ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თავისუფალი თემა

რომელიღაც დაწყებით კლასში გვაწერინეს „რა მწყინს, რა მიხარია“. მაშინდელ ნაწერში პატარა პრინცივით გულწრფელი ვარ, უხერხულობამდე. გავიზარდე და გაქრა ეგ გულწრფელობა. მისი  დაბრუნების მცდელობითა და იმედით ასეთ უზარმაზარ ასაკში ისევ ამ თემაზე ვიწყებ წერას. მაშ ასე:

რა არ მიყვარს?!

ორადორი შიში მაქვს ბავშვობიდან: ობობების და უნიფორმების. სასკოლო უნიფორმების უფრო. ისე, მგონი ექიმებისაც მაგ თეთრი ხალათების გამო მეშინია.

ბავშვობაში ინდიელობანას თამაშისას მე ყველაზე გამორჩეული ინდიელი ვიყავი: სახეზე ჭორფლებს მივიხატავდი, პეპივით წინდებს ამოვიცვამდი, „ბასრ პეპელას“ დავირქმევდი და მშვილდ-ისარს მოვიმარჯვებდი. სხვები კი, ნამდვილი ინდიელები, ნამდვილი ინდიელური სახელებით და სამოსით, გამოცვივდებოდნენ თავიანთი ვიგვამებიდან, დამატყვევებდნენ, ხელ- ფეხსაც შემიკრავდნენ, დამსვამდნენ მზისგან ზურგშექცევით და ჩემი სიკვდილის გეგმას აწყობდნენ. მე პირველ რიგში მკლავდნენ ხოლმე: მათ ტომს არ შევეფერებოდი, ნაკლებად ეროვნულ-ნაციონალური გახლდით, თანაც მაინცდამაინც „ბასრი პეპელა“.

მერე, სკოლაში რომ მივედი, დაწყებით კლასებში და კიდევ უფრო მერეც დირექცია ხანდახან სასკოლო ფორმების შემოღებაზე თუ ალაპარაკდებოდა, ჩემი გული გამალებით იწყებდა ფეთქვას, თითქოს სადაცაა ისევ მზისგან ზურგით დამსვამდნენ და „მრისხანე არწივის“ ნაცვლად ამჯერად რომელიმე პატივცემული ქალბატონი თამარი გამომიტანდა განაჩენს.

ნაციონალური სამოსიც არ მიყვარს, არც ჩვენი, არც სხვისი. აი, ეგრე, ბავშვურად არ მიყვარს. უარგუმენტოდ. ფეხის დაბაკუნებით. მასევდიანებს ჩოხები, ახალუხები თუ მანდილები, კილტები, სერაპეები თუ კარპატული პერანგების ოსტატური, გულმოდგინე ნაქარგობა. თითოეული მათგანი ჩვენი საუკუნისთვის უკვე ხელოვნურ გრაციოზულობას მოითხოვს და აღარ გვიხდება, ეგრე მგონია.

ავტოსტოპით მოგზაურობისას მძღოლთან ლაპარაკი არ მიყვარს. დიდია ცდუნება უცხო ხედების, მანქანის ფანჯრებთან ჩაქროლების, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღებით მასპინძელს ვეპყრობი, სხვანაირად როგორ. ხანდახან ხომ მსხვერპლის გაღება გვიწევს, ხანდახან ასე ვცვლით დამოკიდებულებებს ჩვენი კარგი აღზრდის გამო თუ სანაცვლოს გაღების მიზნით.

წარმოუდგენელი მსხვერპლი კი არის. აგვისტოს რომელიმე მიწურული, უცხო ქვეყნის სუნი და ცა, უცხო ხეები, შესაძლოა, სტეპური ოქროსფერი, შესაძლოა სადმე, ამერიკისკენ. ფანჯრებიდან მანძილს ხედავ, ხედავ უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც თავისუფლებაა. ახლა ეგრე გრძნობ, მასე გგონია რომ თავისუფლებაა. იმიტომაც გგონია, რომ მაგ ერთადერთ ზურგჩანთაში ერთი წყვილი გამოსაცვლელი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი გიდევს: გრძელი შარვალი, ქურთუკი, სვიტრი და ბათინკი. ხოდა, თავისუფლებაა ესეც, უფრო თამამად სუნთქავ, ტვირთი არ გაწევს, ბედნიერი ხარ, თავისუფალი სხვა მზის ქვეშ. და მიუხედავად ამისა, სიჩუმის დაუძლეველი სურვილისა, ლაპარაკობ, იღიმი, ოღონდ არა შენთვის. უღიმი.

უსალმო ხალხი მაგიჟებს კიდევ. სულ მგონია, რაღაც დავუშავე. მინდება ვკითხო, იქნებ, ოდესღაც ვაწყენინე და ვერ დაივიწყეს. სინდისის ქენჯნა მეწყება და ამიტომაც, მე თვითონ ყველას დღეში ასჯერაც ვესალმები.

გაკვირვებისგან აზიდული წარბები, ზიზღისგან შეჭმუხნული თუ ამპარტავნებით აპრეხილი ცხვირები, მკაცრად მოკუმული ტუჩები და კიდევ ისეთი საღამოები არ მიყვარს, მაღალფარდოვნად რომ უნდა ილაპარაკო. კიდევ არ მიყვარს, ოპერაში კედებით მისულს და მაშასადამე მე, ეტიკეტის უცოდინარს, დამცინავად რომ ამხედავენ და დამხედავენ, მაგ დროს გული მისკდება, გულიც კი მწყდება, ამხელა გოგომ კედების გარეშე კომფორტი რით ვერ  ვისწავლე.

რა მიყვარს?!

წიგნები მიყვარს, როგორც მოგზაურობები და მოგზაურობები, როგორც წიგნები. ამ ორ რამეზე მეტად მსოფლიოში არაფერი მიყვარს.

ყველა წიგნი ხო მოგზაურობაა, ხო ახალი ნაცნობობაა, ხო სიახლეა, ახალი ცხოვრებაა, სრულიად ახალი ცხოვრება და თავისთავად ახალი სურვილებიც. მწერლობაც როგორი ღირსეული საქმეა, როგორი არაეგოისტური. მწერლები მიყვარს კიდევ, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ, გაგვინაწილონ თავიანთი ამბები. რადგან ყველა გამოგონილ ისტორიას, ყველა გამოგონილ რეალობას და პერსონაჟს ისე დაუნანებლად, ისე სხვათა შორის გვიზიარებენ, ისე გვთავაზობენ, თითქოს წიგნი კი არა, ცხელი სადილი იყოს, სახლში დაბრუნებულებს დედაჩვენებმა რომ დაგვახვედრეს.

ცოტათი ღმერთებიც არიან. ღმერთულად ქმნიან ახალ სამყაროებს, თუმცა, სავარაუდოდ, ღმერთზე მეტი დრო სჭირდებათ. სულ მეგონა, რომ ჩემი საყვარელი ღმერთივით მწერლები ბევრს მოგზაურობ(დნ)ენ. მერე გავარკვიე,  რამდენიმეს ფეხი თავისი ქვეყნის გარეთაც კი არ გაუდგამს. ცოტათი მეწყინა, მაგრამ მათი ღმერთობა ეჭვქვეშ, რა თქმა უნდა, არ დამიყენებია.

ღმერთობა არასდროს მდომებია, მაგ დროს ხომ თავს უზარმაზარად გრძნობ. მე კი დიდი მიწებისკენ მოგზაურობას ყოველთვის იმიტომ ვიწყებ, თავი დაკარგულად და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეუმჩნევლად რომ ვიგრძნო. გოლიათობა ჩემი საქმე არ არის, ამიტომაც ვიკიდებ ზურგჩანთას. მივდივარ ახალი ადამიანებისა და ადგილებისკენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი