ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სული რომ ამოგვდიოდა

 

ამა წინათ ვფიქრობდი – ერთხელაც წიგნებიდან რომ გადმოვიდნენ გმირები, რას მოვუყვებით ჩვენ, რას დავახვედრებთ?!. დავუშვათ, თუნდაც უარყოფითი ან დადებითიც, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც რომ გაცოცხლდნენ და მათ დაიწყონ ჩვენი ამბების მოსმენა-გაგება, რა გვექნება მოსაყოლი. ამას არ ვამბობ პირდაპირი გაგებით და რომც ვთქვა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ამ ბლოგის კითხვის დროს მაინც. საკაცობრიო რეალობაზე არ ვსაუბრობ, მე საქართველოში არსებული რეალობის მიხედვით ვქმნი ამ სურათს.

ვთქვათ და, პროსპერ მერიმეს პატარა ფორტუნატო ან გურამ დოჩანაშვილის დომენიკო, უილიამ ფოლკნერის დარლი, ჰამსუნის ნაგელი და სხვები გამოვიდნენ ერთხელ, რას დაინახავენ?… დღეს, როცა ამას ვწერ რამდენიმე დღის გამოქვეყნებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, გუშინ რუსეთმა კიდევ მიიერთა საქართველოს ტერიტორიები, უნივერსიტეტში სტუდენტების ერთ ნაწილსა და თვითმმართველობის წევრებს შორის დაპირისპირებაა, ზოგი ფანჯრიდან ძვრება და კარს ამტვრევს, ზოგი მიზნისთვის იბრძვის და ამ დროს უცებ სადღაც, თუნდაც ჯანდაბიდან ან იმავე წიგნებიდან თუ რა ვიცი კიდევ საიდან, წარმოიდგინე, გამოდიან წიგნის გმირები. მე, მაგალითად, გავშეშდებოდი და შემრცხვებოდა. ენს ბარდრენსი ან ურია ჰიპი რომ მენახა, მათიც კი შემრცხვებოდა.

სულ მგონია, რომ წიგნები ყველაზე მეტად ასხვაფერებენ ადამიანს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან ცოტას თუ ეტყობა. იქნებ ცოტა ადამიანი კითხულობს და კითხულობდა. ამან კი ის საზოგადოება შექმნა, რომელიც ახლა მოქმედებს და უმრავლესობაშია? მგონია, რომ ასეა. საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოში რამდენიმე ომის პერიოდში თუ მათ შემდეგ თითქმის არავის ეცალა წიგნისთვის. მე აღარ მოვყვები იმ დროის ვითარებას, რაც ხელს უშლიდა სხვადასხვა სიკეთეების მიღება-გამოყენებას. თითქოს ახლა ის პერიოდი დამთავრდა, მაგრამ ზუსტად ახლა დგას ყველაზე მძიმე დრო, როცა მაშინდელი პატარა ბავშვები დღეს საზოგადოების წევრები არიან და ისე დაეხეტებიან, თითქოს ოდისევსისა და მისი მეგობრების ნაცვლად ესენი გამოეკეტოს ბნელ გამოქვაბულში ციკლოპს.

რეპეტიტორის როლში, ჩემს მოსწავლეს როცა ვუყვები და ვუხსნი ვაჟა-ფშაველას გმირების ხასიათს, გადაწყვეტილებების სიმტკიცის მიზეზებს, როცა ილიას პოემებიდან განმარტებებს ვიწყებთ, ზოგჯერ მე თვითონ მიჭირს დავიჯერო ის, რომ ლიტერატურისა და ცხოვრების ხაზები სადმე ერთმანეთს კვეთენ. თუნდაც ქართული ლიტერატურიდან რომ ავიღოთ – ავთანდილი, ალუდა ქეთელაური, მინდია, ჯოყოლა მეურმე პეტრე და სხვები ვერაფერს გვასწავლიან, გარდა აზროვნებითი თანაგრძნობისა და საუბრებისა. მათი საქმეები არაა ჩვენი საქმეები და პირიქით. ეს იქნებ პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ პათეტიკაც რეალობაა და ესაა ცხოვრება, შემოთავაზებულიც და მიღებულიც.

ესპანეთში ბოლო წლებში აწუხებთ ის, რომ რომანების მკითხველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და კომპიუტერზე დამოკიდებულება გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემაა და მიზეზებზე არ დავიწყებ საუბარს, ის მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომანს კითხულობენ ნაკლებად, პოეზიას თუ ნოველებს, მთავარი ის უნდა იყოს, როგორ მოქმედებს ეს ტექსტები პიროვნებებსა თუ საზოგადოებებზე. თუ ლიტერატურამ ცხოვრებაზე არ მოახდინა გავლენა და ცხოვრებამ ლიტერატურაზე, მაშინ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ზედმეტი გამოდის. ფაქტია, რომ დღეს აბსოლუტურად უგემოვნო ტელეშოუებს, უდიდეს ინფორმაციულ ნაკადს, რომელშიც უმეტესი ნაწილი სრულიად უსარგებლოა, უფრო მეტად მიპყრობილი აქვთ საზოგადოებებისა და ჯგუფების ყურადღება, ვიდრე წიგნებს, მათში დაბეჭდილ ტექსტებს, პერსონაჟებს, ამბებს, ისტორიებს, მეტაფორას.

მე ვახსენე აქ ფოლკნერის ერთ-ერთი გმირი, ამ ტექსტზე ავტორი ამბობდა: “დავხატე ოჯახი და ორი დიდი კატასტროფა დავატეხე თავს, რაც ადამიანს გადახდენია, წყალდიდობა და ცეცხლი. აი, სულ ესაა”…

და, აი, ამ “სულ ესააში” ვართ ჩვენც და ჯოჯოხეთის რეპეტიციას გავდივართ. ლიტერატურა კი ისეთივე შორია, როგორც სამოთხე, შავი ხვრელები ან პარალელური სამყაროები და ხარანაულის არ იყოს, თითქოს ესღა გვრჩება:

“როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,

როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი