სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ესეც საქართველოა 

კვლავ ჩემს მოგზაურობაზე მინდა მოგითხროთ. კვლევა „ეროვნული სასწავლო გეგმა“ საკლასო ოთახში გაგრძელდა. ამჯერად საბაზო საფეხურზე მე-9 კლასებს ვესწრებოდით.

კვლავ მოვიარეთ საქართველოს სოფლები და ქალაქები, უამრავი ხალხი გავიცანი, სხვადასხვა ყოფისა და მენტალიტეტის.

იმედია, დიდი ქალაქების სკოლების მასწავლებლები არ მიწყენენ – პერიფერიებისა და პატარა სკოლების მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც უფრო მეტად არიან მოტივირებულნი. საოცარია, მაგრამ ასეა. ჩვენ, ვისაც უკეთესი პირობები გვაქვს, მეტსაც მოვითხოვთ. მეც კი გამუდმებით ვწუწუნებ, კეთილმოწყობილი კაბინეტი მინდა. არადა საქართველოში ჯერ კიდევ არის სკოლები, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ. ასეთ სკოლებსა და იქაურ პედაგოგებზე მინდა მოგიყვეთ.

აჭარის მაღალმთიან სოფელ ნიგაზეულში ჩვენი მანქანა უამინდობის გამო ვერ ავიდა. ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარა და აგვიყვანა. „გზას ვიტყვი, თორემ რა გზაა?“ – გამახსენდა ვაჟა… სკოლა ახალგარემონტებული დაგვხვდა, კეთილმოწყობილი, მოსწავლეებიც – მოტივირებული.

saq

აქ ერთმა ამბავმა მიიქცია ჩემი ყურადღება: გეოგრაფიის მასწავლებელი ქალაქში გადასახლებულიყო (!) და გაკვეთილებს დროებით ქართული ენის მასწავლებელი ატარებდა.

გეოგრაფია არც ისე კარგად ვიცი, მაგრამ ვცდილობთ, ეს პრობლემა ერთად დავძლიოთო, – გვითხრა ქალბატონმა. მართლაც, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად ჩაატარეს გაკვეთილი.

ინტერაქტიული გაკვეთილი შედგა. იმაზე მეტად ინტერაქტიული, ვიდრე მავანი გეოგრაფიის მასწავლებელი ჩაატარებდა. გამაოცა პედაგოგის კეთილსინდისიერებამ. ყოველგვარი ინფორმაცია, რაც საჭირო იყო, მოეძიებინა და დაელაგებინა. მოსწავლეებთან ერთად განიხილა სხვადასხვა საკითხი. აქტივობებს თავად მოსწავლეებიც კარნახობდნენ – აბა, ქართულის მასწავლებელს საიდან უნდა სცოდნოდა კონტურულ რუკაზე მუშაობა? დასკვნის გამოტანა ადვილია: ეს გაკვეთილი დამსწრისთვის არ ყოფილა (როგორც ხშირად ხდება) – ეს ბავშვები ასე მუშაობენ. ეძებენ, პოულობენ, მსჯელობენ…

სამასწავლებლოში რამდენიმე პედაგოგს გავესაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ დალხენილი ცხოვრება აქვთ (სოფლამდე მისასვლელი გზა დეკემბერში უკვე ჩაკეტილია), არსად წასვლას არ აპირებენ. არც ხელფასს იღებენ განსხვავებულს, არც მოხალისეები არიან (რომელიმე საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროგრამისა) და არც ჩვენი დროის გმირები, უბრალოდ, თავიანთი მხარე და საქმე უყვართ.

მეორე სკოლა, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ, ლედგებეს, მარტვილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფლის, საჯარო სკოლაა… ვიცი, დღეს ბევრი სკოლა უარეს მდგომარეობაშიცაა, ბევრსაც არემონტებენ, მაგრამ მაინც მინდა, იმ მოსწავლეებზე მოგიყვეთ, რომლებიც XXI საუკუნეში ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში შეშის ღუმლებით თბებიან. არადა ერთ–ერთი საუკეთესო გაკვეთილი სწორედ ამ სკოლაში ვნახეთ.

saq1

დაგვხვდა ძველისძველი, აივნებიანი შენობა, ნახევრად აყრილი იატაკი, შელახული მოაჯირები. სადარბაზო კარი საერთოდ არ აბია. ოთახები პატარაა, თუმცა ნათელი. კლასში მხოლოდ 9 მოსწავლეა, მოტივირებული, გულანთებული. თითქოს მათი ბრალი იყოს, ასეთი სკოლა რომ აქვთ. ისეთი გაკვეთილი ჩაატარეს, არც მასწავლებელი და არც მოსწავლეები წუთით არ გაჩუმებულან. იგრძნობოდა ერთიანობა, საერთო მიზანი – თავი კარგად წარმოეჩინათ, დაენახებინათ, რომ სწავლობენ, შრომობენ. იქნებ ამან გვიშველოს და დაგვეხმარონო. არც ღუმლის გახურება დავიწყებიათ. გიორგი ყველაზე უკეთ ანთებსო – ყველამ იცოდა თავისი საქმე…

saq2

არ ვიცი, დაეხმარება თუ არა ამ ბავშვებს ჩემი წერილი, მაგრამ ძალიან კი მინდა. მინდა იცოდეთ, რომ ესეც საქართველოა, რომ ამ პატარა ლამაზ სოფელში არის სკოლა, რომელიც დახმარებას ელის. აქაური მოსწავლეები არაფერს ითხოვენ, გარდა უსაფრთხო სასწავლო გარემოსი. მათ უყვართ თავიანთი სოფელი, თავიანთი სკოლა. ეზოში საკუთარი ხელით აწყობილი წყალსაქაჩი და სარწყავი სისტემა დაუდგამთ. ისიც კი ვიფიქრე, მასალა რომ მისცათ, ალბათ სკოლის შენობასაც ასევე, საკუთარი ხელით გაალამაზებდნენ–მეთქი.

saq3

მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით – საქართველოში. ახალი ნაცნობები, ახალ იმედთან ერთად – ახალი საფიქრალი… და მაინც მიყვარს. სამშობლოში ვარ. ესეც საქართველოა, ჩემი, შენი, გიორგისი, მარიამისა, ქეთისი, ზურასი… მათ ჩვენ ვჭირდებით.

კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებზე – როგორ ცხოვრობენ, როგორ მუშაობენ… მოგზაურობა გაგრძელდება და დანარჩენი – მერე.

საოცარი თაობა მოდის. მათი ანთებული თვალები გულს მითბობს და საქართველოს მომავალი მეიმედება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი