პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

არატრადიციული    გაკვეთილები  და  მოსწავლეთა ანალიტიკური და კვლევითი უნარების  ფორმირება

კვლევითი საქმიანობის ძირითადი ფუნქცია სამყაროს და საკუთარი თავის  შემეცნებისთვის მოსწავლეთა ინიცირებაა, რომელიც  ორი სუბიექტის – მოსწავლის და მასწავლებლის – ერთობლივ საქმიანობას გულისხმობს. მასწავლებელი ფლობს უნარებსა და ჩვევებს, შეუძლია ასწავლოს, მოსწავლე კი მზადაა აითვისოს ეს ცოდნა, რამდენადაც დაინტერესებულია თავისი კვლევითი საქმიანობის წარმატებით.

კვლევის წარმოებისთვის საჭიროა საკვლევი პრობლემის ფორმირება, სამუშაო გეგმის შედგენა, მონაცემების გადამუშავება და ინტერპრეტირება, სამეცნიერო მოხსენებისა და სტატიის დაწერა, კვლევის შედეგების დაცვა და, რაც უმთავრესია – კვლევის წარმოება.   სავსებით შესაძლებელია ამ ყოველივეს სასკოლო ცხოვრების ფარგლებში წარმატებით წარმართვა და მოსწავლეთა არამარტო კვლევითი სტილის, არამედ აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ფორმირება (ასაკობრივი ფსიქოლოგიის და სასწავლო მიზნების შესაბამისად ზუსტად შეიძლება დაიგეგმოს, რომელ კლასში და  როგორი  უნარ-ჩვევები უნდა ავათვისებინოთ მოსწავლეებს).

რამდენადაც  სასწავლო საქმიანობის ძირითადი ფორმა სკოლაში არის გაკვეთილი, ამიტომ მასწავლებელმა დასახული მიზნისათვის საგაკვეთილო  პროცესიც  აქტიურად უნდა გამოიყენოს და მოსწავლეებს შესაბამისი აქტივობები შეურჩიოს. ამ მხრივ ძალზედ  ეფექტურია არატრადიციული გაკვეთილების ფორმატი, რომლებიც ყოველთვის  მომგებიანია,  რადგანაც  მასში წარმოდგენილია სათამაშო ელემენტები, მასალის   გადაცემის  ორიგინალური  ხერხები,  მოსწავლეთა  აქტიური  ჩართულობის  მომენტები და დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები ღებულობენ  ასეთ  გაკვეთილებზე,  ეხმარება  მათ ანალიტიკური და კვლევითი უნარების ფორმირებაში.

საამისოდ მოსწავლისათვის ყველაზე მოსახერხებელი მაინც „მკვლევრის“  როლია. მკვლევარს არამარტო ძიება, არამედ გაანალიზებაც უნდა შეეძლოს (მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე აუცილებელია ისტორიული მოვლენების გაანალიზება). შესაბამისად,  მოსწავლეებს  ისტორიული მასალის, წყაროების, ნარატივების და ა.შ. გაანალიზებაც უნდა ვასწავლოთ. ისტორიული წყაროების გამოყენებით ცოდნა ფართოვდება, სამყაროს შემეცნება ახალ ფორმებს იღებს, რომელიც არ ჰგავს  ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს და გაკვეთილი სულ სხვა ელფერით წარმოგვიდგება:  აქ ფანტაზიაცაა, წარმოსახვაც,  ეპოქის გააზრებაც, პასუხის  დამოუკიდებელი  მოძიებაც და უკვე ცნობილ  ფაქტებსა და მოვლენებზე ახალი შეხედულების ჩამოყალიბებაც.  წყაროზე მუშაობისას „მკვლევარი-მოსწავლე“ სასიამოვნო საქმიანობასთან ერთად  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო ელემენტარულ უნარებსაც  ეუფლება.

არატრადიციული გაკვეთილებიდან  ისტორიული  წყაროების გაანალიზებისთვის და გამოკვლევისთვის, „მკვლევარი-მოსწავლის“ ჩამოყალიბებისთვის ძალიან ეფექტურია  სათამაშო ელემენტების გამოყენება. მაგალითად, გაკვეთილზე „ანალიტიკოსის“  თამაშისას მოსწავლეები სწავლობენ დოკუმენტის წაკითხვას, გააზრებას, ზოგადად დამოუკიდებელ აზროვნებას, ცოდნის მოძიებას და  ტექსტიდან  საჭირო ინფორმაციის  ამოღებას, რის გამოც წყაროები ისტორიის გაკვეთილებზე არასოდეს არ არიან ზედმეტი და ძალიან  ამდიდრებენ მოსწავლეთა ინტელექტსაც, მაგრამ  არც  იმის საშუალებაა, რომ დოკუმენტები მუდმივად გამოვიყენოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი თემის შესწავლის პარალელურად მოსწავლეები გაკვეთილზე რვეულში აფიქსირებენ ძირითად საკითხებსა და თემებს და აანალიზებენ მათ.

მაგალითად, განვიხილოთ თემა „ქართული კულტურა XIV-XVI სს-ში“, სადაც საუბარია საკანონმდებლო ძეგლებზე და მათ შორის ბექა-აღბუღას  სამართლის წიგნზე, რომელიც სისხლის სამართალს წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგაა მიმართული. ცოდნის  გამტკიცების ეტაპზე მოსწავლეებმა „ძეგლისდების“ შესაფერისი მუხლების   გამოკვლევის საფუძველზე  უნდა დაამტკიცონ, რამდენად სწორად  გაიგეს  მოსმენილი. ამისათვის მათ წინასწარ უნდა დაურიგდეთ შესაფერისი დოკუმენტი ან ნაწყვეტი „ძეგლისდებიდან“, ან „ქართული სამართლის ისტორიის“ წიგნი მონიშნული  გვერდებით.  თამაშის  წესების მიხედვით მასწავლებელი მიუთითებს დოკუმენტზე და  მოსწავლეებს მის განხილვას სთავაზობს. მოსწავლეებმა თავი უნდა წარმოიდგინონ  მეცნიერ-მკვლევრის  როლში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ  აღნიშნული  კანონები ხელს უწყობდა საქართველოს მოსახლეობაში  წესრიგის  გამტკიცებას და კანონის უზენაესობას. ის, ვინც მეტ-ნაკლებად ყველაზე სრულად გააშუქებს განსახილველ პრობლემას, იქნება კიდეც საუკეთესო ანალიტიკოსი. წარმატების აღსანიშნავად, დამატებითი მოტივაციისათვის სასურველია მოსწავლის სიტყვიერი შექებაც და   სტიკერის ან მსგავსი სიმბოლოს გადაცემა დაახლოებით ასეთი  წარწერით „საუკეთესო ანალიტიკოსი“.

გასათვალისწინებელია, რომ სათამაშო სიტუაციის პირობებშიც კი მთელი გაკვეთილი  დოკუმენტებთან მუშაობა მოსწავლეებისათვის  მაინც დამღლელია, ამიტომ უმჯობესია ისინი გამოვიყენოთ უკვე მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, ძირითადად  გაკვეთილის მეორე ნახევარში, ბოლო 10-15 წუთის   განმავლობაში.

ისტორიული მოვლენების ცოდნასთან ერთად აუცილებელია ისტორიული თარიღების ცოდნაც. ჯერ კიდევ ციცერონი ამბობდა, „ისტორია საუკუნეთა მოწმეაო“. ხანდახან  ხდება, რომ მასალის შესწავლისას მოსწავლეები ამას არ ითვალისწინებენ, ვერ აცნობიერებენ თარიღების მნიშვნელობას.  გლობალური ისტორიული მოვლენების თარიღები მათ იციან, მაგრამ ისტორიის  მასწავლებელს ხშირად  დიდი  ძალისხმევა  სჭირდება შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი თარიღები რომ დაასწავლოს მოსწავლეებს. სხვა ვარიანტებთან ერთად  გამოსავალი ამ სიტუაციიდანაც არატრადიციული გაკვეთილია, მათ შორის თამაში-შეჯიბრების ელემენტების გამოყენება. ასეთად შეიძლება დავასახელოთ თამაში „ჟამთააღმწერელი“:

მაგალითად, გაკვეთილის თემაა „რომის რესპუბლიკა“ და მოსწავლეებს ევალებათ „ჟამთააღმწერლის“, „მემატიანის“  როლის  შესრულება, რაც აუცილებლად გულისხმობს  როლის დასწავლას,  ანუ იმის სწავლას,  თუ  როგორ  იწერება  „მატიანე“ და ვინ არის „მემატიანე“.  მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაარკვევენ, როგორ იწერება მატიანე, როგორ  კეთდება ისტორიული ხასიათის ჩანაწერები, მასწავლებელი ახსნის ახალ მასალას, ისაუბრებს რომის რესპუბლიკაზე, მის მმართველობაზე, მაგრამ თხრობის პროცესში დაფაზე არანაირ ჩანაწერს არ გააკეთებს. მოსწავლეები დამოუკიდებლად, მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ  ინიშნავენ რვეულში საჭირო ინფორმაციას და   შემდეგ არედაქტირებენ. გაკვეთილის ბოლოს კი  შემოწმდება, ვინ უფრო ყურადღებით უსმენდა მასწავლებელს, ვისი ჩანაწერი უფრო სრულყოფილია, ვის არ გამორჩა ფაქტები, მოვლენები, შესატყვისი თარიღები და ვინ უფრო უკეთესად შეძლო „მემატიანის“  როლის  შესრულება. ასეთი ტიპის თამაში-დავალება, მართალია დაძაბულია, მაგრამ გამოირჩევა  იდეალური სამუშაო განწყობილებით და  სიჩუმით.   დავალების   მაღალი  მოტივაციის გამო ასეთი გაკვეთილების ბოლოს აღმოჩნდება, რომ  მოსწავლეების უმეტესობა  „საუკეთესო მემატიანეა“.

თამაში „იპოვე შეცდომა“ ზეპირი ფორმით ტარდება და ძირითადად მოსახერხებელია მასალის განმეორებისა და განზოგადების დროს: მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ მათ უნდა იპოვონ შეცდომა მის მონათხრობში. მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ მასწავლებელს, შემდეგ კი მიუთითებენ შეცდომებზე და ასწორებენ მათ.

არის შემთხვევები, როდესაც ცოდნის შემოწმებისას მასწავლებელი ამჩნევს, რომ ფაქტების დალაგებისას მოსწავლეები ვერ იცავენ ქრონოლოგიას. თამაში „ბიბლიოთეკარი“ ეხმარება  მოსწავლეებს შესაფერისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში:  მოსწავლეებმა უნდა  გადახედონ, გადაამოწმონ, რა სახის წიგნებია ბიბლიოთეკაში, რა შინაარსის, გააკეთონ შესაფერისი ანალიზი, დასკვნა და ამის შემდეგ  წიგნები დაალაგონ ქრონოლოგიურად, ისტორიული ფაქტებისა და პიროვნებების მიხედვით და გაუკეთონ   სათანადო წარწერებიც: „წიგნი ჯვაროსნულ ლაშქრობებზე“, „წიგნი ხლოდვიგზე“, „წიგნი დავით აღმაშენებელზე“, „ქრისტეფორე კოლუმბზე“, „ჟანა დარკზე“ და ა.შ. წიგნების გადათვალიერებისას  და შინაარსების  „მოკლე  გამოკვლევისას“  მოსწავლეები არამარტო კვლევით უნარებს განივითარებენ, არამედ ფაქტიურ ცოდნასაც გადაამოწმებენ და  დროში ორიენტირებაშიც გაივარჯიშებენ.

არატრადიციული გაკვეთილების  სისტემატური გამოყენება სასწავლო გარემოს   უფრო ეფექტურს ხდის, მასწავლებელი მოსწავლეს აცნობს ყურადღების და მობილიზების, ცოდნის შეძენის მრავალფეროვან გზას, ამოცანის გადაჭრის საშუალებებს და ხელს უწყობს მასალის ანალიზისა და გამოკვლევისთვის  საჭირო უნარების ფორმირებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი