პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რამდენიმე საჭირო წიგნი

წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ ჩვენი პროფესიული ზრდისთვის, ინტერესისა თუ სიამოვნებისთვის, უამრავია. ახალი ტექსტების მოძიება თუ ძველების გადაკითხვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვისვეა სასარგებლო, რათა ერთ დღესაც ჩვენი საქმიანობა მოსაწყენ რუტინად არ გადაიქცეს, სადაც ზუსტად გვეცოდინება, როგორ ავხსნათ ესა თუ ის საკითხი, იმიტომ რომ ეს უკვე მრავალჯერ გაგვიკეთებია… შემოქმედებით სიახლეებს სწორედ წიგნები შთაგვაგონებენ, ხშირად წაკითხული, ახალი თუ მივიწყებული წიგნები.

წინათაც გვისაუბრია იმ რესურსების შესახებ, რომელთა გამოყენება გაცილებით საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის როგორც გაკვეთილს, ისე ჩვენი, პედაგოგების ცხოვრებას. ჰოდა, ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გიამბოთ წიგნებზე, ჩამოგითვალოთ და განვიხილო რამდენიმე მათგანი, ზოგიერთი – სულ მთლად ცინცხალი, ზოგიც – რამდენიმე წლის წინ გამოცემული, რომელთა წაკითხვა წაგვადგება.

მაშ ასე, ზედმეტი შესავლის გარეშე დავიწყოთ:

  1. ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი. შ. აფრიდონიძე, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე; 2011, თბილისი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

პარონიმთა დაწერილობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გვხვდება მოსწავლეთა წერით თუ ზეპირ მეტყველებაში. შეგახსენებთ, რომ პარონიმებს ისეთ სიტყვებს უწოდებენ, რომლებიც ბგერობრივად ერთმანეთს ჰგავს, ამიტომაც ხშირად შეცდომით მონაცვლეობს და პრობლემებს ქმნის. ღერი თუ ღერო, მოსარჩელე თუ მოსარჩლე, მესაზღვრე თუ მოსაზღვრე, ნოტა თუ ნოტი, საწარმო თუ საწარმოო, მრუდი თუ მრუდე და ა.შ და ა.შ. – სახელებსა თუ ზმნებს შორის ბევრი პარონიმული წყვილია, რომელთა დაწერილობაც ხშირად რთული და გაუგებარია მოსწავლეებისთვის. სანამ შეცდომებს წითელი თუ სხვა ფერის კალმით გადავხაზავდეთ, იქნებ მიზეზები განვიხილოთ? ვფიქრობ, ასეთი ლექსიკონის გამოყენება პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც გაუადვილებს ორთოგრაფიული პრობლემების მოგვარებას.

  1. აკაკი დავითიანი, ქართული ენის სინტაქსი. ქართული ენის სპეცკურსის სახელმძღვ. პედ. ინსტიტუტების ფილოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტთათვის. განათლება, 1973 წ.

ამ წიგნის მოძიება ბიბლიოთეკებში მოგიწევთ, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ. წიგნში მარტივი და გასაგები ენით არის განხილული ქართული ენის სინტაქსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. სინტაქსი ძალიან უჭირთ მოსწავლეებს, ეს სახელმძღვანელო კი რთული საკითხების მარტივად გადმოცემაში უდავოდ დაგეხმარებათ.

  1. ჯემალ ქარჩხაძე, პუბლიცისტიკა. 2012 წელი, ქარჩხაძის გამომცემლობა

თუ გვინდა, ჩვენს უფროსკლასელებს კრიტიკული აზროვნება, საკითხის მრავალმხრივი ჭვრეტის, სოციალურ თუ პოლიტიკულ პრობლემებზე აზრის გამოთქმის უნარი გამოვუმუშაოთ, შესანიშნავი მწერლის პუბლიცისტური ტექსტების კრებული ძალიან დაგვეხმარება. წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988–1998 წლებში გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, საზოგადოდ, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ისე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზსაც.

  1. ზინა გაბიჩვაძე, ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის. გამომცემლობა „სიესტა“, 2015 წ.

თქვენი მოსწავლეებიც ფიქრობენ, რომ გრამატიკა მოსაწყენი და რთული წესების ერთობლიობაა, რომელთა გაგებაც ხშირად ძალიან გვიჭირს? აი, ერთ-ერთი გამოსავალი, რომელზეც თვითონ ავტორი გვიამბობს: „დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, როგორ შემეყვარებინა მკითხველისთვის გრამატიკა ან, უბრალოდ, მორფოლოგია-სინტაქსით დამეინტერესებინა. გადავწყვიტე, მარტივი, საინტერესო (ჩემი აზრით), ყველასათვის გასაგები ენით შეგიძღვეთ და, შეძლებისდაგვარად, გაგატაროთ ქართული ენის გრამატიკის რთულ ლაბირინთში. იმედი მაქვს, ელემენტარულ ცოდნას მიიღებთ, დაინტერესდებით მაინც. ამ წიგნით მე არც ველოსიპედი აღმომიჩენია და არც ნოვატორობის პრეტენზია მაქვს. ვფიქრობ, წიგნის ასეთი სათაურიც არ გაგაღიზიანებთ. უბრალოდ, ვისაც არ სჭირდება ან ეზარება ამა თუ იმ საგნის სიღრმისეულად შესწავლა და სწრაფად და ადვილად სურს მინიმალური ინფორმაციის მიღება, ურჩევნია, ელემენტარული, მისთვის (როგორც არასპეციალისტისთვის) მარტივი და გასაგები ენით შეისწავლოს ის, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოადგება“. არ დაგავიწყდეთ, წიგნის ავტორი დიდი ხნის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი პედაგოგია, ამიტომაც მისი ხედვა, შემოქმედებითი მიდგომა, ვფიქრობ, თქვენც გამოგადგებათ.

ამჯერად ეს იყო. თქვენც გამიზიარეთ, რა წიგნებს კითხულობთ და, რაც მთავარია, როგორ იყენებთ მათ სასწავლო პროცესში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი