ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყველა მოსწავლე თანასწორია

კონსტიტუციით გარანტირებულია თანასწორობის პრინციპი. ყველა მოსწავლე თანასწორია კანონის წინაშე და ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მასწავლებელს თუ სკოლის ადმინისტრაციას. აკრძალულია მოსწავლის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. არათანასწორი მოპყრობის რისკი შეფასებების დროს არსებული ფართო დისკრეციის გამო საკმაოდ მაღალია. დაივიწყეთ სიმპათია, ანტიპათია. არ შეიძლება მოსწავლის შეფასების რაიმე წილი განპირობებული იყოს მოსწავლის მიმართ მასწავლებლის სიმპათიით ან ანტიპათიით. ამიტომ მოსწავლესთან მიმართებაში მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გონივრული ახსნა და დასაბუთება შესაძლებელი უნდა იყოს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების გონივრული ახსნა, მაშინ ეს თვითნებობაა. თვითნებობა დაუშვებელია.

მაგალითად, ნინოს მშობელი კრიტიკულადაა განწყობილი სკოლის დირექციის და მასწავლებლების მიმართ. ამის გამო, მასწავლებელი ნინოს ცოდნას უფრო მკაცრად აფასებს, ვიდრე გიორგის ცოდნას. ეს თანასწორობის პრინციპის დარღვევის მაგალითია.

ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და პირობები. მასწავლებელს არ აქვს უფლება მოსწავლე ჩააყენოს არათანაბარ მდგომარეობაში მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან რაიმე სხვა მდგომარეობის გამო. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც განათლების მიღების პრივილეგია მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ. ბიჭებს და გოგონებს სასწავლო პროცესში თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეთ.

სკოლაში აკრძალულია სასწავლო პროცესის პოლიტიზება და სასწავლო პროცესის გამოყენება რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის. სკოლაში მიღებისას დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია. თუმცა ეს არ გამორიცხავს შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას იმ სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში.

აკრძალულია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის დისკრიმინაცია. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება მოსწავლის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. სკოლა ვალდებულია დაიცვას უმცირესობების წევრების ინდივიდუალური და კოლექტიური უფლება, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

და თუ მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლესთან მიმართებაში დაარღვევს თანასწორობის პრინციპს, მოსწავლეს აქვს უფლება მიმართოს სამართლებრივ ღონისძიებებს მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. თუ მოსწავლე არასრულწლოვანია, საჩივრის ან სარჩელის წარდგენის უფლება მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს. საჩივარში ან სარჩელში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ფაქტები, რომლითაც დასტურდება მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ არათანასწორი მოპყრობა. დასაბუთება აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული სამართლებრივი დავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი