შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნინო კაპანაძე- ალდე კაკაბაძე – სახე ამ დღისთვის

ჩვენი შეთანხმებული საუბარი ,,mastsavlebeli.ge“-სთვის რამდენჯერმე გადაიდო, მიზეზი სხადასხვა იყო, ძირითადად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს სახალხო მხატვრის ალდე კაკაბაძის კერამიკულ ნამუშევრებს ,,ძველებური სიმღერა“, ,,მიტოვებული სოფელი“, ,,კახელი“, ,,მარანი ,,ორნი“, ,,მარანი ,,საქართველო“და სხვა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებზე მაღალი შეფასებები აქვს.

ალდე კაკაბაძეს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებს საზოგადოება, სამხატვრო აკადემიაში აღზრდილ მხატვარ-კერამიკოსთა უამრავი თაობა. ისინი სიცოცხლეშიც ხშირად აკითხავდნენ  რჩევებისათვის, განცდების გასაზიარებლად. ან იქნებ, იმ გაკვეთილის კიდევ ერთხელ ჩასაბარებლად, რომელსაც მზრუნველობა, სიყვარული ჰქვია, და რომელიც  ასე მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში.

მასთან ჩემი ბოლო სტუმრობის დროს მხატვარ-კერამიკოსი ვერიკო ნოდია შემოგვესწრო.

_აკადემია 2005-ში დავამთავრე, ახლა სკოლაში ვასწავლი კერამიკას. ქალბატონ ალდეს პირველ ლექციაზე სახლში ვეწვიეთ, ეს ლექცია არასდროს დამავიწყდება. კერამიკის ფაკულტეტი ნამდვილად არ იყო ჩემი ოცნება, მაგრამ ქალბატონი ალდეს და ბატონი გია იაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ შემიყვარდა ჩემი პროფესია. პროფესიული ცოდნის გარდა, მან ისეთ სითბოს გვაზიარა, რომ ახლაც მინდა, ხშირად შევხვდე. გამონაკლისი, არ ვარ. ის ასევე ძვირფასია ჩემი ბევრი კოლეგისთვისაც. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ვიცნობ და მეც ვცდილობ ჩემს პატარა მოსწავლეებთან ისეთივე დამოკიდებულება მქონდეს, როგორიც მას ჩვენდამი აქვს, ისე შევაყვარო თიხაზე მუშაობა, როგორც მან შესძლო ეს. _ გვითხრა ვერიკო ნოდიამ.

_ კატეგორიული ტონი არასდროს მქონია და ვერ დავიჩივლებ, რომ ამის გამო რამე პრობლემას შევხვედროდი ახალგაზრდებთან, პირიქით, ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ მათგან._ დასძინა მასპინძელმა და ვერიკოსთვის რამდენიმე რჩევაც მიაყოლა.

…ეს ყველაფერი ახლა წარსულია. ბუნების კანონები არ იცვლება: ამ ქვეყნად მოვდივართ, ვცხოვრობთ და  მივდივართ.  ცხოვრებაში კი ,,…  ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს, იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით“.

პროფესიის არჩევა დედის _ პოეტ მაყვალა მრევლიშვილის გავლენით მოუწია:

_სამხატვრო აკადემიაზე არც მიფიქრია, გული ცეკვისკენ, ცეკვის ისტორიისაკენ მიწევდა. ეს დედას გადაწყვეტილება იყო. აკადემიის აღმართისკენ დედა ამიძღვა. გამოცდაზე პატარა ველურივით ვიყავი, შიშველი ნატურა რომ დავინახე, სირცხვილით ყურებამდე გავწითლდი. კერამიკოსობა მერე შემიყვარდა. ეს არ არის იოლი პროფესია, რომ მხოლოდ სასიამოვნო მომენტები ახლდეს. აქ შემოქმედებითი და ფიზიკური ძალისხმევის მთელი ერთობლიობაა საჭირო. შეიძლება სული და გული ჩააქსოვო, მაგრამ გამოწვაში ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ამისთვის მზად უნდა იყო. და მიუხედავად ყველაფრისა, რომ ,,დაგემართება“ კერამიკა, იქ აღარაფერი გაგეგება, ისეთ მოულოდნელ შედეგებს  იძლევა თიხა და ცეცხლი…

აკადემიაში პროფესიის არჩევის გარდა, სხვა არჩევანიც დაუდგა. უფროსკურსელ რევაზ იაშვილთან ნაცნობობა ბაკურიანში სიყვარულად იქცა, სიყვარულს ოჯახი და შვილი მოჰყვა.

_ზღაპარივით მახსენდება ბაკურიანის ამბები. რეზო ბრწყინვალედ სრიალებდა. ათამდე ახალგაზრდა თხილამურებით ბორჯომის კომპოზიტორის სახლამდე ჩავდიოდით, არც ვიღლებოდით, არც რამის გვეშინოდა. მე და რეზო ხუთი წელი დავდიოდით (როგორც მაშინ იტყოდნენ). ძალიან ნიჭიერი კაცი იყო… თიხის სასწავლო პროცესში შემოტანა უკავშირდება ჩემი მეუღლის სახელს. მან არეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი შავკრიალა კერამიკის დამუშავების მივიწყებული ტექნოლოგია აღადგინა, პრაქტიკაში შემოიტანა ხევსურული ორნამენტები.

სამოციანი წლები ახალგაზრდა მეუღლეებისათვის სავსე იყო შემოქმედებითი წარმატებებით, ახალი ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენები, გამარჯვებები, აკადემიურ საფეხურებზე წინსვლა… და უცებ, ტრაგედია: ავტოავარიის შედეგად რევაზ იაშვილი ხერხემლის დაზიანებას იღებს და სავარძელს ეჯაჭვება.

იყო სასოწარკვეთის, დაბნეულობის წლები, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.

პაპა, მხატვარი ალექსანდრე მრევლიშვილი, არ მახსოვს, მაგრამ ბებია პელაგია ავალიშვილი ძალიან ეხმარებოდა დედას ჩვენს აღზრდაში.  ბებია იყო გარჯის ქალი და მეც იგივეს მასწავლიდა. ეს ხასიათად მექცა და ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე განცდებს საქმით ვშველოდი. არ უნდა გავჩერებულიყავი, მთავარი ეს იყო.

არც გაჩერდნენ. სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობით ბინა შეიცვალეს და მხატვართა კორპუსში, პირველ სართულზე გადავიდნენ. იმ დღიდან რეზო იაშვილის სახელოსნო აკადემიის ფილიალად იქცა: იქ ტარდებოდა ლექციები, სულ სტუდენტები და კოლეგები ტრიალებდნენ, იქმნებოდა ახალი ნამუშევრები. რეზო იაშვილმა ტრავმის შემდეგ თითქმის 30 წელიწადი იცხოვრა. იცხოვრა აქტიურად, პროფესიული წარმატებების ძიებაში. ეს მაგალითი ძალიან წაადგებათ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, წაადგება საზოგადოებასაც, რადგან ერთი კაცის ნებისყოფა მაშინ იძენს ძალას, როცა მის განწყობას ოჯახი და საზოგადოება უჭერს მხარს.

საუბარი რეზო იაშვილისაკენ გაგვექცა, მაგრამ ამაშიც ალდე კაკაბაძის ნებას ვიზიარებთ, რადგან ძნელი არ იყო შეგენიშნათ, რომ საკუთარ საქმიანობაზე საუბარს ის სწრაფადვე ანაცვლებდა მეუღლეზე, შვილზე საუბრით, იმ მოვალეობებზე საუბრით, რომელიც მას წინაპრების წინაშე ჰქონდა:

_დილა რომ გათენდება და თვალს ვახელ, მადლობას ვამბობ, რადგან ვინმეს რომ ეთქვა აქამდე იცოცხლებო, გამეცინებოდა. მართლა გენიალური სიტყვა გვაქვს ქართველებს _ წუთისოფელი. მიჰქრის და ვერაფერს იზამ. დედას არქივი ლიტერატურის მუზეუმს გადავეცი, პაპას არქივი _ხელოვნების მუზეუმს. მინდა ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. აი, ეს სურათებიც: ერთი პაპაჩემის ბიძა სოლომონ მრევლიშვილია, უროლოგიის დოქტორი, მეორე _ პაპას ძმა სოსიკო მრევლიშვილი, ,,კაკანათის“ ავტორი, სხვადასხვა ფსევდონიმით იბეჭდებოდა. უამრავი მასალა, ფოტო და სლაიდი მაქვს… ბებიაჩემს ეკატერინე გაბაშვილის ჭრა-კერვის სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ,,ხუთიანი ჯვრით“ დავამთავრეო, თავს იწონებდა და მართლაც მშვენიერი ხელსაქმე იცოდა, სხვებსაც ასწავლიდა. მისი ნაქარგობები დღემდე შემოვინახე, ძალიან მინდა გადავცე მისი მშობლიური სოფლის _ბრეთის დედათა მონასტერს, სადაც თურმე ხელსაქმეს ასწავლიან.

არ ვიცი, რა ვერ მოასწრო ქალბატონმა ალდემ, მაგრამ  გია იაშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს _ ახლა ის ასწავლის ახალგაზრდების თიხისა და ცეცხლის შეთქმულების ამბებს.

ალდე კაკაბაძის გარემო სამი საუკუნის მოგონებებით იყო დამუხტული, წლები და განცდები კი _ მის მაღალ შუბლზე  ნაოჭებად დაძერწილი.  ასე დაამახსოვრდებათ ის ადამიანებს, რომლებისთვისაც ყველაზე დიდხანს ძერწავდა  ფაქიზ და შთამბეჭდავ ნამუშევარს _ საკუთარ სახეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი