ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

“მაია.” თამაშით, დიდი აღმოჩენებამდე.

ქალაქ ტეკალში უცნაური ხალხი ცხოვრობდა. სწამდათ, რომ დედამიწა ერთი დიდი ნიანგის ზურგი იყო. ყველა ბუნებრივი მოვლენაც სწორედ მის ხუშტურებს  ემორჩილებოდა. წიგნები ესპანელებმა დაუწვეს, მაგრამ ჩვენთან, ქვების მეშვეობით, დღემდე საუბრობენ. ჩვენ კიდევ ხმაურის მოყვარული ხალხი ვართ, გაზვიადება და ალიაქოთი გვიყვარს, ჰოდა, სულ რამდენიმე წლის წინ მათ დანაბარებზე დაყრდნობით 21 დეკემბერი სამყაროს დასასრულად გამოვაცხადეთ და 22 დეკემბრის დილამდე ვიხმაურეთ. მერე ვთქვით, უი, უხუმრიათო და სხვა სახმაურო ამბების ჩხრეკა განვაგრძეთ.

მაიას ცივილიზაციაზე ვწერ.

ზემოთ ნახსენებ ქვებზე მხოლოდ 21 დეკემბრის ამბავი კი არ იყო ამოკვეთილი. აქვე იყო მაიას მბრძანებლების მოვალეობები. მაგალითად, მათ ღმერთებისთვის დროდადრო თავისი სისხლი უნდა შეეწირათ. ღმერთებს შორის მთავარი მაისი იყო. მაისმა მაიას სიმინდის კულტურა გამოუგზავნა.

მაისი, ანუ სიმინდი, მათი დამხმარე ყოფილა, ყველანაირ პირობებში კარგად იზრდებოდა. ეს ღმერთების საჩუქრად ითვლებოდა და ცივილიზაცია მისით გადარჩა. მთელ ცენტრალურ ამერიკაში მოყავდათ სიმინდი. ამის დასტური არქეოლოგებმაც იპოვეს მეხიკოსთან ახლოს.

სანამ მეცნიერები გათხრებს ჩაატარებდნენ, დიდი ხნით ადრე ტყუპი ძმები ცხოვრობდნენ. ბურთის თამაში უყვარდათ. ბურთი კაუჩუკის იყო. იმდენი უთამაშიათ, რომ გაუთავებელი ხმაურით მიწისქვეშ მცხოვრები ღმერთები განურისხებიათ.

ეს ამბავი იქეთ იყოს და ჩემი ზედა მეზობლები გამახსენდა. თუმცა, რა გახსენება მათ უნდათ, არ გაიხსენებ და თავად შეგახსენებენ თავს. რითი? რითი აღარ? წყლის ჩამოსხმიდან დაწყებული გაუთავებელი ბრახუნ-კაკუნით, რომელიც დილის სამ-ოთხ საათზეც კი არ წყდება. ხმაურობს ყველა, დაწყებული ოჯახის უფროსიდან, რომელსაც ჩაქუჩის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, მისი 25 წლის შვილით დამთავრებული, რომელსაც თავი ჯერაც ბავშვი ჰგონია და სახლშიც კი  განსაცვიფრებლად მაღალი ქუსლებით დაბაკუნობს, სიარულის მანერა რომ არ გაუფუჭდეს.

უჰ, სადღაც სხვაგან წავედი, ისევ ტყუპ ძმებს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ესენიც ცუდად იქცეოდნენ და ხმაურით იკლებდნენ არე-მარეს. მიწისქვეშა ღმერთებმა ბრძენი ბუ გაუგზავნეს და თავისთან მიიპატიჟეს. შეუთვალეს, თუ ჩვენამდე მოხვალთ, ბურთი ვითამაშოთო…  მოიგებთ, ბედს გწევთო. დიახ, თუ მოხვალთო… ღმერთებამდე ხუთი გამოქვაბული იყო გასავლელი, ერთში გველები იყვნენ, მეორეში – ველური ღამურები და ა.შ. ძმებმა ყველა დაბრკოლება  გადალახეს და ღმერთებამდე მივიდნენ. აქვე ისიც უნდა დავწერო, ბიჭებს უკან მამა გაჰყვათ, მაგრამ ის გზად მგონი გარეული კატების მსხვერპლი გახდა.

ღმერთებთან მისულმა ძმებმა ბურთი ითამაშეს, ცოტა მოიტყუეს, ცოტა იღბალიც ჰქონდათ და მოიგეს. ღმერთები ხომ დაპირდნენ ბედს გწევთო, ჰოდა ერთი მთვარედ აქციეს, მეორე მზედ, მათი მამა კი გააცოცხლეს და ღმერთ მაისად მოუვლინეს სამყაროს. ასე ყველა კმაყოფილი დარჩა. მამა ღმერთი გახდა, ბიჭები მანათობელი პლანეტები, მიწისქვეშა ღმერთები კიდევ  წყნარად და მშვიდად ცხოვრობდნენ.

მაიას ლეგენდებში მამის გაცოცხლება მიწიდან სიმინდის თესლის კვლავ აღმოცენებას განასახიერებს. მაიას მითებში მაისი სიკვდილს და ხელახალ სიცოცხლეს  ნიშნავს.

მაიას ყველა ქალაქში ერთი სტადიონი მაინც იყო. ეს ისეთივე ადგილი იყო მათთვის, როგორც ბერძნებისთვის თეატრი. ბურთის თამაში რელიგიასთანაც ასოცირდებოდა. ზოგ ქალაქში თამაშის შემდეგ მსხვერპლშეწირვა მიდიოდა. მაიას ხალხს სიკვდილის არ ეშინოდა, სწამდათ,  ასე ღმერთს ემსახურებოდნენ.

მაიას ბურთი კაუჩუკის იყო. კაუჩუკის ხისგან შეგროვებული თეთრი წვენი სქელდებოდა, რეზინად გარდაიქმნებოდა და სწორედ მისგან ქმნიდნენ ბურთებს.

თავის დროზე, ქრისტეფორე კოლუმბი ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა ნახა, როგორ თამაშობდნენ  ინდიელები რაღაც უცნაურად მოხტუნავე ბურთებით.

ბუნებრივ კაუჩუკს კაუჩუკის შემცველი მცენარეებიდან ღებულობენ. ბრაზილიური ჰევეა, ქოქსაღიზი, ტაუ-საღიზი და სხვა. ის კი არა, კაუჩუკის შემცველ წვენს ბაბუაწვერაც კი შეიცავს. ჰევეას დასერვით სითხე ჩამოედინება, რომელსაც ლატექსს უწოდებენ. ლატექსი 20-60% კაუჩუკს შეიცავს. მის წვენში კაუჩუკი ემულსირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ლატექსზე ძმარმჟავას მოქმედებით კაუჩუკი განიცდის კოაგულაციას. შედედებულ კაუჩუკს წყლით რეცხავენ და შემდეგ ამუშავებენ.

ევროპაში კაუჩუკი მეცხრამეტე საუკუნიდან შემოვიდა. ძირითადად საწვიმარი ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებდნენ. თუმცა კაუჩუკის ტანსაცმელი მოსახერხებელი არ იყო, ყინვაში სკდებოდა, სიცხეში დნებოდა. ასე რომ, მის შესახებ მალევე დაივიწყებდნენ ამერიკელი ჩარლზ ნელსონ გუდიერი, რომ არ გამოჩენილიყო. 1839 წელს მრავალწლიანი ძიების შემდეგ აღმოაჩინა, რომ  თუ კაუჩუკს დაუმატებდა გოგირდს და გააცხელებდა, მისი მდგრადობა, ელასტიურობა, სითბო და ყინვაგამძლეობა  გაუმჯობესდებოდა. ამ პროცესს ვულკანიზაცია უწოდეს. ალბათ იმიტომ, რომ გოგირდს ჩამქრალი ვულკანების ტერიტორიიდან მოიპოვებდნენ. ანუ მან რეზინი მიიღო. რეზინი წყალგაუმტარი, გაზგაუმტარი, ელასტიურია. დაიწყეს რეზინის ფართოდ გამოყენება, მათ შორის მედიცინაშიც, მანქანების ბორბლების წარმოებაში და სად აღარ.

ვულკანიზაციის პროცესს თუ უფრო ჩავუღრმავდებით… რეზინი კაუჩუკის გოგირდთან ურთიერთქმედებით მიიღება და სწორედ ამ პროცესს ეწოდება ვულკანიზაცია. ამ დროს გოგირდის ატომები „გადაკერავენ“  კაუჩუკის წრფივ (ორგანზომილებიან) მოლეკულებს და მიიღება სივრცითი (სამგანზომილებიანი) სტრუქტურა.

თუ გოგირდის შემცველობა მაღალია (25-40%), მიიღება მყარი ნივთიერება ებონიტი, რომელიც კარგი ელექტროიზოლატორია.

ბუნებრივი კაუჩუკის მოლეკულური მასა საშუალოდ 350000 ტოლია. ის 1,4-პოლიიზოპრენის ცის ფორმას წარმოადგენს. ტრანს 1,4-პოლიიზოპრენი არის გუტაპერჩა, რომელსაც შეიცავს მცენარე palaquium gutte-ს ლატექსი. ეს მცენარე ხარობს მალაიზიასა და ინდონეზიაში. გუტაპერჩა კაუჩუკთან შედარებით ნაკლებად ელასტიკურია.

ბუნებრივი კაუჩუკის აგებულება დადგენილ იქნა ოზონირების რეაქციით. ოზონი უერთდება იქ, სადაც ორმაგი ბმებია და წარმოიქმნება ოზონიდი. ის წყლის მოქმედებით იშლება და მიიღება ლევულინის ალდეჰიდი.

ვულკანიზაციის ბუმის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აუცილებელი იყო სინთეზურად შექმნილი კაუჩუკის მოშველიება, თორემ ბუნებრივი, გაზრდილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა. სინთეზური კაუჩუკის მისაღებად ძვირფას მონომერებად ნახშირწყალბადები დივინილი და იზოპრენი აღმოჩნდა. 1,3-ბუტადიენი ლებედევმა მიიღო ეთილის სპირტის სპეციალურად შემუშავებულ, გახურებულ კატალიზატორზე (MgO-ZnO) გატარებით. ამ დროს ადგილი აქვს ეთილის სპირტის ერთდროულ დეჰიდრირებას და დეჰიდრატაციას, დივინილი კარგი გამოსავლიანობით მიიღება (70%).

საბოლოოდ, რამდენიმე ტიპის სინთეზური კაუჩუკი შეიქმნა.  ბუთადიენსტიროლური კაუჩუკი, რომელსაც მდგრადობისთვის მურსა და ნავთობიდან მიღებულ ზეთებს ამატებდნენ. ქლოროპრენული კაუჩუკი, რომლის მონომერი ვინილაცეტატზე ქლორწყალბადის მოქმედებით მიიღება. ამ ტიპის კაუჩუკი ტრანსპორტირების ლენტების  დასამზადებლადაც გამოიყენება. ზოგიერთი თვისებით, ის ბუნებრივ კაუჩუკზეც კი უკეთესია.

თუ ბუთადიენთან თანაპოლიმერად აკრილის მჟავას ნიტრილს გამოვიყენებთ, მიიღება ბუთადიენ-ნიტრილის კაუჩუკი. ამ კაუჩუკზე ბენზინი და ნავთობის სხვა პროდუქტები ნაკლებად მოქმედებენ. მაღალ ტემპერატურასაც უძლებს.

სილიციუმორგანული ნაერთებიდან მიღებულ კაუჩუკს სილიკონური კაუჩუკი ეწოდება. სილიკონური კაუჩუკი მიიღება მონომერ დიმეთილდიქლორსილანისგან. ამ სახის კაუჩუკი საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს დაბალ ტემპერატურაზე. მისგან დამზადებულ დეტალებს იყენებენ იქ, სადაც სხვა კაუჩუკის ნაწარმი უვარგისი ხდება. გამოიყენება მედიცინაშიც.

ეს ყველაფერი  თამაშით დაიწყო. ჯერ იყო და  უცნაური ბურთებით მაიას ტომის ძმები თამაშობდნენ, მერე ჰაიტის კუნძულზე ჩასულმა ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის წევრებმა შენიშნეს ინდიელი ბავშვების ხელში უცნობი მასალისგან დამზადებული ბურთები. მოგვიანებით პერუში, იგივე ბურთები ფრანგ მეცნიერთა ჯგუფმაც ნახა.

მოკლედ, გალაკტიონის არ იყოს…

„… არის გზა, არის ნელი თამაში…

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!…“

რისი თქმა მსურს იცით? დიდ აღმოჩენებს ადამიანები  ხშირად  მარტო იწყებენ, ზოგჯერ თამაშითაც… შემდეგ, ამ თამაშს სხვები აქცევენ ყურადღებას, იმ სხვებს კიდევ სხვები და საბოლოო ჯამში ისეთი მასალა შეიქმნება, რომელსაც თითოეული ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი