ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომელსაც არ ექნება სურვილი, რომ მისი შვილი იყოს მტკიცე ხასიათის, ძლიერი ნებისყოფის, მიზანდასახული, მიზანსწრაფული და დამოუკიდებლად მოქმედების უნარით აღჭურვილი. მათი ჩივილები შვილთან დაკავშირებით ხომ ყველაზე ხშირად სწორედ ნებისყოფას უკავშირდება – „უჭირს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა“, „უჭირს დასახული მიზნის შესაბამისად მოქმედება“, „ძალიან სუსუტი ნებისყოფა აქვს“, „ჩემი დახმარების გარეშე ვერაფერს აკეთებს“. ამგვარი ფრაზების მოსმენა, მშობელთა მხრიდან,  ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ნებისყოფასთან დაკავშირებული პრობლემებით,  მშობლები წუხილსა და დაინტერესებას ბავშვის სკოლაში შეყვანის შემდეგ აქტიურად იწყებენ. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სასკოლო სწავლება-ნებელობის განვითარების გარკვეულ დონეს საჭიროებს და პრობლემები, რომლებსაც ბავშვი სწავლის დროს ხვდება, არცთუ ისე იშვიათად, სწორედ აღნიშნული მიმართულებით მის განვითარებაში არსებული ხარვეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

     გამომდინარე იქიდან, რომ ნებისყოფის როლი და მნიშვნელობა, როგორც სწავლის, ასევე პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში განუზომელია, ნებისმიერი აღმზრდელისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ რა გზას გადის ბავშვის ნებელობითი განვითარება და როგორ შეიძლება დავეხმაროთ აღსაზრდელს ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში.

     კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანი არ იბადება ძლიერი ან სუსტი ნებისყოფით. ის მემკვიდრეობით არ გადაეცემა მშობლიდან შვილს. ნებისყოფა ყალიბდება ბავშვის მიერ სოციალური ნორმების ათვისების პროცესში. მისი განვითარება ბევრად არის დამოკიდებული ცხოვრების პირობებსა და აღზრდაზე. თუ ბავშვი იზრდება ჰიპერმზრუნველობის პირობებში, მშობლები ზედმეტად მეურვეობენ, უფროსები მის ნებისმიერ სურვილს, თხოვნას, კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებენ, საეჭვოა, რომ ის ძლიერი ნებისყოფის და მტკიცე ხასიათის ადამიანად ჩამოყალიბდეს. ასეთი ბავშვი იქნება განებივრებული, ჭირვეული და მშობლებს უამრავ პრობლემას შეუქმნის.

     კარგი იქნება, თუ ნებისყოფის განვითარებაზე ზრუნვას ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში, ადრეული ასაკიდანვე დავიწყებთ. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ბავშვს შეუძლია მისკენ მიმართული სიტყვების აზრის წვდომა და გაგება, შეგვიძლია უკვე გარკვეული, მისი შესაძლებლობების შესაბამისი მოთხოვნები წავუყენოთ მას და ვთხოვოთ მათი შესრულება. მაგალითად, სათამაშოების დამოუკიდებლად დალაგება თამაშის შემდეგ, ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა და ა.შ. უნდა ითქვას, რომ  ადრეულ ასაკში ხშირად პატარები თავად ითხოვენ დამოუკიდებლად მოქმედებას, მაგ. სიტყვებით „მე თვითონ“ ის პროტესტს უცხადებს დედას და ხელიდან სტაცებს კოვზს, რომ დამოუკიდებლად ჭამოს. ასეთ სცენას ჩვენ შეიძლება ბავშვის ჩაცმის დროსაც წავაწყდეთ – ბავშვი ჭირვეულობს და ცდილობს თვითონ ჩაიცვას ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. თუმცა, იმის გამო,  რომ მისი მოძრაობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დახვეწილი, მას დიდი დრო ეხარჯება აღნიშნული მოქმედებების განხორციელებაზე, რაც დედას აღიზიანებს და ცდილობს დაიმორჩილოს ბავშვი, თვითონ აჭამოს და ჩააცვას. ყოველივე ეს დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ნებელობით განვითარებას.

ადრეულ ასაკში, ბავშვთან ურთიერთობისას, ჩვენ ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მისი ნებისყოფის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ. მაგ. არის ხოლმე შემთხვევები, როცა კაშკაშა სათამაშოს დანახვისას პატარა მისკენ იწევს, რომ როგორმე ხელში ჩაიგდოს. სულ რამდენიმე თვის ბავშვს უკვე შეუძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად, თუ გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს. კარგი იქნება, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ, არ მივაწოდოთ ბავშვს მისთვის სასურველი სათამაშო და მივცეთ ნებელობის გამომჟღავნების შესაძლებლობა. ნუ მოვაკლებთ მას მიზნის მიღწევით და საკუთარი წარმატებით განცდილ სიხარულს. პატარა ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, როცა დამოუკიდებლად აღწევს მიზანს. წინააღმდეგობების დამოუკიდებლად დაძლევა აქტიური, დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, ბავშვის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია და ძალიან ხშირად მას არ შეუძლია დახმარების გარეშე წამოჭრილი პრობლემის წარმატებით გადაჭრა. თუ ვხედავთ, რომ ის თავს ვერ ართმევს  მის წინაშე მდგარ ამოცანას, ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მას. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით, ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე და ბავშვის ნაცვლად ნუ ვეცდებით პრობლემის გადაჭრას. ერთხელ, ორი წლის გიომ ვერაფრით მოახერხა სათამაშო ფიგურების ყუთში ისე ჩალაგება, რომ ყველა თავის ადგილას მოხვედრილიყო და ყუთისთვის თავსახურიც თავისუფლად დაეფარებინა. ბავშვმა ნერვიულობა დაიწყო და დასახმარებლად დედას უხმო. დედამ სწრაფად ჩაალაგა ფიგურები და თავსახურიც ადვილად დააფარა ყუთს. გიო გახარებული და კმაყოფილია. გახარებულია დედაც – ბავშვმა ტირილი შეწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი მეორდება. თუმცა ამჯერად დედა გაღიზიანებული და უკმაყოფილოა – „როდემდე შეიძლება ამის გაგრძელება, სახლის საქმეებია გასაკეთებელი“. ამ შემთხვევაში დედის შეცდომა ის არის, რომ მან ბავშვის ნაცვლად გააკეთა ყველაფერი, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ დახმარებოდა მას. უმჯობესი იქნებოდა დედას ეჩვენებინა გიოსთვის, როგორ უნდა ჩაელაგებინა ფიგურები ყუთში, შემდეგ კი თვალ-ყური ედევნებინა რამდენად მოახერხებდა ის ამის გაკეთებას. ამით ბავშვი ისწავლიდა რთული სიტუაციიდან გამოსვლას. ნუ გავაკეთებთ ბავშვის მაგივრად იმას, რისი გაკეთების უნარიც მას უკვე აქვს, რისი გაკეთებაც მას უკვე შეუძლია. ვეცადოთ ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვს უმარტივესი „პრობლემებისთვის“ დამოუკიდებლად თავის გართმევა: სათამაშოების ალაგება თამაშის შემდეგ, დამოუკიდებლად ხელ-პირის დაბანა, ჩაცმა, გახდა. ამით ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლობას და საკუთარ თავში ავითარებს ნებელობით თვისებებს. გარკვეულ პერიოდში ბავშვი დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, რომ მივცეთ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება – დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. თუ ამ დროს ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ, ის მიეჩვევა ჩვენს მომსახურებას და მოგვიანებით, როცა ჩვენ მოგვინდება, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად აკეთოს ეს ყველაფერი, ადვილი შესაძლებელია მას აღარ ჰქონდეს ამის სურვილი, რის გამოც ჩვენ უკმაყოფილების და სიბრაზის გრძნობა დაგვეუფლება. მაგრამ, თუ ადრეული ასაკიდანვე,  ბავშვთან ურთიერთობაში გამოვიჩენთ მოთმინებას, არ დავზოგავთ დროს და გარკვეულ გასაქანს მივცემთ  ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, ის სწორად განვითარდება და მოგვიანებით გაცილებით გაგვიადვილდება მასთან ურთიერთობა.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებელობითი თვისებები უცებ არ აღმოცენდება. ის გადის განვითარების რთულ გზას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისყოფის განვითარება სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანი წინაპირობაა სკოლაში სწავლის დასაწყებად. იმისათვის, რომ ბავშვმა სასკოლო სწავლების პროცესში წარმატებას მიაღწიოს, ის უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს, საკუთარი მოქმედება შეუსაბამოს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ასევე უნდა შეძლოს საკუთარი თავის და ქცევის მართვა. ნებელობითი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვის სასკოლო სწავლისათვის ფსიქოლოგიური მზაობის კომპონენტებს შორის.  არანაირი სისტემური სწავლება არ იქნება შესაძლებელი, თუ ბავშვი ვერ ფლობს საკუთარ თავს, თუ ის მოქმედებს მხოლოდ აქტუალური მოთხოვნილებების საფუძველზე და ვერ ახერხებს, რომ საკუთარი მოქმედება მასწავლებლის მითითებებს და სასკოლო პროგრამის მოთხოვნებს დაუქვემდებაროს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე ხშირად ბავშვის წარუმატებლობის მიზეზს სასკოლო სწავლების პროცესში ნებისყოფის განვითარების არასათანადო დონე წარმოადგენს, რის გამოც ბავშვს აკლია  დამოუკიდებლობა, არ შეუძლია საქმის ბოლომდე მიყვანა, არა აქვს საჭირო მზაობა სასკოლო სწავლისათვის. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ძალიან პასიურები არიან დავალებების შესრულების დროს. პასიურობას  ხშირად თან ახლავს უარყოფითი ემოციები და უკმაყოფილების გამომხატველი ფრაზები: „რთულია“, „არ მინდა“, „მაიძულეს“ და ა.შ.  ყოველივე აღნიშნულს  სასწავლო მოტივაციის დაბალი დონეც ახლავს. ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად ბავშვს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არ ექნება რჩევის სხვისგან მიღების  შესაძლებლობა.

      ბევრი მშობელი აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ მისმა შვილმა, სასკოლო სწავლების დაწყებისთვის ბევრი რამ იცოდეს, იყოს ყურადღებიანი, რაც შეიძლება მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას კარგად იმახსოვრებდეს, გამართულად ლაპარაკობდეს. რაც შეეხება ნებელობას, საკუთარი თავისა და ქცევის მართვას, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და თვლიან, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის ნებელობის განვითარების ასეთი დონე ჯერ ნაადრევია. და ეს მაშინ, როცა თვითკონტროლი სასკოლო სწავლებაში წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანეს პირობას  წარმოადგენს. იმისათვის, რომ კარგად ისწავლოს, ბავშვისთვის აუცილებელია ყურადღებით და ბოლომდე მოუსმინოს, რას ლაპარაკობს არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ თანატოლიც, განურჩევლად იმისა საინტერესოა ეს მისთვის თუ არა, უკვე იცის მან ეს მასალა, თუ არა. უნდა შეძლოს თავშეკავება და არ წამოიძახოს ადგილიდან პასუხი, აიწიოს ხელი და დაელოდოს როდის შეეკითხებიან. უნდა ილაპარაკოს, რასაც ეკითხებიან, რაც კავშირშია გაკვეთილთან  და არა ის, რაც სურს.  უნდა გააკეთოს ის, რასაც მასწავლებელი ავალებს და მიიყვანოს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე, მაშინაც კი, თუ ის ცუდად გამოსდის და საერთოდ არც უნდა ამის გაკეთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვმა არა მხოლოდ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს გაკვეთილზე, არამედ შეძლოს კიდეც ასე მოქცევა, ე.ი. ჰქონდეს ამისათვის საჭირო ძალა და მოთმინება. სწორედ ამისათვის არის საჭირო ნებისყოფის განვითარება.

     ვინაიდან პიროვნების სიძლიერე უპირველეს ყოვლისა ნებისყოფის სიძლიერით განისაზღვრება, ამასთან ერთად, ძლიერი ნებისყოფის ადამიანს აქვს საკუთარ თავში   დარწმუნებულობის გრძნობა და შეუძლია სირთულეების ადვილად გადალახვა, აღზრდის პროცესში მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე უნდა იყოს მიმართული. იმისათვის, რომ ბავშვში ძლიერი ნებისყოფა აღვზარდოთ, აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პირობები:

  • ნურასოდეს გავაკეთებთ ბავშვის ნაცვლად იმას, რასაც ის თავად უნდა დაეუფლოს;
  • დავაინტერესოთ ბავშვი დამოუკიდებელი მოქმედებით და წავახალისოთ ის ამ მიმართულებით, გამოვიწვიოთ მასში სიხარულის გრძნობა მიღწეულით;
  • ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და იზრუნოს მის განხორციელებაზე.

     არასოდეს დავივიწყოთ, რომ ბავშვი ისწავლის ნებისყოფის და დამოუკიდებლობის გამოვლენას, თუ ჩვენ ამისათვის შევქმნით პირობებს და თავად წავახალისებთ მის დამოუკიდებლობას.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგვრჩეს ბავშვის განვითარების ის პერიოდი, როდესაც ყალიბდება ადამიანის ნებელობითი თვისებები. გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია ბავშვის სწორად აღზრდა, ვიდრე აღზრდაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ბავშვის შეცვლა, ხელმეორედ აღზრდა საჭიროებს დიდ ძალისხმევას, ცოდნას და მოთმინებას, რასაც, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს და რაც ყოველთვის წარმატებით არ სრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი