ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ქიმერიონის” ბედი ანუ გამარჯობა, facebook-ო, შენი

არც ისე დიდი ხნის წინ, უფრო გაჭირვებულ და უცნაურ ყოფაში, აი, მოკლედ „შევარდნაძის დროს“ რომ ეძახიან, თბილისი ლიტერატურულ საღამოებს მიჰქონდა. არ ვიცი, თავდაცვისა და თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო ეს, საქმის ნაკლებობა თუ სხვა რამ, მაგრამ ცხადია –ოთხმოცდაათიანების მიწურულისა და ორიათასიანების გარიჟრაჟის ლიტერატურული კონტექსტი სწორედ მაშინ მოიხაზა.

მე დედაქალაქში სწორედ იმ დროს ჩამოვედი. მახსოვს უნივერსიტეტის ლეგენდარული ოთხმოცდამეცამეტე ოთახი, ლიტერატურული სამშაბათობები და სავსე აუდიტორია. ნამდვილი ჭყლეტა. სხვადასხვა გემოვნებისა და ნიჭის ავტორები. დავა, ტაში, მერე – იქვე, იაფფასიან კაფეში გადანაცვლება და საშინელი არაყის სმა.

კიდევ – სარდაფომანია. იქაც რიგები. ასე განსაჯეთ, ბილეთების გაყიდვაც კი პოეზიის მოსასმენად. ან პროზის მოსასმენად. ან ვინმეს სანახავად – ლიტერატურის სახელით.

მოკლედ, მოდური საქმე იყო: საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, პანტომიმის თეატრის სცენა და რა ვიცი. ლიტერატურულ კაფეებზე აღარაფერს ვამბობ.

ორიათასიანებშიც იყო რამდენიმე გაბრძოლება ამ მხრივ – „ქარავანი“, მარჯანიშვილის თეატრის კაფე, როკ-კლუბისა და ლიბ.გე-ს საღამოები. მაგრამ ესეც დასრულდა.

დღეს ადგილი, სადაც, ახალთბილისურად რომ ვთქვათ, კარგი ლიტერატურა „იღება ცოცხლად“, თითქმის აღარ გვაქვს.

ეს მხოლოდ ქართული ამბავი როდია. მთელი მსოფლიო ამ კითხვას სვამს. ამ კითხვას სვამს თბილისიც. როგორც ჩანს, მკითხველმა იკლო. ვგულისხმობ ამგვარ შეხვედრებზე მოსიარულე მკითხველს. მე ბოლო ხანებში ყველგან ვყოფილვარ – მწერალთა სახლშიც, უნივერსიტეტშიც გრძელდება ასეთი შეხვედრები, ზოგიერთი კერძო ორგანიზაციაც მართავს ხოლმე და თვალში საცემია: უკიდურესი გამონაკლისების გარდა, ძალიან, ძალიან ცოტა ხალხი ესწრება. რისი ბრალია ეს –შეუსაბამო მენეჯმენტის, ავტორების პასიურობის, საზოგადოდ, ლიტერატურის კრიზისის თუ ონლაინ სივრცის დომინაციის? – აი, მთავარი კითხვა. მგონი, ყველასი ერთად, მაგრამ უფრო – ამ უკანასკნელის. ეს კი საკითხის სირთულეს ამძაფრებს – ხომ არ მიილია ლიტერატურული საღამოების ეპოქა, ხომ არ გადაინაცვლეს ლიტერატურის მსმენელებმა facebook-ზე, youtube-ზე თუ სხვა ვიდეოპორტალებზე, ხომ არ დასრულდა გასული საუკუნის გარიჟრაჟზე „ქიმერიონში“ დაწყებული საქმე?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი