პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შემეცნებითი ინტერესის გაღვივების ხერხები ბიოლოგიის გაკვეთილზე

საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორები გულისხმობს როგორც წინასაგაკვეთილო მომზადებას, ისე უშუალოდ პროცესსაც. გაკვეთილის ტიპიდან გამომდინარე, შესასწავლი მასალის გადაცემის სხვადასხვა ფაზაზე საგნისადმი შემეცნებითი ინტერესის გასაღვივებლად პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს მეთოდების ფართო არსენალი. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, გაგიზიაროთ რამდენიმე ასეთი ხერხი.

შესასწავლი მასალით მოსწავლეთა დაინტერესება, მათთვის შემეცნებითი ინტერესის გაღვივება შეიძლება მოხერხდეს:
·სიახლეთა გაცნობით;
·სასწავლო მასალაში ახალი საინტერესო ინფორმაციის ჩართვით – მონათხრობი უნდა იყოს მიმზიდველი, ინტერესის აღმძვრელი, აფართოებდეს და ამდიდრებდეს მოსწავლის არსებულ ცოდნას.
მაგალითად:

რამდენ ყვავილს სტუმრობს ფუტკარი დღეში?

დადგენილია, რომ ფუტკარი წუთში საშუალოდ 12 ყვავილს სტუმრობს, ე.ი. საათში – 720-ს, ხოლო 10 სამუშაო საათის განმავლობაში – 7200-ს. ფუტკრის შედარებით სუსტი ოჯახი მინდორში ათი ათასამდე მუშა ფუტკარს გზავნის. თუ დავუშვებთ, რომ ისინი მხოლოდ ნექტარს აგროვებენ, გამოდის, რომ ეს ჯარი დღის განმავლობაში დაახლოებით 72 მილიონ ყვავილს ესტუმრება.
ამ დროს მოსწავლეთა ემოციური ინტერესის მაჩვენებელია მათი წამიერი სიჩუმე, ვიდრე მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებდნენ. ეს ინფორმაცია აოცებს და აღაფრთოვანებს.
ან ასეთი ამბავი:

1560 წელს საფრანგეთის წარგზავნილმა (ელჩმა) ჟან ნიკომ ლისაბონში (პორტუგალია) ამერიკიდან ჩამოსული ვაჭრისგან შეიძინა თამბაქოს თესლი და მიართვა საფრანგეთის სამეფო კარს პორტუგალიაში და დედოფალ ეკატერინე მედიჩის როგორც სამკურნალო მცენარე. კარლ ლინემ, რომელმაც შემდგომ აღწერა ეს მცენარე, უწოდა მას Nicotiana tabacum. გვარი აღებულ იქნა ელჩის პატივსაცემად, ხოლო სახელი “ტაბაკუმი” – კარიბის ზღვის კუნძულ ტობაგოდან, სადაც თამბაქოს ეს სახეობა იყო გავრცელებული. 1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა თამბაქოდან გამოყვეს აქტიური ინგრედიენტი და მას ნიკოტინი დაარქვეს. 80 წლის შემდეგ საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით ექიმმა ლეგარმა დაამტკიცა თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა.
სემანტიზაციის ხერხი (მეთოდი) ეფუძნება სიტყვის მნიშვნელობის, სახელწოდების გააზრების საფუძველზე ინტერესის აღძვრას.

მაგალითად:
მცენარე ვირისტერფას დედა-დედინაცვალსაც უწოდებენ. რატომ შეარქვა ხალხმა მას ეს სახელი? (მცენარის ფოთლის ქვედა ზედაპირი ბუსუსებითაა დაფარული და შეხებისას თბილია, ხოლო ზედა – პრიალა და შეხებისას ცივი. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს სახელიც: თბილი – დედაა, ცივი -დედინაცვალი).

დაახლოებით 250 წლის წინ ჰოლანდიელმა მეცნიერმა აბრაამ ტრამბლემ (Abraham Trembley) მტკნარ წყალში დანახულ არსებას ჰიდრა უწოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? (ჰიდრა მითიური არსებაა. ბერძნულ მითოლოგიაში ჰერაკლეს მეორე საგმირო საქმე ლერნეს ჰიდრას მოკვლა იყო).
სიტყვების, ტერმინების აზრობრივი შინაარსის გაგება მოსწავლეებს ეხმარება საგანთა შორის კავშირების დამყარებაში, განუვითარებს წარმოსახვის უნარს, ფატაზიას, გონებამახვილობას, აღუძრავს ინტერესს, დამატებითი ლიტერატურის საშუალებით მეტი გაიგოს შესასწავლი ობიექტის შესახებ.
შესასწავლი მასალის მნიშვნელობის გააზრება – ამ ხერხით სწავლებისას ხაზს ვუსვამთ მასალის შესწავლის აუცილებლობას მისი ბიოლოგიური, პრაქტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სარეწაო თუ სხვა მნიშვნელობის გამო.
მაგალითად:
. ცნობილია, რომ ტყეებს “მწვანე ფილტვებს” უწოდებენ. ცნობილია, რომ ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში ასუფთავებს 18 მილიონ კუბურ მეტრ ჰაერს. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ტყეების ჩეხვა ამ ტემპით გაგრძელდა, დაახლოებით 100 წელიწადში დედამიწაზე ტყე აღარ დარჩება. გარდა ამისა, ტყის გაჩეხვა ანადგურებს ასიათასობით სახეობის ცხოველსა და მცენარეს, იწვევს კლიმატის ცვლილებას და უამრავ თანმხლებ უბედურებას. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ტყის კაფვაზე ხელს ვერ ავიღებთ, რადგან ხეტყე მრავალი მიზნით გამოიყენება. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

. გრიპის პროფილაქტიკისთვის ექიმები გვირჩევენ, მივიღოთ ვიტამინების დიდი დოზა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
. საკვების შერჩევისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მარტო ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა მასში, არამედ მისი მიღების შედეგად წარმოქმნილი ენერგიის რაოდენობაც. როგორ ფიქრობთ, რატომ?
ეს ხერხი მოსწავლეებს მხოლოდ შესასწავლი მასალის მნიშვნელობის გააზრებაში კი არ დაეხმარება, არამედ პროცესის მონაწილედაც აგრძნობინებს თავს. ეს კი ხელს შეუწყობს ცნობისმოყვარეობის აღძვრას. საგაკვეთილო პროცესში მყარდება დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა – “სიტუაციის მოლოდინი”, როცა მოსწავლეები ხალისით იღებენ ახალს და ისწრაფიან, გაამდიდრონ მიღებული ინფორმაცია უამრავი შეკითხვის მეშვეობით.
შესასწავლი მასალის გააზრების ფაზაში შემეცნებითი აქტივობის განმავითარებელი მეთოდებია:
. პრობლემური კითხვის დასმა, პრობლემური სიტუაციის შექმნა და სხვა.

მაგალითად:
ლეკვებს კვებავდნენ მხოლოდ რძით. როგორ ფიქრობთ, ხორცის დანახვაზე ლეკვებს ნერწყვი გამოეყოფათ? პასუხი დაასაბუთეთ.
კვლევის მეთოდი
მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ცდების, დაკვირვებისა და ლიტერატურული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მოსწავლეებს ვთავაზობთ, თავად გადაჭრან პრობლემა, მოახდინონ შედეგების ფორმულირება და გამოიტანონ დასკვნები.

მაგალითად:
ქარხანა, რომელსაც გამწმენდი ფილტრები არ გააჩნია, მდებარეობს წყალსატევის ახლოს, სადაც მრავალი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი ბინადრობს. წყალსატევში შეინიშნება ამფიბიების მასობრივი სიკვდილი. წყლის ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ წყალი არ შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს. დაფიქრდით, რას შეიძლება გამოეწვია ამფიბიების სიკვდილი.
ევრისტიკული მეთოდი

მასწავლებელი ეყრდნობა მოსწავლეთა ცოდნას და კითხვა-პასუხის, დამაზუსტებელი კითხვების საშუალებით ეხმარება მოსწავლეებს სწორი პასუხების “მიგნებაში”.
მაგალითად;

დავუშვათ, ისაუზმეთ შებოლილი ხორცის ბუტერბროდით. საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელ განყოფილებაში მოხდება მისი მონელება?

რომელი ნივთიერებების დახმარებით მოხდება მისი მონელება?

რომელ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს მიღებული საუზმე?
დაასახელეთ რგოლოვანი ჭიებისა და ჭიის სხვა ტიპების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები.
რატომ არის მათი გაჩენა პროგრესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ევოლუციური ნაბიჯი?
სამეცნიერო კამათი

გაკვეთილზე მასწავლებელი ქმნის საკამათო სიტუაციას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა უნარებს, ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.

მაგალითად, მოსწავლეებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ ამა თუ იმ მოსაზრებას და ჩამოაყალიბონ მტკიცე არგუმენტები მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მოსაზრება 1
ნიჟარა კარგი თავდაცვის საშუალებაა მოლუსკებისთვის, ამიტომაც, მიუხედავად მათი უძველესი წარმოშობისა, ისინი დღესაც უხერხემლოთა ყველაზე მრავალრიცხოვან ტიპს წარმოადგენენ.
მოსაზრება 2
ნიჟარის როგორც თავდაცვის კარგი საშუალების არსებობის მიუხედავად, მოლუსკების რაოდენობა წყალსატევებში შესამჩნევად მცირდება.
მოსაზრება 3
მიმაჩნია, რომ მათი შემცირება იმის ბრალია, მათ საკვებად იყენებს როგორც ადამიანი, ასევე ბევრი ცხოველი და ფრინველი.
მოსაზრება 4
მიმაჩნია, რომ, მიუხედავად ნიჟარისა, მოლუსკები უძლურნი არიან იმ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების მიმართ, რომლებიც ნიადაგსა და წყალში ხვდება.
სხვადასხვა მოსაზრების მოსმენა, გაანალიზება და შემდგომ არგუმენტებზე დაყრდნობით საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება მოსწავლეებს აღუძრავს სირთულეთა დაძლევის სტიმულს, გაუაქტიურებს აზროვნებას, შესძენს კვლევა-ძიებისთვის საჭირო უნარებს.

შესასწავლი მასალის განმტკიცების ეტაპზე მასწავლებლის მიერ გამოყენებული სასწავლო აქტივობა ემსახურება იმ მიზანს, რომ მას შემდეგ, რაც გააანალიზებენ ახალ მასალას და მოახდენენ დასკვნების ფორმულირებას, მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა დაინახონ ახალი კუთხით, კერძოდ, როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში გამოყენება. ეს მათ ცოდნის ტრანსფერის საშუალებას მისცემს.

ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი აქტივობები:

. დავალებაში ნატურალური ობიექტების გამოყენება

მოსწავლეებს ვურიგებთ სხვადასხვა მცენარის ფოთლებს და ვთხოვთ, იპოვონ ის ნიშან-თვისებები, რითაც შესაძლებელია ამ მცენარეების კლასიფიკაცია.
წარწერის გარეშე ვურიგებთ ბაყაყისა და ადამიანის სისხლის მიკროპრეპარატს; ვაძლევთ დავალებას, გაარჩიონ პრეპარატები და უპასუხონ კითხვას: რასთანაა დაკავშირებული ადამიანის ერითროციტის სწორედ ასეთი ფორმა?
მოდელირება
მოსწავლეებს ვურიგებთ სხვადასხვა ორგანიზმის სურათებს და ვაძლევთ დავალებას, ამ სურათების მეშვეობით შეადგინონ ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ორგანიზმების ყველა შესაძლო კვებითი ჯაჭვი.
სქემებისა და ცხრილების შედგენა.

მაგ., შეავსეთ ცხრილი:
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი ცოდნის ათვისება არ არის მარტო წესების დასწავლა, დასკვნების გამოტანა და განზოგადება; ის უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენას და მეცნიერული აზროვნების განვითარებას მოცემული მასალის ღრმა ლოგიკური ანალიზის საფუძველზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი