ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ნორვეგიული მუსიკალური ზღაპარი   (II ნაწილი)

აქ, ამ ზღაპრულად ლამაზ მხარეში, მდიდარი კულტურული ტრადიციების ქალაქ ბერგენში, დაიბადა 1843 წლის 15 ივნისს დიდი კომპოზიტორი ედვარდ გრიგი. როგორც იმხანად იყო მიღებული, შეძლებულ ოჯახებში ბავშვებს ჩვილობიდანვე აზიარებდნენ მუსიკას. სწორედ დედამ, თავისი დროის საუკეთესო პიანისტმა, შეაყვარა და შეასწავლა მუსიკა მომავალ კომპოზიტორს. პიანინოს პირველად ოთხი წლისა მიუჯდა, ხოლო ათი წლის ედვარდისთვის მუსიკა უკვე ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყო. ბავშვის ნიჭიერება დედასთან ერთად „ჩრდილოელმა პაგანინიმ“ – პაგანინის მოსწავლემ, კომპოზიტორმა და მევიოლინე ულე ბულიმაც შეამჩნია და იწინასწარმეტყველა, ეს ბავშვი თავისი მუსიკით ნორვეგიას ასახელებსო. მისი რჩევით, ედვარდმა მუსიკალური განათლების მიღება ლაიფციგის კონსერვატორიაში განაგრძო. ლაიფციგმა მას უზარმაზარი მუსიკალური სამყარო გადაუშალა თვალწინ.

სწავლის პერიოდში გრიგი თანამედროვე კომპოზიტორების მუსიკას ეცნობოდა, რომელთა შორის ყველაზე მეტად შუმანსა და შოპენს აფასებდა. უნდა ითქვას, რომ ელეგიური განწყობილებების გადმოცემით გრიგი შუმანს ენათესავება. ამავე დროს, გრიგის მიერ დამუშავებულმა ჰარმონიულმა თავისებურებებმა და თავისუფალმა მოდულაციებმა მხოლოდ სკანდინავიური მუსიკა კი არ გაამდიდრა ახალი გამომსახველობითი ხერხებით, არამედ ევროპულ მუსიკაზეც (მათ შორის – იმპრესიონისტების შემოქმედებაზეც) მოახდინა გავლენა.

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მუშაობის სურვილით ანთებული გრიგი მშობლიურ ბერგენს დაუბრუნდა, მაგრამ ამ ქალაქის სუსტად განვითარებულმა მუსიკალურმა კულტურამ ვერაფერი მისცა ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსს. ედვარდი ხელოვნებაში ახალ გზებს ეძებდა. ამიტომაც აღმოჩნდა კოპენჰაგენში, მაშინდელი სკანდინავიის მუსიკალური ცხოვრების ცენტრში.

სიჭაბუკის წლებში კომპოზიტორი ნორვეგიულმა ნაციონალურმა ეპოსმა და ფოლკლორმა გაიტაცა. მომავალში ეს გატაცება გამომჟღავნდა მის ყოველ ნაწარმოებში: ნორვეგიული თვითმყოფადობა, სკანდინავიური რომანტიკა იქცა გრიგის მუსიკის განმასხვავებელ ნიშნად, მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათად. ნორვეგიელი ხალხის ხასიათით, მათი სულიერი მისწრაფებებითა და ინტერესებით განმსჭვალული კომპოზიტორი მუსიკაში მკაფიოდ ხატავს ეროვნულ ტიპებს, ხალხური პოეზიისა და ბუნების სახეებს. მისმა მუსიკამ შეიწოვა ყველაფერი, რითაც მდიდარია ამოუცნობი, ზღაპრული სკანდინავია. გრიგი ხალხურ შემოქმედებას თავის შთაგონების წყაროდ მიიჩნევდა: „სამშობლოს ხალხურმა სიმღერებმა მდიდარი საგანძური მიძღვნა და შევეცადე, ამ განძისგან, ნორვეგიული სულის ამ უსაზღვრო წყაროსგან, ეროვნული ხელოვნება შემექმნა“, – წერდა ის. კომპოზიტორის თავდაუზოგავ ძალისხმევას მუსიკაში ნორვეგიული საწყისის განვითარება მოჰყვა.

norv1

მშვენიერი, ამაღელვებელი და ფილოსოფიური ჩრდილოური ლეგენდა, დრამა „პერ გიუნტი“, მოგვითხრობს ლამაზ და გულად, დაუდგრომელ, დაუოკებელ მეოცნებე და თავგადასავლების მაძიებელ პერ გიუნტზე. პერი ოცნებებში თავს ზღაპრის გმირად, უფლისწულად ხედავდა. ირგვლივ მყოფები მას მოსულელო ტრაბახად მიიჩნევდნენ, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, მის მიერ შეთხზული არარეალური სამყაროს არსებობისა რომ სჯეროდათ. პერი თავადაც ვერ ასხვავებდა ერთმანეთისგან ოცნებასა და სინამდვილეს. ის პოეტი იყო და არა ფუქსავატი ყბედი – პოეტური ნიჭი და ფანტაზიაც ხომ „არარსებულის“ „არსად“ ქცევით გამოვლინდება, გამოგონილ ამბავს სიცოცხლე რომ უნდა შთაბეროს. პერს არაფერი (პოეზია ხელოვნებისთვის) შეუქმნია, მან იცხოვრა საკუთარი პოეზიით.

ამ მეზღაპრის სულში ყველაზე ძვირფასი დედისა და გოგონა სოლვეიგის (მისი სახელი ნორვეგიულად „მზიურ გზას“ ნიშნავს) სიყვარულია, მაგრამ სახელისა და სიმდიდრის წყურვილი ამ გრძნობასაც სძლევს.

ერთ დღეს, მეგობრის ქორწილში, პერი მშვენიერ და მოკრძალებულ სოლვეიგს გაიცნობს და ერთი ნახვით შეუყვარდება. სოლვეიგს პერის ახირებული ხასიათი აფრთხობს, მაგრამ სიყვარული უკვე მის სულშიც ჩასახულა. ამავე ქორწილში პერს ჩხუბში ჩაითრევენ. ოინების მოყვარული ბიჭი არეულობაში მოულოდნელად თანასოფლელის საცოლეს გაიტაცებს. განრისხებული საზოგადოება პერს სოფლიდან გააძევებს. ტყეში გახიზნულს, დედა ამცნობს, რომ, თანასოფლელების გადაწყვეტილებით, ის შინ ვეღარ დაბრუნება. პერი იძულებულია, მიატოვოს მშობლიური მხარე.

სამშობლოდან გამგზავრების წინ ის მომაკვდავ დედას ეთხოვება, უზის სასთუმალთან და ლამაზ ზღაპარს უყვება. ჯადოსნური ოცნებით ბედნიერი ოსე შვილის ხელებზე დალევს სულს.

ხალხური წყაროდან ამოზრდილი პიესა აუჩქარებლად, მწუხარე და მკაცრი მელოდიით (andante doloroso) იწყება. მელოდიური ხაზი მძიმედ ვითარდება. პიესაში მონოტონური და თითქოს შეზღუდული რიტმული მონახაზი დინჯ სამგლოვიარო სვლაში გადაიზრდება. აკორდული ფაქტურა საეკლესიო გუნდის ჟღერას მოგვაგონებს.

ორკესტრის წყალობით პიესას გულში ჩამწვდომი ხმოვანება აქვს. კომპოზიტორმა შეარჩია არა სასულე (სამგლოვიარო სვლის დროს რომ ირჩევენ), არამედ ყველაზე თბილი, მღერადი ტემბრის სიმებიანი საკრავები.

„პერ გიუნტის“ პრემიერის შემდეგ ნორვეგიული გაზეთები წერდნენ: „ოსეს სიკვდილი“ პატარა სიმფონიური შედევრია. მუსიკა მსმენელზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს გასაოცარი უბრალოებითა და გულწრფელობით გამოხატული მწუხარებითა და ტკივილის სიძლიერით“.

ეს 45–ტაქტიანი მინიატურა ამაღლებული სილამაზით, თავშეკავებითა და ლაკონიურობით აღსავსე ნამდვილი პოეტური ეპიტაფიაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი