ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დათო გორგილაძე-საოჯახო ფოტოალბომის სევდა

 

„დაწვით ეს ალბომი, პირველ რიგში კი ჩემი ფოტო“, – ეუბნება რობინ უილიამსის გმირი, მისტერ კიტინგი, თავის მოსწავლეებს, მკვდარი პოეტების საზოგადოების მომავალ წევრებს, რომლებიც ძველ სასკოლო ფოტოალბომს აღმოაჩენენ, რომელშიც მისი ყმაწვილკაცობის დროინდელი ფოტოცაა.

დრომ ალბათ ოდნავ მაინც უნდა დაუკარგოს ფერი შენს ფოტოს, მისტერ კიტინგის სევდისა რომ გაიგო რამე.

საოჯახო ფოტოალბომში ჩახედვა, სხვენში ნაპოვნი შენი ძველისძველი სკივრის ამოქექვას ჰგავს. მასში ნაპოვნი ნივთები წლების შემდეგ ახალ ენაზე გესაუბრებიან, ახალ ინფორმაციას გაწვდიან, ახალ საიდუმლოებს გიმხელენ შენზე, შენს ოჯახზე, სახლზე, დაბადების დღეების წვეულებებზე, მეგობრებზე, იმ გოგოზე, რომელიც მოგწონდა, მაგრამ თქმა ვერ გაბედე, იმ მომენტზე, რომელიც ფოტოაპარატის ღილაკის ერთმა დაჩხაკუნებამ ჩარჩოში გამოამწყვდია და ხანდახან, როცა დახედავ, იმ ჩარჩოს გამომტვრევას ცდილობს.

დროის ტუსაღები, საოჯახო ფოტოალბომები, ბებიაჩემმა ჩემს საძინებელში გამოამწყვდია. „ასტორია“ – აწერია მუყაოს თხელ ყუთს, რომელშიც ადრე საბჭოური შოკოლადები ელაგა, ახლა კი ჩვენი სურათების ერთი ნაწილი აწყვია. ხანდახან ფიქრობ, ერთ-ორ ფოტოს დავხედავო და თუ ხელი წაგიცდა, დაემშვიდობე ერთ-ორ საათს.

ძველ ფოტოებს მხოლოდ დახედვა არ უყვართ – ისინი გულდასმით უნდა დაათვალიერო, მათზე აღბეჭდილ ადამიანებს თვალებზე დააკვირდე და დაფიქრდე, იქნებ სურთ, რაიმე ისეთზე მიგანიშნონ, რაც დღეს ან ხვალ გამოგადგება.

განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდით გარდაცვლილთა თვალებს. მინიშნება იქით იყოს და, როგორც მარტინ სკორსეზეს ფილმშია, გახსოვდეთ, რადგან ისინიც ცხოვრობდნენ, უყვარდათ და იცინოდნენ.

ფოტოების თვალიერებისას ყველაზე მეტხანს სწორედ მათ ვაკვირდები. ისინი ჩვენთან ერთად დგანან კორპუსის ეზოში ან სხედან დაბადების დღის წვეულების ღარიბულ სუფრასთან და არ ეტყობათ, რომ მომდევნო ფოტოებზე ვეღარ მოხვდებიან. ცხოვრობენ, უყვართ და იცინიან.

ხანდახან მეჩვენება, რომ საერთო ფოტოზე მათი გამოსახულება უფრო ფერმკრთალია, ვიდრე ცოცხლებისა. თითქოს ქაღალდიც კი გრძნობს, რომ მასზე აღბეჭდილი ადამიანი სინამდვილეში აღარ სუნთქავს.

მუყაოს ძველ ყუთებში, დიდი, შავ-თეთრი და ალაგ-ალაგ ფერადი სურათების ქვეშ, აუცილებლად აღმოაჩენთ პატარა, 3X4 ზომის ფოტოებს, რომლებიც თქვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს და, შესაძლოა, მათ მშობლებსაც ბიუროკრატიული საქმეებისთვის სჭირდებოდათ. შრომის წიგნაკისთვის ან მართვის მოწმობისთვის. ამ ფოტოებსაც მიუგდეთ ყური. ისინი თითქოს წარსულიდან ხმაურობენ და გეუბნებიან, რომ თქვენს ბაბუებსაც ეჩქარებოდათ სადღაც, ისინიც ისევე იყვნენ ენერგიით გატიკნულები, როგორც თქვენ, მათაც ჰქონდათ მიზნები, ისინიც ნერვიულობდნენ, თუ მათი გეგმები ისე ვერ წავიდოდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ.

ხანდახან ვერ ვაცნობიერებთ, რომ უფროსი თაობებიც იმავე ცომისგან არიან მოზელილნი, რომლისგანაც ჩვენ; შევყურებთ მათ შავ-თეთრ ფოტოებს და გვგონია, მათი ცხოვრებაც შავ-თეთრი იყო.

კარგად დააკვირდით თქვენი ბაბუის ან ბებიის ახალგაზრდობას, მათ ჩაცმულობას, დგომის მანერას. ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია, ჩემგან არ გესწავლებათ და ვინ იცის, იქნებ მისი სტილი მოირგოთ, მსგავსება დაინახოთ. იქნებ მიხვდეთ, რას ფიქრობდნენ ფოტოს გადაღებისას, რომელი ჭინკა უღრღნიდათ გონებას.

პირველ რიგში კი მიხვდებით, რომ თქვენ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანის თანამედროვე ვერსია ხართ.

ჩაიხედეთ ფოტოალბომებში. გაათავისუფლეთ ჯინები. ხანდახან მოგონებებსაც სჭირდებათ გასეირნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი