ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ნინო ლომიძე-წერითი დავალება – რაობა, სახეები, მიზნები

საშინაო წერითი დავალების მიცემისას თანამედროვე მასწავლებელი გარკვეული დილემის წინაშე დგება. ინტერნეტში დღეს ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი მზა მასალის მოძიება. მოსწავლეებიც, ხშირ შემთხვევაში, დავალების შესრულებისას მარტივ და სწრაფ ხერხს მიმართავენ.

საშინაო წერითი დავალების შესრულება სულ რამდენიმე წუთში და სულ რამდენიმე მარტივი „ოპერაციითაა“ შესაძლებელი. ინტერნეტის საძიებო სისტემა+ველში სწორი საძიებო სიტყვების შეყვანა+ინფორმაციის დაკოპირება+ინფორმაციის ჩასმა/გადაწერა დავალების რვეულში. დავალება – მზადაა. ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი – აკრიფეთ თქვენივე  მიცემული დავალების შესაბამისი საკვანძო სიტყვები საძიებო სისტემაში და „დატკბით“ მზა შესრულებული დავალებების ხარისხით და რაოდენობით. ლექსის ან მხატვრული საპროგრამო ტექსტის მხატვრული ანალიზი, ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერიფრაზი-შინაარსი, „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული „ვერსია“…ეს ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა. ამ პირობებში მასწავლებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რომ საშინაო წერითი დავალების შესრულებისას სწორედ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც ამ აქტივობას აქვს.

საშინაო დავალების მიზანი – იდეალი

საშინაო დავალება ჩვენი სასკოლო განათლების ორგანიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. იდეალურ შემთხვევაში, საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლე განიმტკიცებს სკოლაში მიღებულ ცოდნას, ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას, მას უყალიბდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, წერითი მეტყველების უნარი, პასუხისმგელობის გრძნობა, აკურატულობა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაზეც შესავალში ვისაუბრეთ –  რამდენად შეესაბამება ეს იდეალი პრაქტიკულ საქმიანობას? წერილში სწორედ საშინაო დავალების რაობაზე, სახეებზე და მიზნებზე ვისაუბრებთ.

რა არის საშინაო დავალება?

ზოგადად, პედაგოგიურ პრაქტიკაში დავალება შემეცნების, სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. დავალება არის მოსწავლის მიერ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაო, სავალდებულო და საპასუხისმგებლო, დროში შეზღუდული და კონკრეტული მიზნების მისაღწევად შემუშავებული.

დავალება სხვადასხვაგვარია. მოცულობა, ფორმა, შინაარსი, სახეობა განისაზღვრება მასწავლებლის მიერ. საშინაო დავალების მიცემამდე წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული ჩაბარებული დავალების შემოწმების(გასწორების) კრიტერიუმები, რომლებსაც მოსწავლეებს დავალების მიცემის დროს დეტალურად გავაცნობთ.

საშინაო დავალების შესრულებისას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მასწავლებელი დავალების რაოდენობას, ინტენსივობას, ინსტრუქტაჟს და აგრეთვე დავალების შემოწმების მექანიზმებს სწორად შეარჩევს.

თვითდავალება – დავალების მიცემამდე:

საშინაო დავალების მოფიქრებისას სასურველია დავსვათ კითხვები, რომლებიც განსაზღვრავს დავალების არსს და მიზანს. ასე უკეთ შევძლებთ როგორც შესამოწმებელი მეთოდის შერჩევას, ისე კონკრეტული მიზნების მიხედვით ინსტრუქტაჟის შედგენას.

ზოგადი კითხვა ასეთია – რას ემსახურება მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სამუშაო?

სავარაუდო პასუხები:

  • ფაქტებისა და ტერმინების დამახსოვრებას
  • სიტუაციის, ამოცანის, პრობლემის გაანალიზებას
  • ძირითადი იდეების გაგებას
  • შეფასებების გაკეთებას ან მოსაზრებების გამოთქმას
  • პრობლემის გადასაჭრელად ინფორმაციის გამოყენებას
  • ახალი რაღაცის შექმნას ან ფორმირებას

დავალების შემოწმების ფორმები

საშინაო წერითი დავალების შემოწმების რამდენიმე ფორმა არსებობს. მრავალფეროვნებისთვის, სასურველია, მასწავლებელმა ხშირად ცვალოს გამოკითხვა/შემოწმების პროცესში მეთოდი და დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეარჩიოს ერთ-ერთი ან რამდენიმე:

  • ზეპირი ინდივიდუალური ან ფრონტალური გამოკითხვა

 ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა.  მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს ერთი მოსწავლის გამოძახება-გამოკითხვით ან ფრონტალური გამოკითხვით. მეთოდი, ძირითადად, ფაქტობრივი და შინაარსობრივი მასალის გახსენება-გააქტიურების მიზნით გამოიყენება. ეთმობა მცირე დრო და აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

დადებითი:მცირე დროში შესაძლებელია საკვანძო დებულებების, მნიშვნელოვანი საკითხების გადამეორება, აქტიურობა/ჩართულობაზე დაკვირვებით  მასწავლებელი განსაზღვრავს, რამდენ მოსწავლეს აქვს ათვისებული მასალა.

უარყოფითი: ძირითადად ჩართულია მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა, მოსწავლე, რომელსაც არ ან ვერ აქვს მომზადებული დავალება, იოლად გავა ფონს. ამისგან თავის დასაზღვევად მნიშვნელოვანია გამოვკითხოთ არა მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც თავად გამოიჩენენ ინიციატივას, არამედ თავად შევარჩიოთ მოსწავლეები და პირადად მივმართოთ მათ.

  • შესწორება ნიმუშის მიხედვი

მასწავლებელი დაფაზე წერს დავალების სწორ პასუხებს/ამზადებს სამუშაო ფურცლებს, სადაც სწორი პასუხებია თავმოყრილი, მოსწავლეები თავად გადახედავენ შესრულებულ დავალებას, ჩაასწორებენ შეცდომებს ისე, რომ მასწავლებლისთვისაც თვალნათელი იყოს, სად იყო დაშვებული შეცდომა, აკეთებენ ანალიტიკურ კომენტარს, სადაც მიმოიხილავენ შესრულებული დავალების ხარისხს. შესაძლებელია შევთავაზოთ ცხრილის შევსებაც. ორ ნაწილად გაყოფილ ფურცელზე მოსწავლე წერს- სწორი მეგონა / ახლა ვიცი, რომ და ავსებს ცხრილს მიღებული სწორი პასუხების გაცნობის შემდეგ.

  • თვითშეფასება

მეთოდი განსაკუთრებით კარგია შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების ან საკლასო წერითი დავალების დასრულების შემდეგ. მოსწავლე თავად აფასებს საკუთარ ნაშრომს. ცდილობს, აღმოაჩინოს შეცდომა, რომელიც მუშაობის პროცესში გაეპარა. თვითშეფასების პროცესში მას უფლება უნდა მივცეთ, მასწავლებელთან ან სახელმძღვანელოში  გადაამოწმოს პასუხები, მონიშნოს შეცდომები. ასეთ შემთხვევაში შემაჯამებელ სამუშაოს ან საკლასო წერით დავალებას მხოლოდ შესამოწმებელი კი არა, შემეცნებითი ფუნქციაც ენიჭება.

  • წერილობით შესრულებული დავალების გაცნობა-შესწორება-კომენტირება

მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ ვრცელ კომენტარს შესრულებული დავალების ხარისხზე რვეულშივე. კომენტარი არ შემოიფარგლება ერთსიტყვიანი შეფასებით ( ყოჩაღ ან კარგია…), არამედ იწერება დეტალური მიმოხილვა. აუცილებელია ე.წ. სენდვიჩის მეთოდის გამოყენება. უნდა აღინიშნოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური – რა მოგეწონათ, რა იყო კარგი, სად არის ფაქტობრივი/შინაარსობრივი შეცდომა, სად არის არასწორად გააზრებული საკითხი და ა.შ. შედეგის მისაღწევად მოსწავლეს ვთხოვთ, მითითებების გათვალისწინებით ხელახლა შეასრულოს სამუშაო. ვაკვირდებით, რამდენად აქვს გათვალისწინებული რჩევები.

  • მოსწავლეები წყვილდებიან და თავად ასწორებენ ერთმანეთის დავალებას ნიმუშის მიხედვით.

ამ მეთოდს განსაკუთრებით დიდი ხალისით ეკიდებიან თავად მოსწავლეები. მათი ამოცანაა, ყურადღებით გაეცნონ მეწყვილის ნაშრომს, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტიპის შეცდომები, შეასწორონ, დაწერონ კომენტარი, სადაც მიმოხილული იქნება სწორი ვარიანტი. მოსწავლეები, ფაქტობრივად, მცირე ხნით მასწავლებლის ფუნქციას „ითავსებენ“, თავადაც სწავლობენ(იმტკიცებენ ცოდნას) და მეგობარსაც ეხმარებიან.

იმის მიუხედავად, თუ რომელ ფორმას ირჩევს პედაგოგი, მნიშვნელოვანია მთავარი ფაქტორის გათვალისწინება – დავალების შემოწმებას არ აქვს ოდენ მაკონტროლებელი ფუნქცია, ეს პროცესი საკუთრივ უნდა იყოს შემეცნებისა და სააზროვნო-კოგნიტური უნარების გააქტიურებისკენ მიმართული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი