ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საქართველოს ჭირისუფალთა ელიტური კავშირი

19 თებერვალი მძიმე აღმოჩნდა ლიტერატურისთვის. ხალხს ჯერ ჰარპერ ლის გარდაცვალება ვერ მოენელებინა, რომ იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი, მოკლედ, დიდი მეცნიერი კაცი, უმბერტო ეკო გამოგვეცალა ხელიდან. მათ ერთდროულ წასვლას, რა თქმა უნდა, ერთგვარად მისტიკური და რომანტიკული ელფერი ჰქონდა. ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა, ფოტოშოპი კარგად რომ ემორჩილება, ამ მწუხარების ჟამს კარიკატურაც კი შექმნა: სამოთხის კართან ჰარპერ ლი დაყუდებულა, მის უკან უმბერტო ეკო დგას, ხელში ვარდი უჭირავს, თავი მოუდრეკია და ნამდვილი იტალიელი მექალთანის გამომეტყველებით ამბობს: “მხოლოდ ქალბატონის შემდეგ!”

თაობა მიდის, ქართული Facebook-ი კი მისი წასვლის მიზეზებს იძიებს. საინტერესოა, რომ ამ გამოძიების უტყუარი შედეგი თავად ლიტერატურის განსვენებულმა პასტორმა ეკომ დადო, როცა თქვა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ძალიან დამამცირებელი ზღვარი უდევს და მას სიკვდილი ჰქვია.

ერთი ოთხმოცდაცხრისა იყო, მეორე – ოთხმოცდაოთხის.

ასეა: კარგი ავტორი თავის კარგ ქმნილებებზე გაცილებით ნაკლებ ხანს ცოცხლობს.

ეგ აქლემი ყველას კარზე დაიჩოქებსო, იტყოდნენ ვაზისუბანში, როცა მავანი ვისიმე მიცვალებულს სათანადო პატივს არ მიაგებდა, ზანტი ნაბიჯებითა და მწუხარე სახით არ შემოუვლიდა ცხედარს, მეზობლების მიერ ჭირისუფლისთვის მოსაკითხი სადილის სამზადისში არ ჩაერთვებოდა ან სადარბაზოში მამაკაცებთან ერთად ორ-სამჯერ არ მოქაჩავდა სიგარეტს.

სოციალური ქსელების, უმთავრესად – Facebook-ის, ზოგიერთმა აქტიურმა მომხმარებელმა ქართული სახალხო ტრადიცია (მისი ავკარგიანობა სხვა საქმეა) მეტისმეტად პაპსად მიიჩნია და ცდილობს, ცნობილი მიცვალებულების (მათ შორის, რა თქმა უნდა, ჰარპერ ლი და უმბერტო ეკოც არიან) დატირების ექსკლუზიური უფლება მოიპოვოს, მათ ვირტუალურ კუბოებზე ცრემლის ღვრის უფლების პრივატიზება მოახდინოს, მიზნად კი საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების, ღრმა განსწავლულობისა და წიგნებთან ახლომეგობრული დამოკიდებულების ხაზგასმას ისახავს.

ეკოსა და ლის გარდაცვალებამ მათი მიძინებული ამბიცია კიდევ ერთხელ შეაფხიზლა. ჯერ იყო და, საქართველოს ჭირისუფალთა ელიტურმა კავშირმა შარშანწინ გაბრიელ გარსია მარკესის სიკვდილის გამო გამოთქმული მწუხარება თავადური ინტონაციით აყვედრა Facebook-ის გლეხ მომხმარებლებს: თქვენაო, მდაბიოებოო, ჯერ ტილები დაიყრეინეთ და მერე სწერეთ ეგეთი ოჯახის შვილებზეო; ძაღლს გაწვრთნის კაცი და თქვენ – ვერაო.

არადა, გაბოს ცხოვრების მიზანი სრულიად სახალხო სიყვარული იყო. ერთხელ, ჟურნალ Esquire-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ასეთი რამ თქვა: “ჩემი მიზანია, ხალხს ვუყვარდე. ამიტომაც ვწერ. ძალიან მაშინებს ის ფაქტი, რომ არსებობს ისეთი ვინმე, ვისაც არ ვუყვარვარ და მინდა, ამ ინტერვიუს გამო მანაც შემიყვაროს”.

მერე ტერი პრატჩეტი წავიდა იმქვეყნად. 2015 წლის 12 მარტს. ალცჰეიმერისგან დატანჯული და ევთანაზიაზე მეოცნებე კაცი. ამ თეთრწვერა მოხუცის ნაწერები წილხვედრში გაცილებით ნაკლებ ადამიანს წაუკითხავს, ვიდრე მარკესისა და რა გასაკვირია, რომ ჭირისუფლებმა ამ ბრძოლაში უფრო კომფორტულად იგრძნეს თავი.

“ახლა გახდით პრატჩეტის თავგადაკლული მკითხველები? ნეტავი ის მაინც იცოდეთ, რაზე წერდა. ჯერ წაიკითხეთ და მერე მართლა დაგწყდებათ გული”, – დაახლოებით ამ შინაარსისა იყო ელიტური ჭირისუფლების კომენტარები Facebook-ზე. რა თქმა უნდა, მათ შორისაც არიან ისეთები, ვინც მეტ-ნაკლებად პოლიტკორექტულად გამოთქვამს სათქმელს და ერთი-ორი შეფარულ-შეპარული შხამიანით შემოიფარგლება.

გასაოცარია! ეს ხალხი ისე ლაპარაკობს, თითქოს ეკო ან პრატჩეტი მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ყოფილიყვნენ და მათ ხელში დაელიოთ სული, მათ დაეხუჭოთ მისთვის თვალები, მათ გაეცილებინოთ უკანასკნელ გზაზე; თითქოს ისინი უნდა იდგნენ პანაშვიდებზე და მიიღონ სამძიმარი, გაადიდონ ფოტო, რომელზეც გარდაცვლილი ყველაზე უკეთ გამოიყურება, მოაგვარონ პარაკლისის ამბავი და მანქანით გაუარონ მღვდელს, ისინი უნდა წავიდნენ საბანკეტო დარბაზის დასაჯავშნად და მენიუს შესარჩევად, რომ სუფრაც სავსე იყოს და ხარჯიც – არათავზარდამცემი, ისინი უნდა მიდგნენ-მოდგნენ ღვინოსა და თევზზე (ერთი სამნაირი ხომ მაინც უნდა იყოს). ან კატაფალკს ამათ გარდა ვინ დაუკვეთავს?! ჰყავთ ვინმე ხელის წამშველებელი?!

ასეთებს ჰგონიათ, რომ თუ დევიდ ბოუის მსმენელი არ ხარ, არ შეიძლება გული დაგწყდეს იმის გამო, რომ ბოუი ნამდვილი მსმენელებისთვის ახალს ვეღარაფერს შექმნის. მორჩა! გათავდა! აღარაა კაცი!

ასეთებს ავიწყდებათ, რომ ეკომაც და მარკესმაც მთელი სიცოცხლე იმას შეალიეს, ერთეულებისა კი არა, ყველასები ყოფილიყვნენ.

ავიწყდებათ, რომ მწერლის სიკვდილი მის მუდმივ მკითხველზე მეტად შეიძლება მეზობლის იმ ბავშვს უფრო ეწყინოს, რომელსაც მწერალი სალმის ნიშნად დილაობით ლოყაზე ჩქმეტდა და რომელმაც ჯერ წერა-კითხვაც კი არ იცის.

ასეთი ადამიანების სიკვდილის გამო ყველას შეუძლია დასევდიანდეს, რადგან (“მარტოობის ასი წელიწადი” რომ გადავათამაშოთ) წავიდნენ ადამიანთა მოდგმის შვილები, რომლებიც საყოველთაო სიყვარულისთვის იყვნენ განწირულნი და მეორედ ვეღარ მოვლენ ამქვეყნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი