პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილის უპირატესობანი

სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისთვის სასარგებლოსთან ერთად ძალიან საინტერესოცაა, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე, სადაც სრულფასოვან საგნობრივ სწავლებას სკოლების უმეტესობა მე–5 კლასიდან იწყებს. უნდა აღნიშნოს, რომ ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ინტეგრირებული გაკვეთილი მასწავლებლის პორტფოლიოს  მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო დისციპლინების შიგნით მოხდა ინტეგრაცია, მაგალითად, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ამასთან, სასწავლო მასალა ერთი საგნის მეორესთან  თემატური კავშირის დამყარების საშუალებასაც იძლევა. ჩემი აზრით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სხვა სასწავლო დისციპლინებთან  დანათესავების ყველაზე ფართო არჩევანი აქვს.

სასწავლო მასალაზე დაყრდნობითა და საგნებს შორის დამაკავშირებელი თემის გამოყოფით შეირჩევა სასწავლო დისციპლინები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული თემის საფუძვლიანად შესწავლის საქმეში თავისი წვლილის შეტანა. ინტეგრირებული გაკვეთილი დეტალურად უნდა დაიგეგმოს, გამოიკვეთოს სასურველი მიზნები, დროში გაიწეროს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს შედეგს და მიესადაგება სათანადო საგნობრივ კრიტერიუმებს. ამისათვის საჭიროა საგნების პედაგოგთა სამუშაო შეხვედრა და გაკვეთილის ერთობლივად დაგეგმვა, თუმცა შესაძლებელია ერთ–ერთი საგნის მასწავლებლის მიერ ინტეგრირებული გაკვეთილის ზოგადი სცენარის შექმნა და კოლეგებისთვის იდეის სახით შეთავაზებაც. მოსამზადებელი საფეხურის დასკვნით სამუშაოს საგაკვეთილო რესურსების მოძიება წარმოადგენს. ერთობლივი გაკვეთილის ჩატარების შემდეგ კი სასურველია შედეგების ანალიზის მომზადებაც.

როგორც ვხედავთ, სასწავლო საგნების მთავარი შემაკავშირებელი რგოლი გაკვეთილის თემა გახლავთ. პედაგოგთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოებში იშვიათად მოიძებნება  ისეთი საკითხი, რომელიც  მისი მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას იძლევა. თუმცა არსებობენ ერთგვარი ,,მონათესავე საგნები“, რომლებიც თემატური თვალსაზრისით ხშირად გადაიკვეთებიან, მაგალითად: ქართული ენა და ისტორია, აგრეთვე ბუნებისმეტყველება და მუსიკა (დაწყებით საფეხურზე).

სასურველია, ინტეგრირებულ გაკვეთილს კოლეგები ან ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ, რადგან დამკვირვებლებს შეუძლიათ ობიექტური პასუხი გასცენ საგაკვეთილო პროცესის შესაფასებელ შეკითხვებს, მაგალითად: მიეცათ თუ არა მოსწავლეებს პროცესში თანაბრად ჩართვის საშუალება? მასწავლებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გასაგები იყო თუ არა ყველასათვის? მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, ერთი და იგივე საკითხი შეესწავლათ სხვადასხვა კუთხით და მოეხდინათ ცოდნის სინთეზი? და სხვ. ჩატარებული გაკვეთილი მონაწილე პედაგოგებმაც უნდა შეაფასონ.

როგორც უკვე გითხარით, დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის ბუნებისმეტყველებასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვა შეიძლება, თან საერთო თემის პოვნაც არ გაგიჭირდებათ. მეტიც, ამა თუ იმ ლიტერატურული ტექსტის დამუშავების პროცესში მოსწავლეებს ხშირად უჩნდებათ ისეთი შინაარსის შეკითხვები, რომლებზე პასუხიც გაცემაც სწორედ ბუნების მასწავლებლის პრეროგატივაა. ამიტომაც, ნიმუშის სახით, სწორედ ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებულ გაკვეთილს შემოგთავაზებთ:

 

ინტეგრირებული გაკვეთილი:  ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება

გაკვეთილის თემა:   ეკოლოგია

კლასი: IV

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ.

(საჭიროა პედაგოგების ვინაობის, მოსწავლეთა რაოდენობისა და გაკვეთილის ჩატარების თარიღის მითითებაც).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ ეკოლოგიურ პრობლემებს,  გაერკვევიან მათ გამომწვევ მიზეზებში და დასახავენ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს; განივითარებენ სინთეზურ აზროვნებას; დახვეწენ  კვლევა-ძიების, მონაცემთა დახარისხებისა და ჩაწერის, აქტიური მოსმენის, ტექსტის ანალიზის, დაკვირვების,  თვითგამოხატვისა და პრეზენტატორის  უნარ-ჩვევებს.

 

რესურსები: ქართული ენის სახელმძღვანელო, პროექტორი, ნოუთბუქი,  ინტერნეტი, პრინტერი, ფოტო და ვიდეომასალა,  ფორმატები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი,  გუაში,  ფუნჯი. პოლიეთილენის  პარკი,  შუშის   ბოთლი,  რკინის   ქილა,  გაზეთი,  ნაგვის  ურნა.

 

აქტივობების ორგანიზების ფორმა: საკლასო, ჯგუფური, ინდივიდუალური.

აქტივობა I:  (13 წუთი)

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დამუშავებული სასწავლო მასალის: ,,ჩვენი ხევი“  მიხედვით შექმნილი პლაკატი ,,SOS“,  სადაც გამოიკვეთა ეკოლოგიური პრობლემა – გარემოს დაბინძურება. ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემის წამოჭრის ეტაპებსა და  მიზეზებზე, დასახეს მისი გადაჭრის სავარაუდო გზები.

აქტივობა II: (20 წუთი)

ბუნებისმეტყველების პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელთა უმეტესობაც ადამიანთა ბუნებაზე არასწორი ზემოქმედების შედეგს წარმოადგენს. მასწავლებელმა  სლაიდშოუს დახმარებით   აჩვენა   მოსწავლეებს   ჩვენი ქვეყნის  დანაგვიანებული ტერიტორიები, ისაუბრა ნიადაგის, ჰაერის თუ წყლის   დაბინძურებასთან დაკავშირებულ რისკზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად საქართველოს ფლორას და ფაუნასაც აზიანებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმ მოქმედებებს, რითაც ადამიანი ყველაზე ხშირად ვნებს ბუნებას. გამოიკვეთა დაბინძურების ძირითადი ფაქტორი – დანაგვიანება მომწამლავი ნივთიერებებით (პოლიეთილენი, პლასტმასი, უკონტროლო ნაგავსაყრელები, ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით, წყლის დაბინძურება). შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ თემატურ ვიდეომასალებს:

 

 

აქტივობა III: (10 წუთი)

 

მოსწავლეებმა შექმნეს სიმბოლური პლაკატი – ,,დავიცვათ საქართველო“, რომელიც  მცენარეს,  როგორც   ეკოლოგიური  პრობლემების  მთავარ  მომგვარებელს  მიეძღვნა. საქართველოს რუკის პლაკატზე განთავსების შემდეგ, მოსწავლეებმა დახატეს ხე, რომელზეც თითოეულმა მათგანმა დატოვა თავისი ფოთლის – ხელისგულის ანაბეჭდი – დარგო თავისი წილი ხე.

 

აქტივობა IV: (2 წუთი)

მოსწავლეებს დაევალათ ერთ ეკოლოგიურ  კატასტროფაზე ინფორმაციის მოძიება  და  ნამუშევრის  პრეზენტაციის   სახით წარმოდგენა.

გაკვეთილის შედეგი: მოსწავლეებმა გაიაზრეს ეკოლოგიური პრობლემის მნიშვნელობა და ადამიანის როლი ამ პრობლემების წარმოშობისა თუ  გადაჭრის პროცესში; დაასახელეს ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების სავარაუდო გზები; დახვეწეს კვლევა–ძიების, დაკვირვების, აქტიური მოსმენის, წაკითხულის გააზრების, ინფორმაციის დახარისხების, თვითგამოხატვისა და პრეზენტატორის უნარ–ჩვევები.

 

***

გაკვეთილის დაგეგმვასა და შეჯამებაში დაგეხმარებათ საგნის შესაბამისი განმავითარებელი/განმსაზღვრელი (სასწავლო საფეხურის მიხედვით) შეფასების სქემები და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი კრიტერიუმები. ჩატარებული გაკვეთილი, პროცესის მონაწილეთა გარდა, დამსწრე პედაგოგებმა ან ადმინისტრაციის წევრებმაც უნდა შეაფასონ, რათა მასწავლებლებს მიეცეთ რჩევა–რეკომენდაციები. სასურველია, წინასწარ შეადგინოთ გაკვეთილის შეფასების/თვითშეფასების სქემები, სადაც მითითებული იქნება სკოლა, კლასი, სასწავლო საგნები და თემები, მონაწილე პედაგოგები და საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის აუცილებელი საკითხები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ინტეგრირებული გაკვეთილის წარმატებით ჩატარებისთვის, მაგალითად:

  1. მასწავლებლებმა მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე გააცნეს გაკვეთილის მიზანი;
  2. მასწავლებლებმა გაკვეთილის თემაზე დაყრდნობით გამოკვეთეს საგანთშორისი კავშირი;
  3. ყველა სასწავლო აქტივობა უკავშირდებოდა გაკვეთილის მიზანს;
  4. მოსწავლეებს მიეცათ ერთი და იმავე საკითხის სხვადასხვა კუთხით შესწავლის საშუალება;
  5. მოსწავლეებმა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლეს მასწავლებელთა მიერ მიწოდებული სასწავლო მასალის ათვისება და შეჯამება.

მსგავსი შეფასების სქემები თავად მასწავლებლებს დაეხმარება სამომავლოდ საკუთარი შედეგის გაუმჯობესებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი