ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რევაზ ხოფერია- რა უნდა ვიცოდეთ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესახებ

საჯარო სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.  მასში მითითებულია:

– შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

– ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მისამართი;

– მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

– შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

– სამუშაო დრო და დასვენების დრო;

– სამუშაო ადგილი;

– თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

– შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

– ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

– ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი;

– მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

– შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა;

– შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

– შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები.

შრომით ხელშეკრულებაში კანონმდებლობის შესაბამისი სხვა, დამატებითი პირობაც შეიძლება იყოს მითითებული. ამასთან, იცოდეთ, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. სკოლა ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გაგაცნოთ სკოლის შინაგანაწესი, შემდგომში კი – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.

რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლას თქვენს მიმართ?

სკოლა ვალდებულია, შეგიქმნათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო და მუშაობისათვის აუცილებელი პირობები. სკოლას ეკისრება ვალდებულება, აგინაზღაუროთ ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით. თუ სკოლა დააყოვნებს თქვენი შრომის ანაზღაურებას, მისი ვალდებულებაა დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაგიხადოთ დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

საჯარო სკოლა ვალდებულია, გაზარდოს თქვენი შრომის ანაზღაურება სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სკოლა ვალდებულია შეგიქმნათ სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემო, მოგაწოდოთ სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოები, უზრუნველყოს თქვენი აკადემიური თავისუფლება, არ შეგზღუდოთ ის გაუმართლებელი რეგულაციებით და წესებით, რადგან თქვენ გაქვთ უფლება ასწავლოთ თავისუფალ გარემოში. რა თქმა უნდა, აკადემიური თავისუფლება არ გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმისაგან თავისუფლებას.

სკოლამ ხელი უნდა შეგიწყოთ კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ მიზნით, სკოლა, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია 6 წელიწადში ერთხელ მოგცეთ ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

არსებობს შემთხვევები, როდესაც დროებით შრომისუუნარო ხართ. თქვენ გაქვთ დახმარების მიღების უფლება დროებითი შრომის უუნარობის მთელ პერიოდზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სკოლა ვალდებულია დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული თქვენი უფლებები და თავისუფლებები და არ დაუშვას დისკრიმინაცია რაიმე საფუძვლით. თუ თქვენ მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყება, ის უნდა წარიმართოს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესით, სამართლიანი პროცედურებით და თქვენ უნდა გქონდეთ წერილობითი განმარტების მიცემის უფლება ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით.

რა ვალდებულებები გეკისრებათ თქვენ, როგორც შრომითი ხელშეკრულების მხარეს?

თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვათ მოსწავლის უფლებები და ინტერესები. ვალდებული ხართ მოემზადოთ თითოეული გაკვეთილისთვის და ეფექტიანად წარმართოთ სასწავლო პროცესი. გარდა ამისა, თქვენ მონაწილეობა უნდა მიიღოთ სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში, შეაფასოთ მოსწავლეების პროგრესი, უზრუნველყოთ კლასში წესრიგი, დისციპლინა და იზრუნოთ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. თქვენ უნდა შეძლოთ პარტნიორული ურთიერთობის დამყარება მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან.

ამასთან, თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ როგორც საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ასევე სკოლის განვითარებაზეც. ეს ხარისხიანი ზოგადი განათლების აუცილებელი კომპონენტია. თუ თქვენ ამ ვალდებულებას არ ასრულებთ ან არაჯეროვან ყურადღებას აქცევთ, საეჭვოა, განათლების ხარისხი მაღალი იყოს სკოლაში.

რა უფლებები გაქვთ?  

შეგიძლიათ სკოლის მართვაში მონაწილეობის მიღება და ამას ვერავინ აგიკრძალავთ. მართვაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. სკოლაში არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებაც გაქვთ ისე, რომ შეგიძლიათ არც კი მიუთითოთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზეზი.

თუ სკოლაში თქვენ შესახებ რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, თქვენი უფლებაა, იცოდეთ ასეთი წარმოების შესახებ, ჩაერთოთ წარმოებაში, მიიღოთ ყველა დოკუმენტი და გამოთქვათ აზრი დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. თქვენი უფლებების დასაცავად შეგიძლიათ გაასაჩივროთ სკოლის გადაწყვეტილებები.

შვებულება შეგიძლიათ მოითხოვოთ სკოლაში მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ. თუმცა, სკოლის დირექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია შვებულება ამ ვადის გასვლამდეც მიიღოთ. თქვენთვის ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღეს შეადგენს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულებით. ამასთან, განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. გაქვთ ანაზღაურების გარეშე შვებულების მიღების უფლებაც, რაც წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს შეადგენს.

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება?

თქვენთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება სკოლამ შეიძლება შეწყვიტოს, თუ დაარღვევთ ხელშეკრულების პირობებს ან ჩაიდენთ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელ ქმედებას. კანონმდებლობით გათვალისწინებულია მასწავლებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

რა წესით უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა შრომით ხელშეკრულებაში?

შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. სკოლა ცალმხრივად ვერ შეცვლის შრომითი ხელშეკრულების პირობას. თუმცა, გამონაკლისიც არსებობს: თქვენი თანხმობა არ არის საჭირო, როდესაც შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებები კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ შედის.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სკოლასთან შრომით-სამართლებრივი დავა გაქვთ?

რომელ უწყებას უნდა მიმართოთ, თუ სკოლიდან გაგათავისუფლეს ან ასეთი საფრთხის წინაშე დგახართ – ადმინისტრაციულ სასამართლოს თუ სამოქალაქო სასამართლოს? რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სასამართლოში და როგორ უნდა დაასაბუთოთ თქვენი მოთხოვნა? რა სასამართლო პრაქტიკა არსებობს ამ საკითხზე საქართველოში? როგორ უნდა განსაზღვროთ წინასწარ, თქვენს დავას სკოლასთან აქვს თუ არა წარმატების პერსპექტივა?

ამ საკითხებზე მომდევნო წერილებში დავწერ. ვიცი, გაინტერესებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი