პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოტივაცია და შთაგონება, გაკვეთილი – როგორც ჰიპნოტური სტიმულაცია

«Есть речи — значенье
Темно иль ничтожно,
Но им без волненья
Внимать невозможно.»

ალბათ, ყველას გვახსოვს ისეთი გაკვეთილი ან ლექცია, რომლის დასრულებამ გული დაგვწყვიტა და ჰიპნოზური სეანსივით მომნუსხველად იმოქმედა ჩვენზე. მათ შემოქმედთა დადებით გავლენას კი ცხოვრებაში ბევრჯერ უჩენია თავი. ალბათ, ამიტომაც წერდა უილიამ არტურ ვორდი: „სუსტი მასწავლებელი ჰყვება, კარგი ხსნის, საუკეთესო წარმოგვიდგენს, განსაკუთრებულები კი შთაგვაგონებენო“. მართლაც, განათლებაში შთაგონება პროდუქტიულობის  განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია, ისევე, როგორც თანამედროვე სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მოწაფეთა მოტივაცია, რომლის შექმნისთვის ფსიქოლოგები წამყვან ფაქტორად  სწორედ შთაგონებას განიხილავენ.

მოტივს ფსიქოლოგიაში ნებისმიერი მოქმედების საბუთსა თუ საფუძველს უწოდებენ. მოტივაცია კი ნებელობის აქტის წინაპირობად მიიჩნევა, რადგან ისეთნაირად ცვლის  ქცევას, რომ იგი სუბიექტისთვის მისაღები ხდება. დიმიტრი უზნაძის თანახმად, ასევე განუზომელი მნიშვნელობა აქვს განწყობას, რომელსაც ან მოთხოვნილების სიტუაცია იწვევს, ან წარმოსახვითი, აზრითი სიტუაცია, მაგრამ მოქმედების განწყობას შესაძლოა სხვა რაიმეც ქმნიდეს და ეს, პირველ რიგში, შთაგონებაა (უზნაზე, 1940:230). მაშასადამე, მოსწავლეთათვის მოტივაციის შესაქმნელად აუცილებელია მათი  შთაგონება,  ხოლო თუ რა არის იგი და როგორ შეიძლება მისი გამოწვევა, ამის შესახებ უფრო ვრცლად   – ქვემოთ.

შთაგონების თავდაპირველ, ვიწრო გაგებას მისი ძილში ნათქვამი ჰიპნოტური  ხასიათი განაპირობებდა, ამიტომ ერთი ადამიანის მეორეზე ზემოქმედებას შთაგონებას უწოდებდნენ და განასხვავებდნენ ჰიპნოტურს, პოსტჰიპნოტურსა თუ სიფხიზლეში მიღებულ შთაგონებას (Stern, 1897; უზნაძე,1940:230). უფრო ფართო გაგებით კი შთაგონება აზრებისა და ემოციათა მაღალი გრძნობების ან აქტივობისკენ მომართვაა[1], ასევე სტიმულირება შემოქმედებისათვის[2], იმპულსი გამოწვევისთვის (Hart, 1998) და იგი პოზიტიური ფსიქოლოგიის[3] ერთ-ერთ ქვაკუთხედად მოიაზრება. შთაგონება, ანუ ინსპირაცია იმ ფაქტორთა რიგში დგას, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობასა და ღირებულებას ანიჭებს, ხოლო მის მისაღებად და გადასაცემად, ამავდროულად, შესაბამისი  სივრცის შექმნისათვის, საჭიროა ვიცნობდეთ წინაპირობებს. ესენია: 1. ემოციური სიტუაცია; 2. სუბიექტის ინფორმირება უცხო, ახალი, საინტერესო ცნობებით, ანუ დაინტერესება და 3. პიროვნების ერთგვარი სუგესტიური ნიშა, რაც ნიშნავს, რომ ვიყოთ შთამგონებლური. უზნაძის თანახმად, სუგესტივობის გარეშე მჭრვრმეტყველებაც კი ვერ მოიტანდა  სათანადო ეფექტს და ვერც გარეგნობის ზოგიერთი ხელსაყრელი თვისება, რომელსაც სუგესტივი სუბიექტის ხელში სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა (უზნაზე, იქვე, 232). მაშასადამე, შთაგონება ისეთი მოვლენაა, როდესაც ადამიანი არა თავისი ნებელობის, არამედ სხვისი ზეგავლენის მიხედვით მოქმედებს და, ამავე დროს, ისეთი განცდა აქვს, თითქოს თავისი საკუთარი სურვილის თანახმად და არა რაიმე უცხო იმპულსით მოქმედებდეს.  შთაგონებული ქცევისას სუბიექტი ვერ გრძნობს, რომ მის ქცევას სხვისი ნებისყოფა წარმართავს. დეილ კარნეგის რჩევით, ერთადერთი გზა ვინმეს დასარწმუნებლად რაიმე გააკეთოს, ის არის, რომ უბიძგო, ამ საქმის გაკეთება მოუნდეს. იგი მკვეთრად ემიჯნება იძულების ხერხებს და მეთოდებს მათი არასასურველი შედეგების გამო. „ერთადერთი ხერხი, რომლითაც რაღაცის გასაკეთებლად შემიძლია დაგარწმუნოთ – ესაა იმის შემოთავაზება, რაც თქვენ გსურთ“, – აცხადებს იგი.

რადგან „თითოეული ჩვენგანის მოქმედების მიზეზი დიდ ადამიანად ყოფნისა და საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნების სურვილია“ (ფროიდი), ამიტომაც მნიშვნელოვნია გულწრფელი ინტერესის გამოჩენა მოწაფეთა მიმართ, ყურადღებით მოსმენა, მათთვის თავიანთ თავზე საუბრის საშუალების მიცემა, ინტერესების გათვალისწინება, კამათში დათმობა, აზრის პატივისცემა, გულწრფელი დაფასება და შექება, ღიმილი, სახელით ხშირად მიმართვა. სხვანაირად, შთაგონების თეორიული ახსნის ტრადიცია, პრაქტიკულად, არ არსებობს. ის კი ცნობილია, რომ შთაგონების საშუალებით ადამიანს შეიძლება გავუჩინოთ დადებითი ან უარყოფითი ილუზიები, ჰალუცინაციები; რომ ჰიპნოზის დროს ფსიქიკაში ხდება შთაგონების შენახვა სიფხიზლის დათქმულ მომენტამდე. ინსპირირებულ ქცევასაც ფსიქიკა ასრულებს ისე, რომ ამ დროს ქცევის რეალური მოტივი გაუცნობიერებელი რჩება. სხვათა შორის, ცნობილია ჰიპნოტური შთაგონებით ადამიანის პულსის, გულისცემის, სუნთქვის, ჯირკვლების სეკრეციის თუ სხვა სომატური პროცესების რეგულაციის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს, რომ სომატური პროცესები არაცნობიერი ფსიქიკის მიერ იმართება.

ფსიქოლოგიაში არსებობს თვითშთაგონებაც (ავტოსუგესტია), რომლის საფუძველია რისამე ძლიერი სურვილი ან შიში (უზნაძე, იქვე, 232) და რომლის დროსაც  ადამიანი შთააგონებს საკუთარ თავს აზრს, ემოციას, განწყობას, რომლებიც მის ფსიქო-სომატურ პროცესებს და ქცევას წარმართავს. ნებისმიერი თვითშთაგონება გულისხმობს ყურადღების კონცენტრაციას და ემოციისგან გათავისუფლებას ( Coué, 1922:19). ფრანგმა ფარმაცევტმა და მეცნიერმა ქუემ დაკვირვებების საფუძველზე შექმნა ფსიქოთერაპიული დახმარების სისტემა, რომელსაც უწოდა “ცნობიერი თვითშთაგონების გზით საკუთარი თავის ფლობის სკოლა”. ქუეს მიაჩნდა, რომ შთაგონებისას სწორი ფორმულაა „მე კარგად ვარ“ და არა – „მე უნდა ვიყო კარგად“ ან მე ჯანმრთელი ვარ და არა – „მე არ ვარ ავად”; რომ არ უნდა მიექცეს ყურადღება, ფორმულა რამდენად შეესაბამება ობიექტურ რეალობას. ფსიქიკა ამ ფორმულებს ასრულებს.   რაც უფრო უბრალო, ხატოვანი იქნება ფორმულა, მით უფრო მაღალი იქნება მისი სამკურნალო ეფექტი. ამ მნიშვნელობით ამბობდა ქუე, რომ ფორმულები უნდა იყოს „ბავშვური”. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ თვითშთაგონებას არ უნდა ახლდეს ნებისყოფის ძალისხმევა და ამ ძალისხმევის განცდა. არსებობს თვითშთაგონების ჯეკობსონისეული მეთოდიც, რომლის თანახმად, თუ მიზანმიმართული თვითშთაგონებით ადამიანი მოადუნებს კუნთების გარკვეულ ჯგუფს, შესაძლებელია შერჩევით მოხდეს უარყოფითი ემოციების რეგულაცია. ჯეკობსონი თვლიდა, რომ ტვინის ყოველი ნაწილი ფუნქციონირებს პერიფერიულ ნეირომუსკულატურ აპარატთან კავშირში. იქმნება ცერებრონეირომუსკულარული წრე. მიზანმიმართული რელაქსაცია მოქმედებს როგორც პერიფერიაზე, ისე ცენტრზე. რელაქსაციის ქვეშ ჩიკაგოელი მეცნიერი გულისხმობდა არამარტო კუნთურ მოშვებას, არამედ ყველაფერს, რაც დაძაბულობას უპირისპირდება. ამ მეთოდისას ერთ-ერთ  ვარჯიშად ბიცეფსების შეკუმშვასა და მოდუნებას მიიჩნევდა.

სასწავლო პროცესში ქუეს პოზიტიური განმამტკიცებლების ხშირი ჩართვა და შთაგონება, რომ ვინმე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, „კარგი მოსწავლეა“, „ყურადღებიანია“, „მონდომებულია“, „გაბედული“ თუ „აქტიურია“, „თანამგრძნობი“ და „დამხმარეა“, უკვალოდ არ ჩაივლის. ჯეკოფსონისეული ვარჯიშები კი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ენერჯაიზერები პროვოცირების ან  უნივერსალური მოთელვის დროს. ამგვარი მოთელვებისას ბავშვები ახალი სტიმულებით ივსებიან და მეტი ინტერესით აგრძელებენ გაკვეთილში ჩართვას. გაკვეთილის ბოლოს კი უკუკავშირისა და შეფასების შემდეგ, როგორც სეანსზე, მოსწავლეები უნდა შთავაგონოთ, რომ ახალი ენერგია შეგვემატა, მაგალითად, თვლაზე „ხუთი”. შემდეგ ვითვლით და ყოველ თვლაზე ნასწავლი მასალიდან მათ სხვადასხვა ნიშანს შთავაგონებთ. სწორედ ასე გავზრდით მოწაფეთა შინაგან მოტივაციას, რომელიც განისაზღვრება, როგორც „ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობების დაწყების, მიმართულების მიცემის და მართვის პროცესი, რომელიც მოიცავს მექანიზმებს, ჩართულის ერთი აქტივობისათვის მეორესთან შედარებით უპირატესობის მინიჭებაში და ენერგიასა და მდგრადობას სძენს რეაქციებს“ (გერიგი, ზიმბარდო, კემბელი, 2011). გარდა ამისა, საჭიროა: 1. თბილი დამოკიდებულება და მოწაფეთათვის რელევანტური საკითხის შერჩევა; 2. ინკლუზია – ყველა მოწაფის  დაფასება და ჩართულობა; 3. გააზრება – დისკუსია, ღირებულებითი უკუკავშირი; 4. კომპეტენცია – სასწავლო მიზნების ხელმისაწვდომობა; 5.ლიდერობა – მაღალი მოლოდინები გაკვეთილის აგებით, შეფასებითა და მხარდაჭერით; 6. კმაყოფილება – სწავლით სარგებლობა და გამოყენება.

mo

 დაბოლოს, ერთხელ ჩემი კოლეგის, ია ფოჩხუას წიგნზე უცხოელის მინაწერი ვნახე, რითაც შთაგონებისთვის მადლობას უხდიდა, გამიხარდა და მეც ავივსე. ძალიან კარგია იმის ცოდნა, რომ უამრავი ამგვარი წარწერა არსებობს  და რომ კარგი პედაგოგი სწავლის მუზაა, ბევრის ცხოვრების შემოქმედი და გამართლება, გაკვეთილზე კი  – ერთი უბრალო ჰიპნოტური სტიმულაცია.

ღიმილი კი არ დაგვავიწყდეს!

გამოყენებული ლიტერატურა და სასარგებლო ელ-რესურსები:

  1. Algoe, S. B., & Haidt, J. 2009. Witnessing excellence in action: The ‘otherpraising’ emotions of elevation, gratitude, and admiration. The Journal of Positive Psychology, 4(2), 105-127.
  2. Coué, E: “Self Mastery Through Conscious Autosuggestion”, page 19, 1922.
  3. Gerrig, R.J.,Zimbardo, P.G., AJ Campbell, SR Cumming Psychology and life, 2011.
  4. Hart, T. 1998. Inspiration: exploring the experience and its meaning. Journal of Humanistic Psychology, 28 (3): 7-35.
  5. უზნაძე დიმიტრი, ზოგადი ფსიქოლოგია (III-IV), „საქართველოს მაცნე“,თბილისი, 1940, 1990.
  6. American Heritage® Dictionary of the English Language, Fifth Edition. Copyright © 2011 by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company. Published by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company.
  7. Collins English Dictionary – Complete and Unabridged, 12th Edition 2014© HarperCollins Publishers 1991, 1994, 1998, 2000, 2003, 2006, 2007, 2009, 2011, 2014.

8.         https://tsu.ge/data/file_db/faculty_psychology/fsiq_da_%20cx%20Zimbardo.pdf

9.     https://teaching.berkeley.edu/motivating-students

10.   https://metothepowerofwe.com/featured-quote/the-little-ants-that-could/

[1] American Heritage® Dictionary of the English Language, Fifth Edition. Copyright © 2011 by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company. Published by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company. All rights reserved.

[2] Collins English Dictionary – Complete and Unabridged, 12th Edition 2014 © HarperCollins Publishers 1991, 1994, 1998, 2000, 2003, 2006, 2007, 2009, 2011, 2014

[3] Algoe, S. B., & Haidt, J. 2009. Witnessing excellence in action: The ‘otherpraising’ emotions of elevation, gratitude, and admiration. The Journal of Positive Psychology, 4(2), 105-127.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი