ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რესურსი ბიოლოგიის სწავლებაში

ბიოლოგიის სწავლების პროცესი მოსწავლეთა დაინტერესებისა და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის ფართო შესაძლებლობას იძლევა. საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული თემატიკის განხილვის დროს ბიოლოგიისა და მედიცინის უახლესი მიღწევების გაცნობა საშუალებას გვაძლევს, გავუმძაფროთ მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა და ჩავითრიოთ ისინი სასწავლო პროცესში. ამ მიზნით ეფექტურად შეიძლება სამეცნიერო სტატიებისა და საგაზეთო პუბლიკაციების გამოყენება.

გთავაზობთ დაიჯესტს, რომელიც მომზადებულია Newswise, Medical News-ის 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. მასწავლებელს შეუძლია, ეს სტატიები საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ანატომიის სწავლებისას როგორც მერვე და მეათე კლასებში, ასევე მეცხრეშიც (შეგახსენებთ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: “2012-2013 სასწავლო წელს მეცხრეკლასელმა მოსწავლემ საგანი “ბიოლოგია” გაიაროს მე-9 კლასის ახალი პროგრამისა და 2012 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით და დამატებით გაიაროს მე-8 კლასის ბიოლოგიის ახალი პროგრამის იმ შედეგების საკითხები, რომლებიც არ აქვს მიღწეული, მაგ.: ადამიანის ანატომია (იხ.თავი 2.2.). ამისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც 2012 წელს გრიფირებული მე-8 კლასის ბიოლოგიის, ასევე ძველი, 2008 წელს გრიფირებული მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოები”).

ნანოტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია, თრომბებს წარმატებით ვებრძოლოთ

 

გულის, ფილტვისა და ტვინისკენ სისხლის ცირკულაციის დარღვევა, რაც სისხლძარღვების თრომბოზით არის გამოწვეული, სიკვდილისა და ინვალიდობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ამ დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა თრომბის დამშლელი (სისხლის გამათხელებელი) ძლიერმოქმედი საშუალებებით ხორციელდება, თუმცა ეს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით ცირკულირებს სისხლში და თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენა – სისხლდენა, რომელიც სახიფათოა ორგანიზმისთვის.

ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) სპეციალისტებმა შეიმუშავეს ახალი ბიოსტრატეგია, რომლის საშუალებით შესაძლებელია, ნანოთერაპიული საშუალებები სისხლძარღვში მიტანილ იქნეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც თრომბის წარმოქმის საშიშროებაა ან დაშალოს წარმოქმნილი კოლტი.

ნანოთერაპიული საშუალება სისხლძარღვის შიგნით აქტიურდება. რისკის ზონაში იწყებს დაშლას და გამოყოფს აქტიური ნივთიერებით დაფარულ ნაწილაკებს, რომლებიც შლიან წარმოქმნილ კოლტს (იხ. სურათი).

ცდებმა აჩვენა, რომ მეთოდიკა საშუალებას იძლევა, თრომბის დასაშლელად გამოყენებულ იქნეს წამლის გაცილებით ნაკლები ოდენობა, ვიდრე ტრადიციული მეთოდით იქნებოდა საკმარისი, რაც მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი მოვლენების (სისხლდენის) საფრთხეს.

კვლევის შედეგები, რომლებიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, დიდ გავლენას მოახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის თრომბოემბოლიის, ინსულტისა და სხვა ისეთი დაავადებების მკურნალობაზე, რომლებიც უეცარ სიკვდილს იწვევს.

 

ღეროვანი უჯრედებით ნამგლისებური ანემიის განკურნება მოხერხდა

ილინოისის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) ექიმებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით განკურნეს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით დაავადებული პაციენტი.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ჰემოგლობინის აგებულების ცვლილებით გამოწვეული მემკვიდრეობითი დაავადებაა. მემკვიდრეობითი მუტაციის შედეგად ერთ ამინმჟავას მეორე ენაცვლება და ჰემოგლობინი იღებს სპეციფიკურ ფორმას, რის შედეგადაც ერითროციტებს დამახასიათებელი ნამგლისებრი ფორმა ეძლევა. დაავადებული სისხლის წითელი სხეულაკები მყიფე ხდება და შესაძლოა, მცირე კაპილარები დაახშოს.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სიმპტომებია: დაღლილობა, მოვლითი ტკივილები, თითების ტკივილი და შეშუპება, ელენთისა და ღვიძლის სისხლძარღვების თრომბოზი.

დონორის – პაციენტის დის – სისხლისგან სპეციალური დამუშავების შემდეგ ექიმებმა ღეროვანი უჯრედები მიიღეს. ორგანიზმის უარყოფითი რეაქციის – უცხო სხეულის მოცილების – რისკის შესამცირებლად პაციენტს ერთხანს აძლევდნენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატს, უშუალოდ პროცედურის წინ კი მოახდინეს მისი დასხივება მცირე დოზით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაუსხეს დონორის სისხლი.

გადანერგვიდან ექვსი თვის შემდეგ მეცნიერებმა გამოჯანმრთელების ფაქტი დაადასტურეს. პაციენტი ანემიისგან განიკურნა. ის ჯერ კიდევ იღებს პრეპარატს დონორის უჯრედების განდევნისგან თავის დასაზღვევად, მაგრამ პერიოდულად სისხლის გადასხმა უკვე აღარ სჭირდება.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია კლინიკურად ვლინდება მაშინ, როდესაც ორივე მშობელი ჰემოგლობინის მუტანტური გენის მატარებელია. დიაგნოსტირება მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ არის შესაძლებელი. დაავადება უმეტესად გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ახლო და შუა აღმოსავლეთსა და ინდოეთში. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით დაავადების ალბათობა 25%-ს უტოლდება, ხოლო ჰემოგლობინის მუტანტური გენების მატარებლობისა – 50%-ს.

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ იშორებს ტვინი მეტაბოლურ ნაგავს

ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს აქამდე უცნობი მექანიზმი, როგორ იშორებს ტვინი მეტაბოლურ ნაგავს.

ადამიანის ყოველი ორგანო მუშაობისას წარმოქმნის ნაგავს. ბუნებრივია, არც ტვინია გამონაკლისი. მეტაბოლური პროცესების შესწავლისას მნიშვნელოვანია არა მარტო იმ გზის შესწავლა, რომლითაც საკვები ნივთიერებები ქსოვილებამდე მიდის, არამედ იმისაც, რომლითაც ხდება ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების გამოძევება. ცნობილია, რომ ორგანიზმს ამაში ლიმფა ეხმარება, მაგრამ ლიმფური სისტემა ტვინზე არ ვრცელდება.

ბიოლოგებმა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოთქვეს მოსაზრება, რომ თავის ტვინს ზურგის ტვინის სითხე ასუფთავებს. ეს სითხე ჯერ თავის ქალაში “გადაიტუმბება”, იქიდან კი უკვე მეტაბოლიტებით “დახუნძლული” გადმოედინება უკან.

სათანადო ტექნოლოგიების არარსებობის გამო ამ მოსაზრების დამტკიცება მაშინ შეუძლებელი აღმოჩნდა, ახლა კი ამერიკელმა და შვედმა მეცნიერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაადგინეს ეს მექანიზმი. მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ზურგის ტვინის სითხე მოძრაობს მილისმაგვარ ცილოვან წარმონაქმნებში, რომლებიც გარს ეკვრის თავის ტვინის სისხლძარღვებს და თავის ტვინი სწორედ ამ წარმონაქმნების საშუალებით თავისუფლდება მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი უსარგებლო ნივთიერებებისგან.

ამ მოსაზრების მართებულობის დასამტკიცებლად მეცნიერებმა საცდელ მღრღნელებს მილისმაგვარი ცილოვანი სტრუქტურები მოაშორეს, დააკვირდნენ და შედეგები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ცილოვანი მილების გარეშე ორგანიზმიდან 70%-ით ნაკლები მეტაბოლიტი გამოიდევნებოდა.

სამედიცინო თვალსაზრისით ეს აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია – ვარაუდობენ, რომ ის გააადვილებს ალცჰაიმერის ტიპის დაავდებებთან ბრძოლას.

მომზადებულია Newswise, Medical News, 2012.06.08 მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი