პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თანამედროვე გენეტიკის ეთიკური პრობლემები

განვითარების თანამედროვე ეტაპზე გენეტიკა შეიჭრა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მრავალი სოციოკულტურული პრობლემა წამოჭრა. გენეტიკის მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიებსა და მათ ყოფა-ცხოვრებაში დანერგვას თან ახლავს ეთიკური რისკი. მათი გადაჭრა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში გენეტიკური ინჟინერიის კვლევის ობიექტი არის ადამიანი, კერძოდ, მისი გენეტიკური სტრუქტურა. ზოგჯერ მანიპულირების საბოლოო შედეგის თანმდევი შესაძლო უარყოფითი მომენტები კარგად გაცნობიერებული არ არის. ადამიანთა ერთ ჯგუფს – მეცნიერებს, უფლება ეძლევა განაგოს მეორე ჯგუფის (გენეტიკური ზემოქმედების ობიექტის) და მათ შთამომავალთა ბედი. ამ შემთხვევაში მრავალი ეთიკური პრობლემა იჩენს თავს. საჭიროა გენური ინჟინერიის პრაქტიკაში სუბიექტსა და ობიექტს შორის ეთიკური ნორმების დარეგულირება. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავეა. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: რა არის საზოგადოებისათვის მისაღები? რა არის დასაგმობი? რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანის მემკვიდრეობაში ჩარევა? ჯერარდაბადებული ბავშვის ბედზე ზემოქმედება? ეს საკითხი დისკუსიის გზით უნდა გადაწყდეს. პრობლემის გადაჭრაში საზოგადოების ყველა ფენამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. დისკუსია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, როდესაც საზოგადოება პრობლემათა არსში კარგად ერკვევა. ზოგჯერ ოპონენტები ეთიკურ, იურიდიულ და რელიგიურ შეხედულებებს თავიანთი პოზიციის დასაცავად გაუაზრებლად იშველიებენ.

ამჟამად ეთიკური ნორმები კანონით რეგულირდება. გაერომ 1948 წელს მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელსაც მრავალი ქვეყანა შეუერთდა. თვით ამ ქვეყნებში დეკლარაციის მრავალი პუნქტი ირღვევა. ზოგიერთი დაკანონებული ეთიკური ნორმა ყოფა-ცხოვრებაში ვერ დაინერგა. გაცილებით რთული პრობლემები წამოიჭრება, როდესაც ახალ სიტუაციას ვაწყდებით. რელიგიური ტრადიციის გათვალისწინებას შედეგი არ მოაქვს. ძველი აღთქმა, მაგალითად განიკითხავს ონანს ცოდვისათვის [დაბ.38, 8-10]. ამაზე დაყრდნობით იუდეველი ღვთის მსახურები მოითხოვენ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ე.წ. “ჩასახვა სინჯარაში” (ცოლ-ქმრის გამეტების ლაბორატორიულ პირობებში შერწყმა და ჩანასახის განვითარება) აკრძალვას. მათი შეხედულებით, სპერმა შესაძლოა ცოდვის გზით (მასტურბაციით!) იქნას მიღებული.
საყოველთაოდ მიღებული, ზოგიერთი ეთიკური პრინციპის აღიარებას საზოგადოებაში შეხედულებათა ერთიანობა არ გამოუწვევია. რამდენად ურყევია მიღებული ეთიკური პრინციპები და როგორ უნდა განხორციელდეს მათი რეალიზაცია კონკრეტულ სიტუაციაში? გაცილებით მეტი პრობლემა წამოიჭრება ხოლმე, როდესაც საზოგადოებას ახალ სიტუაციაში უხდება პრობლემის გადაჭრა. განსაკუთრებით მწვავედ ამდაგვარი პრობლემა წამოიჭრება, როდესაც მეცნიერების უახლესი ტექნოლოგიები ინერგება საზოგადოებაში.
გენეტიკური ტექნოლოგიების გაუთვალისწინებელი დანერგვით შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები, მათ შორის: 1. ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა. 2. ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობა. 3. შთამომავ- ლობის დატოვების უფლება.
სერიოზული ეთიკური განჯის საგანია “პრენატალური დიაგნოსტიკის” მიღწევების პრაქტიკაში დანერგვა. განვითარების ადრეულ ეტაპზე საზღვრავენ ნაყოფის გენოტიპს. მძიმე გენეტიკური დაავადების გამომწვევი გენის გამოვლენის შემთხვევაში ცოლ-ქმართან შეთანხმებით მიმართავენ აბორტს. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ნაყოფის განვითარების ხელოვნური შეწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია, ვინაიდან ირღვევა ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობის უფლება.
ასევე არაეთგვარი შეხედულებაა “პრეინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის” შემთხვევაშიც. 2001 წლის ივნისში ცოლ-ქმარმა დახმარებისთვის მიმართა ი. ვერლისკის კლინიკას (ჩიკაგო, რეპროდუქციული გენეტიკის ინსტიტუტი, აშშ). მათ გენეალოგიაში “სიმსივნის ოჯახური ფორმა” ლი-ფრაუმენის სინდრომი აღენიშნებოდათ. ამ სინდრომს TP53 გენის მუტაცია იწვევს. წესისამებრ, ჰომოზიგოტებში სიმსივნური დაავადება 40 წლის ასაკში ვლინდება, თუმცა ხშირად ბავშვებშიც იჩენს თავს. ამ გენის მიხედვით ცოლ-ქმარი ჰეტეროზიგოტი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში კი სინდრომის მფლობელი ბავშვის ჩასახვის ალბათობა 50%-ია. ლაბორატორიაში განხორციელდა “ჩასახვა სინჯარაში”. განისაზღვრა ხელოვნურად მიღებული 18 ჩანასახის გენოტიპი. მხოლოდ 7-ს არ აღმოაჩნდა კიბოს გამომწვევი გენი. 3 ჩანასახი მოათავსეს დედის საშვილოსნოში. ქალი დაფეხმძიმდა და ეყოლა ჯანმრთელი ვაჟი.
სადღეისოდ “პრეინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის” მეთოდით 50-ზე მეტი მძიმე მემკვიდრული დაავადების გამოვლენა და თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ისეთისაც კი, რომელიც ზრდასრულ და ხანდაზმულ ასაკში იჩენს ხოლმე თავს. მრავალი მეცნერი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი გაცილებით პროგრესულია, ვიდრე “პრენატალური დიაგნოსტიკის” მეთოდი. იგი გამორიცხავს რისკს და, შესაძლებელია, პაციენტს თავიდან ააცილოს ხელოვნური აბორტი.
დიდი მღელვარება გამოიწვია განსაზღვრული გენოტიპის მქონე ბავშვების “შეკვეთით” გაჩენამ. ცოლ-ქმარმა, რომელსაც ჰყავდა უკურნებელი ლეიკემიით დაავადებული ქალიშვილი, თხოვნით მიმართა ი. ვერლისკის კლინიკას. მათ სურდათ ძვლის ტვინის დონორად გამოსადეგი შვილის გაჩენა. ემბრიონთა სელექციის გზით, მეცნიერებმა შესძლეს შესაბამისი გენოტიპის ბავშვის ჩასახვა.
“შეკვეთილი” ბავშვი _ ადამ ნეშე ქვეყანას 2000 წელს მოევლინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა სასიკვდილოდ განწირულ უფროს დას. ამავე პერიოდში ბრიტანეთიდან კლინიკას ორმა ოჯახმა მიაკითხა (ინგლისში კანონით იკრძალება მსგავსი მანიპულაციის ჩატარება). ერთ-ერთს ჰყავდა დიდი თალასემიით, მეორეს კი _ ლეიკემიით დაავადებული შვილი. მეცნიერებმა “დაკვეთა” წარმატებით შეასრულეს. გაჩენილმა დონორებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს დაავადებულებს.
მომავალში მშობლების გენეტიკური მასალა აღარ იკმარებს “შეკვეთის” შესასრულებლად. საჭირო გახდება სხვა ადამიანთა გენების გამოყენება. გენეტიკის უახლესი ტექნოლოგიებით ეს ადვილად განსახორციელებელია. რამდენად მორალურია “სამკურნალო” ბავშვების წარმოება?
ადამიანის გენომის სრულყოფილი შესწავლა მომავალში შესაძლებელს გახდის, ცოლ-ქმარმა “შეუკვეთოს” სასურველი ნიშნების მქონე შვილი, რომელსაც ექნება დღეგრძელობის, მათემატიკური ან მუსიკალური მიდრეკილების, თვალის გარკვეული შეფერილობის და სხვა გენები. ამ შემთხვევაში არგუმენტად “სიცოცხლის გადარჩენის” მოშველიება აღარ გამოდგება. გამოდის, რომ ბავშვი წარმოადგენს ისეთივე ნივთს, რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში გემოვნების მიხედვით შევარჩევთ და ვიძენთ. ამ სახის ტექნოლოგიები ადამიანს გადააქცევს ნივთად, რომლის ყიდვა-გაყიდვა იქნება შესაძლებელი.
სადღეისოდ შესაძლებელია დაიგეგმოს მომავალი შვილის სქესი. უახლესი გენეტიკური ინჟინერიის მეთოდები იფანტიციდის 100%-იან გარანტიას იძლევა. X-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი მეტ დნმ-ს შეიცავს, ვიდრე Y-ქრომოსომიანი. შესაძლებელია მამაკაცის სპერმის სელექცია “საქალე” და “სავაჟე” ფრაქციად. ამდაგვარ პროცედურას ე,წ. MikroSort-ს წარმატებით იყენებენ შინაურ ცხოველებში, რომელსაც დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
სასურველი სქესის ჩანასახად ადამიანის სპერმის სელექციას, მართალია, იფანტიციდთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ამდაგვარი მეთოდოლოგია მორალური თვალთახედვით უნაკლოდ ვერ ჩაითვლება. აქ, უპირველეს ყოვლისა, ადგილი აქვს სქესობრივ დისკრიმინაციას. მეორეც, ცნობილია, რომ საზოგადოება, სადაც მნიშვნელოვნად ჭარბობენ მამაკაცები, ნაკლებ სტაბილურია და ძალადობით, კრიმინალისაკენ და სამხედრო კონფლიქტებიკენ მიდრეკილებით გამოირჩევა.
2001 წელს გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია პირველი გენმოდიფიცირებული ბავშვების დაბადების შესახებ. ექსპერიმენტის არსი შემდეგში მდგომარეობს: ჯეკ კოენმა და მისმა კოლეგებმა (რეპროდუქციული მედიცინისა და მეცნიერების ინსტიტუტი, ნიუ-ჯერსი, აშშ) შესძლეს ქალში დეფექტური მიტოქონდრიებით გამოწვეული უნაყოფობის დაძლევა. ეს ორგანოიდი უჯრედს ენერგიით ამარაგებს. იგი ადამიანის ყველა უჯრედშია., მათ შორის კვერცხუჯრედშიც. განაყოფიერებისას სპერმატოზოიდიდან მიტოქონდრია კვერცუჯრედში არ ხვდება. მიტოქონდრიაში რამდენიმე ათეული წრიული ფორმის დნმ-ს მოლეკულაა. ადამიანის მიტ-დნმ-ში გამოვლენილია 37 გენი. მიტ-დნმ-ით ადამიანები განსხვავდებიან, მსგავსი აქვთ მხოლოდ დედის ხაზით ნათესავებს. მიტოქონდრიული გენები დედის გზით გადაეცემა შთამომავლებს.
იშვიათად, ზოგიერთი ქალის კვერცხუჯრედს აქვს დეფექტური მიტოქონდრიები. კვერცხუჯრედი ენერგიით ვეღარ მარაგდება და მისგან ჩანასახი ვერ ვითარდება. ქალში ამდაგვარი დეფექტი უნაყოფობას იწვევს.
ჯ. კოენის ლაბორატორიაში ჩაატარეს შემდეგი მიკროქირურგიული მანიპულაცია: ცოლის კვერცხუჯრედში მიკროპიპეტით შეიტანეს ქმრის სპერმატოზოიდი, ხოლო ჯანმრთელი დონორი-ქალის კვერცხუჯრედიდან – ციტოპლაზმის წვეთი (მასში ათეულობით ნორმალური მიტოქონდრიაა). განვითარებული ჩანასახი მოათავსეს ცოლის საშვილოსნოში. ნაყოფი ნორმალურად განვითარდა და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა. კოენის ლაბორატორიაში ზემოთ აღნიშნული მანიპულაცია 30 ქალს ჩაუტარდა, აქედან 12 ქალი დაორსულდა და ეყოლა ჯანმრთელი შვილი. სადღეისოდ ეს მეთოდი მრავალ ლაბორატორიაშია დანერგილი და წარმატებულად იყენებენ.
ერთი შეხედვით, ეს მანიპულაცია დაავადებულ ადამიანში ორგანოს ან ქსოვილის (მაგ. თირკმელი, გული, ძვლის ტვინი და მისთ.) გადანერგვას – ტრანსპლანტაციას მოგვაგონებს. ტრანსპლანტანტის გენები შთამომავლობას არ გადაეცემა. კოენის ექსპერიმეტით გაჩენილი ადამიანი (კერძოდ, ქალი) დონორის გენებს შთამომავლებს გადასცემს. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია მეცნიერებს შორის მწვავე პოლემიკა. რამდენად გამართლებულია შთამომავალთა გენეტიკურ სტრუქტურაში ჩარევა? ჰყავს თუ არა კოენის მეთოდით გაჩენილ ბავშვს “ორი დედა” და როგორია მასთან დაკავშირებული მორალური, იურიდიული და ფსიქოლოგიური პრობლემები? ოპონენტთა არგუმენტებით, ბუნებრივი დედიდან ბავშვს 35 000 ბირთვული გენი გადაეცემა დონორი ქალიდან კი – 37 მიტოქონდრიული გენი (თანაფარდობა 1000:1). იგი “ორი დედის” პრობლემას გამორიცხავს.
გენეტიკური ინჟინერიის მეთოდების გაუმართლებელი გამოყენების სანიმუშო მაგალითია მათი მეშვეობით სპორტსმენებში რეკორდული მაჩვენებლების გაუმჯობესება. ამჟამად სპორტის ზოგიერთ სახეობაში რეკორდულმა შედეგებმა ბიოლოგიური შესაძლებლობის ზღვარს მიაღწია. მომავალში შედეგის გაუმჯობესება შეუძლებელია. ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, 2012 წლის ოქროს მედლებს, ძირითადად, ოლიმპიადაში მონაწილე გენმოდიფიცირებული სპოტსმენები მოიპოვებენ. “დნმ-დოპინგის” მომხმარებელი შეჯიბრში სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი გამძლეობას, ძალასაA და სიჩქარეს გამოავლენს.
სადღეისიოდ სამი სახის “დნმ-დოპინგ” პრეპარატია შექმნილი. ერთ-ერთი გენი ზრდის ერითროციტებში ჰემოგლობინის, ხოლო კუნთებში მიოგლობინის რაოდენობას. კუნთებს დიდი რაოდენობით მიეწოდება ჟანგბადი და იზრდება ორგანიზმის ამტანობა. მეცნიერებმა პრეპარტი ჰუმანური მიზნით – ანემიით დაავადებული ავადმყოფებისთვის შექმნეს. ოლიმპიელები მას არამიზნობრივად გამოიყენებენ. მეორე გენურ პრეპარატს სრულყოფის შემდეგ ფართო გამოყენება ექნება. იგი ზრდის სისხლძარღვთა სანათურის ამომფენი უჯრედების რაოდენობას. პრეპარატი გამიზნულია ათეროსკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის. ოლიმპიელები პრეპარატს გამოიყენებენ კუნთების სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად. ასევე პერსპექტიულია მესამე გენური პრეპარატი. იგი ხელს უწყობს კუნთოვანი ბოჭკოების ზრდას. პრეპარატი გამიზნულია ხანდაზმულებისა და კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისთვის. კლინიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატი 15-30%-ით ზრდის კუნებს. ახალად სინთეზირებული პრეპარატი აღმოჩენაა არაკეთილსინდისიერი სპორტსმენებისთვის. იგი შეცვლის ამჟამად აკრძალულ დოპინგ-სტეროიდებს.
მეცნიერები მუშაობენ გენური დოპინგის აღმომჩენ ტესტებზე. ზოგიერთი პრეპარატი სისხლში არ გადადის. ამდენად, მათი გამოვლენა რთულია, ზოგჯერ შეუძლებელი. ამ შემთხვევაში ირღვევა ოლიმპიური ფიცი; ამას გარდა, დოპინგ- დამოკიდებული სპორტსმენი “დაპროგრამებული” ავტომატია. იგი მხოლოდ მკაცრ ფუნქციებს ასრულებს და დაკარგული აქვს ადამიანური ღირსება. ოლიმპიადა გახდება გენეტიკურ ტექნოლოგიათა და არა ღირსეულ სპორტსმენთა კონკურენციის ასპარეზი. ბუნებრივია, ეს უკვე აღარ იქნება სპორტი.
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ წარმატებული რეკორდსმენების აღნაგობასა და სპორტულ მონაცემებს გენოტიპი განსაზღვრავს. სწორედ ამის გამოა, რომ კენიელი სპორტსმენები სხვა მსრბოლელებთან შედარებით დიდ სიჩქარეს ავითარებენ. საშუალო მონაცემების მქონე, მაგრამ გენური დოპინგის მომხმარებელი სპორტსმენი შეძლებს, დაამარცხოს მასზე უფრო მაღალი მონაცემების მქონე, ღირსეული მოწინააღმდეგე, რომელიც არ იყენებს ამგვარ დოპინგს. ასეთ შემთხვევაში ასპარეზობა აზრს კარგავს.
გაცილებით სერიოზულ მორალურ-ეთიკური პრობლემებს ვაწყდებით ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებული გენეტიკური ტექნოლოგიების შემუშავებისას. პოტენციურად, ადამიანის კლონირება ორი მიზნით განხორციელდება: კლონირებული ბავშვების მიღებისა (რეპროდუქტული კლონირება) და სამედიცინო მიზნებით (თერაპიული კლონირება). ამ შემთხვევაში გენეტიკოსების, ფილოსოფოსების, პოლიტიკოსების, სასულიერო მოღვაწეებისა და სოციოლოგების წინაშე პრობლემათა მთელი კოპლექსი იჩენს თავს. რამდენად საჭიროა ადამიანთა მოდგმის გაუმჯობესება და “ჰარმონიზება” კლონირების გზით? რა შედეგს მოიტანს ადამიანის ამდაგვარი, “დაპროექტებული სელექცია”? ხომ არ არის ეს ერთგვარი მეტოქეობა და თავის გატოლება უზენაეს შემოქმედთან? ცოცხალ მატერიას, მათ შორის, ადამიანს ახასიათებს გენეტიკური ნაირგვარობა – ჰეტეროგენულობა. იგი პოპულაციების ნორმალური არსებობისა და განვითარების საფუძველია. “იდეალური ადამიანისათვის” ნიშანდობლივი კრიტერიუმები არ არსებობს. თითოეული ადამიანი გენეტიკურად უნიკალურია. ამდენად, ადამიანის გენეტიკური “გაუმჯობესების” იდეა საფრთხის შემცველია და მეცნიერულ საფუძველს არის მოკლებული.
თერაპიული კლონირებისას მიიღებენ გარკვეული გენოტიპის ემბრიონებს ღეროუჯრედების გამოსაყოფად. ამ მასალას გამოიყენებენ რიგი დაავადებების (დიაბეტი, პარკინსონი, ალცჰაიმერის დაავადება და მისთ.) სამკურნალოდ. კლონირებული ღეროუჯრედებიდან განვითარებული ქსოვილი განკურნავს დაავადებულ ადამიანს. ღეროუჯრედებიდან ამოცლილი ემბრიონი (ანუ მომავალი ჯანსაღი ადამიანი) იღუპება. ისმის კითხვა: ირღვევა თუ არა ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობის ფუნდამენტური უფლება? შესაძლებელია თუ არა, რომ ამან ბიძგი მისცეს ორგანოთა, ქსოვილთა და გენთა “სათადარიგო Nნაწილების” ბაზრის შექმნას; ნაწილებისა, რომლებიც ადამიანის ემბრიონიდან იქნება დამზადებული?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი