შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რაზე მიუთითებს დემოგრაფიული მაჩვენებლები და როგორ წავიკითხოთ მოსახლეობის პირამიდა

რა უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის შესახებ და როგორ უნდა შევასწავლოთ ეს საინტერესო თემა მოსწავლეებს? ძნელი სათქმელია, რა კუთხით ჯობს ამ საკითხის შესწავლა, რადგან მოსახლეობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია, საჭიროასპექტი შეარჩიო. ჩვენ ზოგადი საფუძვლებით დავიწყებთ.

ძირითადი ცნებები, რომლებიც უნდავიცოდეთ, არის:

  • შობადობა = დაბადებულთა რიცხვი1000 კაცზე;
  • სიკვდილიანობა = გარდაცვლილთა რიცხვი1000 კაცზე;
  • ბუნებრივი მატება = შობადობას-სიკვდილიანობა;
  • ჩვილ ბავშვთა მოკვდავობა = 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
  • ბავშვთა მოკვდაობა = 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
  • ნაყოფიერების/ფერტილობის ჯამური კოეფიციენტი = დაბადებულთა საშუალო რიცხვი ყოველ 1000 ქალზე;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა = იმ წლების საშუალო ოდენობა, რომლებიც მოსალოდნელია იცოცხლოს ადამიანმა.

თუ ყველა მონაცემი, გარდა უკანასკნელისა, მაღალია, ვსაუბრობთ განვითარებად ქვეყანაზე, თუ დაბალი – განვითარებულზე.

ამის საპირისპიროდ, თუ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, ეს შეიძლება იყოს განვითარებულობის მაჩვენებელი და პირიქით.

ამდენად, თითოეული ზემოთ მოყვანილი დემოგრაფიული მაჩვენებელი შეიძლება განვითარების ინდიკატორად გამოვიყენოთ, თუმცა ისინი ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მკაფიო, რადგან გვხვდება ანომალიებიც. ამის მაგალითად გამოდგება საქართველო, სადაც შობადობა დაბალია, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება განვითარებულ ქვეყნად.

ჩამოვთვალოთ ასეთი კანონზომიერების განმაპირობებელი ფაქტორები: დაზღვევა, განათლება, ტექნოლოგიური მიღწევები, ბავშვის აღზრდის ფასი (განათლება, ჯანმრთელობა, მშობლების მიერ მასთან გატარებული დრო), ვაქცინაცია, ქალთა სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი (სოფელი/ქალაქი), მედიცინის მიღწევები, ჯანდაცვის სისტემა, რელიგია…

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ქვეყნების მახასიათებელია დაბალი შობადობა, სიკვდილიანობა, ჩვილთა და ბავშვთა მოკვდავობა, ნაყოფიერების კოეფიციენტი და მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდაარის სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც ასახავს მოსახლეობის სურათს კონკრეტული წლისთვის.

განვითარებად რეგიონებში – ისეთებში, როგორებიცაა აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა და ოკეანეთი – პირამიდები შეიძლება სხვადასხვა ტიპისა იყოს, მაგრამ სწორედ მათი ფორმის გამო ეწოდება ამ დიაგრამას პირამიდა.

მნიშვნელოვან მახასიათებლებად შეიძლება მივიჩნიოთ მოსახლეობის სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა, მისი გავრცელება დედამიწაზე. ყველაზე ნათლად მოსახლეობის სტრუქტურა გრაფიკულად სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდებით გამოისახება. მასზე თითოეული სქესის ყოველი (ძირითადად – 5-წლიანი) ასაკობრივი ჯგუფი გამოსახულია ვერტიკალური ღერძიდან ორივე მიმართულებით მიმავალი ჰორიზონტალური სვეტებით. მიღებულია, რომ გრაფიკზე მარცხნივ მამაკაცები გამოვსახოთ, ხოლო მარჯვნივ – ქალები. ვერტიკალურ ღერძზე ან ასაკი მოინიშნება (პირველი პირამიდა), ან ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი დაბადების თარიღი (მეორე პირამიდა). რაც შეეხება ჰორიზონტალურ ღერძს, მასზე ან მოსახლეობის პროცენტები, ან აბსოლუტური მაჩვენებელია გამოსახული.

იმისთვის, რომ გავარჩიოთ, სახელდობრ რატიპისინფორმაციააასახულიმოსახლეობის პირამიდაზე, ყურადღებით უნდაწავიკითხოთ მინაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი გააანალიზება.

ანალიზისთვის კი საჭიროა, გამოსახული ინფორმაცია ნაწილებად დავყოთ და ყურადღება თითოეულ ელემენტზე გავამახვილოთ.

ძირითად ელემენტებად შეიძლება მივიჩნიოთ ფუძე, გვერდები და კენწერო.

თუ შევხედავთ პირველ პირამიდას და დავფიქრდებით, რას ასახავს იგი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა გაიზრდება. რატომ? იმიტომ, რომ თუ პირამიდის ფუძე განიერია; ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში მყოფი მოსახლეობის რიცხვი დიდია და იზრდება, რადგან ქვედა ასაკობრივი ჯგუფი კიდევ უფრო განიერია. სწორედ ეს ჯგუფია, რომელსაც შეუძლია გამრავლდეს. პირამიდის გვერდები შეზნექილია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რაც უფრო განიერია საფეხური თითოეულ ხუთწლიან ასაკობრივ ჯგუფს შორის, მით მაღალია სიკვდილიანობა – სავარაუდოდ, მოსახლეობის ეს ნაწილი შემდგომ ასაკობრივ ჯგუფამდე ვერ აღწევს. ვიწრო კენწერო კი მიუთითებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აღწევს ხანდაზმულ ასაკს. ამრიგად, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა განვითარებადია.

ნახ.1. ნახ.2.

თუ მეორე პირამიდას შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ბუნებრივი მატება დაბალია. რატომ? პირამიდისფუძე ვიწროა, რაც დაბალი შობადობის მაჩვენებელია, ხოლო ის, რომ ყოველი ხუთწლიანი ჯგუფის შემდეგ პირამიდის საფეხურები არ ვიწროვდება, დაბალ სიკვდილიანობაზე მიუთითებს. ისინი არათუ არ ვიწროვდება, არამედ პირველი 15 წლის განმავლობაში ყოველი წინა ასაკობრივი ჯგუფი მომდევნოზე ვიწროა. მაშასადამე, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი უფრო მცირეა, ვიდრე 5-დან 9 და 10-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები, რაც არა მატებაზე, არამედ მოსახლეობის კლებაზე მიუთითებს.

გვერდები ჩაზნექილი არაა, პირიქით, შუა ასაკობრივ ჯგუფებში ის ამოზნექილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილიანობა დაბალია და მოსახლეობის ქვედა ასაკობრივი ჯგუფი თავისუფლად გადადის შემდეგში და რომ წინა წლებში ეს ასაკობრივი ჯგუფი უფრო მრავალრიცხოვანიც კი იყო. პირამიდისკენწეროში ფართო სვეტები კი იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია და ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში – მნიშვნელოვანი, რაც ჯანდაცვის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. ამ ტიპის პირამიდა შეიძლება ჰქონდეს აშშ-სა და კანადას, ჩრდილოეთი, ცენტრალური, დასავლეთი და სამხრეთი ევროპის ქვეყნებს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და იაპონიას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ პირამიდაზე განვითარებული ქვეყანაა გამოსახული.

გარდა ამ სამი ძირითადი ელემენტისა, ჩვენ შეგვიძლია, პირამიდებზე სხვა ინფორმაციაც ამოვიკითხოთ. ესენია ე.წ. ანომალიები, რაც ზოგადი ტენდენციიდან, კანონზომიერებიდან გადახვევას გულისხმობს.

ნახ.3. ბაჰრეინი, 2011

თუ ბაჰრეინის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ზემოთ განხილულთაგან განსხვავებული ფორმა აქვს და მისი გვერდები აშკარად სხვა მოხაზულობისაა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს გამოზნექა კაცების მხარეს. ეს შეიძლება აიხსნას მაღალი იმიგრაციით, განსაკუთრებით – შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებში. რაკი ვიცით, რომ ბაჰრეინი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არის მიგრაციული ნაკადი სწორედ ამ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ გამოზნექას ქალების ნაწილში, ეს იმით აიხსნება, რომ ქალთა შრომის ბაზარი ამ ქვეყანაში არ არის მიმზიდველი და ეს შედარებით მცირე ნამატი შესაძლოა მოდიოდეს სამუშაოს მაძიებელი მამაკაცების მეუღლეთა წილად, რომლებიც მათთან ერთად ჩამოვიდნენ ქვეყანაში.

ნახ.4. ჩინეთი, 2010

ჩინეთის მოსახლეობის პირამიდაც განსხვავდება დანარჩენებისგან, რადგან მასში ნათლად ჩანს ერთი შვილის პოლიტიკის (ანტინატალისტური დემოგრაფიული პოლიტიკა) შედეგები. ვხედავთ, რომ 40-იოდე წლის წინ მოსახლეობამ მკვეთრად დაიწყო კლება, რასაც 40-44 წლის ასაკობრივ ჯგუფზე ახალგაზრდებში შესამჩნევი შევიწროებით ვადგენთ. სწორედ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამკაცრდა დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიწყო მისი დანერგვა. თუმცა უცნაურია შემდგომი გაფართოება, რაც შეიძლება აიხსნას გაფართოებული აღწარმოების გამოძახილად, ანუ უკვე დაბადებულები იყვნენ, ხოლო 20 წლის შემდეგ ქორწინების ასაკში შევიდნენ და, შესაბამისად, ბავშვები იყოლიეს ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა. თუნდაც ერთი შვილის პოლიტიკის პირობებში აბსოლუტური რაოდენობა დიდი აღმოჩნდა და ამ პირამიდაზე 20-24-წლიანთა ასაკობრივმა ჯგუფმა გამოზნექილი ფორმა მიიღო. ამის შემდეგ კი შობადობის კლება გრძელდება.

ასევე არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ახალდაბადებულებსა და, საზოგადოდ, ახალგაზრდებში მამაკაცების რაოდენობა ქალებისას ბუნებრივზე მეტად აღემატება. ამის მიზეზი სწორედ ერთი შვილის პოლიტიკაა. ამგვარი შეზღუდვების პირობებში წყვილები ამჯობინებენ, ვაჟიშვილები იყოლიონ და ხშირია აბორტი სქესის შერჩევით. ტრადიციულ საზოგადოებაში ვაჟიშვილი ნიშნავს გვარის გამაგრძელებელს, ასევე – სიბერეში მშობლებზე მზრუნველს, რადგან მათ ცოლი ოჯახში მოჰყავთ, ხოლო გოგონები თხოვდებიან.

ნახ.5. გერმანია, 2000 წელი

მოსახლეობა მილიონებში

რა ანომალია შეიძლება დავინახოთ ამ პირამიდაზე? რა თქმა უნდა, ვიცით, რომ, საზოგადოდ, განვითარებულ ქვეყნებში ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისას ჭარბობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდ სხვაობაზეა საუბარი. ამის ახსნა შეიძლება მეორე მსოფლიო ომით, რომლის დროსაც უმთავრესად მამაკაცების გენოფონდი განადგურდა.

მგონია, რომ ამიერიდან მოსახლეობის პირამიდის გააანალიზებისას ყურადღებას მიაქცევთ მის ფუძეს, გვერდებს, სიმაღლეს, იფიქრებთ იმაზეც, იკვეთება თუ არა რაიმე ანომალია და შეეცდებით მის ახსნას. ინტერნეტით შეგიძლიათ არაერთი სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის მოძიება ამ საკითხებზე უკეთ სავარჯიშოდ. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება სხვადასხვა ტიპის ქვეყნების არჩევა, რათა ვარჯიში უფრო საინტერესოდ წარიმართოს.

გთავაზობთ ამავე თემაზე მომზადებულ ტესტურ დავალებას:

1. მოცემულია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდების სქემატური გამოსახულებები და მათი შესაბამისი ქვეყნების მოკლე დემოგრაფიული აღწერილობები. დაადგინეთ შესაბამისობა და შეავსეთ ქვემოთ მოცემული პასუხის ცხრილი:

ქვეყნის დემოგრაფიული დახასიათება:

  1. ქვეყანა ნულოვანი ბუნებრივი მატებით;
  2. ქვეყანა უარყოფითი ბუნებრივი მატებით;
  3. დადებითი მიგრაციის სალდოს მქონე ქვეყანა;
  4. ქვეყანა, რომელმაც სწრაფი ცვლილება განიცადა მაღალი ბუნებრივი მატებიდან დაბლამდე;
  5. ქვეყანა ყველაზე მაღალი ბუნებრივი მატებით;
  6. ქვეყანა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის შედეგია ასახული.

პასუხების ცხრილი:

პირამიდის ნომერი ქვეყნის დახასიათების #
A 4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი