პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბიოლოგიის სწავლების საშუალებები

სწავლების საშუალებები შეიძლება იყოს საგნები, მოვლენები, ფაქტები, სასწავლო პროგრამები, რომლებიც ამაღლებს სწავლების ეფექტურობას.

ბიოლოგიაში სწავლების ძირითადი საშუალებებია:

Øნატურალური (რეალური) ობიექტები და მოვლენები;
Øვიზუალური მასალები (სურათები, ტაბულები და სხვ. ), რომლებიც ანაცვლებს რეალურ ობიექტებსა თუ მოვლენებს;
Øვერბალური (სიტყვიერი) საშუალებები.

ყველა ეს საშუალება წარმოადგენს ბიოლოგიის შინაარსის ფიქსირების განსაზღვრულ გზას/ხერხს სასწავლო პროცესის ორგანიზებისას.

ნატურალური (რეალური) ობიექტებია მიკროპრეპარატები, ცოცხალი ან ფიქსირებული ორგანიზმები. შესასწავლი ობიექტების თვისებები შეიძლება აღქმულ იქნეს არა მარტო მხედველობით, არამედ სხვა ანალიზატორებითაც – სმენით, ყნოსვით, შეხებით.

ვიზუალური მასალებია: ტაბულები (მაგ. , უჯრედის აგებულება, ეკოსისტემა, ნივთიერებათა წრებრუნვა), სქემები, ფოტოსურათები, მულაჟები, მოდელები. რეალური ობიექტებისა და პროცესების შემცვლელია ცხრილები გამოსახულებით, მაგ. , მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების უჯრედის აგებულება, ობიექტებისა და პროცესების მატერიალიზებული მოდელები – დნმ-სი, გულისა, თვალისა და სხვა. განსაკუთრებულ ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ სწავლების კომპიუტერული და მულტიმედიური საშუალებები.

ვერბალური საშუალებაა წიგნი, მაგალითად, სახელმძღვანელო, ასევე – მასწავლებლის სიტყვა, ტელე- ან კინოკადრების სიტყვიერი (დიქტორის) ტექსტი, ტესტები და სამუშაო რვეულები.

სწავლების საშუალებები გამოიყენება არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ ნებისმიერი ფორმით ბიოლოგიის სწავლებისას. სწავლების დროს გამოიყენებული საშუალებები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: ძირითადად და დამხმარედ.

ძირითადი საშუალებებია რეალური (ნატურალური); ნიშნებით გამომსახველი და ვერბალური (სიტყვიერი), ხოლო დამხმარე – ტექნიკური საშუალებები და ლაბორატორიული მოწყობილობა.

ნატურალური ობიექტები, თავის მხრივ, იყოფა ცოცხალ და არაცოცხალ/ფიქსირებულ ობიექტებად.

ცოცხალ ნატურალურ ობიქტებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცენარეები (როგორც ქოთნისა, ასევე გარემოში მყოფი), ცხოველები (აკვარიუმში, ტერარიუმში ან ცოცხალ კუთხეში).

ნატურალურ პრეპარირებულ საშუალებებს მოეკუთვნება ჰერბარიუმი, სველი პრეპარატები, მიკროპრეპარატები, კოლექციები, ცხოველების ჩონჩხი და ცალკეული ნაწილები, ფიტულები, პრაქტიკულ სამუშაოზე დასარიგებელი მასალა და სხვა.

სველი ბიოლოგიური პრეპარატი: ობიექტი თავსდება ორ სასაგნე მინას შორის და ფიქსირდება სპეციალური მაკონსერვებელი/მაფიქსირებელი სითხით (სპირტი, ფორმალინი ან სხვა).

მიკროპრეპარატი ორგვარია: მუდმივი – ქარხნული წესით დამზადებული – და დროებითი – მზადდება გაკვეთილზე მასწავლებლის ან თავად მოსწავლეების მიერ.

ნატურალურ ობიექტებს მიეკუთვნება კოლექციები: მორფოლოგიური; ზოგადბიოლოგიური; ტექნოლოგიური.
გაკვეთილზე ხერხემლიანი ცხოველების აგებულების შესასწავლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩონჩხი – მაგ. , თევზისა, ბაყაყისა, ხვლიკისა, ქათმისა, კატისა – ან მისი ცალკეული ნაწილები, ასევე – ფიტულები.

გამომსახველობითი საშუალებები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ შორის განასხვავებენ მოცულობითს – მულაჟს, მოდელ – და დახატულს – ცხრილებს, გეოგრაფიულ რუკებს, ნახატების რეპროდუქციებს , მეცნიერთა ფოტოებს, დიდაქტიკურ დასარიგებელ მასალებს.

მულაჟი ნატურალური ობიექტის ზუსტი ასლია.

მოდელი ასახავს ნატურალური ობიექტის აგებულებას, მაგრამ არ წარმოადგენს მის ზუსტ ასლს, მხოლოდ ძირითად თვისებებს უსვამს ხაზს სქემატურად. მოდელი შეიძლება იყოს ბრტყელი, მოცულობითი, სტატიკური ან დინამიკური.

ბიოლოგიის სწავლებისას ხშირად გამოიყენება ტაბულა. ის შეიძლება იყოს რელიეფური ან ბეჭდური.
რელიეფური ტაბულები პლასტიკატისგან შესრულებული ცხოველების ბარელიეფებია.
ბიოლოგიის გაკვეთილზე იყენებენ ზოოგეოგრაფიულ, მცენარეული საფარის, დაცული ტერიტორიების, ადგილის/რაიონის ეკოლოგიურ და სხვა სახის რუკებს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალება ხელს უწყობს პედაგოგს, აუხსნას მოსწავლეებს ბიოლოგიის ძირითადი არსი და ცნებები. ამიტომაც უწოდებენ მათ ძირითად საშუალებებს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დამხმარე ტექნიკური საშუალებები და ხელსაწყოები.
ხელსაწყოებს იყენებენ კვლევის სხვადასხვა მეთოდის გასაცნობად, ცდების ჩასატარებლად. ზოგიერთი თემის განხილვისას აუცილებელია ქიმიური ნივთიერებები, ჭურჭელი. სწავლების ტექნიკური საშუალებები ეხმარება პედაგოგს შესასწავლი მასალის ეფექტურ დემონსტრირებაში და დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივირებაში
საშინაო დავალება ბიოლოგიაში

ბიოლოგიის სწავლების დრო სასკოლო მეცადინეობებზე საკმაოდ შეზღუდულია (უმეტესადკვირაში 2 საათი ეთმობა), ამიტომ აუცილებელია საშინაო დავალებების სწორად ორგანიზება ცოდნისა და უნარების განსამტკიცებლად.

საშინაო დავალება – ეს არის მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ფორმა, რომლის მეთოდოლოგიური მიზანია, შესასწავლი თემის გაღრმავებას და უკეთ ათვისებას შეუწყოს ხელი. საშინაო დავალება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, იმუშაოს მისთვის მისაღებ ტემპში, გამოიყენოს მისთვის მოხერხებული ხერხები და საშუალებები, გამოავლინოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. მისი შესრულების დროს მოსწავლეს გამოუმუშავდება ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები როგორიცაა პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, ბეჯითობა, მიზანმიმართულობა. ამიტომ საშინაო დავალებები უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს სხვადასხვა მიმართულებას, მაგალითად :

Øწიგნზე მუშაობას;
Øჟურნალებისა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის კითხვას;
Øენციკლოპედიებისა და საკვლევების გამოყენებას;
Øრეფერატის მომზადებას;
Øნატურალურ ობიექტებზე პრაქტიკულ სამუშაოებს;
Øბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების მოდელირებას;
Øთვალსაჩინოების მომზადებას და სხვა.

საშინაო დავალების სასწავლო-აღმზრდელობითი მნიშვნელობა დავალების შინაარსა და ხასიათზეა დამოკიდებული. შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა აითვისოს მოსწავლემ აუცილებლად, ხოლო დავალების ხასიათი – იმ უნარებს, რომლებიც მას ამ ცოდნის მისაღებად სჭირდება (დამახსოვრება, შედარება, მთავარი აზრის გამოყოფა და ა. შ.), ამიტომ პედაგოგმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ორი მხარე, სწორედ აქეთ უნდა იყოს მომართული მასალის შერჩევა და მის ასათვისებლად სხვადასხვა გონებრივი ოპერაციის პროექტირება.
საშინაო დავალება უნდა პასუხობდეს რამდენიმე მოთხოვნას:

Øიყოს კონკრეტული და მიზანმიმართული;
Øუზრუნველყოფდეს მასალისადმი მოსწავლეთა დიფერენცირებულ მიდგომას;
Øაღძრავდეს შემეცნებით ინტერესს და ააქტიურებდეს მოსწავლეთა ქმედებას;
Øაღვივებდეს მოსწავლის დამოუკიდებლობას და შემოქმედებითობას;
Øხელს უწყობდეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას, განზოგადებას და სისტემატიზაციას.

ბიოლოგიაში საშინაო დავალება საკმაოდ მრავალფეროვანია: ცოცხალ ობიექტებზე თეორიული და პრაქტიკული დაკვირვება, ცდის დაგეგმვა, ჩანახატების გაკეთება, ფოტოგრაფირება, რეფერატის მომზადება, პროექტის შესრულება და სხვა.

ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც მოითხოვს შედარებას, მსგავსება-განსხვავებების პოვნას, ბუნებრივი მოვლენების მიზეზების მიგნებას. ასეთი დავალება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ღრმად გაიაზროს ასათვისებელი მასალა. ამ ტიპის დავალებები მიზანშეწონილია შესრულდეს ცხრილების სახით.

საშინაო დავალებად მოსწავლეს შეიძლება შევთავაზოთ სქემის (მაგ., კვებითი ჯაჭვი, ნივთიერებათა წრებრუნვა) შედგენა ან სურათის დახატვა.

საშინაო დავალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოცულობა. სწორად შერჩეულ მოცულობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რათა მოსწავლემ არ დაკარგოს მოტივაცია ან, პირიქით, ზედმეტად თავდაჯერებული არ გახდეს (განსაკუთრებით – მაღალ კლასებში).

საშინააო დავალების ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრისთვის გასათვალისწინებელია რამდენიმე მეთოდური პირობა:

Øდავალების მოცულობა იგეგმება მოსწავლის თავისუფალი დროის ბიუჯეტის გათვალისწინებით;
Øგათვალისწინებულია გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მასალის ათვისების ხარისხი;
Øდავალება ლოგიკურად გამომდინარეობს გაკვეთილის შინაარსიდან;
Øრაოდენობა და სირთულე ისეთია, რომ დავალება შესრულებადი იყოს;
Øდავალება მნიშვნელოვანი შემეცნებითი ამოცანის გადაჭრას ისახავს მიზნად და არა რაიმე ინფორმაციის მექანიკურ წაკითხვასა თუ სურათის გადახატვას;
Øშემაჯამებელი გაკვეთილისთვის მასწავლებელმა მოსწავლეებს ზოგჯერ შესაძლოა ჯგუფური დავალებაც მიცეს.
ცოდნის შეფასება

ბიოლოგიის სწავლების დროს პედაგოგები უმეტესად უპირატესობას ანიჭებენ ცოდნის შემოწმების ორ გზას: ზეპირ გამოკითხვას და ტესტირებას, რაც მოსწავლეებს უკარგავს საგნისადმი ინტერესს. მათი უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმება არ ხდება, არადა მასწავლებელს საამისოდ შეუძლია გამოიყენოს მრავალფეროვანი აქტივობა, მაგალითად, შესთავაზოს მოსწავლეებს:
Øჩაატარონ დაკვირვება;
Øგამოყონ ობიექტის ძირითადი ნიშნები;
Øაღწერონ ექსპერიმენტის ჩატარების ტექნიკა;
Øჩაატარონ მოკლევადიანი ექსპერიმენტი და აღრიცხონ მისი შედეგები;
Øშედეგების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები (მაგალითად, მიიღონ პლაზმოლიზი, აღმოაჩინონ უჯრედში ფერმენტული რეაქციის სიჩქარე);
Øმოახდინონ ცდის ჩატარების ტექნიკის დემონსტრირება, ახსნან მისი მიმდინარეობა და გააკეთონ პროგნოზი (მაგ., გარემო პირობების გავლენა ფოტოსინთეზის აქტივობაზე, მოდიფიკაციური ცვალებაადობა, დამემკვიდრების კანონზომიერებები).

ზეპირი შემოწმება საშუალებას გვაძლევს, თვალყური ვადევნოთ მოსწავლეების საგაკვეთილო მზადებას, საშინაო დავალების შესრულებას. გაკვეთილის დასაწყისში ან ახალი მასალის ახსნისას გამოკითხვა ეხმარება მოსწავლეებს, სისტემაში მოიყვანონ ძველი ცოდნა, რომლის საფუძველზეც ხდება ახლის მიღება-ათვისება, ხოლო ისეთი სახის შემოწმება, რომელიც შესასწავლ მასალასთან უშუალო კავშირში არ არის, არღვევს სასწავლო პროცესის მთლიანობას, ყურადღებას უფანტავს მოსწავლეებს. ინდივიდუალური გამოკითხვისას აუცილებელია, კითხვა ფორმულირებული იყოს მთელი კლასისთვის, მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, შეადგინონ პასუხის გეგმა (ის შეიძლება წერილობითიც იყოს), მივაღწიოთ, რომ ისინი ყურადღებით უსმენდნენ თანაკლასელის პასუხს, ამჩნევდნენ უზუსტობებს, ინფორმაციის გადმოცემისას ლოგიკური მსჯელობის პრობლემებს, შეჰქონდეთ შესწორებები და დამატებები. მიზანშეწონილია, მოსწავლეებს დავავალოთ, მოამზადონ მეგობრის ზეპირ პასუხზე წერილობითი შენიშვნები. არასწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე კორექტულად უნდა შევაჩეროთ და მივცეთ კლასს შეცდომის შესწორების საშუალება, ხოლო მასალის დამატება-შევსება უმჯობესია მოხდეს მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაასრულებს თხრობას, რათა არ გავაწყვეტინოთ აზრი და არ შევულახოთ თავმოყვარეობა.

შემოწმებისთვის გამოიყენება ასევე საუბარი და ფრონტალური გამოკითხვა. ამ გზით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მოსწავლის ცოდნის შემოწმება, რადგან პროცესში მთელი კლასია ჩართული, მაგრამ ვერ ხერხდება მოსწავლეთა მიზნობრივი ცოდნის შემოწმება.

საუბარი უნდა აეწყოს ლოგიკური თანამიმდევრობით და მიეცეს დამამტკიცებელი ახსნა, ამიტომ მიზანშეწონილია, ამ აქტივობაში ჩავრთოთ ახსნაც.

მაგ., მოსწავლეთა ცოდნა ევოლუციის შემსწავლელი მეთოდების შესახებ შეიძლება შევამოწმოთ ორგანული სამყაროს განვითარების ეტაპებზე თხრობის დროს.

წერილობითი სამუშაო საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად შევამოწმოთ მთელი კლასის ცოდნის დონე. ამ სამუშაოსთვის გაკვეთილზე გამოვყოფთ 20-25 წუთს. მისი ფორმტი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: კითხვებზე პასუხის გაცემა, ამოცანების ამოხსნა (მოლეკულურ ბიოლოგიასა და გენეტიკაში), ტერმინოლოგიური კარნახი, სქემების და ცხრილების შევსება, სურათების გაანალიზება და სხვა.

სასკოლო პრაქტიკაში დამკვიდრებული ტესტური ფორმით შემოწმება გადამწყვეტად არ უნდა მიიჩნეოდეს, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა სიღრმისეული ცოდნის შემოწმებას, თუმცა შემოწმების ამ ფორმას უდავოდ აქვს რამდენიმე ღირსება: მოსწავლეებთან სწრაფი უკუკავშირი, მათ თვალწინ ნაშრომების გასწორება, გაუგებარი საკითხებისა და შეცდომების ახსნა.

ტესტები შეიძლება გათვლილი იყოს: ა) მოსწავლეების ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაზე; ბ) არსებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენებაზე; გ) მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარებასა და სხვა სააზროვნო ოპერაციების შესრულებაზე.

მთელი კლასის ცოდნის შესამოწმებლად ეფექტურია წერითი დავალების შესრულება ნატურალური ობიექტების, ნახატების, მიკროპრეპარატების, მოდელების, მულაჟებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, მოსწავლეებს შეიძლება დავურიგოთ სამყაროს განვითარების სხვადასხვა გეოლოგიური ერის (ეპოქის) მკვეთრად დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების ამსახველი სურათები და მივცეთ დავალება: ამოიცნონ ერა და ორგანიზმები; დაახასიათონ ამ ერისთვის დამახასიათებელი გეოლოგიური და კლიმატური პირობები; აღწერონ სურათზე წარმოდგენილი ობიექტების ევოლუციური განვითარების მიმართულებები და ა. შ.
ცოდნის მიცემასთან ერთად ბიოლოგიამ მოსწავლეებს უნდა განუვითაროს პრაქტიკული უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც მათ შემდგომ საქმიანობაში გამოადგებათ. ამ უნარებს ავითარებს ისეთი საქმიანობა, როგორიცაა: მიკროპრეპარატების მომზადება; გზამკვლევის გამოყენება; მიკროსკოპის გამოყენება; უმნიშვნელო ექსპერიმენტის ჩატარება; დაკვირვების წარმოება და მონაცემების ბიომეტრიული ანალიზი და სხვა.

გაკვეთილებზე შეძენილი უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმება მასწავლებელს შეუძლია პრაქტიკულ მეცადინეობაზე, გაკვეთილზე, ექსკურსიაზე.

სხვადასხვა სასწავლო აქტივობის შედეგად მიღებული ცოდნა, უნარები და ჩვევები/შესაძლებლობები უნდა აისახოს მოსწავლეთა თვითშეფასების ანგარიშებში. იმისთვის, რომ მასწავლებელი დააკვირდეს მოსწავლეთა პროგრესს და შეაფასოს ის, მოსწავლეებს უნდა მიეცეთ გეგმა, ხოლო ეს ანგარიშები ინდივიდუალური რომ იყოს და მოსწავლეები მათ დამოუკიდებლად ასრულებდნენ, მათ უნდა მიეცეთ სხვადასხვა ტიპის ობიექტები და დავალებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი