებლებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა.

  1. ყოველთვის დაუტოვეთ მოსწავლეს იმის შესაძლებლობა, რომ მან „საკუთარი სახე შეინარჩუნოს“.

მასწავლებელს ყოველთვის შეუძლია მოსწავლეზე ზედმეტი ზეწოლის გარეშე ზემოქმედება. მან არ უნდა მოთხოვოს სრული მორჩილება. მთავარია, რომ ბავშვი ხელს არ უშლიდეს მას, კლასს და თავის თავს გაკვეთილის ჩატარებაში.

  1. კეთილგანწყობის ჩვენება.

შეეშვით ყვირილს, დამცირებას და ბრალდებებს – აგრესიას. მასწავლებელი მოსწავლისთვის მაგალითია. თუ მოსწავლე დაინახავს, რომ მასწავლებელი კონფლიქტურ სიტუაციას აგრესიით და ემოციურად აგვარებს, მასთან ურთიერთობის დროს ისიც იგივე მოდელს გამოიყენებს.

კომენტარები

comments