ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რა უნდა ვიცოდეთ გლობალური დათბობის შესახებ

გლობალური დათბობის ფენომენი და მისი ეფექტების თავიდან აცილების გზები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია თანამედროვე მსოფლიოსთვის. ამ პრობლემის გადაჭრას თითეული ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. მომავალი თაობებისთვის პრობლემის რეალურად ჩვენება კი, პირველ რიგში, მასწავლებლების მოვალეობაა. შეგიძლიათ გლობალური დათბობის თემაზე ინტეგრირებული გაკვეთილებიც დაგეგმოთ ისეთი დისციპლინების სინთეზით, როგორიცაა: ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, ისტორია და ასტრონომია. გთავაზობთ ფენომენის ზოგად მიმოხილვას და ვფიქრობ, ეს მცირე ექსკურისი, როგორც რესურსი, მასწავლებლებს დაეხმარებათ ბავშვებს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნან გლობალურ დათბობის შესახებ და საინტერესო, შედეგიანი გაკვეთილების მომზადებაში გამოგადგებათ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ადამიანი და გარემოა. ამ მიმართულების მეშვეობით მოსწავლეები სამოქალაქო განათლების უნარ-ჩვევებს იძენენ და უყალიბდებათ პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის საქმეში.

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მატებაა, რომელიც ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვებით არის გამოწვეული. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის სიმრავლის, ურბანიზაციის მზარდი ტემპის შედეგად თითქმის შეუძლებელი გახადა ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის კონტროლი. ქლოროფილშემცველი ნახშირწყლების (კარბონატები) დონის მატების შედეგად კი ოზონის შრესთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდა.

მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ გამონაბოლქვი (ემისიები), რომელიც ინდუსტრიული საქმიანობისა და ტრანსპორტის საწვავის წვის შედეგად გამოიყოფა, ყველაზე მეტად მოქმედებს ტემპერატურის ზრდის პროცესზე. დედამიწის ზედაპირიდან არეკლილი გაზების მიერ ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს ”სათბურის ეფექტს” უწოდებენ. ის 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა, 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა.

დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას მზის გამოსხივების სახით. ის ამ ენერგიის 30%–ს ირეკლავს, 70%–ს კი შთანთქავს, რაც ხმელეთის, ატმოსფეროს და ოკეანის გაცხელებას იწვევს. თავის მხრივ, ცხელი სხეულები თბურ ენერგიას ასხივებს. დედამიწის ტემპერატურის სტაბილურობა მის მიერ მზის გამოსხივების შთანთქმასა და თბური ენერგიის გამოსხივებას შორის დამყარებული ზუსტი ბალანსით აიხსნება. მზის ხილულ გამოსხივებას ძირითადად დედამიწის ზედაპირი შთანთქავს. ინფრაწითელ სხივებს კი კოსმოსში ატმოსფეროს ზედა ფენები ირეკლავს . ამის მიზეზი ისაა, რომ დედამიწის ზედაპირის მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი ფოტონების უდიდეს ნაწილს ატმოსფეროში არსებული სათბურის აირები და ღრუბლები “იჭერს” და ისინი კოსმოსში მხოლოდ ამ უკანასკნელთა მიერ ხელახალი გამოსხივების შედეგად ხვდება. გამთბარი ატმოსფეროს გამოსხივების ნაწილი კვლავ დედამიწის ზედაპირს უბრუნდება და უფრო მეტად ათბობს მას.

ატმოსფეროს იმ კომპონენტებს (აირებს), რომლებიც თბურ (ინფრაწითელ) გამოსხივებას იჭერს, “სათბურის აირებს” უწოდებენ. სათბურის აირები (ინგლ. Greenhouse gases,) ატმოსფეროს კომპონენტებია, რომლებიც ატმოსფეროს სათბურის ეფექტს განაპირობებს. ზოგიერთი ასეთი აირი ბუნებრივად ჩნდება, სხვები კი ადამიანის საქმიანობის შედეგია, მაგალითად, წიაღისეული საწვავის წვით (ქვანახშირი, ნავთობი, მისთ.) მიიღება. სათბურის აირები შეიცავს წყლის ორთქლს, ნახშირორჟანგს, მეთანს, აზოტის ჟანგსა და ოზონს. დედამიწის ატმოსფერო ძირითადად ჟანგბადის და აზოტის აირებისგან შედგება, რომლებიც სათბურის აირებს არ განეკუთვნება. სათბურის ეფექტს სხვა დანამატები იწვევს. თბური გამოსხივების ძირითადი შთანმთქმელები დედამიწის ატმოსფეროში არიან: წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და ოზონი. მნიშვნელოვანი შთანთქმის უნარი აქვთ აგრეთვე მეთანს, აზოტის ჟანგს და ქლორფტორ ნახშირწყალბადებს, თუმცა ატმოსფეროში მათი კონცენტრაცია ნაკლებია.

ატმოსფეროს მიერ თბური გამოსხივების შთანთქმის უნარი მასში სათბურის აირების კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. რაც მეტია კონცენტრაცია, მით მეტ სითბოს იჭერს იგი და მით მაღლა იწევს დედამიწის ზედაპირის და ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა. თავის მხრივ, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაზეა დამოკიდებული: რაც მეტია ტემპერატურა, მით მეტია კონცენტრაცია. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციასა და ატმოსფეროს ტემპერატურას შორის დადებითი უკუკავშირი არსებობს. თუ იგი საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, იქმნება ე.წ. “ზვავური ეფექტის” საშიშროება, ანუ სათბური აირების კონცენტრაციის შედარებით მცირე ცვლილებამ შეიძლება ურთიერთგამაძლიერებელ მოვლენათა ჯაჭვი გამოიწვიოს, რომლის შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად ტემპერატურა დედამიწაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოვლენები შესაძლოა სულ სხვაგვარად განვითარდეს და ზვავურმა ეფექტმა არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური გამყინვარება გამოიწვიოს.

ბოლო საუკუნის განმავლობაში ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე 0.74 ±+ 0.18°Co ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით, “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, სავარაუდოდ, განპირობებულია ანთროპოგენური (ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ატმოსფეროს სათბურის ეფექტი ძლიერდება, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში საშუალო ტემპერატურის 1,1 – 6,4°ცელსიუსით–ით ზრდაა მოსალოდნელი. სათბური აირების კონცენტრაციის მატების შეჩერების შემთხვევაშიც კი, დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის აღდგენა და სტაბილური საშუალო ტემპერატურის მიღწევა.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა ზღვის დონის აწევას გამოიწვევს. გაიზრდება კატასტროფული მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა თუ მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაცია.

დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა. თუ სამყაროს განვითარების ისტორიას გადავხედავთ, დიდი ცვლილებების პერიოდებს ვნახავთ. არსებობდა გამყინვარების პერიოდიც, როდესაც ხმელეთის უდიდესი ნაწილი ყინულის სქელი ფენით იყო დაფარული. ასევე იყო თბილი პერიოდიც, როდესაც ტროპიკული სარტყელისთვის დამახასიათებელი ცოცხალი გარემო პლანეტის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. გლობალური დათბობა და გამყინვარება ახალი არ არის. განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები.

1800 წლიდან ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი მატება აღინიშნება. თუ მოცემულ გრაფიკს დედამიწის გლობალური ტემპერატურის ზრდის გრაფიკს შევადარებთ, ზრდა ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატების ანალოგიური იქნება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნახშირორჟანგი უშუალოდ ზემოქმედებს ტემპერატურაზე და კლიმატსაც ცვლის. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე განსაკუთრებით ცხელი ზაფხული დაფიქსირდა.

ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვის რამდენიმე ხერხი არსებობს. ყინული, რომელიც მრავალი ათასწლეულების მანძილზე წარმოიქმნებოდა, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ლაბორატორიებისა და მკვლევარების ერთ–ერთ საინტერესო საკვლევ ობიექტად იქცა. ყინულის გულში (პირობითად მას ”დროის კაფსულა” შეარქვეს) მოქცეული აირის ბუშტუკების კვლევის შედეგად ნათელი წარმოდგენა გაჩნდა წარსულში არსებული ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ.

ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვა ითვლება. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მას ჰავაის კუნძულებზე არსებული ატმოსფეროს შემადგენლობის კვლევითი საერთაშორისო ლაბორატორია ახორციელებს. კვლევის შედეგები ზედმიწევნით აღირიცხება და მუშავდება. მონაცემების მიხედვით, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა 1958 წლიდან აღინიშნება და უკანასკნელ ათწლეულში ის ყველაზე მაღალია.

ნახშირორჟანგის ის კონცენტრაცია, რომელიც დღეს არსებობს ატმოსფეროში, ადამიანის 100-წლიანი და უფრო მეტი წლის საქმიანობის შედეგია. მას ხელის ერთი მოსმით ვერ დავარეგულირებთ. თუმცა თუ თითოეულმა ჩვენგანმა მიზნად დაისახა ამ პრობლემის გადაჭრაში უშუალო მონაწილეობა, მაშინ მარტივი ქმედებებით შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ჩვენი მომავალი და იგი უფრო უსაფრთხო გავხადოთ.

საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გაიაზროს ეს საკითხი და მისი გადაჭრის პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ერთი მეთოდით ვერ გადაიჭრება. აუცილებელია მეთოდების კომბინირებული გამოყენება.

სურათებზე მოცემულია ის მარტივი ქმედებები, რომელთა განხორციელებაც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია. აღნიშნული ქმედებებით მნიშვნელოვნად შევამცირებთ ადამიანის უარყოფით ზემოქმედებას ბუნებაზე, დავზოგავთ რესურსებს და სასიკეთოდ შევცვლით მომავალს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი