ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გაკვეთილის დაგეგმვა ბიოლოგიაში

თემის და, შესაბამისად, თითოეული გაკვეთილის სწორად დაგეგმვა სასწავლო მიზნის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია – მიზნის განსაზღვრა აქტივობებისა და შეფასების სწორი ფორმების შერჩევაში გვეხმარება.

გაკვეთილის ძირითადი პარამეტრების დაგეგმვის შემდეგმნიშვნელოვანია დაზუსტდეს საგაკვეთილო მიზანი და კონკრეტული თემა,შეირჩეს კლასში მუშაობის შესაფერისი ფორმა.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს, სამფაზიანი გაკვეთილის რომელ ეტაპზე იქნება გამოყენებული შერჩეული აქტივობები და გაითვალოს სავარაუდო დრო.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს ეგრეთ წოდებულიძირითადი კითხვები – მათზე პასუხები გვაჩვენებს,როგორ გაიაზრა, გაიგო მოსწავლემ თემა. კითხვები და პასუხებიგაკვეთილის შედეგიანობის ეფექტური ინდიკატორებია.

საშინაო დავალება საგაკვეთილო პროცესის ლოგიკურ გაგარძელებას და განვითარებას წარმოადგენს. ის ქმნის მოტივაციასაც მომდევნო გაკვეთილისთვის.

წარმოგიდგენთ გაკვეთილის ერთ-ერთ სცენარს, რომელიც გათვლილია მე-7 კლასისთვის და უპასუხებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, კერძოდ:

ბუნ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება,გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფისმსგავსება-განსხვავებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

*წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზასთავისივე შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით, ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის გამოყოფის მიზეზს, აკეთებს პრეზენტაციას;

*ასახელებს ორგანიზმების ჯგუფებად (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები) დაყოფის მთავარ კრიტერიუმებს;

*მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებადდამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი – მცენარეთა სამეფო, შესაბამისად, შიშველან ფარულთესლოვანი);

* ბუნების წიაღში ამოიცნობს ორგანიზმებს საველე სარკვევების/სათანადო ლიტერატურის დახმარებით;

* მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს ცოცხალი სამყაროს სამეფოებს,ადგენს მარტივ გენეალოგიურ ხეს და წარმოადგენს მას სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი).

გაკვეთილის მიზანი

* სოკოთა სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გარკვევა;

* ქუდიანი სოკოების კვებისა და აგებულების თავისებურების შესწავლა;

* ბუნებასა და ადამიანის საქმიანობაში სოკოების მნიშვნელობის გააზრება;

* ანალიზის, სისტემატიზაციისა და შეჯამების უნარების განვითარება.

გაკვეთილზე გამოყენებულია ელექტრონული პრეზენტაცია.

მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად გაკვეთილს ვიწყებთ საუბრით: ბუნება უამრავ საკვირველ გამოცანას გვთავაზობს. ერთ-ერთ მათგანს დღეს გავეცნობით. ამიტომ გთავაზობთ შემდეგ დავალებას: წაიკითხეთ სიტყვები, იპოვეთ ზედმეტი და მოფიქრეთ, რატომ არიან ისინი ზედმეტი:

წყალი ნაძვი

ხე მელა

კოდალა არყისძირა

კალია ბაყაყი

იასამანი ხვლიკი

ზამბახი ქვიშა

– ზედმეტია “წყალი” და “ქვიშა”, იმიტომ რომ ეს ორი ცნება არაცოცხალი ბუნების აღმნიშვნელია.

დანარჩენი სიტყვები როგორ სხეულებს აღნიშნავს?

– ისინი ცოცხალ ბუნებას მიეკუთვნება.

დაასახელეთ ცოცხალის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

– ცოცხალის ნიშანია: სუნთქვა, კვება, ზრდა, გამრავლება, მოძრაობა, სიკვდილი. ყველა ცოცხალს აქვს უჯრედული აგებულება.

დააჯგუფეთ დანარჩენი სიტყვები

– მცენარეები, ცხოველები, სოკოები.

ჩვენ უკვე შევისწავლეთ მცენარეები და ცხოველები, ესე იგი დღეს სოკოებზე ვისაუბრებთ და ეს იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა.

ეს აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებთან თანამშრომლობის ერთ-ერთ ფორმას – მიზნების ერთობლივად დასახვას.

აქტივობა – ახალი მასალის შესწავლა

სოკოები ცოცხალი ორგანიზმების თავისებური ჯგუფია. დღესდღეობით ცნობილია მათი 100 ათასზე მეტი სახეობა (სლაიდი). ზოგიერთი მათგანის არსებობას მხოლოდ მათი ქმედების შედეგად ვიგებთ.

მრავალუჯრედიან სოკოებს შორის განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს ქუდიანი სოკოები. მეცნიერები დიდხანს მსჯელობდნენ იმის შესახებ, რა იყო სოკო – მცენარე? ცხოველი? საბოლოოდ სოკოები ცალკე სამეფოდ გამოიყო.

როგორ ფიქრობთ, რა ნიშნების საფუძველზე გამოყვეს სოკოები ცალკე სამეფოდ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ მცენარეებისა და ცხოველებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევა მცენარეები (სლაიდი).

გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან ცხოველები (სლაიდი).

აქტივობა – ინფორმაციის გააზრება და დახარისხება

დავალება: მოსწავლეებს ვურიგებთ ბარათებს, საინფორმაციო ტექსტით (შეიძლება სახელმძღვანელოს გამოყენებაც) და ვთხოვთ, ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერონ სამეფოსთვის დამახასიათებელი ნიშან- თვისებები:

მცენარეები სოკოები ცხოველები

შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხებით: “იპოვეთ მსგავსება მცენარეებსა და ცხოველებთან? რომელთან უფრო მეტი მსგავსებაა? როგორ ფიქრობთ, რატომ?”

მოსაზრებების მოსმენის შემდეგ დაისმის ახალი კითხვები: “გინახავთ ვინმეს სოკოები ტყეში? თუ დაკვირვებიხართ, უმეტესად სად გვხვდება ისინი? როგორ ფიქრობთ, რატომ?”

სოკოები ხშირად გვხვდება ხეების ძირას, თანაც გარკვეული სახეობები – გარკვეული ხეების ძირას. მაგალითად, არყა – არყის ძირას:

იხილეთ პრეზენტაცია
რას ეფუძნება ხისა და სოკოს ეს “კეთილმეზობლური ურთიერთობა”?

სოკოს ჰიფები გარს ერტყმის ხის ფესვებს. სოკო ხისგან იღებს ორგანულ ნივთიერებას, რომლის დასინთეზება, წარმოქმნა, თვითონ არ შეუძლია ქლოროფილის უქონლობის გამო, თვითონ კი მცენარეს წყალსა და მინერალურ მარილებს აწვდის. ესე იგი რა ეწოდება მოცემულ თანაცხოვრებას?

დავალება: ჩამოთვლილი ტერმინებიდან აირჩიეთ ის, რომელიც ამ ურთიერთობას გამოხატავს.

ციტოპლაზმა: “ციტოს” – ჭურჭელი, “პლაზმა” -წარმონაქმნი

ქლოროფილი: “ქლოროს” – მწვანე, “ფილონ” – ფოთოლი

ფოტოსინთეზი: “ფოტონ” – სინათლე, “სინთეზი” – შექმნა

სიმბიოზი: ლათ. simbiosis – ერთად ცხოვრება, თანაცხოვრება

შემაჯამებელი შეკითხვა: რა ძირითადი ნიშან-თვისებებია დამახასიათებელი სოკოებისთვის?

სოკოს მნიშვნელოვანი ნაწილია ნაყოფსხეული, ობობასქსელისმაგვარი ძაფების გროვა კი მიწაშია ჩამალული. ნაყოფსხეული ფეხისა და ქუდისგან შედგება. სოკოს აქვს უჯრედული აგებულება. მის უჯრედებში არ არის ქლოროფილი. უჯრედის გარსში გვხვდება განსაკუთრებული ნივთიერება – ქიტინი, ხოლო სამარაგო ნივთიერების სახით – გლიკოგენი. სოკოები უძრავია და შეუზღუდავად იზრდება.

როგორც ზემოთ ითქვა, ეს არის გაკვეთილის ერთ-ერთი სავარაუდო მონახაზი, რომელშიც დაგეგმილი აქტივობები აკმაყოფილებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. გაუჩნდეს ინტერესი გარე სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
  2. განუვითარდეს ბუნებისმეტყველისთვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები;
  3. გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი