სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ამ აჩქარებულ წუთისოფელში…

ხეები თითქოს ჩვენს მანქანას მოსდევენ. მართლა კი არ მოსდევენ, თავისთვის დგანან ადგილზე… ეს ჩვენ მივქრივართ და მე მჯერა, რომ ხეებიც დარბიან….

ეს ადრე ხდება… ახლა კი ზოგჯერ ის ადრინდელი ემოციები მახსენდება და ადგილზე მდგარ ხეებს თავადვე ვუყურებ ხოლმე, ისე უბრალოდ…  მკვეთრი დამუხრუჭება მაფხიზლებს, ტაქსის მძღოლის აღშფოთება კი საბოლოოდ მაბრუნებს რეალობაში.

– რა მოხდა?

– რა მოხდა? ვერ დაინახეთ, რაც მოხდა? უფრო სწორად, კინაღამ მოხდა…

კინაღამ კი ის მოხდა, რომ რომელიღაც თეთრი ჯიპის  დაჯახებას გადავურჩით.  ჰოდა, ახლა უკეთეს შემთხვევაში საავადმყოფოსკენ, უარეს შემთხვევაში კი ცისკენ უნდა მივქროდე. მე კიდევ კვლავ მანქანაში ვზივარ და ვკითხულობ, რა მოხდა-მეთქი. გამოდის, საუკეთესო ვარიანტი მერგო.

– და იმ ჯიპს ვინ მართავდა?

– ვინ მართავდაო? ქალი, რა თქმა უნდა… დიახ, მგონი სარკეში ტუჩსაცხს ისწორებდა  და აბა გზის საყურებლად სად ეცალა… ცხარობს მძღოლი.

ისე, სიმართლე უნდა ითქვას და ზოგიერთი ქალბატონი (და ბატონიც) მართლაც რომ სცოდავს საჭესთან. სხვის სიცოცხლეს თუ არა, თავისას მაინც რომ გაუფრთხილდნენ, კარგი იქნება. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ერთი ნაცნობის მიერ  მონათხრობი ამბავი. მის ნათესავს  ქუჩის გადაჭრისას, შეღამებისას ფეხში რაღაც ტკივილი  უგრძნია და ოდნავ წაფორხიალებულა. ზედ რაღაც მანქანას გადაუვლია, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მეგობართან ერთად მართავდა. მოგვიანებით, თურმე თავს იმართლებდნენ, უკაცრავად, რომ დავარტყით, ყუთი გვეგონაო.

ბუნებრივია, ეს ყველას არ ეხება. ის კი არა, იცით, რომ პირველი მძღოლი სწორედ ქალი იყო?

არ იცით?

საქმე ასე ყოფილა… ერთ დილას  ბერტა ბენცმა ქუჩაში რაღაც ორჩოფეხების მსგავსი გამოაგორა, ველოსიპედს უფრო წააგავდა, მაგრამ მანქანა იყო. მისმა ქმარმა კარლ ბენცმა გამოიგონა, ერთი ცხენის ძალა ჰქონდა. ბერტა არა მხოლოდ ყურადღებით მართავდა მანქანას, გზაში წარმოქმნილი პრობლემებიც თავადვე მოუგვარებია. დაბინძურებული საწვავის მილი თმის სამაგრით გაუწმენდია. ბაკში მხოლოდ ორი ლიტრი საწვავი ეტეოდა და დაახლოებით 16 კილომეტრის გავლა შეიძლებოდა. ბერტაც არ დაბნეულა, იქვე აფთიაქთან გაუჩერებია  და საწვავი სწორედ იქ შეუძენია. დამავიწყდა დამეწერა, პირველი მანქანა ლეგროინზე მუშაობდა და მისი ყიდვა სწორედაც, რომ აფთიაქში შეიძლებოდა.

ამ წუთიდან ათვლა დაიწყო,  ვიღაც უხილავმა დაიძახა:

„… წინ, მეეტლევ!

ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!…“

და პროგრესი შეუჩერებელი გახდა…

1911 წელს  მანქანა საათში უკვე  200 კმ.-ს ავითარებდა. 1927 წელს საათში – 300 კმ.-ს, დღეს შიდა წვის ძრავის მქონე ყველაზე სწრაფი მანქანა საათში 4035კმ.-ს ავითარებს.

”… გასწი მერანო, შენს ჭენებას არ აქვს  სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი…”

ბენცის მანქანა ლეგროინს იყენებდა საწვავად, თუმცა, გერმანიაში, მანქანის მუზეუმში ისეთ ეგზემპლარსაც შეხვდებით, რომელიც გირჩებსა და შეშაზე მუშაობდა.

დღეს მანქანების უმრავლესობა კვლავ შიდა წვის ძრავაზე მომუშავეა, მაგრამ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გაყიდვები ხშირდება. წყალბადის (ძრავის), როგორც საწვავზე მომუშავეთა რაოდენობა ჯერ მცირეა, მაგრამ გერმანიის ბენზინგასამართ სადგურებზე უკვე ამონტაჟებენ წყალბადის შევსების სვეტებს. 100 კმ.-ს  წყალბადის  1 კილოგრამით გაივლით, 1 კგ. წყალბადი 9 ევრო ღირს. ამდენივე ღირს 8 ლიტრი ბენზინი გერმანიაში, თუმცა წყალბადის შემთხვევაში გამონაბოლქვი ჩვეულებრივი წყალია. კარლ ბენცს ალბათ ამაზე არ უფიქრია. ის წყალს ძრავის გასაგრილებლად იყენებდა. წყალი ბევრი სჭირდებოდა.

მანქანა  ფუფუნების საგანი უკვე აღარ არის. ამ აჩქარებულ საუკუნეში ყველა სადღაც გარბის, სადღაც აგვიანდება.

”… ჩრდილივით დაგდევს შენი სიჩქარე!

და გეჩვენება, თითქოს გვიანობ…”

სიჩქარე ქიმიაშიც არის და მას ქიმიური კინეტიკა (ბერძნ. მამოძრავებელი) სწავლობს. ზოგ რეაქციას წამი ან წუთი სჭირდება, ზოგს წლები და საუკუნეები.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქიმიური კინეტიკის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა ჰოლანდიელმა ფიზიკოს-ქიმიკოსმა ი. ვანტ-ჰოფმა და შვედმა მეცნიერმა არენიუსმა.

ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენს: მორეაგირე ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, შეხების ზედაპირის სიდიდე, კონცენტრაცია, ტემპერატურა, კატალიზატორი.

მორეაგირე ნივთიერებათა ქიმიურ ბუნებაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება რეაგენტთა მოლეკულებში ქიმიური ბმის ტიპი, ბმის სიმტკიცე, კრისტალური მესრის აგებულება, ატომის გარე შრის ელექტრონების რიცხვი.

თუ ორ სინჯარაში მოვათავსებთ ერთნაირი რაოდენობის თუთიის გრანულებს, პირველ მათგანს 10მლ. მარილმჟავას, მეორეს კი 10მლ. ძმარმჟავას დაუმატებთ, რომელ მათგანში უფრო სწრაფად წავა რეაქცია? მარილმჟავაში, რა თქმა უნდა. რატომ, ამის განსჯა უკვე თქვენთვის მომინდია (მოსწავლეებო).

კალიუმი უფრო აქტიურია, ვიდრე კალციუმი. ეს რატომღა ხდება? კალიუმს გარე შრეზე ერთი ელექტრონი აქვს, რომელსაც კალციუმთან შედარებით ადვილად გასცემს.

ერთ ჭიქაში რომ ცარცის ფხვნილი ჩავყაროთ, მეორეში კი ცარცის ნატეხი მოვათავსოთ, ორივე მათგანს ერთნაირი რაოდენობის მარილმჟავა დავამატოთ, რეაქცია სად უფრო სწრაფად წარიმართება? დიახ, იქ სადაც ცარცის ფხვნილია, რადგან გაფხვიერებული ცარცის შეხების ზედაპირის ფართობი მეტია, რაც ქიმიური რეაქციის დაჩქარებას იწვევს.

რაც უფრო დიდია რეაგენტის შეხების ზედაპირი, მით მეტია ნაწილაკთა შეჯახების რიცხვი, შესაბამისად მეტია რეაქციის სიჩქარეც.

ქიმიური რეაქციისთვის, მოლეკულების გარდაქმნისთვის საჭიროა მოლეკულების ურთიერთშეჯახება. მათი შეჯახების ალბათობა, რომელიც სისტემის მთელ მოცულობაში მიმდინარეობს, დაკავშირებულია რეაგენტების რაოდენობასთან, ანუ მოლურ კონცენტრაციასთან.

ჰომოგენური რეაქციის სიჩქარე მუდმივი ტემპერატურის დროს მორეაგირე ნივთიერებების მოლური კონცენტრაციების ნამრავლის პირდაპირპროპორციულია. ეს ქიმიური კინეტიკის ძირითადი დებულებაა, რომელსაც ”მოქმედ მასათა კანონი” ეწოდება (მეცხრამეტე საუკუნეში კონცენტრაციის ნაცვლად ”მოქმედ მასას” ხმარობდნენ).

კანონი არ ეხება მყარ ნივთიერებებს, რადგან ამ შემთხვევაში რეაქცია მიმდინარეობს არა მთელ მოცულობაში, არამედ მორეაგირე ნივთიერებების შეხების ზედაპირზე.

არენიუსმა ჩამოაყალიბა თეორია, რომლის თანახმადაც, რეაქციაში შედიან მხოლოდ აქტიური ნაწილაკები, რადგან მათ საკმარისი ენერგია გააჩნიათ. ენერგიის რაოდენობას, რომელიც უნდა ჰქონდეს მოლეკულას, რომ წარმოქმნას ახალი ნივთიერება, აქტივაციის ენერგია ეწოდება (Eკჯ/მოლი). ტემპერატურის მომატებისას აქტიურ მოლეკულათა რიცხვი იზრდება, იზრდება რეაქციის სიჩქარეც.

კატალიზატორი კი არის ნივთიერება, რომელიც აჩქარებს რეაქციის სიჩქარეს, მაგრამ რეაქციაში არ მონაწილეობენ და რეაქციის ბოლოს პირვანდელი სახით გამოდიან.

ამ აჩქარებულ წუთისოფელში ყველა სადღაც გარბის, ყველა ჩქარობს და …

”…გეჩვენება, თითქოს გვიანობ,

თითქოს დაჰკარგე სინათლის წილი…”

არადა, აჩქარება აუცილებელია, რადგან ამ ჩქარ წუთისოფელში

”…უნდა მოასწრო ერთად ყოველი,

რომ დაგრჩეს ქვეყნად,

ნეკროლოგს გარდა,

 შენი პატარა სვეტიცხოველი!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი