სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ირმა კახურაშვილი-წრეზე სიარული 

ნარკოლოგები განგაშს ტეხენ – საქართველოში სააფთიაქო ნარკომომხმარებელთა ასაკი 14 წლიდან იწყება. ექიმთა განცხადებით, ნარკოკლინიკებში სულ უფრო ხშირად მოჰყავთ მოზარდები და ახალგაზრდები, „ცხელ ხაზზე“ კი მათი ჯანმრთელობით შეწუხებული მშობლების ზარები არ წყდება. მიუხედავად 2014 წლის იანვარში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებისა, რომლის თანახმად არასრულწლოვნებზე I-II ჯგუფის სამედიცინო პრეპარატების გაცემა აიკრძალა, ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობის მისაღწევად ფსიქოაქტიურ ფარმაცევტულ პროდუქტს მაინც ყიდულობენ და არათერაპიული დოზებით მოიხმარენ.

ქართულ სინამდვილეში სააფთიაქო ნარკომანიის ისტორია სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის („სააფთიაქო ნარკომანიის“ განმარტება: „ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამედიცინო პრეპარატებზე ქიმიური დამოკიდებულება“). დამოკიდებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელიც თრობის მიზნით სისტემურად მოიხმარს საძილე, დამამშვიდებელ, კრუნჩხვის ან ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, რაც გარკვეულ დროში მასზე დამოკიდებულებას აყალიბებს. ნარკოლოგები აზუსტებენ, რომ საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიის მახეში ყველაზე ხშირად 14 წლის ასაკიდან ებმებიან. ამის კი აღნიშნული პრეპარატების დაბალი ფასი და მათზე ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

სააფთიაქო ნარკომანია საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვან გამოწვევად რამდენიმე წლის წინ აღიარა და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც სცადა. თუმცა დრომ აჩვენა, რომ ნარკომოხმარების მანკიერი წრე კი არ გაირღვა, უფრო შემჭიდროვდა. დღეს ადგილობრივი ექსპერტები და საერთაშორისო დამკვირვებლები სააფთიაქო ნარკომანიის მასობრივი გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად ზედმეტად მკაცრ ნარკოპოლიტიკას ასახელებენ. საქმე ისაა, რომ ნარკოკანონმდებლობის გამკაცრების შედეგად, საქართველოში შეწყდა, ე.წ. „კლასიკური“ ნარკოტიკების შემოტანა, რამაც თავის მხრივ დასაბამი მისცა კუსტარული ნარკომანიის ერას. „ნიანგის“ და „ვინტის“ ეპიდემიის პერიოდში კოდეინის, ეფედრინისა თუ ფსევდოეფედრინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების შეძენა თავისუფლად შეიძლებოდა აფთიაქებში. ასე რომ, ჩვენი მოზარდებისა და ახალგაზრდების უმეტესობამ პირველი ნარკოგამოცდილება ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში – კუსტარული ნარკოტიკებით მიიღო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება ქვეყნისთვის გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს და სახელმწიფომ ნარკომანიის პრევენციის პროგრამები სკოლაშივე უნდა დანერგოს. ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიის“ ერთ-ერთ ანგარიშში („ნარკოვითარება საქართველოში“) მითითებულია, რომ „საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა უნივერსალური/ზოგადი პრევენციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრამების საჯარო სკოლებში დანერგვას. პრევენციული ღონისძიებები დღესდღეობით მხოლოდ კამპანიებით შემოფარგლება, რომელთა დაგეგმვა და შეფასება არ ხდება პრევენციული მეცნიერების ევროპული სტანდარტების შესაბამისად“.

სააფთიაქო ნარკომანიის დასაძლევად საქართველოს ჯანდაცვის და შს სამინისტროებმა 2014 წელს გაამკაცრეს პასუხისმგებლობა კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ საერთო სურათი დიდად არ  შეცვლილა. აფთიაქების ინსპექტირების 2015 წლის სექტემბრის მონაცემებითაც, პრაქტიკულად ყოველი მეორე ფსიქოტროპული აფთიაქი ჯარიმდება ან იხურება, რადგან არღვევს კანონს. ასევე, მედიის მიერ ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების წინააღმდეგ ფსიქოტროპული აფთიაქებიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტები კვლავ ურეცეპტოდ იყიდება. მაგალითად, ასეთია გამაპენტინის ჯგუფის პრეპარატები, საძილე აბები და სხვ.

„მართალია, ფსიქოტროპულ აფთიაქებში ეშინიათ 18 წლამდე ასაკის პირებისთვის წამლის მიყიდვა, მაგრამ მოზარდებს უფროსი თაობის მეგობრები ეხმარებიან და ეს პრობლემაც თავისუფლად იჭრება. მოზარდები ფულს კრებენ და წამლებს ისე ყიდულობენ. ბიჭებთან ერთად ბევრი გოგოც მოიხმარს. მე არ ვსაუბრობ კლუბურ ნარკომანიაზე, რომელიც ცალკე თემაა. არსებული ნარკოპოლიტიკის გამოცდილება მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ საქართველოში ნარკოტიკების ხარისხი იცვლება და არა მომხმარებელთა რიცხვი. ამ ეტაპზე მოზარდებისა და ახალგაზრდების უმეტესობა ჰალუცინაციების გამომწვევ პრეპარატებს ეძალება. თრობის მერე ისინი აპათიურები ან ნაკლებად ადეკვატურები ხდებიან და თუ ამ წამლებს ალკოჰოლიც მიამატეს, აგრესიულები.

რა არის საჭირო სააფთიაქო ნარკომანიის მასშტაბების შესამცირებლად?.. რამდენიმე ხნის წინ ხელისუფლებამ პრეპარატი „ლირიკა“, საქართველოდან გააქრო. ამიტომ ყველაფერი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. საზოგადოდ, შესაცვლელია დამოკიდებული ადამიანის მიმართ მიდგომა“, – მიაჩნია GeNPUD-ის წარმომადგენელ თემო ხატიაშვილს.

ამჟამად თბილისში ხუთ ათეულამდე ფსიქოტროპული აფთიაქია, რამდენიმე მარნეულშიცაა. არსებული კანონმდებლობით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე 6 ათასი ლარით, მეორეზე – 12 ათასი ლარით ჯარიმდება, მესამე დარღვევის შემთხვევაში კი უქმდება. „პრობლემა ის გახლავთ, რომ აფთიაქების მეპატრონეებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველის ასაკი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ აფთიაქი დაჯარიმდა და დაიხურა, ცოტა ხანში მისი მეპატრონე სხვა უბანში, სხვის სახელზე დაარეგისტრირებს. ფსიქოტროპული აფთიაქების მოგება ყოველდღიურად რამდენიმე ათას ლარს აღწევს. ამიტომ ჯარიმის გადახდა არავის აშინებს. მინახავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებს ახალგაზრდები დიდი რაოდენობით როგორ იძენენ, აფთიაქიდან გამოსულებს კი პოლიცია აკავებს და ნარკოტესტირებაზე გადაჰყავს. აფთიაქი მშვიდად აგრძელებს თავის საქმიანობას, დაკავებულს კი, რომელმაც საკუთარი უფლებების შესახებ არაფერი იცის, ჯარიმა და ციხე ელის“, – გვიყვება კიდევ ერთი სოციალური მუშაკი გიორგი მჭედლიშვილი. მის მიერ შევსებულ ყოველდღიურ ანგარიშებში კარგად ჩანს ახალგაზრდების მიერ მოხმარებულ პრეპარატთა ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ იცვლება.

გიორგის თქმით, ნებისმიერი დამოკიდებულების მქონე ადამიანები მკურნალობა-რეაბილიტაციას საჭიროებენ, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა კი სასწრაფოდ გადასახედია, რადგან  ნარკომანია, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის პრობლემაა. ჯანდაცვის საკითხები სახელმწიფოსთვის კი უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე დაავადებული ადამიანების დასჯა და იზოლაცია.

ნარკოსფეროში მოღვაწე ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფსიქოტროპულ აფთიაქების რაოდენობაზე გარკვეული ზღვარი უნდა დაწესდეს. მსგავსი რეგულაცია უცხოეთშიც არსებობს, ანდა ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის ნებართვა ძალიან მკაცრი პირობების საფუძველზე გაიცემა.

ცნობილია, რომ საძილე, დამამშვიდებელი, კრუნჩხვისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების ავადგამომყენებელთა შორის სიკვდილიანობა დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ პოპულაციაში. თუ რა ზიანი შეიძლება მიიღოს ადამიანმა სააფთიაქო ნარკომანიის შედეგად, ამ კითხვით ნარკოლოგ თათა ასათიანს მივმართეთ. მან დაგვიდასტურა, რომ სააფთიაქო პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებში შედის ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ და აზიანებენ როგორც ფსიქიკას, ისე მთელ ორგანოთა სისტემას.

ბოლო პერიოდში ხშირად მსმენია, რომ მშობლები უჩივიან შვილების ხშირ შფოთვებს, მოუსვენრობას, შეკრთომებს, უნებლიე მოძრაობებს, კანკალს, ორიენტაციის დარღვევას, ჰალუცინაციებს, რაც, როგორც ჩანს, სააფთიაქო ნარკომანიის შედეგია… 

– გაბაპენტინისა და ბაკლოფენის შემცველი პრეპარატები, ასევე, საძილე საშუალებები, ცვლიან ადამიანის ქცევას. იწვევენ ძლიერ, გადაულახავ ლტოლვას. გაბრუებასთან ერთად, ფსიქო-მოტორული აღგზნების ხარჯზე, ნებისმიერი ასაკის ადამიანი აგრესიული ხდება. ჩვენ სულ უფრო ხშირად გვიკავშირდებიან სააფთიაქო ნარკომანიის შედეგებით გამწარებული ოჯახის წევრები, რათა მათ შვილებსა და შვილიშვილებს დავეხმაროთ. 14-15-16 წლის ახალგაზრდები ინტენსიურად მოიხმარენ გარკვეული ჯგუფის პრეპარატებს, რის გამო ისინი აგრესიულები ხდებიან ჯერ საკუთარ ოჯახის წევრთა, შემდეგ კი სხვა გარშემომყოფთა მიმართ.

მთელი უბედურება ის არის, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებულება ძალიან სწრაფად ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ წამლების ეიფორიის ეფექტი ხანგრძლივი არ არის, მათი რეგულარული მოხმარებისას, მაინც ვითარდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება. მომხმარებელი იძულებულია სწრაფად აწიოს  პრეპარატებს დოზა. დიდი დოზა კი განაპირობებს აგრესიულ ქცევას, დეპრესიას, ფსიქოზურ მდგომარეობას.

ბოლო სამი თვის განმავლობაში სტაციონარიზებულ წამალდამოკიდებულ პაციენტთა 50 პროცენტი სააფთიაქო ნარკომანიის შედეგად მოხვდა კლინიკაში. უმეტესობა ახალგაზრდაა.

იმის გამო, რომ ამ პრეპარატებს აქვთ მცირე ეიფორიის გამომწვევი ეფექტი, ადამიანებს უჩნდებათ მოთხოვნილება სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებებთან კომბინაციაში მიიღონ. რამდენად საშიშია ეს?

განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლთან ერთად. მაშინ დაავადება კიდევ უფრო ავთვიასებიანად მიმდინარეობს. აგრესია ძლიერდება. ხშირია სუნთქვის დათრგუნვა, კომატოზური მდგომარეობა და, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი.

რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს დაავადების პროგრესირება, მძიმე ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაშიც კი არ ხდება ადამიანის ასეთი სწრაფი დეგრადაცია. საკმარისია რამდენიმე თვე და მომხმარებელი ასოციალურია, მას მხოლოდ ერთადერთი ინტერესი აქვს – მოიპოვოს და მიიღოს პრეპარატი. მოზარდებში ხშირია უკრიტიკობა საკუთარი დაავადების მიმართ, მკურნალობის მოტივაციაც დაბალი აქვთ. შესაბამისად, კლინიკებში უკვე საკმაოდ დამძიმებულები შემოდიან.

რაც უფრო მცირე ასაკიდან იწყება სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება, მით უფრო მძიმეა დაავადების მიმდინარეობა და გართულებები. იმავეს ვიტყოდი ალკოჰოლზეც, როდესაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება მოზარდი ასაკიდან ყალიბდება. დაზიანების გარეშე არ რჩება ორგანოთა არცერთი სისტემა, მათ შორის რეპროდუქციული. განსაკუთრებით ბაკლოფენის შემცველი პრეპარატები ხანმოკლე დროში იწვევენ პოტენციის დაქვეითებას, რაც აღდგენადია, მაგრამ მთავარი პირობაა ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტა და მკურნალობა. საქმეს ის ართულებს, რომ სააფთიაქო ნარკომანიაზე დამოკიდებულ ადამიანს ნაკლებად აქვს მკურნალობისა და გამოფხიზლების სურვილი.

– რა არის სააფთიაქო ნარკომანიის ასეთი მასშტაბების მიზეზი? 

– ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს პრეპარატები ხელმისაწვდომია, გაიცემა უკონტროლოდ, მოზარდებზე – შეზღუდვის გარეშე. ბევრჯერ შევსწრებივარ ფაქტს, როდესაც აფთიაქის გამყიდველი თვითონ „ურჩევს“ კომბინაციებს მომხმარებელს რასთან ერთად რა წამალი იყიდოს და დალიოს. ეს დაუშვებელია!

რაც შეეხება მთავარ მიზეზს: ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობა ნულის ტოლია. ის პაციენტებიც კი, რომლებსაც ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ და კლინიკაში დადიან, არ იციან, რას იწვევს ეს პრეპარატები, რასთან აქვთ საქმე. მით უფრო არაფერი იციან მოზარდებმა. ისინი გარკვეულ ინფორმაციას სხვა მოზარდებისგან იღებენ, მაგრამ მისი მოწოდება არასწორად ხდება. ერთი და იგივე ნივთიერება სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ერთს შეიძლება არაფერი დაემართოს, მეორესთვის კი სასიკვდილო აღმოჩნდეს.

პირადად, გამოსავალს ნარკომოხმარების პირველად პრევენციაში და პროფილაქტიკაში ვხედავ. საქართველოში ამ მიმართულებით წლებია არაფერი იცვლება, არავინ მუშაობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. ნარკოტიკების მოხმარებამ რომ იკლოს, ამ თემაზე სკოლაში, მცირე ასაკის ბავშვებთანაა საჭირო  მუშაობა. ამ ასაკში ბავშვისთვის მასწავლებელი და მშობელი მყარი ავტორიტეტია. მოზარდობაში, გარდატეხის პერიოდში, მოსწავლეს აღარ აქვს მზაობა მიიღოს უფროსების რჩევა-დარიგება, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროტესტის გრძნობა ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი