ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ბიოლოგიის გაკვეთილზე

სასწავლო მეთოდიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას, “აიძულებს” მათ, იფიქრონ და მოიძიონ პრობლემის გადაჭრის სწორი გზა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი ელემენტებია:

. სიტუაციის შექმნა შემეცნებითი ინტერესის გასაღვივებლად;

. დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ცოდნის ათვისება, რომელიც მოსწავლეს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება;

. პრაქტიკულ-შემეცნებითი სავარჯიშოების საშუალებით ახალი ცოდნის მიღება, გაფართოება, გაღრმავება.

შემეცნებით საქმიანობაში პრობლემები მხოლოდ აზროვნების დახვეწის საშუალება როდია, – ხშირად ის ადამიანის ნიჭისა და შესაძლებლობების (მიდრეკილებების) განვითარებას ემსახურება. პრობლემურ სიტუაციას ვერ ქმნის ყველა კითხვა, ამოცანა თუ მოსაზრება; თუ მოსწავლეს ჩვენს ყველა კითხვაზე მზა პასუხი აქვს, ეს მას ახალ ცოდნას ვერ შესძენს – ეს იქნება გახსენება და არსებული ცოდნის კვლავწარმოება.

შემეცნებითი პრობლემისთვის ის არის დამახასიათებელი, რომ მოსწავლე გაჰყავს არსებული ცოდნის ფარგლებიდან; მასში არის რაღაც შეუცნობელი, რომელიც აზროვნების გააქტიურებას მოითხოვს. საამისოდ პედაგოგმა შესაძლოა გამოიყენოს აქტიური პრობლემურ-სიტუაციური ანალიზის მეთოდი,რომლის საფუძველია სწავლება კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის გზით. სწავლების ეს მეთოდი ეფუძნება კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების განხილვას. ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მიღებული ცოდნა პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად თეორიისა და პრაქტიკის შეხამებით. მეთოდი ეფექტიანად ავითარებს დასაბუთებული გადაწყვეტილების შეზღუდულ დროში მიღების უნარს, ასევე – ანალიტიკურ აზროვნებას, გუნდური მუშაობის, ალტერნატიული აზრის მოსმენისა და გაგების, ალტერნატივების გათვალისწინებით განზოგადებული გადაწყვეტილებების მიღების, მოქმედებათა დაგეგმვისა და მათი შედეგების პროგნოზირების უნარებს.

მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებისა და სასწავლო მასალის შინაარსის შესაბამისად, შეიძლება გამოვიყენოთ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ხერხი. აი, რამდენიმე მაგალითი:

  1. ანალოგიის ხერხი

ამ შემთხვევაში ვეყრდნობით მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან ვაანალიზებთ წინარე ცოდნას ახალი ამოცანის გადასაწყვეტად.

  1. ინდუქციური (ანალიტიკურ-სინთეზური) ხერხი

მოსწავლეები დამოუკიდებლად იკვლევენ ფაქტს ან მოვლენას და გამოაქვთ აუცილებელი მეცნიერული დასკვნები. მაგალითად, თემა “მღიერების” შესწავლის დროს მოსწავლეებმა მასწავლებლის მონათხრობიდან იციან, რომ მეცნიერები მღიერებს დიდხანს ჩვეულებრივ მცენარეებად მიიჩნევდნენ და ხავსებს მიაკუთვნებდნენ, მერე კი აღმოაჩინეს, რომ მღიერები სოკოსა და წყალმცენარეების რთული თანაცხოვრების შესანიშნავი მაგალითია. ხდება პრობლემური საკითხების ფორმულირება: რას წარმოადგენენ მღიერები? მცენარეთა რომელ ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ ისინი? დაასაბუთეთ, რატომ.

  1. მიზეზების ძიება

მოსწავლეებს ვაცნობთ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ცდებს, რომელთა შედეგები განაპირობებს ამა თუ იმ მოვლენას და შესასწავლი მასალის ანალიზის საფუძველს იძლევა.

მოვიშველიოთ რამდენიმე მაგალითი:

ა) სამასი წლის წინ მეცნიერმა ვან ჰელმონტმა ჩაატარა ცდა: ქოთანში მოათავსა 80 კგ მიწა და მასში ჩარგო ტირიფი, რომელიც წინასწარ ჰქონდა აწონილი. ტირიფი 5 წლის განმავლობაში იზრდებოდა. მას არ აძლევდნენ დამატებით საკვებს, მხოლოდ რწყავდნენ მარილებისგან თავისუფალი წყლით. ხუთი წლის შემდეგ, ქოთნის აწონისას, მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ტირიფის წონა 65 კილოგრამამდე გიზარდა, ხოლო მიწის წონა ქოთანში შემცირდა მხოლოდ 50 გრამით. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? რით შეიძლება ამ მოვლენის ახსნა?

ბ) ორ კოლბაში, რომელთაგან ერთში ჩვეულებრივი წყალი ესხა, ხოლო მეორეში – გადადუღებული, მოათავსეს ამებები. ერთ-ერთ კოლბაში ამებები რამდენიმე ხნის შემდეგ დაიხოცნენ. ახსენით, რატომ მოხდა ასე.

  1. პრობლემური შეკითხვის წამოწევა

ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც პრობლემის გადასაწყვეტად და ახალი ცოდნის მისაღებად საჭიროა ადრე ნასწავლი პრინციპების ან კანონზომიერებების შემოქმედებითად გამოყენება.

მაგალითად:

* ფრინველის ჩანასახი ჟანგბადით მარაგდება კვერცხის საჰაერო საკნის მეშვეობით. მაშ, როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ფრინველის ჩანასახს ლაყუჩის ხვრელები უვითარდება?

* პიანინოზე დაკვრისას, სარეცხის რეცხვისას და სხვა ხელით შესასრულებელი სამუშაოს შესრულებისას გევღლება (გვტკივდება) ზურგი. რატომ?

* რაში სჭირდება ექიმს იმის ცოდნა, ცაცია ხართ თუ მემარჯვენე?

  1. პარადოქსული ფაქტის გაცნობა, ჰიპოთეზების წამოყენება, ვარაუდების გამოთქმა

* ფაქტი პირველი: გასულ საუკუნეში ატლანტის ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე იფეთქა წითელას ეპიდემიამ, რომელიც იქ ევროპაში დაავადებულმა ადამიანმა შეიტანა. კუნძულის შვიდი ათასი მკვიდრიდან ჯანმრთელი (ვისაც ინფექცია არ შეხვედრია) დარჩა ასამდე ასაკოვანი ადამიანი, რომლებმაც ეს დაავადება გადაიტანეს დიდი ხნის წინ.

* ფაქტი მეორე:1967 წელს კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) ახალგაზრდა ქირურგმა ქრისტიან ბერნარდმა ჩაატარა გულის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია. ოპერაცია ჩატარდა უმკაცრესი სტერილიზაციის პირობებში და ვირტუოზულად, მაგრამ ორგანიზმი ვერ შეეგუა ახალ ორგანოს და პაციენტი დაიღუპა.

რა პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან კავშირი აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

* ტყეში მტაცებელი ფრინველების განადგურებამ გამოიწვია სხვა ფრინველების გამრავლება, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მათი რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი.

  1. მეცნიერთა გამონათქვამების მიხედვით პრობლემური სიტუაციების შექმნა:

ცნობილი გეოგრაფი და მოგზაური ა. ჰუმბოლტი ამტკიცებდა: “ადამიანებს წინ უძღვით ტყეები, ხოლო აცილებს უდაბნო”. რატომ ფიქრობდა ასე მეცნიერი?

  1. ერთსა და იმავე ფაქტზე სხვადასხვა თვალსაზრისის გაცნობა.

პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლებისას სასწავლო მასალა შეიძლება ავაგოთ კონფლიქტური დებულების ხაზგასმით და მოსწავლეებს საკითხი ამ გზით ავუხსნათ: მაგალითად, განსაჯეთ დებულება: ცნობილია, რომ კუნთის უმნიშვნელო მუშაობის დროსაც კი იცვლება არტერიული წნევა.

პირველი მოსწავლის პასუხი: “ეს ხდება მაშინ, როდესაც მომუშავე კუნთი სისხლში გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სანათურის გაფართოება-შევიწროებას”.

მეორე მოსწავლის პასუხი: “როცა ტვინი კუნთს უგზავნის სიგნალს, რომელიც მას მუშაობას აიძულებს, ის სიგნალს გზავნის სისხლძარღვებთან, რითაც ისინი არეგულირებენ სისხლის წნევას”.

როგორ ფიქრობთ, მართებულია მსჯელობა? რომელი მოსწავლეა მართალი? რატომ?

  1. მოსწავლეთა განვითარების დონის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი ხერხიც: მოსწავლეები მასწავლებლის მონათხრობში დამოუკიდებლად პოულობენ შემეცნებით სახის პრობლემას, ახდენენ ამ პრობლემის ფორმულირებას და აყალიბებენ მკაფიო არგუმენტებს მის გადასაჭრელად.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის სასწავლო პროცესის ორგანიზების განსაკუთრებული ტიპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გაკვეთილზე გავაღვივოთ მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა, ხელი შევუწყოთ მათ მასალის უკეთ გააზრებასა და ხანგრძლივი (მყარი) ცოდნის მიღებაში. თუმცა პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს გარკვეული შეზღუდვებიც:

. მეთოდის გამოყენება არ შეიძლება გაკვეთილზე, რომელიც აღწერითი ხასიათის კვლევებს განიხილავს.

. მის გამოყენებას ზღუდავს პროცესის სირთულეც, რაც გამოიხატება იმით, რომ ზოგჯერ თხრობითი ფორმით მასალის გადაცემა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მეთოდის გამოყენებით.

ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორია არსებული სახელმძღვანელოებიც (ბუნებრივია, არა ყველა), რადგან ისინი არ ითვალისწინებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აუცილებლობას, ორიენტირებულია უმთავრესად ფაქტობრივ მასალაზე და მიმართულია ტექსტის გაგებისა და რეპროდუცირების უნარის განვითარებისკენ.

თითქმის არ არსებობს დამხმარე სახელმძღვანელო, რომელსაც პედაგოგი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას გამოიყენებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა: გაკვეთილზე პრობლემური სიტუაციის გამოყენება მოსწავლეს აყენებს სირთულის პირისპირ, რომლის დაძლევა მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას, აიძულებს მოსწავლეს, იფიქროს, იაზროვნოს, ეძებოს გამოსავალი, იმსჯელოს, განიცადოს სწორი გადაწყვეტილებით მიღებული სიხარული. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს საგნისადმი აქტიური შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი