პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბავშვის ბუნების ფენომენი და აღზრდის პრობლემები

ამ სტატიის დაწერა თბილისის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან და აღმზრდელებთან შეხვედრამ გადამაწყვეტინა. შეხვედრაზე საუბარი იყო 6-9 წლის ბავშვების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებზე. მასწავლებლები და აღმზრდელები ამ ასაკიდანვე აწყდებიან სერიოზულ სირთულეებს, როგორც ბავშვებთან ურთიერთობისას, ასევე მათ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში. შეხვედრის დროს პედაგოგებმა რამდენიმე „რთული“ შემთხვევა აღწერეს. ისინი ცდილობდნენ  მიეღოთ პასუხები საკუთარ შეკითხვებზე:

  • რომელი ასაკიდან ხდებიან ბავშვები „რთულები“?
  • რატომ ხდება, რომ მათ მიერ დახარჯული ძალისხმევა ზოგ შემთხვევაში სრულიად უშედეგოა?

შევეცდები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

„რთული“ მოზარდების კატეგორია საკმაოდ ფართო და მრავალგვარია. ამ კატეგორიას ზოგადად მიაკუთვნებენ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებთანაც მშობლებს, აღმზრდელებსა და მასწავლებლებს უჭირთ მუშაობა. უფროსები ფიქრობენ, რომ ასეთ ბავშვებთან ოჯახში თუ საკლასო ოთახში მისაღები ქცევის ნორმების შესახებ ბრძნულ საუბრებს აზრი არ აქვს. გარშემო სოციუმი დარწმუნებულია, რომ ასეთი ბავშვები ჯიუტი, თავნება, უყურადღებო, გონებაგაფანტული, ზარმაცი, ზოგ შემთხვევაში აგრესიული და უმართავიც კი არიან.

და მაინც ცხოვრების რომელი პერიოდიდან უყალიბდება ბავშვს ისეთი თვისებები, რომლებიც აფიქრებინებს ზრდასრულ ადამიანებს, რომ ისინი „რთული“ ქცევის არიან? ფსიქოლოგების უმრავლესობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ბავშვის პიროვნება ხუთი წლის ასაკისათვის უკვე ფორმირებულია. ფართოდ გავრცელებულია ის მოსაზრებაც, რომ ხუთი წლის შემდეგ ბავშვის აღზრდაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამოსწორება ძალზე რთულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ არასწორი და არაადეკვატური აღზრდის სტილის მიუხედავად, ბევრი ბავშვი ზრდასრულ ასაკში  ყალიბდება დამოუკიდებეალ, ძლიერ პიროვნებად და აღწევს გარკვეულ წარმატებას პროფესიულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

„რთულ“ ბავშვებთან, მოზარდებთან, ახალგაზრდებთან, მათი ოჯახის წევრებთან მუშაობის ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ვემხრობი მოსაზრებას, რომ მიზეზები, რომელთა გავლენითაც ბავშვების ქცევა „რთულის“ კატეგორიას მიეკუთვნება, განპირობებულია  აღზრდაში სულ მცირე ასაკიდანვე დაშვებული შეცდომებით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მშობლობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. ახალგაზრდა მშობლებს არავინ ასწავლის და არც ტრენინგებს უტარებს. როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება მაშინვე მის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე გადადის მთელი ძალისხმევა. რამდენი გრამი შეჭამა; კბილები ხომ დროზე ამოუვიდა;  სიარულის როდის დაიწყო; ავად ხომ არ გახდა…. და უამრავი მსგავსი საზრუნავი.

შვილი წამოიზარდა, საჭიროა საბავშვო ბაღში შეყვანა. აქ ოჯახში ახალი საზრუნავი ჩნდება: როგორი ბაღი ავირჩიოთ? სადაც კვებაა დაბალანსებული თუ „ინგლისურს“რომ ასწავლიან განსაკუთრებული ხერხებით? ზეიმებზე აუდიოჩანაწერებს ხომ აკეთებენ? აბა როგორ, სოციალურ ქსელში მისი ვიდეო არ უნდა დაიდოს?

შემდეგი ეტაპი – „კარგი“ სკოლის შერჩევა. როგორ ირჩევენ დღეს მშობლები სკოლას? ჩემი დაკვირვებით ოჯახების უმრავლესობა საკუთარი ნაცნობებისა და მეგობრების რჩევა-დარიგებას მისდევს. და არჩევანიც გაკეთებულია, სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები, ფუნქციონირებს სხვადასხვა დამატებითი სპორტული და შემეცნებითი, ე.წ. „წრეები“. მშობელი კმაყოფილია. სად არის აქ ბავშვის საუკეთესო ინტერესები? რომელმა მშობელმა სცადა საკუთარ პატარას დალაპარაკებოდა და ისე მიეღო გადაწყვეტილება? ჩვენს კულტურაში ბავშვები, მშობლების არარეალიზებული სურვილების რეალიზების „ინსტრუმენტია“. ბავშვს გამუდმებით ესმის უფროსებისგან: „მშობლების იმედები გაგემართლებინოს. მასზე კარგად არავინ იცის შენთვის რა არის საუკეთესო“. განა ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც საკუთარი შვილის შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებს?

მაგრამ მივუბრუნდეთ დასაწყისში ჩემს მიერ ნახსენებ სკოლას, რომელიც კერძო სკოლებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება და რომლის მეორე კლასში  სწავლობენ ის „რთული“ ბავშვები.

შეფიქრიანებულ მასწავლებლებთან პრობლემაში უფრო სიღრმისეულად  გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ:

  • ერთ ბავშვს მშობლები არ ჰყავს (უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები), მას ბებია ზრდის;
  • მეორის ოჯახში დიდი არეულობაა, მშობლები გაყრის პროცედურას აწარმოებენ;
  • მესამის მშობლები დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ სახლში ძალიან დაღლილები მიდიან და ბავშვთან კონტაქტს თითქმის ვერ ახერხებენ;
  • მეოთხეს სულ ახლახან პატარა ძამიკო შეეძინა და ამიტომ დარწმუნებულია, რომ ის მშობლებს ისე ძალიან აღარ უყვართ;
  • მეხუთეს ძალიან „მზრუნველი“ მშობლები ჰყავს და ახლახან ბოლო თაობის მობილური და პლანშეტი უყიდეს. ის დარწმუნებულია, რომ ყველა მისი სურვილი ყოველთვის უნდა ასრულდეს;
  • მეექვსეს უფროსი დაიკო ჰყავს, რომელიც სწავლაში წარჩინებულია და ყველა „წრეზე“ დადის. დედიკოს უნდა, რომ მანაც იაროს იმავე წრეებზე და თანაც უფრო მეტად წარმატებული იყოს. მას კი სულ სხვა სურვილები აქვს;
  • მეშვიდე ბავშვის მშობლები გარკვეულწილად აცნობიერებენ საკუთარი შვილის ქცევით პრობლემებს. მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ „გაიზრდება და თავისათავად გადაუვლის“, რადგან მის ასაკში თავადაც ცელქები და ჯიუტები იყვნენ, მაგრამ ახლა წარმატებული ადამიანები არიან;
  • მერვეს მშობლები თვლიან, რომ ბავშვი ზედმეტად არ უნდა აკონტროლო და შეზღუდო, ამიტომ ის მთელ თავისუფალ დროს ხან ტელევიზორთან და ხანაც კომპიუტერთან ატარებს.

ალბათ მიხვდით, რომ ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ სათქმელი ვფიქრობ ისედაც ნათელია: მასწავლებლებს ძალიან უჭირთ ასეთ კლასში საგანმანათლებლო პროცესის  წარმატებით წარმართვა და მაქსიმალური შედეგის მიღება.

ბავშვები სკოლაში ოჯახებიდან მიდიან და შესაბამისად მათ უკვე გავლილი აქვთ აღზრდის ოჯახური სტილის სპეციფიკური „კურსი“. ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ადამიანის ძირითადი პიროვნული თვისებები სწორედ ოჯახში ყალიბდება. რაც არ უნდა კვალიფიციური  პროფესიონალი პედაგოგი შეხვდეს სკოლაში ბავშვს, რომელსაც უკვე გარკვეული წარმოდგენა აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე, გამომუშავებული აქვს საკუთარი პოზიტიური და მავნე ჩვევები, ძალიან გაუჭირდება ცვლილებების შეტანა მის ღირებულებათა სისტემაში.

საინტერესოა სინამდვილეში რატომ „იწებებენ“ ბავშვები მცირე ასაკიდანვე „რთული“ ბავშვის იარლიყს? ჩემი ფიქრით იმის მიზეზი, რომ მათ თავად ძალიან უჭირთ, ოჯახში არსებული ფსიქოლოგიური კლიმატია. ეს გასაჭირი კი სწორედ სწავლის დასაწყის ეტაპებზევე იჩენს თავს. მიზეზთა გამო მათ ეწყებათ სწავლისა და ქცევის პრობლემები, უძნელდებათ კლასში არსებული სასწავლო ტემპისთვის ფეხის აწყობა, ზოგადად ნებისმიერი დავალების წარმატებულად შესრულება.  მაგრამ არსებობენ წარმატებული  „რთული“ მოსწავლეებიც, მათთვის ადვილია სასწავლო პროგრამის დაძლევა. სამაგიეროდ მათ უჭირთ თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა.

ბავშვებთან მომუშავე დაკვირვებული პერსონალი ხედავს, რომ ზოგიერთი ბავშვი თანატოლებს ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩება, ზოგი პირიქით, სწრაფი ტემპით ვითარდება. ზოგიერთი გონებრივი განვითარების შენელებული ტემპით ხასიათდება, ზოგიერთი პირდაპირ ვუნდერკინდია. ზოგი მათგანი უფროსების უგულვებელყოფის, ზოგიც ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლია. ზოგი საერთოდ ცდილობს ყველაფრით გამორჩეული და სრულიად ორიგინალური იყოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ უფროსი „სირთულის“ უამრავ ნაირსახეობას ხვდება და ნებისმიერი მათგანი ყურადსაღებია.

რა ტიპურ შეცდომებს უშვებენ მშობლები აღზრდის პროცესში:

  • ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გაუთვალისწინებლობა;
  • ჰიპერმზრუნველობა/ჰიპერმეურვეობა, რაც აფერხებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას;
  • აქცენტის გადატანა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, პიროვნული განვითარების სერიოზულობის გაუცნობიერებლობა;
  • ბავშვის მიღწევების გადამეტებულად შეფასება;
  • არარეალისტური მიზნების დასახვა, რამაც მომავალში შესაძლებელია მას თვითშეფასება დაუქვეითოს;
  • სხვა ბავშვებთან გამუდმებული შედარება: „ნახე, შენი თანატოლი ნინიკო უკვე ინგლისურად ლაპარაკობს, შენ კი ერთი ლექსიც ვერ დაიმახსოვრე“, „შენზე პატარა გიორგიმ გამრავლების ტაბულა ზეპირად იცის, შენ კი ჯერ სწავლაც არ დაგიწყია“….

დიმიტრი უზნაძეს მიაჩნია, რომ „აღმზრდელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არ ჩასწვდება ბავშვის ბუნებას“. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ბავშვებთან ურთიერთობისას საკუთრი მიზნებით ხელმძღვანელობენ და ცდილობენ, მიზანს მბრძანებლური, ჭკუის დამრიგებლური დამოკიდებულებით მიაღწიონ.

 

როგორ მოიქცეს მშობელი და მასწვლებელი?

  • „დაივიწყეთ“ საკუთარი საქმეები და პრობლემები, რათა შეძლოთ ბავშვის პრობლემის დანახვა/გაცნობიერება;
  • შეეცადეთ შეხედოთ ბავშვების პრობლემებს ბავშვის თვალით. მას ხომ ჩვენზე მეტად უჭირს პრობლემასთან გამკლავება;
  • თუ არ გავარკვევთ მიზეზებს, რატომ უჭირს ბავშვს, ვერ მოვახერხებთ მათ აღმოფხვრას და ბავშვის დახმარებას;
  • არ იფიქროთ სხვა „მსუბუქ“ ბავშებზე. ბავშვების აღზრდის პროცესი – ყოველთვის რთულია, მიუხედავად საუკეთესო პირობებისა, რომელშიც შეიძლება იმყოფებოდეს ბავშვი;
  • არ ჩავარდეთ პანიკაში და არ იფიქროთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. არ შეაფასოთ ბავშვი, როგორც „ცუდი/გამოუსწორებელი“, მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ შეცდომებს უშვებს;
  • მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც ყველა ფსიქოლოგი და ბავშვების აღზრდის პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტი აუცილებელ პირობად მიიჩნევს: მშობლებმა, აღმზრდელებმა, უახლოესმა სოციუმმა და მასწავლებლებმა უნდა ითანამშრომლონ და თანამიმდევრულად უნდა იმოქმედონ ბავშვთან ურთიერთობისას.

დაბოლოს, „რთული“ ქცევის მქონე შვილისა და  მოსწავლის მშობლობა და მასწავლებლობა არ არის გადაულახავი პრობლემა, მით უმეტეს მათთვის, ვინც ამას აცნობიერებს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების სწორი გზის დასახვისათვის აუცილებელი წინაპირობა ამ პრობლემის გაცნობიერებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი