ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცირა ბარბაქაძე – სიყვარულის მეტაფორები: მონობა

 

„შენს შემხედვარეს, ზეცას მადლი გადაჰფენია,
რომ არ მიყვარდე, აბა, მე სხვა რა დამრჩენია?!
სანამ ვარსებობ, შენი მონა უნდა ვიყო და
შენ გინდ მიხმე და გინდ ნუ მიხმობ, ნება შენია.

ჯალალ-ედ-დინ რ უ მ ი

 

ვერასდროს ვერცერთი მეტაფორა ვერ აღწერს სიყვარულს. მეტაფორებს შეუძლიათ მხოლოდ სიყვარულის გარკვეული ასპექტების წარმოჩენა, რადგან უძლურია ენა ფორმაში (განმარტებაში) მოაქციოს ის, რაც თავისი არსით უფორმო და მოუხელთებელია. თუმცა ამ ენერგიას შეუძლია მრავალი სახე მიიღოს, მრავალგვარად, განსხვავებული სიუჟეტებით გამოვლინდეს სიყვარულის ობიექტებს შორის.

სიყვარულის ერთი ასეთი ასპექტია ობიექტებს შორის „ბატონ-ყმური“ მიმართება (რა თქმა უნდა, მეტაფორებზე საუბრისას ყველაფერი მეტაფორაა). ზოგ შემთხვევაში, ბატონი (ხელმწიფე) თავად სიყვარულია, მაგრამ რაკი სიყვარულის აღქმა მხოლოდ შეყვარებული წყვილებით და მათი ისტორიებით არის შესაძლებელი, ერთგვარად „გადანაწილდება“ ეს როლები. შეყვარებული წყვილიდან უმეტესად ერთი ემონება მეორეს. სიყვარულის „მონური“ სიუჟეტი უმეტესად ერთის მხრიდან მეორისადმი თავშეწირვაა, მიუხედავად ყველაფრისა და ნებისმიერ შემთხვევაში;

ასეთი თავშეწირვის შემთხვევაში, შეყვარებული ბედნიერია ყველაფრით… უბრალოდ იმით, რომ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც შეიძლება ეტრფოდეს და არა აქვს მნიშვნელობა: ვინ არის, როგორია, უყვარს თუ არა მას საპასუხოდ და სხვა;  ასეთ შეყვარებულს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „შეპყრობილს“ და „მოჯადოებულს“. სიყვარულის „ბატონად“, „ხელმწიფედ“, „მეფედ“ გამოცხადება აბსტრაქტულია, ასეთ „არარსებულს“ ადამინი ვერ იღებს და როცა შეყვარებულია, ემონება არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ადამიანს და საკუტარი სიყვარულის პროექციას ამ ადამიანში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რჩეული სატრფო იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს არის. თითქოს ერთს სჭირდება მეორე, როგორც მუზა და საპასუხო სიყვარულის შემთხვევაში, შესაძლოა, სულაც დაირღვეს ეს სიუჟეტი და დასრულდეს სიყვარულიც.

მუზა – როგორც მიუღწეველი, იდეალურისკენ, ღვთაებრივისკენ მუდმივ „სწრაფვაში“ ამყოფებს მიჯნურს და ეს არის მისი „მისია“- ტანჯვის გზით შემეცნება; ფსიქიკის ამგვარი სიუჟეტი დაირღვევა, თუ იქნება თანასწორი და საპასუხო სიყვარული. შეიძლება, სიყვარულის იერარქიაში ამგვარი სიყვარული ერთი ეტაპი იყოს მხოლოდ. ექიმები და ფსიქოთერაპევტები სულის ამგვარ მდგომარეობას აშლილობას და ნერვოზის გამოვლინებას მიაწერენ, რადგან აკვიატებული მიჯაჭვულობა სიყვარულის ობიექტისადმი კარგს არაფერს უქადის მის ცხოვრებას.

მსოფლიო კულტურა – ლიტერატურა, მითები, ყოველდღიური ცხოვრება  სავსეა ამგვარი მონური სიყვარულის სიუჟეტებით.

ნიმუშად შექსპირის ეს სონეტიც გამოდგება:

სონეტი 58

„მაღალმა ღმერთმა მე შენს მონად რადგან მაქცია,

დე, დამიფაროს, შევამოწმო შენი ცხოვრება,

მუდამ მორჩილად მოგიწონებ ყველა საქციელს,

მე რომ მონა ვარ, ეს ყოველთვის მემახსოვრება.

ნება მომეცი, ავიტანო ტანჯვა წყეული,

მე სიმარტოვე მომისაჯა, ალბათ, ბუნებამ,

დაგელოდები, მოთმინებას შენგან ჩვეული,

და არასოდეს არ გავბედავ შენს გამტყუნებას,

აღარასოდეს მომინდება შენ დაძრახვა,

ვისთანაც გინდა, იქ ატარე ჟამი, ნეტარი,

შენ უფლება გაქვს აისრულო ყველა განზრახვა

და აპატიო თავს შენივე ნამოქმედარი.

ჩემი ხვედრია ეს ლოდინი ჯოჯოხეთური,

არ უნდა დამცდეს სამდურავი და საყვედური.

სხვა სონეტში ამავე აზრს აგრძელებს შექსპირი: მონა ვარ შენი. მორჩილებაც მონური მმართებს, მმართებს ლოდინი, რომ ვიხილო შენი სახება;

რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, მწერალი სრულად აცნობიერებს ლირიკული პერსონაჟის ამ მდგომარეობას და ამიტომ წერს:

„თვალნი დამივსო სიყვარულით, ალბათ, გამჩენმა,
სიავე შენი მე სიკეთედ რომ მომაჩვენა…“

კნუტ ჰამსუნს აქვს ერთი პატარა მოთხრობა, „სიყვარულის მონები“ ჰქვია.: კაფე „მაქსიმილიანეს“ მიმტანს თავდავიწყებით შეუყვარდება ერთი მამაკაცი, რომელიც კაფეს ყოველდღე სტუმრობს. ქალი ყურადღებას მიაქცევს, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ამ მამაკაცს მისთვის ქათინაური არასდროს უთქვამს. კაცი სხვაზეა შეყვარებული – მსახიობ ქალბატონზე, „ყვითელ კაბაში“. მიმტანი ქალისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, ეხმარება მამაკაცს ყველაფერში, რაშიც და რითაც შეუძლია: აძლევს ფულს „ყვითელი ქალბატონისთვის“, უწმენდს კაფეში დასვრილ ქურთუკს, ერთი სიტყვით, „თავს დასტრიალებს“. კაცი ეუბნება, რომ არ უყვარს და ამ ქალს ხშირად მიმართავს სიტყვით: „მონა“ (გმადლობ, მონა), რომ ის (მამაკაცი), თავის მხრივ,  „ყვითელი ქალბატონის მონაა“, მაგრამ ეს მიზეზი სულაც არ აფერხებს შეყვარებულ ქალს… ბოლოს მამაკაცი თავის „ყვითელ ქალბატონს“ გაეკიდება სხვა ქალაქში, გაუბედურებული შეყვარებული ქალი თავს კედელს ახლის და როცა, ერთ დღესაც, ის გაზეთში ამ კაცის გარდაცვალების ამბავს წაიკითხავს, თავს მის „ქვრივს“ უწოდებს…

არავინ იცის, სიყვარულის რა ფორმაა ეს და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, ფაქტია, რომ არსებობს და ტანჯვის სანაცვლოდ აძლევს ადამიანებს სიცოცხლის აზრს.
სიყვარულის ეს სიუჟეტი აკაკი წერეთელს ასე ამღერებს:

„მშვენიერო, შენ გეტრფი,

შენი მონა, ერთგული,

შენთვის სულდგმულს შენგანვე

შენთვის მიძგერს ეს გული“

„მონური“  სიყვარულის განსხვავებულ ფორმას ხატავს ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსში: „სიყვარულო, ძალსა შენსა“. აქ მთავარი – „ხელმწიფე, თვითმპყრობელი“ თავად სიყვარულია, მისი უდიდებულესობა, სიყვარული, ხოლო მიჯნურები არიან „მონები“ (გულები), დამორჩილებულები ამ ღვთაებრივ ენერგიას, რომელშიც ყველა თანაბრდება: მეფე, მონა, ბრძენი, ხელი…

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის.

„სიყვარულის ხელმწიფება“ „მონა-მორჩილების“ მართლაც განსხვავებული ფოკუსია, ეს არის „დანებება“, „მინდობა“ ღვთაებრივი ენერგიისადმი და არა კონკრეტული ობიექტის (ერთისა მეორის მიმართ) „მონობა“, რითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოთ აღწერილი „სიყვარულის მონობისგან“, მაგრამ ეს თეორიული აღწერაა… სიყვარული კი თეორიულად და თეორიებში არ ვლინდება…

არსებობს, ერთი მხრივ, მონური სიყვარული და, მეორე მხრივ, სიყვარულის მონობა…

ეძიეთ განსხვავება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი