სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ამოცანებისა და თავსატეხების გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შემეცნებითი ხასიათის ამოცანის გარეშე არ იქნება ფიქრი და განსჯა. წარმოიშობა პრობლემა – იწყება მისი გადაჭრის გზების ძიება.

სწავლების დროს პრობლემების წამოჭრა და მათ გადაჭრაზე მუშაობა ზრდის მოსწავლეთა აქტივობას. ისინი შეისწავლიან პრობლემას, ეძიებენ გადაჭრის გზებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს, მოჰყავთ არგუმენტები, გამოაქვთ დასკვნები. სასკოლო პრაქტიკაში შეიძლება გამოვიყენოთ ამა თუ იმ ტიპის დავალება, რომელიც სწორად დაგეგმვის შემთხვევაში გაამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს და დაეხმარება მასწავლებელს, აღუძრას მოსწავლეებს საგნისადმი დადებითი განწყობა.

წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ დავალებებს, რომელთა გამოყენება შეიძლება საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ეტაპზე.
1. დავალებები არსებული ცოდნის გასახსენებლად:

* ფოთლის კანის უჯრედები უფერული და გამჭვირვალეა.რა მნიშვნელობა აქვს ფოთლის აგებულების ამ თავისებურებას მცენარისათვის?
* სიცხეში ლოქორა ქვების ქვეშ იმალება, ხოლო წვიმის დროს ან ნესტიან ამინდში მისი ნახვა შესაძლებელია ნიადაგზე, მცენარეებზე და სხვაგანაც. რატომ?
2. დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას:

* გაზაფხულზე მინდვრად დათესეს ჭარხალი, მაგრამ თესლისგან მხოლოდ ერთი მცენარე განვითარდა, დანარჩენი არ გაღვივდა. მეორე წელს მცენარის ამონაყარმა გამოიტანა ყვავილები, მაგრამ ნაყოფი არ გაიკეთა. მომდევნო წლებშიც იგივე მოხდა. რა შეიძლება ვივარაუდოთ აღნიშნულის საფუძველზე?
3. დავალებები ნატურალური ობიექტების ამოსაცნობად:

* მიკროსკოპით დაათვალერეთ მცენარის ქსოვილების მიკროპრეპარატები, განსაზღვრეთ, რომელი ქსოვილებია, მიუთითეთ, რა ნიშან-თვისებების მიხედვით ამოიცანით ისინი და მცენარის რომელ ნაწილში გვხვდება აღნიშნული ქსოვილები.
4.ჰიპოთეზის წამოჭრა და დამტკიცება:

შემჩნეულია, რომ აკვარიუმში მყოფი წურბელები ჭექა-ქუხილის ან დიდთოვლობის წინ ზედაპირის ზემოთ ეკვრიან აკვარიუმის კედელს, დანარჩენ დროს კი, ჩვეულებრივ, აკვარიუმის ფსკერზე არიან ან წყლის სიღრმეში დაცურავენ. ივარაუდეთ, რამდენი ჰიპოთეზის საშუალებით შეიძლება ავხსნათ ეს მოვლენა. რომელი მოსაზრებაა უფრო სანდო?
5. დავალებები, რომლებიც კვლევა-ძიების უნარებს ავითარებს:

* ამფიბიები არჩევენ საგნების შეფერილობას, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. რომელი ცდით შეიძლება დავამტკიცოთ ამფიბიების ეს რეაქცია?
6. დავალებები, რომლებიც პრაქტიკასთან კავშირის დამყარებაში ეხმარება მოსწავლეს:

* ვენიდან სისხლის აღების დროს ექიმები ლახტს ადებენ მხარზე, ხოლო პაციენტი ხელის მტევანს კუმშავს და შლის. ამ დროს ვენები იბერება და უფრო შესამჩნევი ხდება. რით შეიძლება ავხსნათ ეს მოვლენა?
7. დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია თვითდაკვირვება/კვლევასთან:

* გაზომეთ საკუთარი სიმაღლე დილით, ადგომისთანავე, და საღამოს, ძილის წინ. შეადარეთ მონაცემები. ახსენით დღის განმავლობაში სიმაღლის ცვლილების მიზეზი.
* დაამტკიცეთ,რომ ხილული სისხლძარღვები ხელის ზურგზე არის ვენები.

8. დავალება, რომელიც მოსწავლეთათვის ახალ ინფორმაციას შეიცავს:

* სხეულის ტემპერატურის ცვალებადობით ღამურა ჩემპიონია – მისი სხეულის ტემპერატურის ამპლიტუდა 56 გრადუსს შეადგენს. ფრენისას ღამურას სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსია, ხოლო ზამთრობით 7,5 გრადუსამდე ეცემა. ზაფხულში გულისცემის სიხშირე წუთში 420-ია, ხოლო ზამთრის ძილის პერიოდში – სულ 8. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ბიოლოგიურ მოვლენას ღამურებისთვის?
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში შეიძლება დიდი როლი შეასრულოს თამაშებმა. სასწავლო თამაშები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გააქტიურებას. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ადრე შეძენილი ცოდნის შესამოწმებლად და განსამტკიცებლად, ისე მისი გაფართოებისა და გაღრმავებისთვის. სასწავლო თამაშები მოსწავლეებს საგნობრივთან ერთად ტრანსფერული კომპეტენციების განვითარებაშიც ეხმარება. განვიხილოთ მათი რამდენიმე სახეობა:

ა) თამაში-სავარჯიშოები

შეიძლება მათი ორგანიზება როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ფორმით. კარგია მასალის განმტკიცებისას, ცოდნის შემოწმებისას, კლასგარეშე მუშაობისას.

„მეხუთე ზედმეტია”.მოსწავლეებს ვთავაზობთ, იპოვონ ზედმეტი გარკვეული ნიშნის მიხედვით ჩამოთვლილ სახეობათაგან (თემატიკიდან გამომდინარე):
ნაძვი,ფიჭვი,მუხა,სოჭი, კედარი;
თაგვი,ლომი, სპილო,ნიანგი,ღამურა და ა.შ
ბ)თამაში-ძიება

მოსწავლეებს ვთავაზობთ, ყურადღებით მოისმინონ მასწავლებლის მონათხრობი, ჩაინიშნონ და შემდეგ დაასახელონ ის ტერმინები (სახელწოდებები, ფუნქციები ან სხვა), რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან. შეიძლება დავავალოთ მონათხრობში შეცდომების აღმოჩენა და ა.შ. ამგვარი აქტივობა არ მოითხოვს სპეციალურ მოწყობილობას და ბევრ დროს, თუმცა შედეგიანია.

გ) თამაში-შეჯიბრება

ეს შეიძლება იყოს კონკურსი, ვიქტორინა, სატელევიზიო გადაცემის (მაგ., „რა, სად, როდის?”) იმიტაცია და სხვა.

დ) შინაარსობრივ-როლური თამაში

ამ მეთოდის თავისებურება ის არის, რომ მოსწავლეები ასრულებენ როლებს, ხოლო თამაში დატვირთულია ღრმა და საინტერესო შინაარსით („პრესკონფერენცია”, „მრგვალი მაგიდა” და სხვა). ამ ტიპის თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მოირგონ სხვადასხვა პროფესია, თავი წარმოიდგინონ მკვლევარებად. აქტივობა მხოლოდ შემეცნებითი ინტერესის აღძვრას კი არ ემსახურება, არამედ პროფესიულ ორიენტაციასაც უწყობს ხელს. თამაშის პროცესში იქმნება ხელსაყრელი პირობები ინტერესთა ფართო სპექტრის დასაკმაყოფილებლად, შემოქმედებითი მისწრაფებებისა და უნარების განსავითარებლად.
ე) შემეცნებითი თამაში „მოგზაურობა”

ეს თამაში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, „იმოგზაურონ” სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა გეოგრაფიულ სარტყელში, კლიმატურ ზონში, სამეფოში (ბაქტერიებისა, მცენარეებისა, ცხოველებისა) და ა.შ. თამაშის დროს მათ შეიძლება მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია ან შევუმოწმოთ არსებული ცოდნა. ეს აქტივობა, ჩვეულებრივ, ხორციელდება ერთი ან რამდენიმე თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად.

გთავაზობთ თემა „მწერების” შესწავლის შემდეგ ამ აქტივობით ჩატარებული შემაჯამებელი გაკვეთილის მონახაზს.

თამაშის პირობა: ბუნებრივია, მოგზაურობა უნდა დაიწყოს სადგურიდან. მომდევნო სადგურამდე გადაადგილება შეიძლება მხოლოდ კითხვებზე სრული (არგუმენტირებული) პასუხის გაცემის შემდეგ. საბოლოოდ თითოეულ სადგურზე მიღებული ქულები ჯამდება.

პირველი სადგური – „ჭიანჭველები”

1. შეუძლიათ თუ არა ჭიანჭველებს ამინდის გამოცნობა?
2. რით კვებავენ ჭიანჭველები მატლებს?
3. რომელი ჭიანჭველები იშენებენ ბუდეს სოკოებზე?
მეორე სადგური -„აიბოლიტი”

1. რომელი მწერი შეიძლება იყოს მკურნალი?
2. მწერების რომელ პროდუქტებს აქვს სამკურნალო თვისება?
3. რა არის ჭიანჭველამჟავა და სად გამოიყენება ის?
მესამსე სადგური – „ბუნების მცველი”

1.როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჭიანჭველები?
2. კიდევ რომელ ფეხსახსრიანებს სჭირდებათ დაცვა?
3. რატომ უნდა დავიცვათ ფეხსახსრიანები?
მეოთხე სადგური -„მფრინავი ყვავილები”

1. რა მნიშვნელობა აქვს პეპლების შეფრილობას?
2. რატომ არის ზოგიერთი მდედრი პეპელა უფრთო?
3. რატომ არ ესხმიან ფრინველები თავს ზოგიერთ პეპელას?
მეხუთე სადგური – ხოჭოები

1. რომელი ხოჭოს სახელი უკავშირდება მსხვილფეხა საქონლის სახელს?
2. რომელ ხოჭოს იყენებენ მანათობლად?
3. რომელი წყლის ხოჭო არ შეიძლება გვყავდეს აკვარიუმში და რატომ?
როგორც ზემოთ ითქვა, ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის შეჯამება და მათი რეფლექსიური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სავარჯიშო მოსწავლეებს აღუძრავს ინტერესს, უქმნის დადებით ემოციურ განწყობას, ხელს უწყობს მათი აზროვნების გააქტიურებას და ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი