შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ცვალებადი მსოფლიო და სკოლა

ამ ჩანაწერის გაკეთება მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ დამისვა თითქოსდა მარტივი კითხვა: ”რამდენი სახელმწიფოა დღეს მსოფლიოში?” სახეზე შევატყვე, რომ ერთმნიშვნელოვან პასუხს ელოდა, თუმცა, როდესაც პასუხის გაცემა დავიწყე, მრავლისმთქმელი გამომეტყველება მიიღო – ნეტავ არ მეკითხა, ალბათ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდეო.

მკითხველი ალბათ მიხვდება, რას ვგულისხმობ. არ მეგულება მასწავლებელი, რომლისთვისაც მსგავსი შეკითხვით ერთხელ მაინც არ მიემართოთ. ერთი შეხედვით უმარტივესი კითხვაა, რომელზეც ყველას, ვისაც ოდესმე მაინც უსწავლია გეოგრაფია, პასუხი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ამ საკითხის შესახებ კამათი დიდხანს შეიძლება (შეგახსენებთ კონტინენტებისა და ოკეანეების რაოდენობის საკითხს, რომელიც, პროფესიონალების წრეშიც კი, ასევე საკამათოა).

როგორ ვიქცევით ასეთ დროს? რა ინფორმაცია შეგვიძლია მივიჩნიოთ სანდოდ და მივაწოდოთ მოსწავლეებს?

მოდი, ვცადოთ და ვუპასუხოთ კითხვას, რამდენი სახელმწიფოა დღევანდელ მსოფლიოში.

ამ კითხვაზე ”სწორი” პასუხი ფაქტობრივად არ არსებობს.

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნებს თუ დავითვლით, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მათი რაოდენობა 204 იყო.

გინესის რეკორდების წიგნი 191 სუვერენულ ქვეყანას ასახელებს, რასაც 65 არასუვერენული ტერიტორია ემატება. თუმცა ამას არაერთი პროტესტი მოჰყვა და გინესის წიგნის გამომცემლებმა სიების გამოქვეყნება შეაჩერეს.

ასევე, ქვეყნებს აქვთ თავიანთი პუბლიკაციები, რომლებიც ყველასთვის მისაღები ვერ იქნება. მაგალითად, ურუგვაი გზამკვლევში 217 ქვეყნის აღწერილობას იძლევა, ხოლო ტურისტული ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენელი აშშ-დან, ”საუკუნის მოგზაურთა კლუბი” – 319-ს, სადაც ალასკაც კი დამოუკიდებელ ერთეულად არის წარმოდგენილი, ისევე როგორც საემიროები საუდის არაბეთში.

ამდენად, გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით ასეთი სათუთი თემების წამოწევა არ შეიძლება.

ერთ-ერთი სანდო და სამეცნიერო წრეებში ხშირად ციტირებული წყარო ”The World Factbook” ცნობებს მსოფლიოს 260 ქვეყნის შესახებ გვაწვდის, მსოფლიო ატლასი კი 193 ქვეყანას ასახელებს. ამათგან 53-ს – აფრიკაში, 44-ს – აზიაში, 47-ს – ევროპაში, 23-ს – ჩრდილო ამერიკაში, 12-ს – სამხრეთ ამერიკაში, ხოლო 14-ს – ოკეანეთში (https://www.worldatlas.com/cntycont.htm ). აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნების აღიარება-არაღიარება პოლიტიკური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ გაერო 192 ქვეყანას ცნობს, ამერიკის შეერთებული შტატები კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს, ხოლო ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს.

საკამათოა გრენლანდიის, დასავლეთ საჰარის, პალესტინის საკითხიც.

დღევანდელ დღეს, როდესაც ნაბეჭდი ენციკლოპედია ინფორმაციის ერთადერთი წყარო არ არის და სხვადასხვა წყაროზე ბევრს მიუწვდება ხელი, აუცილებელია, სახელმძღვანელოებში განსხვავებული მონაცემები იყოს ასახული და ითქვას, რომელი უფრო სანდოა და რატომ.

ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ გაერო უნდა მივიჩნიოთ. მის მიერ დადგენილი წესების თანახმად, ქვეყნის აღიარება ვერ მოხდება, თუ მას გაეროს 75 წევრი სახელმწიფო არ აღიარებს (https://www.un.org/en/members/growth.shtml#text).

2011 წლამდე მსოფლიოში გაეროს წევრი 193 ქვეყანა იყო, თუმცა ამ ორგანიზაციას ჰყავს არაწევრი დამკვირვებლებიც, მათ შორის – ვატიკანი, პალესტინა და მალტა. 2011 წლის 9 ივლისს მათ რიცხვს სამხრეთი სუდანი მიემატა.

მოგეხსენებათ, გაერო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც 1945 წელს გაერთიანდნენ დამფუძნებელი ქვეყნები. შემდგომ მიერთებულმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ რამდენიმე საფეხური:

1. ქვეყანას შეაქვს განაცხადი წევრობაზე და ქარტიით განსაზღვრულ ვალდებულებებს კისრულობს;

2. უშიშროების საბჭო გენერალურ ასამბლეას წარუდგენს ქვეყნის წევრად მიღების საკითხს;

3. გენერალური ასამბლეა აღიარებს ქვეყანას და იღებს სპეციალურ რეზოლუციას.

 

.

მცირე ექსკურსი: როდესაც სკოლას ვამთავრებდი, მსოფლიოში 159 ქვეყანა იყო; დღეს, როცა ამ ჩანაწერს ვაკეთებ, 35-ით მეტია. ამდენად, მოსწავლეებს უნდა მივცეთ იმის გააზრების საშუალება, რომ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მრავალი საკითხის შესახებ ცოდნა არ არის სტატიკური. ალბათ დასაფიქრებელია, ეს ინფორმაცია ჩვენ თავად უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს თუ მივუთითოთ ინფორმაციის თითოეული წყარო, რომლებიც ზემოთ უკვე დავასახელეთ და ვთხოვოთ, თავად ჩაატარონ კვლევა, ხოლო შედეგები გაკვეთილზე გაგვაცნონ. გაკვეთილისთვის მასალის მოპოვებას კლასში უნდა მოჰყვეს დისკუსია, რომელი წყარო შეიძლება მივიჩნიოთ სანდოდ და რატომ. ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოსწავლეები საკითხს მრავალმხრივად შეაფასებენ.

მცირე დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეებს მხოლოდ ქვეყნების რაოდენობის ცოდნა კი არ მოსთხოვოს, არამედ მათი რაოდენობის განსაზღვრის სირთულეც აუხსნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი