ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მეტყველება და მისი როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ინტელექტუალური განვითარებით გამოირჩეოდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება პირდაპირ უკავშირდება მეტყველების განვითარებას და ამ უკანასკნელის შეფერხება ინტელექტუალურ განვითარებასაც ასვამს დაღს, ადვილი მისახვედრი იქნება, რაოდენ მნიშვნელოვანია, აღმზრდელი კარგად იცნობდეს მეტყველების განვითარების თავისებურებებს, მის ხელშემწყობ და ხელის შემშლელ ფაქტორებს.

როდესაც მეტყველების განვითარების დარღვევა უკავშირდება სმენის დარღვევას ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, სამედიცინო ჩარევის გარეშე მას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ასეთი დარღვევა ხშირად გვხვდება სავსებით ჯანმრთელ ბავშვებთანაც, რომლებსაც არავითარი ორგანული დაზიანება არ უდასტურდებათ.

ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი ცნება: მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია აღზრდასა და ბავშვის ცხოვრების პირობებთან, მაშინ როდესაც მეტყველების დარღვევა წარმოადგენს სერიოზულ, თუმცაღა გამოსწორებად დეფექტს, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაა გამოწვეული. ამჯერად შევეხებით მეტყველების განუვითარებლობის, ჩამორჩენის საკითხს, მის მიზეზებსა და დაძლევის გზებს.

მაინც როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა მეტყველება და რა გზას გაივლის ეს პროცესი?

ადრეული ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარებაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ.

* ღუღუნი – ის იწყება დაახლოებით მეორე თვიდან და 6-7 თვემდე გრძელდება.

* ტიტინი – მე-7 თვიდან ბავშვი იწყებს ბგერების წარმოთქმას და ამ ბგერებისგან არარსებული სიტყვების „შედგენას“. ამ ასაკიდან ბავშვი ცდილობს უფროსების მიბაძვას და სურს, მათსავით ლაპარაკობდეს. მეტყველების განვითარება ყველაზე აქტიურად სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს.

* პირველი სიტყვები – ბავშვების უმრავლესობა ერთი წლისთვის, წესისამებრ, უკვე წარმოთქვამს რამდენიმე მარტივ სიტყვას, რომელთა მნიშვნელობაც ესმის. გვხვდება გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ბავშვი პირველ სიტყვებს წლინახევრის ან ორი წლის ასაკში წარმოთქვამს, მაგრამ ეს არ შეიძლება სერიოზულ ჩამორჩენად ჩაითვალოს.

* პირველი წინადადებები – ორი წლისთვის ბავშვს ლექსიკონში უკვე აქვს 100–200 სიტყვა და 2-3–სიტყვიან წინადადებებსაც ადგენს. სამი წლის ბავშვს შეუძლია, გრამატიკულად სწორად ააგოს მარტივი წინადადება, ჩაერთოს დიალოგში და მოჰყვეს იმას, რაც ნახა ან მოისმინა.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ეტაპებს შორის საზღვრები მკაცრი არ არის. შეიძლება შევხვდეთ შემთხვევას, როცა ორწლინახევრის ბავშვი, რომელიც ფსიქიკურად ნორმალურადაა განვითარებული, დუმს, მაგრამ მალე ერთბაშად ისე გამართულად იწყებს ლაპარაკს, რომ არაფრით ჩამოუვარდება თანატოლს, რომელმაც პირველი სიტყვები ერთი წლის ასაკში წარმოთქვა. მეტყველების დაუფლების ვადა და ტემპი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და იმაზე, რა გზით მიდის მისი მეტყველების განვითარება. ცნობილია, რომ მეტყველების განვითარებას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: სიტყვის პასიური დაუფლება (მეტყველების გაგება) და სიტყვის აქტიური დაუფლება (ლაპარაკი). პასიური მეტყველება, ჩვეულებრივ, უსწრებს აქტიურს. 10-12 თვის ბავშვებს უკვე კარგად ესმით ცალკეული საგნებისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსი. ხშირად მშობლებს აოცებთ, აღიზიანებთ და აშფოთებთ კიდეც ბავშვის საქციელი: „ყველაფერი ესმის, თქმით კი არაფერს ამბობს!“ გარკვეულ დრომდე იმ სიტყვების რაოდენობა, რომლებიც ბავშვმა იცის, საგრძნობლად ჭარბობს წარმოთქმული სიტყვების რაოდენობას. ზოგ ბავშვს „დუმილის“ პერიოდი საკმაოდ დიდხანს უგრძელდება. ზოგი, როგორც აღვნიშნეთ, ორ წლამდეც არ იღებს ხმას, თუმცა ყველა ის სიტყვა, რომელსაც კი უფროსები მასთან ურთიერთობისას იყენებენ, კარგად ესმის. ასეთ დროს ის ან დუმს, ან უმარტივესი ბგერებით რეაგირებს უფროსების ნათქვამზე. მიუხედავად ამისა, თუ ასეთი ბავშვი ნორმალურ პირობებში ცხოვრობს, მეტყველება მაინც უვითარდება და აქტიურ მეტყველებაზე, წესისამებრ, მკვეთრად და მოულოდნელად გადადის. ასეთი ბავშვები ხშირად სამი წლის ასაკში ეწევიან და უსწრებენ კიდეც განვითარებით მათ, ვინც 10 თვის ასაკში ამოიდგა ენა. თუ ბავშვს ესმის მისკენ მიმართული მეტყველება, თუ უფროსები ყველა პირობას უქმნიან ნორმალური განვითარებისთვის, ადრე თუ გვიან ის დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ როდის დადგება ეს მომენტი, ბევრადაა დამოკიდებული მშობლებზე.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამეტყველებაში?

ადრეული ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარება რთული ფსიქოლოგიური პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებთან, მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასა და მრავალ სხვა ფაქტორთან, ამიტომ მშობლების მთავარი შეცდომაა საკუთარი შვილის წარმატებების შედარება სხვა ბავშვების წარმატებებთან. ყველაზე მკაცრი მშობლებიც კი ვერ შეძლებენ, ბავშვი ძალდატანებით აალაპარაკონ, დახმარება კი ნამდვილად შეუძლიათ.

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის ბავშვის ამეტყველების ხელშესაწყობად

 

  • ბავშვის მეტყველების განვითარების უპირველეს პირობას მეტყველებითი ურთიერთობა წარმოადგენს. ამასთან, სასურველია, ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდშივე დაიწყოს. დადგენილია, რომ, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მოყოლებული, ბავშვს ესმის ყველაფერი, რასაც დედა ეუბნება. თუ ამ დროს დედა სწორად იმოქმედებს და პატარასთან კონტაქტის დამყარებას შეძლებს, ეს სასიკეთო გავლენას მოახდენს ადრეულ ასაკში ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, რაც, თავის მხრივ, მის ფსიქიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

აუცილებელია, განვითარების ადრეულ ეტაპზე რაც შეიძლება ხშირად ვესაუბროთ ბავშვს, ვუკითხოთ წიგნები, შევაქოთ, თუ შევამჩნიეთ, რომ სიტყვების გამეორებას ცდილობს.

  • აუცილებელია, ბავშვთან მეტყველებითი ურთიერთობისას საგნები თავისი სახელებით მოვიხსენოთ. მაგალითად, მანქანა და არა „პიპია“, პური და არა „ბაბა“, კანფეტი და არა „კაკა“, ძაღლი და არა „აუა“ და ა.შ.
  • ვესაუბროთ ბავშვს მოკლე წინადადებებით და წინადადებებს შორის შევისვენოთ. ნუ ვილაპარაკებთ სხაპასხუპით.
  • საგნების დასახელებისას აუცილებელია ვუჩვენოთ ისინი, სურათზე მაინც.
  • ნუ ვასწავლით ბავშვს იმ სიტყვის წარმოთქმას, რომლის მნიშვნელობაც არ ესმის და ვერც გაიგებს, სანამ ამ სიტყვით აღნიშნულ საგანს არ დაინახავს.
  • მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე სიტყვა მრავალჯერ გავიმეოროთ, სანამ პატარა არ დაიმახსოვრებს და არ წარმოთქვამს მას.
  • არ ველაპარაკოთ ბავშვს, თუ თავად არ სურს ან დაიღალა.
  • ვერიდოთ ბავშვის კითხვების იგნორირებას, ვუპასუხოთ სრულად, მშვიდად და გასაგებად, ისე, რომ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას ჩასწვდეს.
  • თუ ბავშვი შეცდომით წარმოთქვამს სიტყვებს, შევუსწოროთ ფრთხილად, უკმაყოფილების გამოხატვის გარეშე, რათა არ დაკარგოს ლაპარაკის სურვილი, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, არ შეწყვიტოს ახალი სიტყვების სწავლა. შეცდომების გამო კრიტიკამ და უფროსების უკმაყოფილებამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნევროზულ რეაქციებს. გავითვალისწინოთ, რომ პატარები ვერ იტანენ მარცხს. მშობლების რეაქცია ბავშვის მეტყველებაზე უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული, გარემო – თბილი, კეთილგანწყობილი.
  • ნუ ვეცდებით, უსიტყვოდ ამოვიცნოთ ბავშვის სურვილები და მივცეთ ყველაფერი, რაზეც კი ხმის ამოუღებლად მიუთითებს. მეტყველების განვითარება შესაძლოა შეფერხდეს, თუ ბავშვი არ დგას ამეტყველების აუცილებლობის წინაშე, თუ მისი უსიტყვოდაც ესმით და მის ყველა სურვილს ხვდებიან.
  • ვერიდოთ ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარს – მას უფროსებისგან სწორად წარმოთქმული სიტყვები უნდა ესმოდეს. ნუ მივბაძავთ ბავშვს სიტყვების არასწორად წარმოთქმაში.
  • ბავშვთან ურთიერთობისას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები უშუალოდ ბავშვისკენ უნდა იყოს მიმართული და შესაბამისი ემოციებიც ახლდეს თან.
  • მეტყველების განვითარების პროცესში ტელევიზორისა და კომპიუტერის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად სასურველია, ბავშვი მაქსიმალურად მოვარიდოთ მათ. ტელეეეკრანიდან გაგონილი სიტყვები ბავშვზე სათანადო გავლენას ვერ ახდენს და მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს მეტყველების განვითარებაში. ადრეული ასაკის პატარები ტელეეკრანიდან გაგონილს არ აღიქვამენ როგორც პირადად მათკენ მიმართულს და ეს სიტყვები ვერ ერთვება მათ პრაქტიკულ აქტივობაში, რჩება მხოლოდ ეკრანზე მოციმციმე მხედველობითი სტიმულების ფონად, ამიტომ განსაკუთრებით გულსატკენია, რომ დღეს ბავშვების უმრავლესობა ტელევიზორისა და კომპიუტერთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მშობლებთან საუბარში. პატარები ვერ აღიქვამენ საეკრანო მეტყველებას, ვერ გამოყოფენ ცალკეულ სიტყვებს, არ ესმით დიალოგი. საუკეთესო ტელეგადაცემებიც კი ვერ შეცვლის მშობლებთან ურთიერთობას. ბავშვის მეტყველების განვითარებას მხოლოდ ცოცხალი, უშუალო, ხარისხიანი მეტყველებთი ურთიერთობა უზრუნველყოფს.

* ცნობილია, რომ მეტყველების განვითარება უშუალო კავშირშია ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებასთან. ხშირად უფროსები სიჩქარის ან მოუცლელობის მომიზეზებით თვითონვე ალაგებენ მიმოფანტულ სათამაშოებს, აჭმევენ, აცმევენ ბავშვს, უკრავენ ღილებს, თასმებს. არ ჰყოფნით მოთმინება, პატარას მიანდონ ეს ყველაფერი. კარგი იქნება, თუ ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნებთ წვრილი მოტორიკის განვითარებაზეც, გამოვუმუშავებთ ბავშვს თვითმომსახურების ჩვევებს, რათა დამოუკიდებლად ჩაიცვას, შეიკრას ღილები, თასმები. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარება დადებითად აისახება მეტყველების განვითარების პროცესზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნუ დავივიწყებთ, რომ მეტყველება ბავშვის ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია – მასზე აისახება ბავშვის ყველა მიღწევა და სირთულე. მეტყველების განვითარებაზე ზრუნვა მომავალში მრავალი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და წარმატების საწინდარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი