სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

გზა ას უტევანზე ნაბიჯით იწყება

ქართველი და აზერბაჯანელი ხალხის მეგობრობას დიდი ხნის ისტორია აქვს და ამ მეგობრობის ერთგულების  არა ერთი მაგალითი ვიცით.  ჩვენი სურვილიც  ეს იყო, კიდევ უფრო გავამყაროთ ის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.  სწორედ ეს იყო მიზანი ჩვენი, ლეჟბადინის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის, სტუმრობისა ბაზალეთის ქართულ საჯარო სკოლაში, სადაც მე ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ვიცოდი, რომ ბავშვები, მასწავლებლები და სოფლის მოსახლეობა ჩემს წინადადებას ყურადღებითა და ინტერესით მოეკიდებოდა.  ასეც მოხდა…

იოლი არ იყო ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, მაგრამ ყველა სირთულეს დაძლევ, როცა გვერდით გიდგანან კეთილშობილი ადამიანები…

გადავწყვიტეთ,  გაგვეკეთებინა ერთობლივი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ,  როგორც ბაზალეთის, ასევე ლეჟბადინის სკოლის მოსწავლეები. მართლაც, საინტერესოდ დაიგეგმა ყველაფერი… და აი,  7 დეკემბერიც დადგა.

ბაზალეთის ტბის სიახლოვეს ვგრძნობდით სუსხს… ირგვლივ დათოვლილი მთები მოჩანდა…   ტბის სილამაზემ მოხიბლა ლეჟბადინელი ბავშვები… და ეს ყველაფერი ბაზალეთელების თბილმა დახვედრამ დააგვირგვინა.

დაიწყო ღონისძიებაც… ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბაზალეთელი და ლეჟბადინელი ბავშვები; ზოგი ლექსს კითხულობდა, ზოგი ლამაზ სიტყვებს არ იშურებდა. ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვა სხვა ფორმითაც სცადეს:

  • ბაზალეთელმა ბავშვებმა აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხეს ბატონ აზიზ აიდამიროვის ლექსი ,,ქართველებისა და აზერბაიჯანელების უძველესი მეგობრობა“,
  • ხოლო ლეჟბადინელმა მოსწავლეებმა ქართულ ენაზე – ილია ჭავჭავაძის ლექსი ,,ბაზალეთის ტბა“.
  • ღონისძიებას ლეჟბადინის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ემილ ჰუსეინოვის, ნახატი – ,,ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობის ხიდი“ – ამშვენებდა.
  • ლეჟბადინელმა ბავშვებმა საქართველოს ეროვნული გმირი, აზერბაიჯანელების გმირი წინაპარი, ხუდია ბორჩალოელი გაიხსენეს. მას ხომ არასდროს, არცერთ ბრძოლაში არ მიუტოვებია საქართველოს მეფე ერეკლე II.
  • ლეჟბადინელი  ბავშვები შეპირდნენ ქართველ თანატოლებს, რომ თვითონაც არასოდეს მიატოვებენ საქართველოს.

ერთ-ერთმა მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლემ, ლალიკო ტანავერდიევამ, ლეჟბადინში დაბრუნებისას  ყველას გაუზიარა შთაბეჭდილებები და აღნიშნა: ისეთი გულთბილი დახვედრა იყო და ისე მოგვეწონნენ  ბაზალეთელი ბავშვები, წამოსვლა არ გვინდოდაო.

მოსწავლეთა ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. ისინი facebook-ით დამეგობრდნენ, წერილებს სწერენ ერთმანეთს…

ლეჟბადინელი ბავშვები ელოდებიან, ელოდებიან საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში, ბაზალეთელი  ბავშვების     სტუმრობას.

12299216_1824549701105070_8050579200352572380_n

ლამაზი დღე ლამაზ მოგონებად დარჩება ლეჟბადინელი და ბაზალეთელი ბავშვების მეხსიერებაში. სიხარული, რომელიც მათ იმ დღეს განიცადეს, მართლაც  რომ ღირდა იმ ძალისხმევად, რომელიც ჩვენ გავწიეთ ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის.

12356956_969942119744130_3168326934378484043_o

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც გულისხმიერებით მოეკიდა ჩვენს სურვილს და მის განხორციელებაში დაგვეხმარა: საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ მახირ  დარზიევს, რომელმაც ტრანსპორტით უზრუნველგვყო. მისი მზრუნველი, მამობრივი დამოკიდებულება, რომელიც მას სკოლისა და, საერთოდ, სოფლის მიმართ აქვს, დაე, მაგალითი ყოფილიყოს სხვებისათვის. დიდი მადლობა ბაზალეთის, მასპინძელი სკოლის, მთელ პედაგოგიურ კოლექტივს, ბავშვებსა და სკოლის დირექტორს, ბატონ აკაკი მდორეულს საოცარი დახვედრისათვის;  ბატონ რუსლან გაჯიევს, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს; ლეჟბადინელ ბავშვებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს, ბატონ დურსუნ ისმაილოვს; ლეჟბადინის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, ქალბატონ ნინო გრიგორიევას, რომელიც უკვე ათი წელია მუხლჩაუხრელად შრომობს ლეჟბადინის საჯარო სკოლაში და მისი ძალისხმევის შედეგიც თვალსაჩინოა –  უკვე მერამდენე წელია ჩვენი სკოლის არაერთი კურსდამთავრებული აბარებს თბილისის სხვადასხვა ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში. ჩემს ლამაზ, ლამაზი და კეთილშობილური იდეების განმახორციელებელ პროგრამას  – ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“; ჩვენს კოორდინატორს, ქალბატონ თამარ კეკელიძეს, რომელმაც მომცა სტიმული საქმის სიყვარულით კეთებისა.

12366291_439423509597946_2886711727519061938_n

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მიზანია თემსა და ადგილობრივ მოსწავლე-მასწავლებლებს გაუჩნდეთ ინტერესი და მიმღებლობა  სახელმწიფო ენისა და სოციო-კულტურის მიმართ. ღონისძიებამ ამ მხრივ თავისი მისია შეასრულა, ხელი შეუწყო მოზარდების შესაძლებლობის თვითრეალიზაციასა და განვითარებას, შექმნილმა გარემომ ქართველ და ლეჟბადინელ  ბავშვებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის, დაახლოვების სურვილი გაუჩინა, აგრძნობინა, რომ მიუხედავად რელიგიურ-კულტურული სხვაობისა მათ საერთო ღირებულებები და ფასეულობები აქვთ, რომ საქართველო მათი საერთო სამშობლოა და მისი ტკივილი და სიხარული საერთო ტკივილი და სიხარულია.  ეს ჰარმონიული თანაცხოვრებისაკენ, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული ნაბიჯებია, ხოლო როგორც ლაო ძი იტყოდა ,,გზა ას უტევანზე ნაბიჯით იწყება.“ იმედი მაქვს, ჩვენ, ყველა,  ყველა ერთად, მივალთ იმ ჭეშმარიტ მიზნამდე, რომელსაც ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და განვითარება ჰქვია. პროგრამას ,, ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ თავისი წვლილი შეაქვს ამ მნიშვნელოვან  საქმეში და ჩვენი პროექტიც – ლეჟბადინისა და ბაზალეთის სკოლების დამეგობრება – ამ დიდი პროგრამის პატარა ნაწილია…

ფოთოლა ჯაჯანიძე, პროექტის –  ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ –  მონაწილე

ლეჟბადინის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი