მთარგმნელის შენიშვნა: თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აქტუალურია ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების უნარები. ამერიკულ და ევროპულ სკოლებში რამდენიმე წელია, ასწავლიან ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კიბერბულინგისგან თავდაცვის წესებს, ხოლო ის კომპიუტერები და ტელეფონები, რომლითაც ბავშვები სკოლაში, ბიბლიოთეკაში ან სახლში სარგებლობენ, ხშირად დაცულია სპეციალური „ძიძა“-პროგრამებით, რომლებიც ინტერნეტის შიგთავსს ფილტრავს. იმავე დროს, საქართველოში, სადაც სკოლებში თითქმის არ არსებობს მსგავსი გაკვეთილები და მშობლები იშვიათად იყენებენ ინტერნეტ-ინფორმაციის გამფილტრავ პროგრამებს, მოზარდები კი ხშირად მეთვალყურეობის გარეშე სარგებლობენ ინტერნეტით, ეს უნარები გაცილებით მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ქვემოთ მოცემული ტექსტი, რომლის ორიგინალი www.kidshealth.org საიტზე გამოქვეყნდა, დაეხმარება მშობლებს, კარგად გაიაზრონ, რა საფრთხეების წინაშე დგანან მათი შვილები სოციალური მედიის გამოყენებისას, და ასწავლონ შვილებს სოციალური ქსელების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების წესები.
თანამედროვე ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის სოციალური მედია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ექსპერტთა შეფასებით, აშშ-ს მოზარდთა 90%-ს ერთხელ მაინც გამოუყენებია რომელიმე სოციალური მედია და 75% დარეგისტრირებულია ერთ ან მეტ სოციალურ ქსელში. ამერიკელ თინეიჯერთა ნახევარზე მეტი სოციალურ ქსელს ათვალიერებს ყოველდღე. ეს რიცხვები ყოველდღიურად იზრდება, და თითქმის არ არსებობს მათი შემცირების ალბათობა.
სოციალურ მედიას ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, მაგრამ ის ასევე ქმნის ისეთ პოტენციურ საფრთხეებს, რომელთაგან ყველა მშობელი ცდილობს შვილების დაცვას. ბავშვები ყოველთვის ვერ იღებენ საუკეთესო გადაწყვეტილებას, როცა რაიმეს აქვეყნებენ ფეისბუკზე ან იუთუბზე, ხშირად კი ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა ასწავლონ შვილებს სოციალური მედიის ჭკვიანურად გამოყენება.
სოციალური მედიის სიკეთეები
სოციალური მედია შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს:
- მეგობრებთან და შორს მყოფ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაში
- სხვადასხვა არამომგებიან, ან საქველმოქმედო კამპანიებში მოხალისედ მონაწილეობაში
- შემოქმედებითი უნარების განვითარებაში იდეების, მუსიკისა და ხელოვნების ნაწარმოებების გაზიარებით
- მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების გაცნობასა და თანამშრომლობაში
- კომუნიკაციის უნარების განვითარებაში
სოციალური მედიის მავნე მხარეები
სოციალური მედიის ძირითადი უარყოფითი თვისება ისაა, რომ ის წარმოადგენს ნაყოფიერ ნიადაგს კიბერბულინგისა და არასათანადო ქცევისთვის. თავისდაუნებურად, ბავშვებმა შესაძლოა ისეთი რამ გააზიარონ საჯაროდ, რაც მათთვის სახიფათო ან მავნებელია.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ათიდან ცხრა მოზარდი ონლაინ აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს ან დარეგისტრირებულია ნამდვილი სახელით; ათიდან რვა მოზარდი საჯაროდ წერს პერსონალური ინფორმაციისა და საკუთარი ინტერესების შესახებ; ათიდან შვიდი მოზარდი ამჟღავნებს თავისი სკოლისა და ქალაქის სახელს. ამ ტიპის ქმედებების შედეგად, ჩასაფრებული მოძალადეებისა და სხვა კრიმინალებისთვის იოლად ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია ბავშვების შესახებ, რასაც ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოყვეს.
ქვემოთ მოცემული სტატისტიკა ამერიკელ მოზარდთა შესახებ ცხადად ავლენს სოციალური მედიის საფრთხეებს:
- მოზარდთა 17% ამბობს, რომ მათ ონლაინ დაუკავშირდა უცნობი ადამიანი ისეთი ფორმით, რომ მოზარდმა საფრთხე და დისკომფორტი იგრძნო;
- მოზარდთა 30% ამბობს, რომ მათ მიიღეს ონლაინ რეკლამა, რომელიც მათი ასაკისთვის უხამსი იყო;
- მოზარდთა 39% ამბობს, რომ უთქვამს ტყუილი საკუთარი ასაკის შესახებ ზოგიერთ ვებსაიტზე წვდომის მისაღებად.
საფრთხეები და შედეგები
კიბერბულინგისა და ონლაინ კრიმინალების პრობლემის გარდა, ბავშვები ასევე დგებიან საფრთხის წინაშე, ფიზიკურად შეხვდნენ არასასურველ პიროვნებას. ბევრი ახალი აპლიკაცია ავტომატურად აჩვენებს, სად იმყოფება აპლიკაციის მომხმარებელი მისი გამოყენებისას. ეს ინფორმაცია საშიში ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.
ასევე, ონლაინ დადებული ფოტოების, ვიდეოებისა და კომენტარების სრულად წაშლა თითქმის შეუძლებელია. თუკი მოზარდი გადაიფიქრებს და წაშლის ინფორმაციას საკუთარ პროფილზე, ხშირად ეს ინფორმაცია მაინც რჩება სოციალური მედიის სერვერებზე და შესაძლოა, უკვე სხვა მომხმარებელს ჰქონდეს შენახულიც.
უხამსი ფოტოს ან ტექსტის გამოქვეყნებამ შეიძლება ბავშვის რეპუტაცია დააზიანოს, რაც წლების შემდეგ გამოიწვევს პრობლემებს – მაგალითად, როცა პოტენციური დამსაქმებელი ან უნივერსიტეტში მიმღები კომისია პირადი მონაცემების და უსაფრთხოების შემოწმებას აწარმოებს. ხოლო თუ ბავშვი თუნდაც ხუმრობით გამოაქვეყნებს ბოროტ ტექსტს, ამან შეიძლება ვინმე დაამციროს ან ვინმემ მუქარად მიიღოს.
სოციალურ მედიაში დიდი დროის გატარებამ შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს. როცა ბავშვი ხედავს, რამდენად ბევრი ონლაინ-მეგობარი ან მიმდევარი ყავს სხვას ან უყურებს, როგორ ერთობიან სხვები, მას შეიძლება საკუთარი ცხოვრება მოსაწყენი მოეჩვენოს ან ეგონოს, რომ სხვებთან შედარებით წარუმატებელია.
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს
ცხადია, მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, როგორ იქცევა მისი შვილი სოციალურ ქსელში, მაგრამ მეტისმეტმა ყურადღებამ შეიძლება ბავშვის გაუცხოვება გამოიწვიოს და ავნოს მშობელსა და შვილს შორის ნდობას, რაც ძალიან რთული აღსადგენია. ამიტომ არსებითია მშობლის მონაწილეობა ამ პროცესში იმგვარად, რომ შვილი აცნობიერებდეს: მშობელი პატივს სცემს მის პირად სივრცეს, მაგრამ სურს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მაგალითად, მშობელმა შეიძლება შემდეგი რჩევები გაუზიაროს შვილს:
- იყავი ზრდილობიანი. უხამსი ქმედება ისევე მიუღებელია ვირტუალურ სამყაროში, როგორც რეალურში.
გასაგებად აუხსენით შვილს, რომ მას მოეთხოვება, სხვებს მოექცეს პატივისცემითა და ზრდილობით; მან არასდროს არ უნდა გამოაქვეყნოს გულსატკენი ან სამარცხვინო ტექსტი სხვათა შესახებ. სთხოვეთ, ყოველთვის გიამბოთ სახიფათო ან დამამცირებელი ტექსტების შესახებ, რომელთაც სხვები გამოაქვეყნებენ.
- ორჯერ დაფიქრდი ტექსტის ან ფოტოს საბოლოო გამოქვეყნებამდე.
შეახსენეთ მოზარდს, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში გამოაქვეყნებს, მის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. მაგალითად, თუკი საჯაროდ დაწერთ, რომ სამოგზაუროდ ხართ წასული და თქვენი სახლის მისამართიც იოლი მოსაძებნია, მძარცველები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. მოზარდები ასევე უნდა მოერიდონ ერთობლივი ახალგაზრდული გასართობი ღონისძიებების მისამართების საჯაროდ ხსენებას, ისევე როგორც ტელეფონის ნომრების.
- მისდიეთ წესს „რას იტყოდა ბებო?“
ასწავლეთ ბავშვს, რომ თუკი რაიმე ერთხელ მაინც მოხვდება ინტერნეტში, მისი სრულად წაშლა შეუძლებელია. მან ისეთი რამ არ უნდა გააზიაროს სოციალურ მედიაში, რაც სურს დამალოს მასწავლებლების, უნივერსიტეტში მიმღები კომისიის, მომავალი სამსახურის უფროსებისა და, ცხადია, ბებიისგან.
- გამოიყენე კონფიდენციალურობის დაცვის წესები.
კონფიდენციალურობის დაცვის წესები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ შვილთან ერთად გაარჩიეთ ეს წესები, რომ ბავშვმა კარგად გაიაზროს ისინი. ასევე აუხსენით, რომ პაროლი არსებობს თავის დასაცავად, მაგალითად, იდენტობის მითვისებისგან, და არასდროს არავის არ უნდა გაუზიაროს ის (საკუთარ მეგობარს ან შეყვარებულსაც კი).
- არ დაუმეგობრდე უცნობებს.
აუხსენით, რამდენად საშიშია უცნობებთან დამეგობრება ინტერნეტში. უცნობის პროფილი შეიძლება საშიშ დამნაშავეს მალავდეს, რომელსაც შეუძლია, მოზარდის ნდობით ან მის პროფილზე მოპოვებული ინფორმაციით ბოროტად ისარგებლოს. თუკი არ იცნობ ადამიანს, ნუ დაუმეგობრდები სოციალურ ქსელში. ეს არის ყველაზე მარტივი, იოლი და უსაფრთხო წესი.
შვილთან შეთანხმება
როგორ შეიძლება ამ მიდგომების განხორციელება სახლში? ამის ერთ-ერთი გზაა შვილებთან დადოთ შეთანხმება „სოციალური მედიის გამოყენების შესახებ“ – შეიძლება ამას ჰქონდეს ნამდვილი კონტრაქტის სახე, რომელსაც მშობლები და შვილი ხელს მოაწერს. ამ შეთანხმებით მას დაეკისრება ვალდებულება, დაიცვას საკუთარი პირადი სივრცე და კონფიდენციალურობა, იზრუნოს საკუთარ რეპუტაციაზე და არ გასცეს პერსონალური ინფორმაცია. ასევე, მოზარდი დადებს პირობას, არასდროს გამოიყენოს ტექნოლოგია იმისთვის, რომ ვინმეს მიაყენოს ტკივილი (დამცირებით ან არასწორი ინფორმაციის გავრცელებით).
თავის მხრივ, მშობლები დებენ პირობას, პატივი სცენ მოზარდის პირად სივრცეს, როცა იგი ცდილობს გახდეს სოციალური მედიის სამყაროს ნაწილი (ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შვილის „მეგობარი“ გახდეთ სოციალურ ქსელში და დააკვირდეთ მის ონლაინ-საქმიანობას, მაგრამ არ უნდა დაუწეროთ დამამცირებელი კომენტარები ან ამბები მოზარდის პირადი ცხოვრებიდან, მაგალითად მისი არეული ოთახის შესახებ).
მშობლებმა ასევე ხელი უნდა შეუწყონ მოზარდებს, რეალურ სამყაროში მეტად დაიმკვიდრონ თავი, სოციალური მედიის გარკვეული შეზღუდვით. ამის ერთ-ერთი მეთოდია, კომპიუტერები იდგეს საერთო, ვთქვათ სასადილო ან სასტუმრო ოთახში. ნუ შეიტანთ ლეპტოპს და სმარტფონებს საძინებლებში, და ერთად შეიმუშავეთ ტექნოლოგიის გამოყენების გარკვეული წესები (მაგ. არავითარი სმარტფონი ერთად სადილობისას).
მთავარია, გახსოვდეთ: საკუთარი ქცევით ვირტუალურ გარემოში ყველაზე ღირებულ მაგალითს აძლევთ შვილებს, როცა ასწავლით სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენებას.
ლარისა ჰირში, მედიცინის დოქტორი, 2014 წელი.