პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ავსიტყვაობის აპოგეა

„– ჯემალ, სკრიპკა!

– იანგული, ლაწირაკო!

– ჯემალ, ქამო!

– იანგული, წუწკო ბერძენო!

– ჯემალ, წირპლიანო!

– პატარების ყოჩო!

– ვირისთავო!

– ვირის მწყემსო!

– გოგოების მაჩალკა!

– ხულიგანო!

– თბილისელო ჰარიფო!

– შენი დედა ვატირე, იანგული!

– იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!“

ალბათ ყველამ იცანით ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების, ბერძენი მერძევე ბიჭისა და პატარა მევიოლინის, სიტყვებით ფარიკაობის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში. წიგნებს რომ თავი დავანებოთ, თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ ასეთ ორთაბრძოლას სკოლის დერეფნებსა თუ ბნელ მოსახვევებში (მუშტებით საუბარს რომ უძღვის წინ, იმ ასაკის მოზარდებს ვგულისხმობ). საუკუნეები გადის, მაგრამ ავსიტყვაობას ვერ გადავეჩვიეთ. კარგად გაზეპირებული ლიტერატურული შედევრებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ურთიერთობის დროს სიტყვების შერჩევას ადამიანთა უმრავლესობა დიდ მნიშვნელობას ჯერ კიდევ არ ანიჭებს. პატარებს ისევ ძველებურად ვუჩიჩინებთ, რომ სიტყვაზე მჭრელი იარაღი არ არსებობს, რომ ენაზე „უტკბესი და უმწარესი“ ამქვეყნად არაფერია, ავსიტყვაობას ვგმობთ და უძვლო ორგანოს მომაჯადოებელ ძალასაც ვაღიარებთ, მაგრამ ეს ერთგვარი ლიტერატურული რწმენა მაინც წიგნებში გამოკეტილი რჩება, ცხოვრებისთვის ჯერ ვერაფრით მოგვირგია, ვერ შეგვისისხლხორცებია.

ჩვენს დროში ბავშვების თვითშეფასების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პიროვნება, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა აკლია, ვერაფრით მოიპოვებს საზოგადოების ნდობას და მოუწევს, მთელი სიცოცხლე უიღბლოს იარლიყი ატაროს. თვითშეფასების საძირკველი ბავშვობიდანვე უნდა გაამაგრო. ან კი როგორ მოახერხებ უცხო სოციუმში ორიენტირებას, თუ საკუთარი „ტრანსპორტის“ მართვა არ იცი?!

ალბათ ერთხელ მაინც შესწრებიხართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ყველაფრით დაღლილი დიასახლისისა და გაჭინჭყლებული ბავშვის ორთაბრძოლას (ვინ იცის, იქნებ ერთი მათგანი მეც ვიყავი… არავინ ისვრის უცოდველისთვის განკუთვნილ ქვას). შხამიანი სიტყვების მთელი კორიანტელი დგას: „გაჩუმდი! ხელი არაფერს ახლო! შენ ვინ რას გეკითხება?! ვერ ეღირსები!..“ მაღაზიაში, ქუჩაში, ტრანსპორტში, გასართობ ცენტრშიც კი ხშირად ხვდებიან პატარები ამ კატეგორიული და განუმარტავი აკრძალვების ქარცეცხლში. მე არც იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ პატარებს არაფერი უნდა აუკრძალო – პირიქით, ბავშვური ქაოსური ბუნების დასალაგებლად აუცილებელიც კია განსაზღვრული წესების დაწესება და დაცვა, მაგრამ არა დიქტატურული აგრესიის ფონზე.

აღზრდის ყოველ ეტაპზე ვაწყდებით სირთულეებს. მართალია, უკიდეგანო სიჯიუტით, ცნობისმოყვარეობითა და ენერგიით დაჯილდოებულ პატარებს ყველაზე ხშირად გამოვყავართ წყობიდან, მაგრამ მთავარ ადამიანებად მათთვის მაინც მშობლები რჩებიან და განხეთქილების საშიშროებაც ნაკლებია. თინეიჯერებთან კი საქმე სხვაგვარადაა. მათ გაზაფხულში თავისუფლების სურნელი ტრიალებს, მათი იდეალების ჰორიზონტი ჩვენს ცას სცდება. სწორედ აქ იწყება „საკუთრებისთვის“ ბრძოლა და მეტოქეები ავსიტყვაობის ქარცეცხლში ეხვევიან. აქვე მაგალითად მოვიყვან რამდენიმე მომწამლავ ფრაზას, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ შვილებთან კამათის დროს. არადა, მათგან მიყენებული ჭრილობები შეიძლება მოუშუშებელ იარებად იქცეს.

 

დაუჩქარე!

ცხოვრების ტემპის აჩქარებამ ადამიანის ნერვულ სისტემას თავისი დაღი დაასვა. საითაც გაიხედავ, ყველას ეჩქარება, საქმე ყოველთვის მოსწრებაზეა და არასდროს ილევა. სასურველი ტემპის ბავშვებისთვის თავს მოხვევა თითქმის შეუძლებელია – ისინი ხომ ბუნებით დამკვირვებლები არიან. ფსიქოლოგების აზრით, თუ ბავშვს ხშირად გავუმეორებთ, რომ უნდა იჩქაროს, ის წარმოიდგენს, რომ ხელს უშლის უფროსებს და ერთხელაც პროტესტს ყველაზე არასასურველი ფორმით გამოხატავს.

 

თავი დამანებე!

ხელს ნუ მიშლი! შემეშვი! რამდენჯერ შეიძლება შემაწყვეტინო?! – ასეთი ფრაზები პატარებს ზედმეტ ბარგად აგრძნობინებს თავს. დაუმატეთ ამას ცივი და კატეგორიული ტონი, გამჭოლი მზერა და არასრულფასოვნების შეგრძნებით მოწამლული მოზარდიც სახეზეა.

ნერვებს ნუ მიშლი! შენ მე გულს გამიხეთქავ!

ასეთი ფრაზებს უფროსები ხშირად იყენებენ ბავშვებით მანიპულირებისთვის. თუ ამ შინაარსის მესიჯებს პატარებისკენ ხშირად გაუშვებთ, მათში აუცილებლად გაიღვიძებს დანაშაულის გრძნობა – ერთხელაც დაიჯერებენ, რომ მშობლების კარგად ყოფნა-არყოფნა მათი დამსახურება თუ დანაშაულია. ამასთან, ასეთი რეპლიკებით „შემზადებული“ ბავშვები ყურადღებას აღარ აქცევენ რეალურ საფრთხეს, სინამდვილესთან შეჯახების შემდეგ კი მშობლების ავადმყოფობა მათ სინდისს მძიმე ლოდად აწვება.

ახლავე გაჩერდი!..

წამით წარმოიდგინეთ, რომ მახლობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს იმავე ტონით ეუბნებით ზემოხსენებულ სიტყვებს, როგორითაც ბავშვს, რომელიც ამის გაგონებისას თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ ვერ ხვდება, რა დააშავა. ამიტომ პროტესტიც გარდაუვალია, მაგალითად, ბავშვი სკამზე ზის და უდარდელად ირწევა, სკამი ჭრიალებს, თქვენ ყოველგვარი განმარტების გარეშე წამოისვრით „ჯადოსნურ ფრაზას“… სავარაუდოდ, ბავშვი სკამს უფრო ხმამაღლა ააჭრიალებს.

სულელი (ზარმაცი, ჯიუტი…) ხარ!

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არასასურველი ქცევის დროს ბავშვი კი არა, მისი საქციელი შევაფასოთ, რადგან ინდივიდისა და ქცევის ერთმანეთისგან გამიჯვნა არასასურველი ქცევის აღმოფხვრის მთავარი ელემენტია. თუ ბავშვს ხშირად გაუმეორებთ, რომ ზარმაცია, მიიღებთ სუსტი ნებისყოფის, საკუთარ თავში დაეჭვებულ მოზარდს, რომელსაც იმუნიტეტივით აქვს დაქვეითებული წინსვლისა და განვითარების სურვილი და ფარად თვითშეფასების რუკაზე თქვენივე ხელით ამოგვირისტებულ იარლიყს იყენებს.

 

კარგი ბავშვები ასე არ იქცევიან!

დავიწყოთ იმით, რას ნიშნავს „კარგი ბავშვი“. ყველა მშობელს შეფასების საკუთარი კრიტერიუმები აქვს. ამიტომ როგორც კი მოზარდი მის („ცუდი ბავშვის“) მსგავს, მაგრამ დადებითი შეფასებით დაჯილდოებულ თანატოლს შეხვდება, მაშინვე თავზე დაემხობა ქცევის წესებსა თუ ადამიანურ ურთერთობებზე წლობით ნაშენები წარმოდგენების ხუხულა. ისევ ზემოხსენებულ ოქროს წესთან მივედით, ქცევისა და პიროვნების განცალკევებისკენ რომ მოგვიწოდებს.

 

თუ ასეთი რამ განმეორდა, მიიღებ!

თუ ამ მუქარას ხშირად გამოიყენებთ, ადრე თუ გვიან თავგადასავლების მაძიებელს მიიღებთ. მოზარდები მუდმივ შიშში ცხოვრებას მასთან ბრძოლას ამჯობინებენ. განზრახ აღიზიანებენ მშობლებს, მოითხოვენ მუქარის განხორციელებას ან სხვადასხვა ხერხით თავადვე ისჯიან თავს. გავა ხანი და, ცეცხლთან თამაშს შეჩვეულები, რეალურ საფრთხესაც არად ჩააგდებენ.

 

აჰა, აიღე, ოღონდაც დამშვიდდი!

არაერთი მშობელი გამხდარა ბავშვური ჭირვეულობის მსხვერპლი. ოღონდ პატარამ არ იტიროს და ყველაფერზე თანახმა ვართ, ისინი კი ამ იარაღს ოსტატურად იყენებენ. მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს?! თუ ბავშვი მხოლოდ ამ გზით მიიღებს სასურველს, უფრო ხშირად გამართავს „წარმოდგენებს“ უფროსებისთვის არასასურველ დროსა და ადგილას.

 

სისულელეა, ამაზე ნერვიულობა არ ღირს!

ხშირად პატარების პრობლემებს არასერიოზულად აღვიქვამთ, მათი განცდები გადაჭარბებული გვეჩვენება, არადა, მეგობართან უთანხმოება, დაუმსახურებელი დაცინვა თუ არასასურველი მეტსახელი ხშირად გადაულახავ ბარიერად იქცევა და აფერხებს სოციალიზაციის პროცესს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ბავშვებს გამუდმებით დავარწმუნებთ, რომ მათი ნერვიულობა უსაფუძვლოა, ერთხელაც თავიანთ გულისტკივილს აღარ გაგვიზიარებენ. აი, ამაზე ნერვიულობა კი ნამდვილად ღირს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი