პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

განახლებული ოპერის შენობა და არავერბალური კომუნიკაცია

ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა შორის უფრო დიდი აჟიოტაჟი თავად ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნამ კი არა, იქ მისული მაყურებლის ჩაცმულობამ გამოიწვია. საკმაოდ მწარე კომენტარები დაიმსახურეს ქურქებში შემოსილმა ქალბატონებმა. არადა, როგორც ჩანს, ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ ფუფუნებასთან ასოცირებული ბეწვეულის ჩაცმა მას რაიმე უხერხულობას მოუტანდა ფაუნის მოყვარული ფეისბუქმომხმარებელი აქტიური მოქალაქეების თვალში.

დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენებასაც ისეთივე წარმატების მოტანა შეუძლია, როგორც ვერბალური კომუნიკაციისას. პოლიტიკოსები ტრიბუნიდან და ტელეეკრანიდან, ადვოკატები – სასამართლო დარბაზებიდან, მსახიობები სცენიდან აქტიურად იყენებენ კომუნიკაციის ამ საშუალებას. არავერბალური კომუნიკაცია კი სამოსით იწყება. როდესაც აუდიტორიასთან შესახვედრად ვემზადები, ვითვალისწინებ იმას, რომ მინდა, ჩემსა და ჩემს მსმენელს შორის რაღაც დროით მაინც უშუალო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ამიტომაც, ვცდილობ, ჩაცმულიც შესაბამისად ვიყო. ეს პირველი ეტაპია, დანარჩენი კი უკვე სხვა რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ, თუკი კომუნიკაციის პირველი ეტაპი სწორად შედგება, ეს უკვე დიდი საქმეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხშირ შემთხვევაში კომუნიკაციის პირველი ეტაპი სწორედ სამოსით კომუნიკაციაა. არავერბალური კომუნიკაციის ამ ტიპზე რუსთველიც საუბრობს. საკმარისია, გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“ და მივხვდებით, რომ ამ პოემაში საკმაოდ ხშირ შემთხვევაში სამოსითაც ხდება კომუნიკაცია. მაგ. ტარიელის მიზანი, როდესაც იგი ვეფხის ტყავით იმოსება, ისაა, რომ საყვარლის სილამაზის აქცენტირება მოახდინოს: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს“; (662) სამწუხაროდ, მისი ქმედება მნახველებისთვის გაუგებარია და ეს იწვევს გაუგებრობას კომუნაკიციის დროს (sc. miscommunication). ტარიელის სამოსის არასწორი შეფასება გახდება ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებისთვის საკვანძო მომენტი. ეს პასაჟი ახსნილი მაქვს წერილში „ვეფხისტყაოსანი“ და ფოლკლორი (https://mastsavlebeli.ge/?p=4013 ), რომელშიც გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ ტარიელის ჩაცმულობას უკავშირდება როსტევანის ხასიათის შეცვლა, რადგან ტარიელი მას მოაგონებს შელოცვების პერსონაჟს. ის, რომ ტანსაცმლით ხდება გარკვეული ტიპის კომუნიკაცია, არავისთვის არ უნდა იყოს სადავო. არსებობს გარკვეული დრესკოდები, რომელთა გაუთვალისწინებლობაც პრობლემებს გვიქმნის დღევანდელ დღეს. ის, ვინც არ იცავს დადგენილ ნორმებს, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ასეთსავე სურათს გვიხატავს „ვეფხისტყაოსანიც“. მაგ. ფარსადანი, რომელსაც დაბნედილი ტარიელის გონზე მოსვლა გაახარებს, თავშიშველი გამორბის სასახლიდან: „ფარსადანი მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა…“ (361) რა თქმა უნდა, ფარსადანი ამ შემთხვევაში კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, მეფე სასახლეს არ უნდა ტოვებდეს შესაფერისი სამოსისა და აღჭურვილობის გარეშე. მაგრამ მეფის სწორედ ამგვარმა „კონტექსტიდან ამოვარდნამ“ უნდა აღძრას შესაბამისი ემოცია მკითხველში. ასევე კონტექსტიდან ამოვარდნილი და უადგილო იქნება სამი დღე მეფის (როსტევანის) ან ავთანდილის თავშიშველი სიარული ნაძლევის წაგების შემთხვევაში: „ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს“. (71) დღევანდელი მკითხველისთვის თითქოს ცოტათი გაუგებარია, რას უკავშირდება ეს ნაძლევი, რა სირთულესთანაა დაკავშირებული მისი შესრულება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ქმედება დღევანდელ საქართველოშიც შემორჩენილია ოდნავ შეცვლილი სახით, როდესაც ბიჭები ნაძლევის ან აზარტული თამაშის წაგების შემთხვევაში თავს იპარსავენ. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მამაკაცებისთვის ქუდის ტარება სავალდებულოდ აღარ ითვლება, თმის გადაპარსვა უნდა იმეორებდეს იმ „სასჯელს“, რაც დაეკისრებოდა ხოლმე წაგებულს თავშიშველი სიარულით.

როდესაც სამოსის როლს განვიხილავთ კომუნიკაციაში, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ თინათინისა და ავთანდილის შეხვედრას ნადირობის შემდეგ. ამ ეპიზოდში თინათინი ავთანდილს ცოტა უცნაურად შემოსილი დახვდება: „გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი…“ (127) თინათინის ჩაცმულობას სხვადასხვაგვარად ხსნიან „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევრები. ჩემი აზრით კი, თინათინის მიერ შიშველ სხეულზე ყარყუმის ოდნავ უდიერი მოგდება და ჩამოშლილი რიდე ავთანდილისთვის თინათინისგან ეროტიზმის ხაზგასმა კი არა, გმირის უხასიათობაზე მინიშნებაა. თინათინი, რომელიც „უებრო ქუშად ჯდა“ (126) და „დაღრეჯით იყო მჯდომარე“ (128), ისეთ საგონებელშია ჩავარდნილი როსტევანის გამო, რომ მას აღარც კი სცალია ეტიკეტზე საფიქრელად. მისმა ჩაცმულობამ ავთანდილსაც და მკითხველსაც უნდა დაანახოს, რომ თინათინისთვის მამის დადარდიანება იმდენად სულისშემძვრელია, რომ მას არც დრო და არც თავი აქვს იმისთვის, რომ თავისი სამოსის მოწესრიგებაზე იფიქროს. თუმცა ამ ახსნასთან (რომელსაც თვითონ ტექსტი გვაძლევს) ერთად უფლებას ვიტოვებ, გამოვთქვა ერთი ვარაუდიც: რამდენადაც ვიცით, ხშირ შემთხვევაში სამოსი განგვაწყობს საუბრისთვის, გვკარნახობს საუბრის ტონს. მაგ. მასწავლებელი მოსწავლეს თავისი ჩაცმულობით აქცევს შესაბამის კალაპოტში. ასევეა პოლიტიკოსიც. სპორტულ სამოსში ან თავისუფლად ჩაცმული პოლიტიკოსიც და მასწავლებელიც გულახდილი საუბრისთვის განგვაწყობს, ხოლო სოლიდურად, აკადემიურად ჩაცმულ პოლიტიკოსსაც და მასწავლებელსაც ვერ მივმართავთ ისეთივე თავისუფალი ტონით, როგორც პირველ შემთხვევაში. ჩვენი ტონი, მეტყველება იმისდა მიხედვით შეიცვლება, თუ რა აცვია თანამოსაუბრეს. ჩაცმის სტილი ერთგვარად განაპირობებს საუბრის უშუალობას ან ფორმალურ ხასიათს. შესაძლოა, თინათინის ხალვათად ჩაცმა ავთანდილისთვის იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ საუბარი ოფიციალურ ტონალობაში არ წარიმართება და ამზადებს მოსაუბრეს უშუალობისთვის. თინათინის შემდგომი ტექსტიც ხომ იმის მიმანიშნებელია, რომ მას არ უნდა, ავთანდილი დაიძაბოს. ამ დაძაბულობის მოსახსნელად კი პირველი ნაბიჯია მისი დახვედრა არაოფიციალური სამოსით.

ასევე არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ავთანდილის თავგადასავალი გულანშაროში. სანამ ყრმა ამ სამეფოში შევოდოდა, იგი ვაჭრებს მეკობრეების მოგერიებაში დაეხმარა, შემდეგ კი გადაწყვიტა, ვაჭრული სამოსი ჩაეცვა და ისე წარმდგარიყო ახალი ნაცნობების წინაშე: „მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“ (1067) ამ ვაჭრული სამოსის გამო დაიწყება ის პატარა გაუგებრობა, რომელიც არასწორად გაგებულ არავერბალურ კომუნიკაციას მოჰყვება. ფატმანი ჩათვლის, რომ ავთანდილი მისი წრის არის და სამიჯნურო წერილს მისწერს ავთანდილს. მაგრამ, მიუხედავად ავთანდილის გაოცებისა, ჭაბუკი ხვდება, რომ არასწორი კომუნიკაცია მისი ვაჭრული სამოსის გამო შედგა და მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამხელს სიმართლეს – იბრუნებს სამოსს და, შესაბამისად, მასა და ფატმანს შორის უკვე სწორი კომუნიკაცია მყარდება.

როგორც ვნახეთ, სამოსის სწორად შერჩევა არავერბალური კომუნიკაციის აუცილებელი ნაწილია. ცოტა ხნის წინ ოპერის თეატრის გახსნაზე მისულმა ქალბატონების ნაწილმა ვერ განსაზღვრა ეს, მაგრამ ალბათ მომავალში, სანამ სამოსს შეარჩევენ, კარგად დაფიქრდებიან იმაზე, რისი კომუნიკაცია სურთ თავიანთი ჩაცმულობით აუდიტორიასთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი