შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ხაზოვანი და სვეტოვანი დიაგრამები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში

ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, რომლებიც მასწავლებლებს სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში დაეხმარება. მიმართულება „დრო და სივრცე” გეოგრაფიაში გამჭოლია და მასში დიდი დოზით არის ასახული, რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მოსწავლეებს.
ამჯერად ხაზოვან და სვეტოვან დიაგრამებს განვიხილავთ.
ხაზოვანი დიაგრამა

ხაზოვან დიაგრამაზე ნაჩვენებია მოსახლეობის დინამიკა ჩინეთისა და ინდოეთისთვის და მისი პროექცია. აღწერეთ ძირითადი მახასიათებლები და სადაც შესაძლებელია, გააკეთეთ ანალიზი.
დიაგრამაზე ორი ხაზია. თითოეული მათგანი ასახავს თითო ქვეყნის მოსახლეობის დინამიკას წლების მიხედვით. აბსცისაზე წლებია მოცემული, ხოლო ორდინატების ღერძზე – მოსახლეობის რაოდენობა. ხაზოვანი დიაგრამა შეიძლება უფრო რთულიც იყოს. დამატებითი ხაზები დამატებით ინფორმაციას გვაწვდის.

როგორ დავწეროთ სტრუქტურირებული პასუხი ამ კითხვაზე? თავდაპირველად დავფიქრდეთ, როგორი უნდა იყოს პასუხი, რა ლოგიკურ თანამიმდევრობას უნდა მივყვეთ, რათა პასუხი სწორი, ამომწურავი და გასაგები იყოს. სტრუქტურაში მოსაქცევად აუცილებელია, პასუხი დავიწყოთ დიაგრამის აღწერით, რაც რამდენიმე წინადადებისგან უნდა შედგებოდეს და მოიცავდეს ყველა მოცემულ შინაარსობრივ კომპონენტს. მომდევნო, უფრო ვრცელი ნაწილი ანალიტიკური უნდა იყოს. დაბოლოს, დასკვნითი ნაწილით უნდა შეიკრას ტექსტი.
დავიწყოთ სათაურის პერეფრაზირებით. პირველ წინადადებად სწორედ მისი დაწერა იქნება უპრიანი.

აღწერა: მოცემული ხაზოვანი დიაგრამა გვიჩვენებს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ჩინეთისა და ინდოეთისთვის 2000-დან 2035 წლამდე. დრო ნაჩვენებია X აბსცისთა ღერძზე, Y ორდინატთა ღერძი კი გვიჩვენებს მოსახლეობის რიცხოვნებას მილიარდებში – 0,9-დან 1,5 მილიარდამდე. ლეგენდის (ჩანართი წარწერებით, რომელიც ხსნის დიაგრამაზე მოცემულ პირობითი ნიშნების შინაარსს) თანახმად, მოსახლეობის ცვლილება ჩინეთისთვის ნაჩვენებია წითელი ხაზით, ხოლო ინდოეთისთვის – მწვანით.

გათვალისწინებული უნდა იყოს ქრონოლოგიური თანამიმდევრობა: 2000 წელი არის წარსული, 2010 – აწმყო, ხოლო 2035 – მომავალი. ანალიზისას თითოეული ეს შუალედი უნდა გამოვყოთ.

ანალიზი: 2000 წელს ინდოეთის მოსახლეობა ოდნავ აჭარბებდა მილიარდს. იმავე დროს ჩინეთისა დაახლოებით 1,25 მილიარდს შეადგენდა, რაც 250 მილიონით აღემატება ინდოეთისას. აქედან მოყოლებული, ჩინეთის მოსახლეობა ნელი ტემპით იზრდება და 2010 წელს დაახლოებით 1,3 მილიარდს აღწევს, მაშინ როდესაც ინდოეთის მოსახლეობა ამავე პერიოდში მკვეთრად იზრდება.

ამის შემდეგ ანალიზი ეხება მომავალ პროექციას. ამ ეტაპზე იკვეთება ორი ხაზი. ერთის მონაცემი ნაკლები ხდება მეორისაზე, რომელსაც აქამდე აღემატებოდა.

დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ნავარაუდევია, რომ 2025 წლისთვის ორივე ქვეყანას – ჩინეთსა და ინდოეთს – მოსახლეობა ცალ-ცალკე 1,38 მილიარდი ეყოლება. მონაცემები პროექციაში გვამცნობს, რომ ინდოეთის მოსახლეობა გაუსწრებს ჩინეთისას და განაგრძობს სწრაფ ზრდას 2035 წლამდე. ამ დროისთვის ინდოეთის მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა 1,55 მილიარდი იქნება. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთის მოსახლეობა 2018 წლიდან ჯერ სტაბილურ მაჩვენებელს მიაღწევს, შემდეგ, 1928 წლიდან, დაიწყებს კლებას, 2035 წლისთვის კი, სავარაუდოდ, 1,35 მილიარდს გაუტოლდება.

ბოლო ნაწილი უნდა იყოს დასკვნითი, რათა შეიკრას ტექსტი, რომელიც ეფუძნება მოცემულ დიაგრამას.
აშკარაა, დიაგრამა გვიჩვენებს, რომ შობადობისა და სიკვდილიანობის კოეფიციენტები ორივე ქვეყნისთვის მომავალი ოთხი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვლება. ჩინეთი, რომელმაც მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკა გაატარა, მოახერხებს მოსახლეობის ჯერ დასტაბილურებას, მერე შემცირებას, ხოლო ინდოეთის წარუმატებელი დემოგრაფიული პოლიტიკა, თუ არაფერი შეიცვალა, ინდოეთს მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გაიყვანს.
სვეტოვანი დიაგრამა

ახლა კი განვიხილოთ სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც დიაგრამის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის გამოსახავს მონაცემებს სხვადასხვა ინტერვალით, რომელიც ასახულია ერთ-ერთ ღერძზე, მეორე ღერძზე კი რაოდენობრივი მაჩვენებელია გამოსახული. ამავე დროს, სვეტოვანი დიაგრამები იძლევა შედარება-შეპირისპირების საშუალებას.
თუ სვეტოვან დიაგრამასთან მიმართებით მითითებულია, რომ უნდა გავაანალიზოთ ძირითადი მახასიათებლები, თავდაპირველად საკუთარ თავს შემდეგი კითხვა უნდა დავუსვათ: როგორ უნდა ამოვარჩიოთ ძირითადი სვეტები გასაანალიზებლად, როდესაც მათი სიმრავლის გამო ყველას განხილვა ვერ მოხერხდება? არასწორი შერჩევის შემთხვევაში ძირითად თვისებებს ვერ გამოვყოფთ და დავალებაც შეუსრულებელი დარჩება.

მოცემულ სვეტოვან დიაგრამაზე ასახულია სიცოცხლის ხანგრძლივობა 7 ქვეყანაში. მასზე 21 მაჩვენებელია გამოსახული. ისინი დაჯგუფებულია ქვეყნების მიხედვით და თითოეულ ქვეყანაში 3 თანაბარი კომპონენტია გამოყოფილი: კაცებისა, ქალებისა და საერთო, ჯამური მონაცემი. აღსანიშნავია, რომ ორდინატთა ღერძზე ნაჩვენებია სიცოცხლის ხანგრძლივობა წლებში, ხოლო აბსცისაზე – შერჩეული ქვეყნები. საინტერესოა ლეგენდის გაცნობაც, სადაც მწვანე ფერით სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობაა აღნიშნული, ცისფრით – კაცებისა, ხოლო ყვითლით – ქალებისა.

ამ ზოგადი აღწერის შემდეგ საჭიროა შეირჩეს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნები, რაც მათ შორის განშლის დანახვის საშუალებასაც მოგვცემს და იმავდროულად წარმოაჩენს, მოცემული ქვეყნებიდან სად არის სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი და სად – ყველაზე დაბალი.

სწორედ ამ ინფორმაციის წაკითხვის მოლოდინი ექნება გამსწორებელს, როდესაც პასუხის კითხვას დაიწყებს. იმავდროულად, შესაძლებელი იქნება გამოვყოთ საშუალო მაჩვენებელი მოცემული ქვეყნებისთვის. თურქეთს, ვიეტნამს, ირანსა და ბანგლადეშს მსგავსი საშუალო, სტანდარტული მონაცემები აქვთ, რაც დაახლოებით 70 წელს უდრის. ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს კანადას. მას აშშ მოსდევს. აქ იკვეთება, რომ ეკონომიკურად რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალი აქვს მას ეს მაჩვენებელი. ინდოეთი კი ყველაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა.

ახლა ვნახოთ, რა იკვეთება: გვაქვს ყვითელი სვეტები, რომლებიც გამოყოფილ ჯგუფებში, ამ შემთხვევაში – ქვეყნებში, უფრო გრძელია, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ქალები უფრო მეტს ცოცხლობენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისას აღემატება და ეს ტენდენცია იკვეთება ყველა ქვეყანაში. ყველაზე მცირე სხვაობას კი ინდოეთი უჩვენებს, სადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის თანაბარია. არ უნდა გამოგვრჩეს ამის აღნიშვნა, რაც ზოგად ტენდენციაში, საერთო სურათში არ ჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ანალიზი არ იქნება სრულფასოვანი. თუ დიაგრამაზე მსგავსი ანომალია შეამჩნიეთ, ანალიზისას ის აუცილებლად უნდა გამოყოთ.

დახედეთ კითხვას – ის მიმართულებას გაჩვენებთ. თუ გაქვთ სვეტოვანი დიაგრამა და ზოგადი ანალიზია საჭირო, ჯერ წაიკითხეთ სათაური, წარწერები, ლეგენდა, შემდეგ გამოყავით მაღალი და დაბალი მაჩვენებლების მქონე, ამის შემდეგ, თუ მოხერხდება, საშუალო დაადგინეთ, შემდეგ იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, როგორ შეიძლება დააჯგუფოთ ქვეყნები, როგორია კანონზომიერება, დაბოლოს, იფიქრეთ რაიმე ანომალიაზე, გამონაკლისზე, თუ გამოიკვეთება – აღწერეთ.
ინტერნეტის მომხმარებელთა დემოგრაფია,
გაერთიანებული სამეფო

სვეტოვანი დიაგრამა აჩვენებს ინტერნეტის მომხმარებელთა ასაკობრივ ჯგუფებს გაერთიანებულ სამეფოში სამი წლის განმავლობაში – 1998-დან 2003-მდე. ორდინატთა ღერძზე მოცემულია პროცენტები, ხოლო აბსცისაზე – წლები. ასაკობრივი ჯგუფები მოცემულია ლეგენდაში და მოსახლეობა 4 ასაკობრივ ჯგუფადაა წარმოდგენილი: 15 წლამდე, 30-მდე, 49-მდე და 50-ს ზემოთ.

პროცენტული მონაცემები ნიშნავს, რომ წლის მიხედვით მოცემულ ჯგუფში (1998/2001/2003) ასაკობრივი ჯგუფების პროცენტულმა მაჩვენებლებმა ჯამში 100% უნდა შეადგინოს.
ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს შევადაროთ თითოეული ჯგუფის მსგავსი კომპონენტი, ასევე შეგვიძლია, შედარებისას საერთო ტენდენციაზე ვისაუბროთ.

კანონზომიერებაა, რომ პირველი ასაკობრივი ჯგუფი ძალიან სწრაფად გაიზარდა 1998-დან 2001 წლამდე. ზრდა მომდევნო წელსაც შეიმჩნეოდა, მაგრამ არა ასეთი თვალსაჩინო. 2%-დან მან ჯერ 8%-მდე მოიმატა, შემდეგ – 9%-მდე. მსგავსი ტენდენცია იკვეთება 50 წელზე უხნესთა ასაკობრივ ჯგუფშიც: მომხმარებელთა წილმა, რომელიც 1998 წელს 4% იყო, ჯერ, 2001 წლისთვის, 9%-მდე მოიმატა, მერე კი, 2003-ისთვის – მხოლოდ 1%-ით და 10% შეადგინა. ამდენად, ყველაზე დაბალი და მაღალი ასაკის ჯგუფებს მსგავსი ტენდენცია ახასიათებთ.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ 16-30 ასაკობრივი ჯგუფის წილმა 2001 წელს 1998 წელთან შედარებით იკლო, ეს ცვლილება საგრძნობი იყო და 10% შეადგინა, ხოლო 2003 წელს კლებას 1%-ისთვის არ გადაუჭარბებია.
ცხადია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დიაგრამაზე მაჩვენებლები პროცენტებშია მოცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ინტერნეტის მომხმარებელთა აბსოლუტურ რაოდენობაზე არაფერი ვიცით. შემცირება მოხდა ერთ ასაკობრივ ჯგუფში სხვა ჯგუფის ზრდის ხარჯზე, რადგან ჯამში ყველა ასაკობრივი ჯგუფი კონკრეტულ წელს 100%-ს უნდა შეადგენდეს.

თუ შევხედავთ მომდევნო ასაკობრივ ჯგუფს – 31-49, დავინახავთ, რომ ისიც იკლებს, მაგრამ ეს კლება არ არის ისეთი მკვეთრი და წლიურად მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

ახლა, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ზრდა-შემცირების ტენდენციისა და დინამიკის გაანალიზების შემდეგ, ვნახოთ, კიდევ რაიმე ინფორმაციის ამოღება ხომ არ შეიძლება მოცემული დიაგრამიდან. ვხედავთ, რომ, განურჩევლად იმისა, რომელ წელზეა საუბარი, ასაკობრივი ჯგუფებიდან ყველაზე დიდია 16-დან 30 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ჯგუფი. ყოველ მოცემულ წელს მისი წილი 40%-ზე მეტია. მას მოსდევს ჯერ 31-49 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, რომლის წილიც ყოველ მოცემულ წელს 35%-ს აღემატება, შემდეგ – 50 წელზე უხნესებისა და ბოლოს – 16 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც მოცემულ წლებში 10%-ს ვერ ასცდა.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აშკარაა 16 წლამდე და 50 წელს გადაცილებულთა წილის მატება კომპიუტერის მომხმარებელთა საერთო სურათში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აბსოლუტური რაოდენობა მცირდება. დისბალანსი ასაკობრივ ჯგუფებს შორის თანდათან, სავარაუდოდ, გამოსწორდება. თუ 1998 წელს ამ ორი ასაკობრივი ჯგუფის წილი მხოლოდ 6% იყო, 2003 წელს უკვე 19% შეადგინა.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ გრაფიკული საშუალებების ანალიზს, რაც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მასწავლებელს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი