შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დაჯისავით ემოციური, ზაზასავით თავშეკავებული, ნათიასავით შრომისმოყვარე

სულ ახალბედა, ,,ჭყინტი” მასწავლებელი რომ ვიყავი, მახსოვს, შესვენებაზე მოსწავლე შემოვიდა სამასწავლებლოში, რათა იმ სტრატეგიულ კომპიუტერულ თამაშზე გვესაუბრა, რომლითაც იმ პერიოდში ორივე ვიყავით შეპყრობილი. მახსოვს, ამ ყველაფერს მაშინ ჩემი უფროსი კოლეგებისაგან არა მხოლოდ მიმიკურად, ვერბალურად გამოხატული აღშფოთებაც მოჰყვა. ამ სიტუაციაში საბოლოო სიტყვა ჩვენი დირექტორისა აღმოჩნდა, ბატონმა მამუკამ თქვა, რომ მასწავლებელს გაკვეთილების შემდეგ შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც სურს.

_ რას აკეთებენ მასწავლებლები გაკვეთილებისაგან თავისუფალ დროს? _ ეს კითხვა ნამდვილად აქტუალურია მოსწავლისათვის, ყოველ შემთხვევაში, იყო სოციალური ქსელების გავრცელებამდე. ამ კითხვაზე პასუხები მეც ძალიან მაინტერესებდა და ბოლოს ვიპოვე კიდეც: მეცადინეობენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კერძო მოწაფეებს ამზადებენ, მურაბებს ხარშავენ ზამთრისთვის, ტელევიზორს უყურებენ, ჭიქა ყავაზე იკრიბებიან და მოსწავლეებს განიხილავენ…

ისეთი მასწავლებლებიც მყოლია, წიგნებს რომ წერდნენ, საჯარო ლექციებს კითხულობდნენ, ექსპედიციებში დადიოდნენ, მაქმანის საყელოთი მორთული ძველი შავი კაბით შემოსილი არც ერთ სპექტაკლს არ აცდენდნენ, ემოციისაგან აყვირებულნი გვიკითხავდნენ ლექსებს… ჩემთვის სუნთქვის შეკვრამდე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული იყვნენ. უბრალოდ თავიანთი არსებობით, ყოველგვარი მორალის კითხვის გარეშე, მიღვიძებდნენ სურვილს, რომ უფრო მეტი მესწავლა, უფრო მეტი მემუშავა საკუთარ თავზე, რათა მათი მსგავსი ცხოვრება მქონოდა.

ის ფაქტი, რომ მასწავლებელს მათ მიღმა კიდევ აქვთ ინტერესების სფერო და გატაცებები, მოსწავლეებს მხოლოდ დადებითად განაწყობთ მათ მიმართ. ამ წერილში მინდა გაგაცნოთ სამი ადამიანი, რომლებსაც საკლასო ოთახის გარეთაც არანაკლებ საინტერესო საქმიანობა ეგულებათ, ვიდრე _ მათ კედლებში. ნება მიბოძეთ, გიამბოთ სამი ამბავი: დაჯისავით ემოციური, ზაზასავით თავშეკავებული, ნათიასავით შრომისმოყვარე.

დაჯი

მესტიის ერთი პატარა სოფლის სკოლის მოსწავლეებს წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ, რომ მათი ისტორიის მასწავლებელი ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგერია. თუ დაჯის გაუმართლა, ერთხანს კიდევ ვერ გაიგებენ: ,,იმდენად ინტიმურ რამეებზე ვწერ ხოლმე იქ, რომ ვფიქრობ ჩემი მოსწავლეებისათვის…მდაჰ!” ვგრძნობ, რომ წარმოდგენაზეც კი გააჟრჟოლა. ,,ინტიმური რაღაცები” ძირითადად წიგნებია, კიდევ მუსიკა, ფილმები, კიდევ საკუთარი თავის ძიება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ხმამაღლა ეძებენ და ამ პროცესის ყველა ეტაპი ფურცელზე გადააქვთ, აუცილებლად უნდა იყვნენ მასწავლებლები, ისინი ბევრი რამით დაეხმარებიან მოსწავლეებს. დაჯი ისე წერს, რომ გიხარია, მთიან, თოვლიან სოფელში რომ არის გამოკეტილი და ბევრი არაფერი საცდური არ აქვს ირგვლივ კითხვისა და წერის გარდა:

,,ჩვენ ყველას საკუთარი ცხოველი დაგვყვება ხოლმე. ბავშვობაში მჯეროდა, რომ ხან კატა დამყვებოდა; ხან სპილო; ხან მაინ რიდის წიგნებში ამოკითხული ანტილოპა. მერე გავიზარდე და ამ ცხოველებმა სახე იცვალეს, ტრანსფორმირდნენ, ყურები დაუმოკლდათ, ცხვირი გაეზარდათ, წვერები ჩამოუშვეს, თავზე სასაცილო ქუდები მოირგეს, ხელები ჩამოუშვეს მუხლებამდე, რომანების წერა დაიწყეს, ლაპარაკი ისწავლეს, ზოგჯერ მღეროდნენ კიდეც. მერე მივხვდი, რომ ადამიანებს დაესგავსნენ და მაწანწალებივით სულ კუდში დამყვებოდნენ საღამოს ქუჩებში. ამ დროს აივანზე ფლოსტებით გამოსული მოსაწყენი ბერიკაცი ვახშმის ნარჩენებს დაუყრიდა მტრედებს და მხოლოდ ჭუჭყიან, ფერგასულ წვერებში ჩაიღიმებდა ხოლმე ჩემს თანამგზავრებზე,” _ ,,ტომ! შოკოლადი იესოსათვის”.

ეგონ შილეს ნახატის ფონზე დაჯის მიერვე შემოთავაზებულ გერშვინის ,,მეორე პრელუდიას” ვუსმენ და პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე უფრო ლიტერატურულ პოსტებს ვკითხულობ. ახალი და აქტუალური თარგმანების უმეტესობა აქ არის: ,,პერსეპოლისი”, ,,ჭიანჭველები”, ,,შავი წყალი”… ლიტერატურა, რომელიც ისე ჩაწმახვნია ერთი გოგოს პირად ცხოვრებას, როგორც უკანა მერხიდან ჩაწებებული კევი _ მოწაფის ნაწნავებს. ვკითხულობ და შეგრძნება მიჩნდება, რომ ავტორი ჩემი სტუდენტია, ლიტერატურათმცოდნეობის სემინარზე  წინ მიზის და ცხვირს იჭმუხნის, რადგან ეს-ესაა ვუთხარი, რომ მე ჯერ არ წამიკითხავს ის ახალი წიგნი, რომლითაც ის რამდენიმე დღეა სულდგმულობს. მერე კი რაღაც ისეთ მოხდენილს ამბობს, რომ ცალკე ფურცელზე ვინიშნავ მის სახელს და გვარს, დაჯი თოდუას და წითელი კალმით წრეში ვსვამ.

ნუ წაიკითხავთ ცნობილი კრიტიკოსების შეფასებას ახალ წიგნებზე, წაიკითხეთ ეს ბლოგი: https://magarayuelady.wordpress.com/

ზაზა

ზაზა მანია ჯერ კიდევ თავისი სკოლის გუნდში თამაშობდა ,,რა? სად? როდის?” ტიპის ინტელექტუალურ თამაშებს, მერე კი, უკვე ათ წელზე მეტია თბილისის ინტელექტკლუბის წევრია. ამჯერად სუპერლიგის გუნდ ,,26-ე საათის” შემადგენლობაში თამაშობს, თუმცა სოციალურ ქსელში მის ფოტოს დავხედე თუ არა, გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენი, შედარებით დაბალლიგელების, თამაშებსაც ხშირად ესწრებოდა ხოლმე. იქ სუპერლიგელები საკუთარ ასპარეზობამდე ტვინის გასავარჯიშებლად დადიან ანდა იმიტომ, რომ თვეში ერთხელ თამაში და ინტელექტკლუბის გარემო არ ჰყოფნით.

ახლა ზაზას ინტელექტკლუბის ყველა შეხვედრაზე დასწრება ალბათ ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან, დაჯის მსგავსად, ისიც ,,ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამით მუშაობს, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელია მარტვილის რაიონის სოფელ ბალდში. თუმცა თვეში ერთხელ, კვირა დღეს გამართულ თავისი გუნდის თამაშებს არასოდეს აცდენს, ჩამოდის, თამაშობს და იმავე დღეს უკან ბრუნდება, რომ ორშაბათს უკვე გაკვეთილები ჩაატაროს. ძველი ინტელექტკლუბელებისათვის გუნდის ასეთი ერთგულება საყოველთაო დაუწერელი კანონია. სწორედ ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო ,,რა? სად? როდის?” სულ უფრო პოპულარული ხდება ახალ თაობაში და ინტელექტკლუბი წევრობის მსურველებს ვეღარ იტევს, რაც თავისთავად შესანიშნავი ამბავია.

არ არის გამორიცხული, რომ კლუბს ახალი წევრები მალე ბალდიდანაც დაემატონ: ზაზა მასწავლებელი ცდილობს თავის მოსწავლეებსაც გადასდოს ინტელექტუალური თამაშების აზარტი. შესაბამისად ადაპტირების შემდეგ სუპერლიგის კითხვებს მოსწავლეებსაც უსვამს და დროსაც უნიშნავს სწორი პასუხის გასაცემად, ხანდახან ეს სწორი პასუხი არც აყოვნებს ხოლმე. ის კი არადა, სასკოლო შეჯიბრებასაც კი ატარებს სხვადასხვა კლასის გუნდების მონაწილეობით.

ზაზა მანიას საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ უყვარს, მაგრამ მჯერა, რომ ის შემთხვევაა, როდესაც მასწავლებლის ჰობის შეუძლია უზომოდ დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლეებზე.

ნათია

მისი ყოველდღიურობა ორ ნაწილად იყოფა: დილას ენერგიულად და ხმაურიანად ატარებს მოსწავლეებთან ერთად, საღამოს _ კარს მოიკეტავს და სრულ სიჩუმეში მარტო რჩება წიგნის პირდაპირ. ნათია ჩუბინიძე მთარგმნელია, მათ შორის ისეთი ცნობილი ნაწარმოებისა, როგორიც მარგარეტ მიჩელის ,,ქარწაღებულნია”, თუმცა მის მოსწავლეებს ალბათ მის მიერ ნათარგმნი საყმაწვილო სერიების რომელიმე წიგნი უფრო მოსწონთ, მაგალითად, მარკუს ზუზაკის ,,წიგნის ქურდი” ანდა გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩები”. საოცრად მოსახერხებელია, როცა წიგნს კითხულობ და მისი მთარგმნელი შენი მასწავლებელია, ეგებ ისიც წამოაცდენინო, როგორ მთავრდება, ოღონდ არა ნათია მასწავლებელს… თუმცა, მოსწავლეებს ისიც კი უხარიათ და ეამაყებათ, როდესაც საკუთარი პედაგოგის სახელს უბრალოდ წიგნის ყდაზე ამოიკითხავენ. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ მასწავლებელი ელის, რა ნიშანს დაუწერს მოსწავლე:

,,ერთ-ერთი საყმაწვილო სერიის მთარგმნელი რომ გავხდი, სრულიად შემთხვევით ჩემი ყოფილი მოსწავლე, გოგა ჯაჭვაძე, აღმოჩნდა ამ პროექტის წევრი, იმ წიგნების დიდი ნაწილი, რომლებსაც ვთარგმნი, გოგასა და მისი მეგობრების შერჩეულია, გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩების“ მთარგმნელის გვარი რომ უკითხავს, დააზუსტა, თუ ნამდვილად მე ვიყავი. მას მერე ხშირად მამხნევებდა, პრეზენტაციაზე კი გახარებულმა გამიზიარა შთაბეჭდილებები, მითხრა, რომ ძალიან მოეწონა თარგმანი,  ამ პროექტის მონაწილეებს, როგორც ვიცი,  სანამ წიგნი მაღაზიების ქსელში მოხვდება, მანამ აქვთ მისი წაკითხვის საშუალება და ძალიან გამიხარდა, გოგასა და მისი თანატოლების იმედები რომ გავამართლე.”

კითხვაზე, მასწავლებლობასა და მთარგმნელობას შორის, რომელს უფრო მიიჩნევს ჰობიდ, ნათია მპასუხობს, რომ ორივე მათგანი პროფესიაა, რომლებიც ერთი ჰობისაგან, წიგნის კითხვისაგან, იღებენ სათავეს. ყველანაირი ჰობი და პროფესია კი მის ცხოვრებაში, დედისაგან, ქალბატონი მზია კაპანაძისაგან მომდინარეობს, რომელიც, ნათიას მსგავსად, პედაგოგია და რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის შვილის ყველა წარმატებაში.

მთარგმნელობა ნათია მასწავლებლისათვის ,,ორი კურდღლის დაჭერაა”: ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ადამიანს ცოტა დრო რჩება საყვარელი საქმისათვის, იგი მთარგმნელის პროფესიის წყალობით წიგნების კითხვასაც ახერხებს და მეტიც, თავისი წვლილიც შეაქვს მსოფლიო ლიტერატურის სიახლეების ქართველი მკითხველისათვის მიწოდების საქმეში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი